Home რუბრიკები პოლიტიკა წამოცდენის პოლიტიკა, ანუ “პელეს გაფუჭებული პასები”

წამოცდენის პოლიტიკა, ანუ “პელეს გაფუჭებული პასები”

612

მკითხველო, ახლა მე აქ, ამ სტატიაში, რაღაცები წამომცდება და შენ რამენაირად არ დაიჯერო, სერიოზულად არ მიიღო და ამით არ შეიქმნა ჩემზე წარმოდგენა; არ ჩათვალო, რომ არასერიოზული და ტუტუცი ვარ. მერე რა? ვის არ წამოსცდენია? ნუთუ არ გახსოვთ, ბავშვობაში მეგობარს რომ მოწიწკნიდით თმას და მერე შერიგებისას ეუბნებოდით, _ არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდაო?! აი, ასეა დღეს ქართული პოლიტიკაც!

 

და სადაც საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის ამღები მილიარდერი კაცი ასე იოლად ამბობს: “წამომცდა მე ეგ სიტყვები, თორემ სინამდვილეში ეგ ეგრე არ არის”-ო, მე რატომღა უნდა შემრცხვეს, თუ ამ ჩემს საგაზეთო პუბლიკაციაში ვარახუნებ, რაც ენაზე მომადგება და, თუკი ვინმე რამდენიმე წლის შემდეგ პასუხს მომთხოვს ჩემს სიტყვებზე, განვაცხადო: “უი, ეგ მე ვთქვი? ჰო, რა ვიცი, ეტყობა, წამომცდა”-მეთქი!

მაგრამ, როგორ გეკადრებათ!

სწორედ იგივე მილიარდერი ისეთი რიხითა და პათოსით შემოგვძახებს ჩვენ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნამუსიანი ადამიანი შეიძლება გაწითლდეს კიდეც:

როდესაც რაღაცას ამბობთ, ეს უნდა გააკეთოთ გადამოწმების, ფაქტების ანალიზისა და დადასტურების შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობით და არა ჭორებსა და ყურმოკრულ ამბებზე დაყრდნობით”.

განა სწორედ ეს მილიარდერი არ იყო, აგერ, უახლოეს წარსულში მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ჭკუის სწავლება რომ გადაწყვიტა და მათთვისტრენინგებისჩატარებასაც კი აპირებდა?

აი, მაგ “ტრენინგებზე” ჭკუის მასწავლებელი “ტრენერებისთვის” ვინმეს კითხვა რომ დაესვა: “როგორ ფიქრობთ, ვის უფრო მეტად მოეთხოვება პასუხისმგებლობა _ ჟურნალისტებს თუ ადამიანს, რომელმაც ერს, სრულიად ქვეყანას სთხოვა, მენდეთ და მე კარგ ქვეყანას აგაშენებინებთო და თავის ჭკუაზე დანიშნა ამ ქვეყანაში პრეზიდენტიც, პრემიერმინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, დედაქალაქის მერიც და ყველა სხვა მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელეც?”

საინტერესოა, რა პასუხი ექნებოდათ ამ კითხვაზე ამ ჩვენს პოტენციურ “ტრენერებს”.

თუმცა, რაღა “ტრენერებზე” ვსაუბრობ, როდესაც ამ ქვეყანაში, “ტრენერები” კი არა, ყველა მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელე “პელეს პასს” ელოდება და იქამდე არ იძვრის ადგილიდან, ვიდრე არ დაინახავს, საით გადააგდო “პელემ” ბურთი!

აი, მერე ყველა ერთად მიესევა ამ “პელეს” მიერ გადაგდებულ ბურთს და, საითაც ეს ბურთია გადაგდებული, იქაურობას ისეთ ბდღვირს აადენენ, თავის “პასს” თვითონ “პელეც” ვეღარ ცნობს ხოლმე!

სხვათა შორის, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში არა მხოლოდ ფაქტები და შეფასებები, არამედ თვით ადამიანები, ანუ პერსონებიც კი შეგვიძლია “პელეს პასებად” ჩავთვალოთ და მოვიხსენიოთ!

აკი, საზოგადოებისთვისპასივითჩაწოდებულმა აწ უკვე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უწოდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსპელე”!

შეგახსენებთ, ეს მაშინ იყო, როდესაც ივანიშვილი სასხვათაშორისოდ ამბობდა ხოლმე _ “პოლიტიკიდან უნდა წავიდეო” და, როდესაც ამ საკითხისადმი თავისი პოლიტიკური გუნდის უარყოფით დამოკიდებულებაზე დაიწუწუნა, სწორედ მაშინ გამოხტა მისტერ პლასტელინი და განაცხადა: მე ვეუბნები ივანიშვილს: შენ ხარ პელე! და როდესაც პელე გუნდიდან წასვლას აპირებს, გუნდი, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება განწყობილი!”

სწორედ ასეთი ვაზელინიანი პლასტელინის შემდეგ გახდა გიორგი მარგველაშვილი “პელეს ერთ-ერთი პასი” და, რომ არა ამ “პასის” ამ ფლანგზე თავად “პელეს” მიერ გაგდება, მას ვერავინ ვერასოდეს შენიშნავდა და ვერ ჩათვლიდა “საგოლე გადაცემად”, ანუ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატად.

“პელეს პასია” კახი კალაძეც, რომელსაც, ჩემი აზრით, ოპონენტები უსამართლოდ აყვედრიან საკუთარი ნაკრების კარში გატანილ 2 გოლს და არ უმადლიან მეტოქის ასობით საგოლე გარღვევის ჩაშლას… მაგრამ, აი, ენერგეტიკის სექტორში და, მით უფრო, მინისტრად, კალაძის წარმოდგენა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა ქართველი საზოგადოებისთვის, ეს “პასიც” პირადად “პელეს” რომ არ გაეკეთებინა…

დედაქალაქის მერი? ოდესმე რომელიმე თბილისელი წარმოიდგენდა ასეთ უღიმღამო, უფერული, პროვინციული აზროვნებისა და ჰაბიტუსიანადკოლმეურნეობის თავმჯდომარეთბილისის მერს?

აქვე დავაზუსტებ, რომ “ხოხბობაზე” არ არის საუბარი! უბრალოდ, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ნებისმიერი ქალაქის მერი, სულ ცოტა, იმ ქალაქში მაინც უნდა იყოს დაბადებული და გაზრდილი…

მიუხედავად ამისა, როდესაც “პელემ” მერიც “პირად “პასად” ჩაგვაწოდა, სხვა რა გზა გვქონდა და თბილისელებმაც მკერდით მივიღეთ ეს გადაცემა, “დავამუშავეთ” და ახლა ძალიანაც გვინდა გოლის გატანა… მაგრამ ისიც “პელეს” სხვა “პასებივით” ძალიან გაუაზრებელი და სრულიად უადგილო და უგერგილო გამოდგა “გოლის” გასატანად…

ერთი, “პელეს” მთავარი “პასი” _ ირაკლი ღარიბაშვილი, გამოიყურება მეტ-ნაკლებად “საგოლე გადაცემად”, მაგრამ არა მგონია, მან შეძლოს ჩვენი გაყვანა “მეკარესთან პირისპირ”…

რაც შეეხება სხვა დანარჩენ პასებს, ისინი უკვე მეტ-ნაკლებად “გაფუჭებულ პასებად” შეიძლება ჩაითვალოს და ამას რიგ შემთხვევებში თვითონ “პელეც” აღიარებს.

ნარმანიას ბედოვლათობას და კალაძის ტარიფების გაძვირებაში გამოხატულ კრახს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე თვალშისაცემიგაფუჭებული პასიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ვაზელინიანმა პლასტელინმა, გაპრეზიდენტებისთანავე რომ გადაწყვიტა, “ფიგურაგამხდარიყო, არავის გამოპარვია. დრეკადი პლასტელინის რაიმე მყარ ნივთიერებად ქცევის მცდელობებივეტოებისდადებით დაიწყო და ამ დღეებშიოცნებისმისამართითსაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობისბრალდებით დაასრულა

გიორგი მარგველაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დადანაშაულება საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და კიდევ სხვა მსგავსი საქციელი კახი კალაძემ მას საკუთარ კარში გატანილ გოლებად ჩაუთვალა და დაააყვედრა კიდეც:

გიორგი მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილი პატარა ბავშვივით დაატარებდა აქეთიქით საპრეზიდენტო არჩევნებისას და მხოლოდ მისი წყალობით გახდა პრეზიდენტი. ახლა კი, ეს მან დაივიწყა და საკუთარ გუნდს უტევს”, _ განაცხადა კალაძემ.

ვერ გეტყვით, რატომ ჰგონიათ “ოცნების” წარმომადგენლებს კარგი ტონი მარგველაშვილისთვის იმის შეხსენება, რომ ის “ივანიშვილის პირადი პრეზიდენტია” და ან რატომ ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინო არ არის “ოცნებისთვის”, როგორც პოლიტიკური გაერთიანებისთვის?!

გაცილებით საამაყო იქნებოდა, “ოცნებას” პრეზიდენტად თავის დროზე ისეთი კანდიდატურა დაესახელებინა, რომლისთვისაც “პელე” მხოლოდ დამატებითი დამხმარე ფაქტორი იქნებოდა და არა ერთადერთი “პლუსი” ამომრჩევლის თვალში.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, “პელეს პასებსთავების ნაცვლადბურთებიაბიათ და ვერ ხვდებიან, რაოდენ სამარცხვინოა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართლაც დაუნიშნა პრეზიდენტი და ძნელად შეიძლება, ვინმემ მასხალხის რჩეულობადააბრალოს.

როგორც ჩანს, “პელეს პასები” მართლაც ასე აზროვნებენ და უხერხულობას ვერ გრძნობენ, როდესაც ერთმანეთს აყვედრიან _ “პელეს პასი” ხარ მხოლოდ და მეტი არაფერიო!

თუმცა რა? თუკი ოდესმე მიხვდებიან ან ვინმე მიახვედრებს მათ ამას, მე შენ გეტყვი, გაუჭირდებათ თავის მართლება…

თვითონპელეამბობს პირდაპირ და უსირცხვილოდ: “როდესაც ვთქვი, მესამე წელიწადს მატერიალურ კეთილდღეობას ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, ეს იყო წამოცდენაყველას შეიძლება წამოსცდეს რაღაც…”

მაგარია, არა?

იბოდიალე, რაც გინდა, შეპირდი, ვისაც რა გსურს…

ვინ მოგთხოვს პასუხს?! და თუ მოგთხოვს, აგერ _ პელეს მეთოდი!

“უი, წამომცდა”-თქო თქვი და მორჩა…

ვის არ წამოსცდენია?!

*ვის არ წამოსცდენია, მაგალითად, ხმა მოგვეცით და ტარიფები გაიაფდებაო

*ვის არ წამოსცდენია, სამართლიანობა აღდგებაო

*ვის არ წამოსცდენია, რეჟიმი საკადრისად დაისჯებაო

*ვის არ წამოსცდენია, ღირსეული ადამიანები დაფასდებიან და რეჟიმის მიერ დაწინაურებული უღირსები სახელმწიფო სტრუქტრურებში ვეღარ იმუშავებენო

*ვის არ წამოსცდენია, ფაბრიკები და ქარხნები აშენდებაო?!

მოკლედ, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლეს დონეს ვამკვიდრებთ ქვეყანაში.

თუ ასე განვაგრძეთ, რა პრობლემაა და მოდით, უფრო მაგარი “წამოცდენებითაც” გავახაროთ ბარემ ქვეყანა და ხალხი! მაგისი დედაც ვატირე და _ თუ წამოცდენაა, წამოცდენა იყოს, არა?

წამოგვცდეს, რომ პენსია მალე 500 ლარი იქნება, ვინ გვიშლის?

წამოგვცდეს, რომ უმუშევრობა საერთოდ აღარ იქნება და მინიმალური ხელფასი 1 000 ლარი გახდება;

წამოგვცდეს, რომ დევნილებს თავიანთ სახლებში დავაბრუნებთ და არა ვარკეთილვაზისუბნის ჩინელების მიერ აშენებულოლიმპიური სოფლისკორპუსებში

კარგი, კარგი!

გასაგებია ჩემთვის, მკითხველო, რაც “წამოგცდა” უკვე როგორც არსებული, ასევე წინამორბედი ხელისუფლებების მისამართით და…

და ვიდრე მეც იგივე “წამომცდება” გაზეთის ფურცლებზე, მგონი, სჯობს, წერტილი დავსვა.

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here