Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის არმიის დანაკარგები სამოქალაქო ომში

უკრაინის არმიის დანაკარგები სამოქალაქო ომში

900

ორი კვირის წინათ უკრაინის მოვლენებზე გაეროს მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ, რომელიც სააგენტო «როიტერმა» გაავრცელა, მსოფლიოს საზოგადოებრიობა შოკში ჩააგდო. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 3 თვეში 2086 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაიჭრა. იმავე გაეროს მიერ უფრო ადრე გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინაში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა 117 ათასმა პირმა, რუსეთში დევნილია 168,7 ათასი ადამიანი.  უკვე რამდენიმე თვეა, დიდი ევროპული კატასტროფა დაიწყო, მაგრამ მსოფლიომ მხოლოდ ახლა შეიტყო უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობების მასშტაბების შესახებ, რადგან დასავლურ მედიას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.

 

ვითარება უკრაინაში დღითიდღე მწვავდება. ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ოლიგარქებისა და ნაციონალისტებისგან შემდგარმა უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის დაფინანსებითა და წაქეზებით წამოიწყო, სინამდვილეში სადამსჯელო ოპერაციაა მათ მიმართ, ვისაც არ სურს ფაშისტი სტეპან ბანდერასა და ანარქისტი ბატკო მახნოს მემკვიდრეების ბრძანებებსა და განკარგულებებს დაემორჩილოს.

თავდაპირველად, აშშისა და ევროკავშირის მიერ წაქეზებულმა უკრაინელმა ნაციონალისტებმა, რომლებმაც სისასტიკით თავიანთ ფაშისტ წინამორბედებსაც კი გადააჭარბეს, ბალისტიკური რაკეტების, ფოსფორიანი ბომბების, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით მიწასთან გაასწორეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დასახლებული პუნქტები, დახოცეს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, მაგრამ ბლიცკრიგი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მათი ძალაუფლების დამყარებას ითვალისწინებდა, არ გამოუვიდათ _ სახალხო ლაშქარმა მათ უმძიმესი დარტყმები მიაყენა:

2014 წლის 2 მაისიდან 10 აგვისტომდე უკრაინის არმიამ 20 ათასამდე კაცი დაკარგა, მათ შორის მოკლული და დაჭრილია 12 ათასი, 100-მდე _ დატყვევებული, 7,6 ათასი კი დეზერტირად იქცა. მთლიანად განადგურებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი «ალფა» (115 თანამშრომელი), მოკლულია 360 დაქირავებული: პოლონეთის კერძო სამხედრო კომპანია ASBS Othogo-მ 144 კაცი დაკარგა; ამერიკულმა სამხედრო კომპანია «გრეისტაუნმა» _ 60, Academi-მ (ყოფილი Blackwater) _ 130, სახალხო ლაშქარმა გაანადგურა უკრაინელთა შემდეგი საომარი ტექნიკა:

* თვითმფრინავები: 1 _ «მიგ-29»; 2 _ «ან 26»; 1 _ «ან 30»; 2 _ «ილ-76»; 16 _ «სუ-25»; 7 _ «სუ-24»; 6 _ უპილოტო.

*20 ვერტმფრენი («მი-24»; «მი-17» და «მი-8»).

* ტანკები: 215 _ «ტ-64»; 7 _ «ტ-72»; 19 _ «ტ-84უ», ანუ «ოპლოტი»; 2 _ «ბულატი».

* 5 «ჰამერი» (მათ შორის ერთი ამერიკელებთან ერთად ჩაიგდეს ხელში სახალხო ლაშქრის წარმომადგენლებმა).

განადგურებულია ასეულობით ნაღმტყორცნი, საზენიტო დანადგარი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი.

ეს სამხედრო ტექნიკა კი ასეულმილიონობით დოლარი ღირს. მაგალითად, «მიგ 29»-ის ფასი 30 მლნ დოლარია, «სუ-25»-ის _ 16 მლნ, «ილ-76»-ის _ 27 მლნ. სწორედ იმიტომ, რომ ცოცხალი ძალისა და საომარი ტექნიკის უდიდესი დანაკარგები განიცადეს, უკრაინის ხელისუფლებამ არა ერთხელ მიმართა ნატოსა და ევროკავშირს თანამედროვე ტექნიკის მიწოდების და სხვა სახის სამხედრო დახმარების თაობაზე, მაგრამ უარი მიიღეს:

 «ეს შეუძლებელია ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, რადგან ნატო სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავის წევრებს უწევს. ევროკავშირს კი სიმძლავრე არ ჰყოფნის, ასეთი დახმარება უზრუნველყოს. ევროკავშირი და რუსეთი მყიფე ურთიერთობების გაჭიანურებულ პერიოდში არიან. ომმა 2008 წელს საქართველოში და კრიზისმა უკრაინაში წარმოაჩინა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკის გასაძლიერებლად მზად არის, ძალა გამოიყენოს. ამიტომ ჩვენ ინტერესებშია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის აღმართული კედელი რაც შეიძლება დაბალი იყოს», _ აი, ასე უპასუხა ფინეთის პრემიერმინისტრმა ალექსანდრე სტებმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნას სამხედრო დახმარებაზე. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის მონაცემებით კი, დასავლეთი უკრაინას მოძველებული სამხედრო ტექნიკით ამარაგებს. ეს იარაღი სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან.

გარდა იმისა, რომ ფაშისტი ბანდერას მემკვიდრეები იარაღის ნაკლებობას განიცდიან, ცოცხალი ძალის დეფიციტიც აქვთ. მესამე მობილიზაცია, რომელიც ოფიციალურმა კიევმა რამდენიმე კვირის წინათ გამოაცხადა, ჩავარდა. უკრაინელთა დიდი ნაწილი, მათ შორის, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ანტირუსულად განწყობილი ადამიანებიც, უარს ამბობენ მათ გამოყენებაზე საზარბაზნე ხორცად. მაგალითად, უწყების მიღების შემდეგ კიეველთაგან თითქმის არავინ გამოცხადდა სამხედრო კომისარიატებში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ «ევრომაიდნის» დედაქალაქის მოსახლეობას ძალა აღარ დაატანეს, «თუთიის კუბოებით» კიდევ უფრო რომ არ გაემწვავებინათ ისედაც მწვავე სიტუაცია. საზარბაზნე ხორცად გამოყენებულმა ბევრმა უკრაინელმა სამხედრომ კი მას შემდეგ, რაც ძმათამკვლელი ომის სისასტიკე და საშინელებები იხილა, უარი განაცხადა ბრძოლებში მონაწილეობაზე და რუსეთში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პროკურატურამ 500-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ უკრაინელთა წინააღმდეგ, რომლებმაც თავი აარიდეს უკრაინის ჯარში სამხედრო სამსახურს. საქმეები აღიძრა დეზერტირების მიმართაც, რომლებიც რუსეთში გადავიდნენ და ამბობენ, რომ ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ სურთ.

ალბათ, პასუხისმგებლობას ვერც ის ადამიანები გაექცევიან, რომლებმაც ეს სისხლიანი კალო მოაწყვეს. მაგალითად, სამხედრო ექსპერტების აზრით, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ პირები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ბრძანება გასცეს.

ოპერატიულ-ტაქტიკური კლასის ბალისტიკური რაკეტები («ტოჩკა-უ») უკრაინელებს სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩათ. მათ ამ რაკეტების გაშვების სპეციალისტები არ ჰყავთ, ზუსტად ვერ ისვრიან და ამიტომაც არის დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში (ისე, მადლობა ღმერთს, რომ უკრაინას ატომური იარაღი არ აქვს). ბალისტიკური რაკეტების გაშვების ნებართვა ქვეყნის მთავარსარდალმა, ანუ პრეზიდენტმა უნდა გასცეს, ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პეტრე პოროშენკოსა და მის გენერლებს, რომლებმაც დასავლეთის წაქეზებით გენოციდი მოუწყვეს საკუთარ ხალხს _ ისინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. და კიდევ _ პეტრე პოროშენკომ რამდენიმე დღის წინათ საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ პოლიციელებს უფლება მისცა, გაუფრთხილებლად ისროლონ (როგორ ჰგავს პოროშენკოს ეს განკარგულება მისი მრჩევლის, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის განკარგულებას: «ნულოვანი ტოლერანტობა _ ყველანი ციხეში!»).

მსოფლიოზე ჰეგემონიის მსურველი აშშ და მისი პროპაგანდისტული მანქანა _ დასავლური მედიასაშუალებები _ დუმილს ამჯობინებენ უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩადენილ მხეცობებზე და მათი არმიის კატასტროფულ მდგომარეობაზე, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ უკრაინის არმიის პოლკოვნიკის _ მიხეილ პუშენკოს ელექტრონულ ფოსტაზე რუსული ჰაკერული ჯგუფის «კიბერბერკუტის» მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ყველაფერი ცნობილი გახდა.

ერთ-ერთ პატაკში უკრაინის #0849 სამხედრო ნაწილის მეთაური ზემდგომებს აცნობებს, რომ «16 ივლისს მე-3 მექანიზებული სამხედრო ბატალიონის, სატანკო ბატალიონისა და სნაიპერების ასეულის 149 ჯარისკაცმა და მეთაურმა თვითნებურად მიატოვეს პოზიციები, ხოლო 23 აგვისტოს უკრაინული ბლოკპოსტები 32 მებრძოლმა მიატოვა».

ეს ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, როგორი საბრძოლო განწყობა და მეომრული სულია უკრაინის «დამცველებში». ასეულობით უკრაინელი სამხედრო ყრის იარაღს და თავისი ნაწილიდან გარბის, მიუხედავად იმისა, რომ იცის, შეიძლება მკაცრად დაისაჯოს.

ჰაკერების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, «2014 წლის 21 ივლისიდან 5 აგვისტომდე უკრაინელებმა სახალხო ლაშქარს «აჩუქეს»: 22 ტანკი; 26  ქვეითთა საბრძოლო მანქანა; 17 ჯავშანტრანსპორტიორი; 4 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «ნონა» და 4 «გვოზდიკა»; 12 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «გრადი»; 5  ჰაუბიცა D-30; 10 ერთეული 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნი; 13  საზენიტო დანადგარი; 75  გამწევი ავტომობილი». გარდა ამისა, ჰაკერებმა გაასაჯაროეს უკრაინის უშიშროების სამსახურის შეფის მიერ პრეზიდენტ პოროშენკოს სახელზე გაგზავნილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დეზერტირების რაოდენობის ზრდაზე:

«14-დან 19 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნაციონალური გვარდიის რიგებში დეზერტირთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა (3473 კაცი, 47%) აღინიშნა გასული კვირის ანალოგიურ მაჩვენებელთან (1847 კაცი, 25%) შედარებით, გარდა ამისა, მოცემულ პერიოდში გაიზარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობაც (1344 კაცი, 47%; წინა კვირა _ 344 კაცი, 10%).

ეს დაკავშირებულია მოწინააღმდეგის მზარდ აქტიურობასთან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და დიდ დანაკარგებთან ზემოაღნიშნულ ძალოვან სტრუქტურებში. მოცემული ფაქტი გავლენას ახდენს პირად შემადგენლობაზე და ანტიტერორისტული ოპერაციის მომავალში გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. თუ ნეგატიური დინამიკა იმავე დონეზე შენარჩუნდება, 4-5 დღის შემდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების 2/3 არსებობას შეწყვეტს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვ. ნალივაიჩენკო».

დოკუმენტს ადევს პეტრე პოროშენკოს რეზოლუცია: «განაგრძეთ, ვიდრე შეძლებთ».

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლოგი, ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრას და კიევის აღებასაც არ გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი დაგმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ საკუთარ თავს არ დაუსვამს კითხვას, თუ ვინ დააფინანსა სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, ვინ და ვისი მხარდაჭერით დაიწყო ქვეყანაში ხოცვაჟლეტა, რომელიც შეიძლება მსოფლიოსთვის კატასტროფად გადაიქცეს.

ევროპა ვერ ხვდება (ან იძულებულს ხდიან, ვერ მიხვდეს), რომ აშშის ხელშეწყობითა და რუსეთის დემონიზაციით უგულებელყოფს იმ გაკვეთილებს, რომლებიც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მიიღო

ნიკა გელაშვილი

P.S. ბოლო ხანს უკრაინაში მოიმატა ფასმა კომუნალურ გადასახადებზე, პურსა და ბენზინზე, დაეცა ეროვნული ვალუტის _ გრივნის კურსი; მუშაობა შეწყვიტა დიდმა სამრეწველო საწარმოებმა; მაღალია უმუშევრობის დონე; 5 მილიარდი დოლარის დავალიანების გამო რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აირს აღარ აწვდის და უკვე ჩანს ენერგეტიკული კრიზისის ნიშნები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში გლობალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here