Home რუბრიკები საზოგადოება კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის

კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის

ონკოლოგიური დაავადებები საქართველოს მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში მეორე ადგილზეა. ნიშანდობლივია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მსოფლიოში, განუხრელად იზრდება. კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემებს ეძღვნება “საქართველო და მსოფლიოს” დღევანდელი “მრგვალი მაგიდა”.  ჩვენი სტუმრები არიან: კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა; საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რეზო გაგუა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში _ მაკა მაღლაკელიძე.


ფრიდონ თოდუა:

_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.  ექსპერტთა მტკიცებით, მსოფლიოში  აღინიშნება ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის განუხრელი ზრდის ტენდენცია, ამასთან, ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი ტვირთი მოდის განვითარებადი ქვეყნების წილად, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნება საქართველო.

იმავე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, რომ საქართველოში საშუალოდ ყოველწლიურად კიბოს 12 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ციფრია, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, კიბოთი ავადობის მაჩვენებლების მიხედვით, შუალედური ადგილი უჭირავს მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, ხოლო ონკოლოგიური ავადობის დინამიკა იმავე კანონზომიერებებს ექვემდებარება, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოშია და ეს მატება რაიმე განსაკუთრებით მაღალი ტემპით არ გამოირჩევა, თუმცა ეს დამშვიდების საბაბს ნამდვილად არ გვაძლევს, მით უფრო, რომ ჩვენთან ავადმყოფთა 70-75 პროცენტი ექიმს დაავადების იმ სტადიაში მიმართავს, როდესაც რადიკალური მკურნალობის მეთოდი უკვე აღარ გამოიყენება. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას, ხოლო პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა პირდაპირაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე.  I-II სტადიაში დადგენილი სიმსივნის მკურნალობის ეფექტიანობა ძალიან მაღალია და ხშირად სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.

ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ძირითადი მიზეზია მოსახლეობის მიერ პროფილაქტიკური გასინჯვების უგულვებელყოფა, ქრონიკული და კიბოსწინა დაავადებების მქონე ავადმყოფთა მეთვალყურეობის ფიქტიურობა, ძირითადი კლინიკური სპეციალობების ექიმთა არასაკმარისი ონკოლოგიური სიფხიზლე. ამასთან, მოსახლეობის დიდ ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს ექიმისთვის დროულად მიმართვის აუცილებლობა, რაც კიბოს საწინააღმდეგო პროპაგანდის დეფიციტსა და საგანმანათლებლო მუშაობის სისუსტეზე მიუთითებს.

ამასთან ერთად, პირველი რიგის ამოცანად რჩება ონკოლოგიურ დაავადებათა მიმართ არსებული სუბიექტური ფაქტორებისა და სტერეოტიპების შეცვლა როგორც მოსახლეობის, ასევე, სამედიცინო პერსონალის აზროვნებაში: უწინარეს ყოვლისა, უნდა დავძლიოთ შიშის ფაქტორი და გავაცნობიეროთ, რომ კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, ეს არის დაავადება, რომელიც, როგორც ბევრი სხვა პათოლოგია, ექვემდებარება მკურნალობას.

რეზო გაგუა:

_ ნორმალური ტიპის უჯრედიდან სიმსივნური ტიპის უჯრედად  ტრანსფორმაცია არის ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი პროცესი. ცვლილებები ვითარდება  მრავალი შიდა და გარე ფაქტორების, ე. წ. კანცეროგენების  ზემოქმედებით. ეს ფაქტორებია: ფიზიკური ფაქტორები, როგორიცაა  ულტრაიისფერი და მაიონიზებელი გამოსხივება; ქიმიური კანცეროგენები, როგორიცაა აზბესტი, თამბაქოს ბოლის კომპონენტები, დარიშხანი; ბიოლოგიური კანცეროგენები, ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი ვირუსის, ბაქტერიისა და პარაზიტის ზემოქმედებით ორგანიზმზე (B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და ზოგიერთი  ტიპის ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული პროცესები); არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

კიბოს განვითარების რისკი ბევრად მაღალია კანცეროგენული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებისას, აგრეთვე, დამძიმებული მემკვიდრული განწყობის შემთხვევაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სიმსივნური დაავადებების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში _ 40 წელს გადაცილებული ასაკი, ორგანიზმის გენეტიკური, იმუნოლოგიური და ენდოკრინული სტატუსი, ეკოლოგიური გარემო, მავნე პროფესიული ფაქტორები, ცხოვრებისა და კვების პირობები, ინდივიდუალური და საყოფაცხოვრებო ჩვევები და ა. შ.

მაკა მაღლაკელიძე:

_ თანამედროვე მედიცინაში კიბოს პრობლემას, სირთულისა და სოციალური მნიშვნელობის მიხედვით, ანალოგი არ გააჩნია.

მამაკაცებში ყველაზე ხშირია ფილტვის კიბოთი ავადობა, ყოველწლიურად დგინდება 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა; ქალბატონებში _ ძუძუსა და რეპროდუქციული ორგანოების პათოლოგიები. ყოველწლიურად ფიქსირდება 1500-მდე ძუძუს კიბო და 800-ზე მეტი საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები. საკმაოდ ხშირია კუჭნაწლავის ტრაქტისა და სისხლმბადი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები. სამწუხაროდ, ხშირია ფილტვისა და ღვიძლის . . მეორადი დაზიანებები, როდესაც პირველადი კერა ჯერ არ არის დადგენილი და დაავადება თავს იჩენს მეტასტაზებით შორეულ ორგანოებში.

სიმსივნური დაავადებები მოსახლეობის ყველა ფენაში გვხვდება და უდიდეს ზარალს აყენებს საზოგადოებას. ვითარდება არა მარტო უფროსი ასაკის მამაკაცებსა და ქალბატონებში, არამედ ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებშიც. ამასთან, წლიდან წლამდე აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. თუმცა ისევე, როგორც მსოფლიოში, ჩვენთანაც კიბო მეტწილად მაინც ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრია.

ეს ავადობა შეიძლება შემცირდეს და გაკონტროლდეს დაავადების პრევენციის ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, როცა განკურნების შანსი  ძალიან მაღალია. დამტკიცებულია, რომ 30 პროცენტზე მეტი კიბოს შემთხვევების პრევენცია შესაძლებელია ძირითადი რისკფაქტორების თავიდან აცილებით, შემთხვევათა კიდევ 30 პროცენტში სწორად ჩატარებული მკურნალობა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, დანარჩენ შემთხვევებში კი ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დარჩენილი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

რეზო გაგუა:

_ უკანასკნელ ათწლეულში ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და, კერძოდ, ონკოლოგიური სამსახურის სტრუქტურასა და ორგანიზაციაში. შემოღებულია დარგის პროგრამული მართვა, არსებითად შეიცვალა დაფინანსების პრინციპები. ახლებურადაა გააზრებული ჯანდაცვის სტრუქტურების თითოეული რგოლის ფუნქცია ონკოლოგიური დაავადებების მიმართ. მკვიდრდება პირველადი ჯანდაცვის განვითარებული სტრუქტურები, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომელმაც, როგორც პაციენტთან შეხების პირველმა საფეხურმა, მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს დაავადებების (მათ შორის, კიბოსწინა და ონკოლოგიური დაავადებების) პრევენციაში, მათ დროულ გამოვლენაში, დიაგნოსტიკასა და ავადმყოფთა სამედიცინო-სოციალურ რეაბილიტაციაში.

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს უთუოდ დაებადებათ შეკითხვა, გადაწყვიტა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის ახალმა პროგრამამ ყველა ის პრობლემა, რომლებიც აქამდე ასე აწუხებდა პაციენტებს?

შევეცდები, ვუპასუხო.

მას შემდეგ რაც ამოქმედდა ეს პროგრამა, სახელმწოფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე არავითარი ფინანსური მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ.  ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, სამწუხაროდ,  საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რომლის დაძლევა ძალიან რთულია ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად. პაციენტებს, როგორც წესი, სჭირდებათ ბევრი სერიოზული გამოკვლევა და, მკურნალობის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, არამედ დამატებით რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსის ჩატარება. 

ამჯერად ჯანდაცვა ნამდვილად საყოველთაო გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის. შესაძლოა, ჯერ კიდევ არის რაღაც  დასახვეწი, მაგრამ ის, რომ პაციენტთა დიდი უმრავლესობა დღეს ღებულობს სახელმწიფო დახმარებას და არ არის შეზღუდული სამკურნალო დაწესებულების არჩევანში _ უკვე  უდავოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ფრიდონ თოდუა:

_ მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის თანამედროვე რეფორმების ფონზე, პრიორიტეტი ენიჭება მსხვილ, სპეციალიზებულ, ტექნიკურად კარგად აღჭურვილ სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ცენტრებს, რომელთაც ხელეწიფებათ მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ურთულესი ამოცანების “ერთ ჭერ ქვეშ” გადაჭრა. კიბოს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, რომლებიც აღჭურვილია ადეკვატური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, დაკომპლექტებულია შესაფერისად განსწავლული, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც მუშაობენ მულტიდისციპლინურ გუნდებში, მკაფიოდ განსაზღვრული როლითა და მკაცრად გამიჯნული ფუნქციებით. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში უამრავმა დიდმა თუ მცირე მასშტაბის კლინიკამ იკისრა ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა და, შედეგად, ავადმყოფი ხშირად ხდება არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი. დაყოვნებული სპეციფიკური მკურნალობა, თავის მხრივ, იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და პროგნოზის გაუარესებას,  რომ არაფერი ვთქვათ  მკურნალობის ღირებულების მნიშვნელოვან გაძვირებაზე.

კლინიკური მედიცინის ჩვენს სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტს გამოკვლევებისთვის და მკურნალობისთვის ყოველწლიურად 40 000-ზე მეტი პირველადი პაციენტი მომართავს. მინდა, გითხრათ, რომ უკანასკნელ პერიოდში ონკოლოგიურმა პათოლოგიამ მკვეთრად იმატა. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად სიმსივნური წარმონაქმნი შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე ულტრაბგერითი თუ კომპიუტერული კვლევების დროს, ხანდახან პროცესი იმდენად ღრმადაა წასული, რომ გვიწევს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება პირველადი კერის დასადგენად. ვისარგებლებ შემთხვევით და მივაწოდებ მოსახლეობას ინფორმაციას იმ უნიკალური დიაგნოსტიკური მანიპულაციის შესახებ, რომელიც სულ ახლახან დაინერგა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ეს არის Whole Body MRI _ მთელი სხეულის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავატაროთ ადამიანის ორგანიზმის სრული მიმოხილვითი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და დავადგინოთ სიმსივნური პროცესის ლოკალიზაცია ადრეულ ეტაპებზე, როცა კლინიკური სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის გამოხატული.

2014 წლიდან გადავწყვიტეთ ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება _ აშენდა ახალი კორპუსი, მასში განთავსდა ონკოლოგიის (ქიმიოთერპიული) და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტები. ექიმი-ონკოლოგების მიერ ხდება თითოეული ონკოლოგიური პაციენტის დეტალური გამოკვლევა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. უნიკალურ რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ონკოქირურგიულ ოპერაციებთან ერთად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქვე ჩაიტარონ კომბინირებული და კომპლექსური მკურნალობის ყველა კომპონენტი _ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია. რადიაციული ონკოლოგიის განყოფილება აღჭურვილია Varian-ის ფირმის 2 უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით _  TrueBeam-ით. მასში ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტეჰრული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია. ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, გაცილებით დიდი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით მოვახდინოთ სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება. აპარატი ავადმყოფებს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან მოცემული უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ და ადეკვატურ ჩატარებას. თრუბიმის შემოტანა საქართველოში სხივური თერაპიის ახალი მიმართულების დასაწყისია.

მაკა მაღლაკელიძე:

_ თამამად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აპარატურა, რომელიც ჩვენს ინსტიტუტშია, საუკეთესოა არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი კლინიკისთვისაც _ დაწყებული თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით, ულტრაბგერითი აპარატურით, რენტგენოგრაფიული დანადგარებით, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით, ენდოსკოპიური ტექნიკით და დამთავრებული, მართლაც რომ უნიკალური საოპერაციო ბლოკებით თორაკო-აბდომინური, გინეკოლოგიური, მამოლოგიური, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული და ნეიროქირურგიული ჩარევისთვის. ევროპაში, თუნდაც ამერიკაში, იშვიათია კლინიკები, რომლებშიც სამედიცინო ტექნიკის ასეთი კონცენტრაციაა _ ჩვენთან ფუნქციონირებს 4 კომპიუტერული და 4 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი. მეტსაც გეტყვით, დგას საკითხი მეხუთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შეძენის.

ადამიანები ნდობას უცხადებენ ინსტიტუტს და ჩვენი კლინიკის ექიმებს. ბატონი ფრიდონ თოდუა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ნდობას აქვს უდიდესი როლი, პაციენტისთვის გადამწყვეტი ექიმია _ პროფესიონალი, რომელმაც, გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციის საფუძველზე, სწორი დიაგნოზი უნდა დასვას. აქ შეცდომის უფლება არავის აქვს.

ჩვენს ინსტიტუტში მუშაობენ საუკეთესო ექიმები, რომლებიც თავიანთი დარგების წამყვანი სპეციალისტები არიან. მათი სახელები კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.  ცენტრში გვყავს 9 სახელმწიფო და 6 ეროვნული პრემიის ლაურეატი.

ონკოლოგია დღეს კომპლექსური, მულტიპროფილური დარგია, რომელიც აერთიანებს კლინიცისტებსა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს _ ქირურგონკოლოგებს, რადიოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, ჰემატოლოგებს, იმუნოლოგებს, პათომორფოლოგებს, ბიოქიმიკოსებსა თუ ბირთვული მედიცინის სპეციალისტებს. ეს არის გუნდი, რომლის ძირითადი მიზანია ონკოლოგიური კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ჩვენს ინსტიტუტში. უკვე შევიძინეთ და უახლოეს მომავალში ავამუშავებთ უნიკალურ პათომორფოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ ლაბორატორიასვაფართოებთ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დიაპაზონებს; ჩავერთეთ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს, უფასოდ ჩაიტარონ ჩვენს ცენტრში მამოგრაფიული გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია.

შეიძლება ითქვას, რომ დინამიური განახლების პროცესში ვიმყოფებით და ნამდვილად არ ვაპირებთ, შევჩერდეთ მიღწეულზე _ ბატონმა ფრიდონმა სერიოზული ამოცანა დააყენა ჩვენი ინსტიტუტის  და საერთოდ ქვეყნის წინაშე _ გვინდა, შევქმნათ ისეთი ძლიერი ონკოლოგიური სამსახური, რომ არც ერთ ონკოლოგიურ პაციენტს არ მოუწიოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრება. გვინდა, ჩამოვაყალიბოთ მკაცრი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით ონკოლოგიურ პაციენტებს გაეწევათ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მკურნალობა და მაქსიმალური ყურადღება მიექცევა მკურნალობის ხარისხს. დღეს ამისთვის საჭირო ყველა ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გაგვაჩნია.

რეზო გაგუა:

_ ახლახან მე და ქალბატონი მაკა ვიმყოფებოდით  მადრიდში ონკოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ტარდება ყოველწლიურად. ეს არის გრანდიოზული მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნის ონკოლოგებს შორის. აქ განიხილება ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალური საკითხები, კლინიკური კვლევების შედეგები, უახლესი ტარგეტული პრეპარატების მოქმედების მექანიზმები, ონკოქირურგიისა და რადიაციული თერაპიის მიღწევები. მსოფლიოს 12 წამყვან ასოციაციას შორის ჩვენ გამოყოფილი გვქონდა ჩვენი ადგილი, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა მიგვეწოდებინა უცხოელი კოლეგებისთვის ინფორმაცია ქართული რადიოლოგიისა და ონკოლოგიის  თამედროვე მიღწევების შესახებ, დაგვერიგებინა ჩვენი ბუკლეტები. ყოველივე ეს, უდავოდ, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here