Home რუბრიკები პოლიტიკა “დააკვირდით ხელწერას, ჩემი შვილიც და იურიც სასაფლაოზე დახოცეს”

“დააკვირდით ხელწერას, ჩემი შვილიც და იურიც სასაფლაოზე დახოცეს”

592

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიქნა პოლიციის თუ იმჟამინდელი ხელისუფალისა და მისი ოჯახის წევრის ხუშტურის მსხვერპლი. ბიძინა ივანიშვილის პირველი დაპირებაც  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა იყო. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომლის გამოც გამწარებული ქართველი საზოგადოება თვალდახუჭული გაჰყვა ბიძინა ივანიშვილს და მოიყვანა ხელისუფლების სათავეში. თუმცა სამართლის მაძიებლები _ შვილმკვდარი მშობლები, ქონება თუ ბიზნესწართმეულები, ახალი ხელისუფლების მიერ გადაგდებული აღმოჩნდნენ. 20 იანვარს კი შვილმკვდარი მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა შვილის მკვლელების განსასჯელის სკამზე დასასმელად, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გთავაზობთ ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და რომლებსაც “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ოჯახის წევრები დაუხოცეს. გვესაუბრებიან 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი; 2004 წლის მარტში მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლე და ასევე დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი, ამჟამად პატიმარ ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი. ვითარების შეფასება კი პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ვთხოვეთ.

გურამ გირგვლიანი:

_ ის, რაც იური ვაზაგაშვილს დამართეს, იმის გაგრძელებაა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო. ვგულისხმობ ბუტა რობაქიძის ჩაცხრილვას, რომელიც პირველი შეიწირა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. ამას მოჰყვა ჩემი სანდროს, ზურა ვაზაგაშვილისა და უამრავი ქართველი ახალგაზრდის უმიზეზოდ დახოცვა. თუმცა მხოლოდ ეს გვარებია გახმაურებული, რეალურად მანამდეც ბევრი ოჯახი გაამწარა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ. უბრალოდ, იმ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ჩვენსავით ვერ ახმაურდნენ და სამართალის ძიება ვერ შეძლეს ისე, როგორც ამას სჩადიოდა ჩემი მეუღლე _ ირინა ენუქიძე, იური ვაზაგაშვილი, რობაქიძეები და სხვები. ის საქმე, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაიწყო და გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ მიიყვანა, სწორედ იური ვაზაგაშვილმა განაგრძო. იური ვაჟკაცურად იბრძოდა სიმართლის დასადგენად, მაგრამ საკუთარი შვილის საფლავს დააკლეს. ირინაც და იურიც მიზანმიმართულად, პრინციპულად იბრძოდნენ და ამიტომაც იდგა ქართველი ხალხი მათ გვერდით; იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მართლები იყვნენ. საქმე ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შვილი რის გამო მომიკლეს, შარდენ ბარში მსხდომებთან მართალი იყო თუ არა, მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ მოექცნენ ჩემს სანდროს იმ სუფრასთან მსხდომნი. აკი, ყველასთვის ცხადია _ თაკო სალაყაიას პირდაპირი დაკვეთით მომიკლეს შვილი ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც ახალაიების ქვეშევრდომებმა წაიყვანეს. დააკვირდით ხელწერას, ჩემი შვილიც და იურიც სასაფლაოზე დახოცეს.

_ მაინც რატომ მოკლეს იური ვაზაგაშვილი?

_ ის, რომ იური ვაჟკაცურად და, რაც მთავარია, მიზანმიმართულად იბრძოდა, კარგად დაინახეს მისმა ე. წ. მოწინააღმდეგეებმა, იგრძნეს საშიშროება და თავიდან მოიშორეს. იმ სამხილების მიხედვით, რომლებიც იურის ჰქონდა, სასამართლო პროცესი აუცილებლად დაიწყებოდა, რომელსაც მოჰყვებოდა დიდი რეზონანსი და სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ მთავრობაში მაღალ პოსტებს იკავებენ, როგორც პალამენტში, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, აუცილებლად ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს, დაისჯებოდნენ და ამიტომაც მოიშორეს ბატონი იური თავიდან. თანაც ისე ვანდალურად მოექცნენ შვილმკვდარ, გამწარებულ მამას, რომ ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანს აზრად არ მოუვიდოდა. წმინდა წყლის ტერორისტული აქტი მოუწყვეს.

 მახსოვს, როდესაც კორტებთან იურის ვაჟი მოუკლეს, ჩემი სანდროს ამბავიც ახალი მომხდარი იყო და იური და მისი მეუღლე ჩვენთან მოვიდნენ, ირინას ეკითხებოდნენ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთო. ახლაც თვალწინ მიდგას იურის თვალები… ირინამ უპასუხა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთო. და მართლაც, იური სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა, რა არ გააკეთა, მხარში ამოუდგა დღევანდელ ხელისუფლებას “ნაცრეჟიმის” დასამხობად იმ იმედით, რომ ჩვენი შვილების საქმე გაიხსნებოდა და მკვლელები დაისჯებოდნენ. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვით. როდესაც მერაბიშვილს სამ წელს უსჯი, ეს ჩვენი დაცინვა არ არის? მერაბიშვილი იყო ყველა ავადსახსენებლი საქმის მწარმოებელი და მკვლელების მფარველი. არც ერთ საქმეში არავინ დასჯილა და არც იმის მჯერა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეს გახსნიან.

_ ამჟამად სად იმყოფება თაკო სალაყაია?

_ სალაყაია კარგად გრძნობს თავს, საფრანგეთში მიდი-მოდის და ისევ “გულაობს”, არც ქმარი აწუხებს და არც ნამუსი, თუმცა ქმარი არც არასდროს აწუხებდა. სიმართლე გითხრათ, ამ ქალის ადგილსამყოფელი არც მაინტერესებს, რადგან, თუ ხელისუფლებამ არ წაავლო ხელი და ციხეში არ გამოამწყვდია, სალაყაიები, სანოძეები, დონაძეები და მსგავსი არამზადები ყოველთვის კარგად იგრძნობენ თავს. კარგი, სალაყაია და სანოძე ქვეყნიდან გაიქცნენ, მაგრამ დონაძე ხომ აქ არის? რატომ არ იჭერენ? ის ხომ ყველა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს?

_ შს მინისტრ ჭიკაიძის გადადგომას როგორ შეაფასებთ?

_ როდესაც ამხელა უწყების ხელმძღვანელად ინიშნები, პირველ რიგში, პიროვნულად უნდა იყო ძლიერი, არადა, მსგავსი რამ ჭიკაიძეში ვერ შევნიშნე. წლოვანებითაც პატარაა და რა გამოცდილება უნდა ჰქონოდა? მინისტრობისას რისი გამკეთებელი იყო, არ მესმის…

ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სააკაშვილის კისერზეა, რომელიც დანავარდობს აქეთ-იქით და იმუქრება ხელისუფლებაში დაბრუნებით. თუ ეს მართლა მოხდა, მაშინ ყოჩაღ ჩვენს ქართველობას. სააკაშვილი თავისი ამალითურთ ავადმყოფია და, სამწუხაროდ, სწორედ სააკაშვილისნაირი ავადმყოფების ბანდა გვიზის პარლამენტში _ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემი სანდროს საქმის გაყალბებაში. მაგალითად, თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტშია წამოჭიმული. დაავიწყდა, რასაც სჩადიოდა ჩემის სანდროს საქმის გასაყალბებლად?

_ რატომ არ გახსნა ახალმა ხელისუფლებამ თქვენი შვილისა და სხვების გახმაურებული საქმეები?

_ როდესაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოვიდა, ყველას იმედი გვქონდა, რომ ეს საქმეები გაიხსნებოდა, მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილისაც, მაგრამ ყველაფერი ავადსახსენებელი კოაბიტაციის ბრალია, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. პირიქით, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავენაცმოძრაობაგაესამართლებინათ, უფრო გააძლიერეს და ფეხზე დააყენეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომნაცმოძრაობადაქართული ოცნებაშეთანხმებულად მოქმედებენ. თავის დროზე რომ არ დასაჯეს “ნაცმოძრაობა”, თავში აუვარდათ, ბრტყელ-ბრტყელს ლაპარაკობენ და ისევ კარგად ცხოვრობენ… ერთადერთი, ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ გაილახებიან. სხვა რა უჭირთ, აქეთ აქეზებენ ხალხს, ხედავთ, ახალმა ხელისუფლებამ მკვლელობების შეკვეთები დაიწყოო. მხოლოდ თაკო სალაყაიას უამრავი შეკვეთა აქვს გაცემული მკვლელობაზე. თბილისს თავი დაანებონ, ჩავიდნენ ბათუმში და იქ მოისმინონ, რას ყვებიან თვითმხილველები სალაყაიას გმირობებზე. მეტი რაღა მტკიცებულებები უნდათ? ამ მკვლელობების გამოუძიებლობა ორივე ხელისუფლების კისერზეა _ “ნაცმოძრაობამხომ ჩაიდინა, ამ უნიათო ხელისუფლებამ კი საქმეების გასახსნელად არაფერი გააკეთა, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი თავხედური და საშინელი დანაშაული _ იური ვაზაგაშვილის აფეთქება. ღმერთმა ქნას, იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნას, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმედი არ მაქვს, რადგან იურის საქმე რომ გაიხსნას, ავტომატუად გაიხსნება მისი შვილის, ჩემი შვილის და სხვა დახოცილი ბიჭების საქმეებიც, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ერთი ჯაჭვის რგოლებივით.

 

დოდო აფრასიძე:

_ იური ვაზაგაშვლის მკვლელობა ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, ჩემი ოჯახის ტრაგედია გაცოცხლდა ჩემს გულსა და გამწარებულ სულში. რატომ გაწირეს ასე, გამწარებული მამა შვილს საფლავზე როგორ დააკლეს, ასეთი მხეცობა სად გაგონილა?

_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ვინ ჩაიდინა?

_ ამის ჩადენა, ცივსისხლიანის გარდა, არავის შეეძლო და ამის გამკეთებელი, რა თქმა უნდა, “ნაციონალები” არიან. ბატონი იური შვილის მკვლელობის შემდეგ არ გაჩერებულა, სულ სიმართლის ძიებაში იყო და, როცა თქვა, ბევრი სამხილი მაქვს ხელშიო, ვერაგულად მოკლეს გამწარებული მამა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები არიან გარეული ბატონი იურის მკვლელობის საქმეში, შეეშინდათ, რომ მას მკვლელების ვინაობა არ გაემჟღავნებინა. ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, ყველანი დაგვაზარალეს… რა ჰქვია ამ ყველაფერს, რაზე მიგვანიშნებენ? გამოდის, რომ “ნაციონალების” მიერ დახოცილი ადამიანების საფლავებზე შიშით ვერც მამა უნდა მივიდეს და ვერც დედა?!

_ ახლოს იცნობდით იური ვაზაგაშვილს?

_ როგორ არ ვიცნობდი, რამდენჯერმე შევხვდი. ბატონი იური ფინანსურადაც მეხმარებოდა _ 500 ლარი ჩაურიცხა ციხის პლასტიკურ ბარათზე ჩემს შვილებს.

როდემდე უნდა ავიტანოთ დამნაშავენაციონალებისპარპაში? ბარამიძეს რომ აფეტიშებენ და ტელევიზორის ეკრანიდან ჭკუას გვარიგებს, რატომ არ იჭერენ? ახალმა ხელისუფლებამ რატომ არ დაკითხა? აკი, ბარამიძე თვითონ ითხოვს, დამკითხეთ აფრასიძეების საქმეზეო

_ მაინც რატომ არ დაკითხეს გია ბარამიძე?

_ იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებაში” ბარამიძეს მფარველები ჰყავს და კარგად იცის, რომ არც დაკითხავენ და არც დააპატიმრებენ, ამიტომაც არის დიდ გულზე და ხალხის თვალის ასახვევად მოითხოვს დაკითხვას.

_ თქვენი შვილები როგორ არიან, რას საქმიანობენ?

_ რა უნდა გააკეთონ ან რა შეუძლიათ?! გაუბედურებულები, ჯანმრთელობაშერყეულები გამოვიდნენ ციხიდან. ან ვის აქვს ჩვენი დარდი, რომ რომელიმე დაასაქმოს? უსახლკაროდ ვართ, ბერძნების ოროთახიან ბინაში ვართ შეხიზნული რვა სული. ჩემი ოჯახის ცოდვა სააკაშვილს აწევს კისერზე, მაგრამ ამ ცოდვის სიმძიმეს ვერ გრძნობს. პირიქით, ამაყობს ჩემი ოჯახის ამოწყვეტით

_ მიხეილ სააკაშვილი მართლაც ამაყობს, რომ აფრასიძეების ამოხოცვის ბრძანება გასცა და ამით სვანეთი გაათავისუფლა ყაჩაღებისგან

_ სააკაშვილი გიჟია და რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სწრაფად გაიქცა საქართველოდან და ამაში ხელი არავინ შეუშალა. ამ ხელისუფლებას, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ ვამტყუნებ, რომ სააკაშვილი გაუშვა ქვეყნიდან და არ დააპატიმრა. სააკაშვილის დასაჭერად მხოლოდ ჩემი ოჯახის საქმეც საკმარისი იყო. მან ხომ თვითონ აღიარა ჩვენი ოჯახის განადგურება.

მას შემდეგ, რაც იური ვაზაგაშვილს დამართეს, მეც შიში გამიჩნდა, რომ მომკლავენ. ჩვენ ქვეყანაში ბოგინობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირი გამწარებული, ოჯახამოწყვეტილი ხალხის არსებობა არ აძლევთ ხელს. სადისტი, სისხლისმსმელი “ნაციონალები” კვლავ დაპარპაშებენ, ისინი არა მხოლოდ ადამიანებს კლავდნენ, ეკლესიებს ანგრევდნენ. სწორედ ეკლესიების ნგრევით დაიწყეს მოღვაწეობა.

ნორა კვიციანი, ყოფილი პოლიტპატიმარი, პატიმარ ემზარ კვიციანის და:

_ იური ვაზაგაშვილის ამბავმა ჩემი ყველა ტკივილი დამავიწყა. ეს არა მხოლოდ იურის, არამედ მთელი ერის აფეთქება იყო. ამით ამ სადისტებმა ქართველებს თავმოყვარეობა შეგვილახეს. სამართლის ძებნაში იური შვილს დააკლეს… ეს ამბავი ჩვენს ისტორიაში მუდამ შავ ლაქად დარჩება. საცოდავია ამ ამბის მომფიქრებელიც და ჩამდენიც. მოკლული იური ვაზაგაშვილი უფრო ბედნიერია, ვიდრე მკვლელი, რომელმაც ეს ქართველი ვაჟკაცი ასე გაწირა.

_ მაინც ვის და რატომ აძლევდა ხელს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა?

_ ეს საკმაოდ შორს გათვლილი ნაბიჯია. ეს პოლიტიკაა, ბინძური პოლიტიკა! იური ვაზაგაშვილი იყო კაცი, რომელიც შვილის მკვლელობის შემდეგ არ გაჩერებულა და სამართლის ძიებაში იყო დღენიადაგ. როგორც ჩანს, მას მართლაც ჰქონდა სერიოზული ფაქტები ხელთ და ამიტომაც მოუწყვეს ტერორისტული აქტი. 2012 წელს თითქმის მთელი საქართველო იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა და შემდეგ _ სხვა დაარჩენს, მაგრამ რა მივიღეთ? _ მკვლელები თავისუფლად დაპარპაშებენ გარეთ და ჩემს ძმას სასჯელის უმაღლესი ზომით ასამართლებენ. მე, უდანაშაულო ქალი, ციხეში წლობით გამომკეტეს და, ვინც მართლა დამნაშავეები არიან, თავისუფლად დადიან. ეს ყველაფერი დიდი შეცდომაა, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა. ჩემ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და, როგორც კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კუბლაშვილის ნაცვლად სხვას დანიშნავენ, მაინტერესებს, რეაბილიტაციას მომცემენ თუ არა. რა ხდება, ვეღარ გავიგე, მირზაევი, რომელიც ტერაქტების მოწყობაში იყო მხილებული, დღეს თავისუფალია, ჩემი ძმა კი ციხეში ზის. რაც მთავარია, დამნაშავეები ისევ მაღალ პოსტებს იკავებენ ხელისუფლებაში.

_ თქვენი ძმა როგორ არის?

_ ღვთის წყალობით, არა უშავს. უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესია დანიშნული და ველოდები მის გათავისუფლებას. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და კეთილი ნება.

სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში უამრავ ოჯახს ჩააცვა შავი და უამრავი ადამიანი გააუბედურა. ამ ყველაფერს ბინძური პოლიტიკისთვის და სხვა, უცხო ძალების საამებლად აკეთებდნენ. ესენი მოღალატეები არიან, რომლებმაც ქართული მიწაწყალი და ერი გაყიდეს.

ღმერთმა ქნას, ჩვენი ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ძალა, რომელიც საქართველოსა და ქართველ ხალხზე მართლა იზრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი და 4 თვე გამატარებინა სააკაშვილმა ციხეში, მე დღეს გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე ფუფუნებაში მყოფი სააკაშვილი. ეს არსება ბოროტებაა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. გულწრფელად გეუბნებით, სააკაშვილი მეცოდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი პოლიტოლოგი:

_ ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ვინ დგას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უკან. ეს რომ დაგეგმილი მკვლელობა იყო, ტერაქტი, ორი აზრი არ არსებობს. თავდაპირველად გაავრცელეს ვერსია, თითქოს ვაზაგაშვილმა თავი მოიკლა შვილის საფლავზე, რაც აბსურდია, რადგან შვილის საფლავს არავინ ნაღმავს და შემდეგ თავს არ იფეთქებს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებაც უადგილო იყო, თითქოს საზღვრის იქიდან მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქება. სხვათა შორის, ირაკლი სესიაშვლი სულელური გამონათქვამებით ყოველთვის გამოირჩევა. საზღვარს იქით ე.წ. სამხრეთ ოსეთს გულისხმობდა, სესიაშვილის მხრიდან ეს არის უმეცარი განცხადება, რადგან იური ვაზაგაშვილი პოლიტიკური მოღვაწე არ იყო და არც ისეთი დონის პიროვნება, რომ მის მკვლელობას დიდი ჯანყი მოჰყოლოდა საქართველოში. თვითონ იური ვაზაგაშვილი ამბობდა, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შესვლას მთავაზობდა, მაგრამ იქ ჩემი ადგილი არ არისო. მოკლედ, ზედმეტი ტვინისჭყლეტის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში, ანუ ისინი, ვისაც იური ვაზაგაშვილი ხელს ადებდა და ადანაშაულებდა შვილის მკვლელობაში, რომლებიც დღემდე მუშაობენ შს სამინისტროში, პროკურატურაში და . ., შეწუხებული იყვნენ ვაზაგაშვილის აქტიურობით და არ არის გამორიცხული, სწორედ მათ ჩაედინათ ეს ტერორისტული აქტი. ითქვა მეორე ვერსიაც. მოგეხსენებათ, იური ვაზაგაშვილი ბიზნესმენიც იყო, ჰქონდა მაღაზია და სახაჭაპურე, ანუ წვრილი ბიზნესი, რომლითაც ოჯახს ინახავდა. ამიტომაც ითქვა, რომ ბიზნესის საკითხში კონკურენტთან ჰქონდა რთული ურთიერთობა და სწორედ ამის გამო მოკლესო, რაც სინამდვილე არ არის. მისი აფეთქება პროფესიონალურ დონეზეა მოხდა და ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მოახერხებდა. ეს გააკეთა იმან, ვინც კარგად იცის ეს საქმე.

_ ჭიკაიძის გადადგომას როგორ შეაფასებთ?

_ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე პოსტზე რომ დარჩენილიყო, ვიდრე ეს საქმე არ გაიხსნებოდა. ის, რომ თითქოს იმიტომ გადადგა, გამოძიებისთვის ხელი რომ არ შეეშალა, უკბილო განცხადებაა და მისი გადადგომაც _ უკბილო ქმედება. ჭიკაიძე არ გადადგებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის იატაკქვეშა ზეწოლა. როდესაც ვაზაგაშვილის აფეთქება მოხდა, ჭიკაიძე ესპანეთში იმყოფებოდა. იმ ქვეყანამ ჭიკაიძე მიიღო როგორ შს მინისტრი და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს გადადგომის შესახებ. შე მამაცხონებული, ჩამოდი თბილისში და მერე გადადექი, მაგრამ, ალბათ, ისე დაუქნია ივანიშვილმა თითი, რომ შეშინებული ჭიკაიძე ესპანეთშივე გადადგა, რაც დიდი უტაქტობაა. ასევე ღიმილისმომგვრელია დავოსში მყოფი პრემიერის საქციელიც, რომელმაც მოიწონა ჭიკაიძის გადაწყვეტილება. ეს არის ბავშვური თამაში და, ვიდრე საქართველო ასეთ თამაშს თავს არ დაანებებს, ფეხზე ვერ დადგება. საუბარია ელემენტარულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, რომელიც არ აღმოაჩნდა შს მინისტრს. ან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეთანხმდეს ტელეფონით ასევე საზღვარგარეთ მყოფ პრემიერმინისტრთან. შს მინისტრი არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, მას ქვეყნის უსაფრთხოება ავალია და, როდესაც ამ საკითხს ასე ზერელედ უყურებს თვითონ შს მინისტრი, ხოლო ათჯერ უფრო ზერელედ პრემიერმინისტრი, ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა. ღარიბაშვილიც და ჭიკაიძეც ივანიშვილის მარიონეტები არიან, რომელმაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი და რომელსაც ასევე არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა, სახელმწიფო კი ბიზნესგარიგება ჰგონია.

_ სააკაშვილის მიერ გამწარებული ოჯახების საქმეებს რატომ არ იძიებსქართული ოცნება”?

_ საქმე ის არის, რომ სააკაშვილი ამდენი უდანაშაულო ხალხის გაჟუჟვაში მარტო არ მოქმედებდა. მან მთელი საქართველო გაამწარა, რეალურად კი რამდენიმეს გვარია მხოლოდ ატაცებული. მხოლოდ სერგო თეთრაძის საქმე რად ღირს, რომელსაც ციხეში წამებით ამოჰხადეს სული. თუნდაც ციხის ბუნტი, უამრავი პატიმარი ჩახოცეს ციხეში; ან 26 მაისი, როცა დახოცილი ადამიანების ცხედრები მეტროპოლიტენის სახურავზე შემოდეს. რომელი ერთი გავიხსენო?! საქმე ის არის, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა _ ყველანი ციხეშიოამ სიტყვებს ვერ იტყოდა ვერც ერთი ქართველი სახელმწიფოს მეთაური, რომ არ ყოფილიყო თანხმობა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ანუ ამერიკისგან. სააკაშვილის ეს სიტყვები გამყარებული იყო ოჯახების ამოწყვეტით და . ., რასაც წლების განმავლობაში შესანიშნავად ფარავდა ამერიკის შეერთებული შტატები. დააკვირდით, ზაფხულიდან მოყოლებული ამერიკაში ფერადკანიანი მოსახლეობის დიდი მღელვარება იყო. მანამდე იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა პოლიციელებმა უმიზეზოდ ჩაცხრილეს შავკანიანები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დაახრჩო ამერიკელმა პოლიციელმა შავკანიანი, რომელიც სთხოვდა, გამიშვიო, მაგრამ მან შუა ქუჩაში მიახრჩო. ეს ნიშნავს, რომ ამერიკისთვის პოლიციელის თავგასულობა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენს შს სამინისტროში მუშაობენ ამერიკელები, მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის, შვილი. სწორედ ამ ადამიანებმა შეათვისებინეს ჩვენს პოლიციას ის სისასტიკე, რომელიც შემდეგ არაერთ უდანაშაულო ადამიანზე განახორციელეს. ალბათ, გახსოვთ, როგორ აფასებდა ამერიკის ელჩი ქართული პოლიციის მიერ მიტინგების დარბევას, _ ეს ყველაფერი გაკეთდა კანონიერად, ყოველგვარი უფლებამოსილებების გადაჭარბების გარეშეო. ასე რომ, ის, რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, ძალიან კარგად იციან ამერიკელებმა და ყოველთვის აფარებდნენ და დღესაც აფარებენ ხელს სააკაშვილს.

_ ანუ პოლიციისგან მსგავს ქმედებებს დღესაც უნდა ველოდოთ?

_ ამ ხელისუფლებას არ აქვს სააკაშვილისნაირი გაქანება და არც ისეთი კავშირები ამერიკასთან, როგორიც წინას ჰქონდა. თუმცა ამერიკა დღესაც კოჭს უგორებს “ნაცმოძრაობას” და ამიტომაც ანაწილებს მათ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, ერთ მშვენიერ დღეს კი კვლავ საქართველოში მოგვევლინებიან. ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, ამერიკის მიერ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების შედეგია.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

1 COMMENT

  1. დააკლეს რა შემზარავი სიტყვაა მაგრამ სხვაც რომ არ მიესადაგება?

    რა დონის არაკაცი უნდა იყო ეს რომ მოგივიდეს თავში……….
    არა თუ შეასრულო………….ღმერთო ყველა დაიფარე……….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here