Home რუბრიკები პოლიტიკა მოსკოვში აშშ-ს ელჩად «ვარდების რევოლუციის» ზედამხედველი გაამწესეს

მოსკოვში აშშ-ს ელჩად «ვარდების რევოლუციის» ზედამხედველი გაამწესეს

504

დიდი საჩუქარი მიიღო მოსკოვმა _ ჯონ ტეფტი, რომელიც 2005-2009 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, ამ დღეებში რწმუნების სიგელებს წარუდგენს ვლადიმერ პუტინს და ვაშინგტონის კაცად დაჯდება რუსეთის დედაქალაქში.


ამ უსახო კაცმა, რომელმაც საქართველოში მუშაობისას თავი გამოიჩინა, როგორც აშშის კოლონიური პოლიტიკის ერთერთმა გამტარებელმა და მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა, ქართველ საზოგადოებას თავი სხვა ვერაფრით დაამახსოვრა. ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილება დატოვა, როგორიც მანამდე იტალიაში, ლატვიასა და შემდეგ უკრაინაში მუშაობის დროს: იყო ჩვეულებრივი კადრის დიპლომატი, რომელიც ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. თავშეკავებული და უინიციატივო. ისინი, ვინც ტეფტს შეხვედრიან, მას ახასიათებენ, როგორც თავისებური «მოუხეშავი მომხიბვლელობის» ადამიანს, რომელსაც უყვარს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობის დამყარება. ჰობიც უბრალო და ყველასთვის გასაგები აქვს: კოლეგა დიპლომატების მსგავსად აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს _ ხალიჩებს, ნახატებს, ფაიფურის ნაწარმს, ეროვნულ თავსაბურავებს და ბეისბოლის მაისურებს. კარგი მეოჯახეა, ჰყავს ორი ქალიშვილი.

ასეთია იგი საზოგადოების თვალში. დანარჩენი იმალება გრიფით «საიდუმლოდ».

ტეფტის ოჯახი, როგორც ამბობენ, სისტემაშია ჩაწერილი. მისი ცოლი მარიელა კონტრაქტით მუშაობდა საერთაშორისო განვითარების აშშის სააგენტოში (USAID), რომელსაც ხშირად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს «სახურავად» მიიჩნევენ (რუსეთში აკრძალულია). ამჟამად მარიელა ტეფტი სახალხო დიპლომატიითაა დაკავებული: აწყობს ტრენინგებს სამედიცინო პერსონალისთვის და აშშ-ის პრესტიჟის განმტკიცებას ხელს უწყობს. ქალიშვილები საკმაოდ სპეციფიკურ დაწესებულებებში მუშაობენ: კრისტინა იურისტია და სახელმწიფო დეპარტამენტში თანამშრომლობს; კეტლინი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდის პროგრამისტ-ანალიტიკოსია. ეს ფონდი აშშ-ის მთავრობასთანაა დაკავშირებული და ჰუმანიტარული კვლევებისა და მასმედიისთვის გრანტების განაწილებითაა დაკავებული.

ბატონი ჯონი, სააკაშვილის დახასიათებით, «საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ნაწილი გახდა».

ამათ ერთმანეთში საერთო ენა კი გამონახეს (დედიმისის შვილი იქნებოდა, ბუშის ადმინისტრაციის მითითებები არ შეესრულებინა სააკაშვილს!), აი, ოპოზიციასთან ურთიერთობის დამყარება კი არ გამოუვიდა «მოუხეშავი მომხიბვლელობის» მქონე კაცს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობის დამთავრებასთან დაკავშირებით მიშამ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

დიდი დამსახურებისთვის!

ერთი, მაგალითად, ტეფტის მიერ სააკაშვილისთვის მიცემული რჩევადარიგება იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. «ვიკილიქსის» ცნობით, ბატონმა ელჩმა დაარწმუნა მიხეილი, რომ დასავლეთი თბილისს მხარს დაუჭერდა. სააკაშვილს პირზე რა დაადგებოდა და გაასაჯაროვა ეს დანაპირები.

ტეფტი ამდენს საკუთარი ინიციატივით, ცხადია, ვერ გაბედავდა. სახდეპმა მისცა ასეთი დავალება, ელჩმა გადასცა სააკაშვილს, სააკაშვილმა (კვლავ, დედიმისის შვილი იქნებოდა, არ შეესრულებინა!) «მოახდინა რეალიზება».

«ვიკილიქსმა» გაარკვია რწყილისა და ჭიანჭველის ამ ჩახლართული თანამედროვე იგავის სიუჟეტური ქარგა. ომის დაწყების წინ ტეფტმა ვაშინგტონში გააგზავნა დეპეშა, რომლითაც შეფებს შეატყობინა, რუსეთის ჯარები უკვე შევიდნენ აუღიარებელ რესპუბლიკაშიო. უსტარში ნათქვამი იყო, რომ მან (ტეფტმა) ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო, რაც დაუმოწმეს საკუთარმა წყაროებმაც.

მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ელჩი იძულებული გახდა, ეღიარებინა დამარცხება და სახდეპისთვის ეცნობებინა სინამდვილე _ საქართველომ ომი წააგო. დასავლეთი არ დაეხმარა და იმიტომო.

ხომ არ გაითვალისწინა დასავლეთმა ეს ფიასკო და ამიტომ ხომ არ გააქტიურდა (არნახულად) უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით?

კაცმა რომ თქვას, საქართველოს ამერიკელებისგან დახმარება არ აკლდა, მარტო ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნისა და აღჭურვის საჭიროების უზრუნველყოფა აშშ-ის ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამ თანხის გარკვეული რაოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდში დაილექა და «ხურჩის ინციდენტის» მსგავს საეჭვო ოპერაციებს მოხმარდა…

საქართველოდან უკრაინაში მიავლინეს ბატონი ტეფტი ელჩად. ამ ქვეყანაში ეს კაცი ადრეც იყო ნამყოფი, 2004 წელს, «ნარინჯისფერი რევოლუციის» საწყის ეტაპზე, და გამოირჩა იქ ჩატარებული არჩევნების მწვავე კრიტიკით. 2009 წელს კი დიდი ხნით ჩასახლდა «ნეჟალეზნაიაში». ტეფტის ელჩად დანიშვნა თავიდან პრაქტიკულად ყველამ _ პრორუსულმა და პროამერიკულმა ძალებმა _ ენთუზიაზმით აღიქვა, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვა და ტეფტი მიიჩნიეს იმ ფიგურად, რომელსაც უნარი შესწევდა, გაედო ხიდი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

სინამდვილე სრულიად საწინააღმდეგო გამოდგა: ტეფტი, რომელიც აშშ-ის პოზიციებს იცავდა, ნაკლებად იყო დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით. მას შემდეგ, რაც იუშჩენკომ წააგო არჩევნები და პრეზიდენტის თანამდებობა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაიკავა, ელჩმა არაერთხელ, თანაც მკაცრი ფორმით მოითხოვა იულია ტიმოშენკოს და მისი მთავრობის წევრების პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამასთან ერთად, აქტიურად მუშაობდა ოპოზიციასთან, ურიგებდა გრანტებს. ოფიციალურად ამას ეწოდებოდა «სამოქალაქო საზოგადოების განვითარება», რომელიც «უკრაინაში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია». ტეფტი საჯაროდ აცხადებდა, რომ მიზანი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი არჩევნების მოწყობა და რეფორმების განხორციელება.

ასეთია აშშ-ის პოლიტიკის გატარების გარეგნული კლიშე _ ერაყი იქნება ეს, ავღანეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელშიც იგი დამკვიდრებას აპირებს.

ტეფტმა უკრაინა «მაიდნის» დაწყებამდე დატოვა, მაგრამ ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ გადატრიალების მომზადებაში მისი ხელიც ურევია, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც.

ალბათ, აქვთ ამის განცხადების საფუძველი.

ამასობაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, კერძოდ _ ხერსონში და ლიმანის ბრძოლის 225-ე წლისადმი მიძღვნილ დღესასწაულის ზეიმს დაემთხვა: ელჩს საჩუქრად გადასცეს ხმალი და მიანიჭეს უკრაინის კაზაკების საპატიო წევრის წოდება.

ქართულ წმინდა გიორგის ორდენს ეს ჯილდოც დაემატა.

ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ტეფტი მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესწრეებთან, კარგადაა გარკვეული ეკონომიკურ დიპლომატიაში და აქტიურად ეხმარება ამერიკულ ბიზნესს მის სამოღვაწეო ქვეყნებში ფეხის მოკიდებაში. მისი ენერგიული მხარდაჭერით ამერიკულმა კომპანია «შევრონმა» ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქებში მოიგო ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო ამ რეგიონში ფიქლის გაზის საბადოების შესწავლის მიზნით. ხოლო კონსორციუმმა, რომლის სათავეში დგას «ექსონ მობილი», ყირიმის მახლობლად შელფში ჭაბურღილების ბურღვის უფლების მოსაპოვებელ ტენდერში გაიმარჯვა. უკრაინის ხელისუფლებას ტეფტი არწმუნებდა, რომ ცდილობდა, ქვეყანა რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინა.

ტეფტმა განაცხადა, რომ იგი რუსეთში განაგრძობს ამერიკული კომპანიების «ეკონომიკური ინტერესების» ლობირებას სანქციების პირობებშიც კი. ამის გაკეთება, ფიქრობენ ექსპერტები, ახალ ელჩს რუსეთში გაუჭირდება, რადგან მეტისმეტად სპეციფიკური რეპუტაციით სარგებლობს. მისი დანიშვნით ვაშინგტონმა ცხადყო, რომ «იმ გადატვირთვის იმედი, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს».

CAMONITOR.COM

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here