Home რუბრიკები პოლიტიკა 2014 წლის 15 “მარგალიტი” პოლიტიკოსებისგან საქართველოს მოსახლეობას

2014 წლის 15 “მარგალიტი” პოლიტიკოსებისგან საქართველოს მოსახლეობას

605

2014 წელი საკმაოდ მძიმე იყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ჩვენი პოლიტიკოსები კი, ბევრს თუ არაფერს აკეთებდნენ, თავინთი გამონათქვამებით ამხიარულებდნენ ხალხს.  გთავაზობთ პოლიტიკოსთა იმ “მარგალიტებს”, ანუ ფრთიან ფრაზებს, რომლებმაც ქართველი საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ღიმილი და, შესაძლოა, სარკაზმიც გამოიწვია…


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი:

_ ჩვენ ბოლო მოვუღეთ კორუფციას, ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ  და ამიტომაც დავისაჯე!

აკაკი მინაშვილი, “ნაციონალური მოძრაობისწევრი:

_ “ქართული ოცნება” არის შეშინებული, ბრჭყალებში, მიჩმორებული ხელისუფლება.

დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

_ 2014 წლის ბიუჯეტი საამაყო არ არის, მაგრამ კარგია…

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

_ საპარლამენტო მართვის რესპუბლიკაში, სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასები გვაქვს პარლამენტის წევრებს, რაც არ მიმაჩნია სამართლიანად.

მანანა კობახიძე, ვიცესპიკერი:

_ ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება _ ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი შეზღუდვა კანონით. 

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი:

_ მე არ ვიცი, რატომ ვართ ჩვენ, საქართველო, იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი ან პოლონეთი, ან ჩეხეთი, ან ისრაელი, ან ამერიკა…

დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, 2014 წლის 28 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე  სიტყვით გამომსვლელ დეპუტატთა გასაგონად გამოაცხადა:

_ ბატონი გედევან ფოფხაძე და ქალბატონი ნინო გოგუაძე არიან სიტყვით გამომსვლელთა სიაში ჩაწერილი. გთხოვთ, ქალბატონო გედევან!..

თამაზ თამაზაშვილი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი:

_ მინდა, მივმართო გივია თარგამაძეს, რო შენა ხარ უსინდისო ადამიანი, ასეთ ტყუილებს რომ იგონებ, უსინდისო და უნამუსო ხარ… ეს ნადირაშვილი როა, ნადირის სახეს რო იღებს ეს ქალი და ათას სისულელეებს ლაპარაკობს და ყველაფერს მაბრალებს მე… ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. დაიღალა, გადაიღალა, დაწერა განცხადება და წავიდა. და, საერთოდ, ამ კაცზე, ამ ბიძინა ივანიშვილზე, უნა დაანებონ ბევრ ლაპარაკს თავი, რადგან კაცმა, რომელმაც უსისხლოდ მოგაგებინა, კაცმა, რომელმაც თითქმის საქართველო გადაარჩინა, და ილია ჭავჭავაძის შემდეგ ესეთი ინტელექტუალი აღარა გვყოლია, დაანებონ უნა ამ კაცს თავი, რაა!

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე  _ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს:

_ თუ ბიუჯეტი იქნება შესრულებული, რის პირობასაც თქვენ იძლევით, საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს, მაგრამ, თუ თქვენ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ იქნება ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე…

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:

_ ის, თუ რომელ კანონპროექტშია ჩემი ეს პოზიცია ყველაზე უკეთ ასახული, ეს მე ამ წუთში არ ვიცი, მაგრამ მხარს ვუჭერ იმ კანონპროექტს, სადაც ჩემი ეს პოზიცია იქნება ყველაზე კარგად ასახული.

გიორგი ვაშაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

_ “ნაციონალურ მოძრაობას” რამოდენიმე საქმეზე აქვს ექსკლუზივი და, მათ შორის, აქვს ექსკლუზივი იმაზეც, რომ ეს არის ერთადერთი ძალა, ვისაც პოზიტიური საქმე აქვს გაკეთებული ქვეყანაში.

ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრი:

_ ოპოზიციაში მყოფი ვამბობდი, რომ ოცი წლის შემდეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო და ეს არის ძალიან ოპტიმისტური, რომ იცოდეთ. ეს არ არის ცოტა. მაგრამ ახლა უფრო ძალიან შევამცირე ოპტიმიზმი, 20 წლის ნაცვლად, 18-ზე დავიყვანე… რაც დრო გადის, ირაკლი (ღარიბაშვილი) ნაკლებს მაწუხებს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუ ადრე კვირაში ერთჯერ მირეკავდა, ახლა შეიძლება ორი თვე გავიდეს და არ დამირეკოს.

სერგო რატიანი, “ნაციონალური მოძრაობისწევრი:

_ როდესაც ქვეყანაში მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანას მართავს ზვიგენებით სავსე აუზთან მჯდომი მაფიოზი, ქუდის მოხდა-არ მოხდაზე მსჯელობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს “ქართული ოცნებისთვის”.

ალექსანდრე ჭიკაიძე, შს მინისტრი:

_ ამოღებულ იქნა თხევადი ნარკოტიკული საშუალება გერაინი… ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკები, რომელიც მიეკუთვნება თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდე ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების და… რა თქმა უნდა, როდესაც 2012 წელს მოხდა საყოველთაო ეს ამინისტია, რაღაცა,  იყო პრობლემები, კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ახლა მინდა, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რო კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში.

თამარ ბერუჩაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი:

_ ჩემი ამოცანა იქნება, მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, ასევე _ მეტი ნატო საქართველოში.

მოამზადა

ნინო მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here