Home რუბრიკები პოლიტიკა «თავის ქალისა და ძვლების» საიდუმლო ორდენი: ვინ მართავს მსოფლიოს?

«თავის ქალისა და ძვლების» საიდუმლო ორდენი: ვინ მართავს მსოფლიოს?

1949

«თავის ქალისა და ძვლების» ორდენი აშშ-ის სტუდენტების უძველესი საიდუმლო ორგანიზაციაა. ამ ორდენის წევრები არიან აშშ-ის პრეზიდენტები: უილიამ ჰოვარდ ტაფტი; ჯორჯ ბუში-უფროსი და ჯორჯ ბუში-უმცროსი, აგრეთვე, აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.


სრულიად საიდუმლოდ

«თავის ქალა და ძვლები» 1832 წელს ჩამოყალიბდა იელის უნივერსიტეტში. მისმა შემქმნელმა, უფროსკურსელმა უილიამ რასელმა, ერთ-ერთი ვერსიით, იდეა ჩამოიტანა გერმანიიდან, სადაც ცოტა ხნით სწავლობდა; მეორე ვერსიით, ეს იყო რასელის პასუხი სხვა პრესტიჟული სტუდენტური კლუბისადმი («ფი ბეტა კაპა»), რომელმაც მას უარი უთხრა თავის რიგებში მიღებაზე.

1833 წელს უილიამ რასელმა, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ უილიამ ტაფტსა და კიდევ 13 თანამოაზრესთან ერთად, დიდგვაროვან ანგლოსაქსებსა და პროტესტანტებს პირველი რეზიდენციის («სამარე») კარი გაუღო.

თუმცა «კარი გაუღო» ხმამაღალი ნათქვამია _ ორდენი ყოველწლიურად მხოლოდ 15 ახალ წევრს იღებს. 1856 წელს უილიამ რასელმა ორდენი ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში. იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჟურნალისტის _ ალექსანდრა რობინსის თქმით, «თავის ქალა და ძვლები» ყველაზე მცირერიცხოვანი სტუდენტური ორგანიზაციაა: «თუკი ყოველ წელიწადს მხოლოდ 15 ახალ ადეპტს იღებენ, ერთ ეპოქაში ამ საზოგადოების არაუმეტეს 800 წევრისა იცხოვრებს».

თუმცა მცირერიცხოვნობა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ «თავის ქალისა და ძვლების» ორდენი» მცირე გავლენის მქონე ორგანიზაციაა. მსოფლიოს სამართავად 800 კაციც საკმარისია, თუკი ისინი მნიშვნელოვან ხელმძღვანელ პოსტებს იკავებენ და ყოველთვის მზად არიან, ხელი შეუწყონ «თანამოძმეების» აღმასვლას კარიერის კიბეზე.

შემთხვევით არ ამბობენ, რომ აშშ-ს «თავის ქალა და ძვლები» მართავს: ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციაში ამ ორდენის 6 წევრი იყო. «თავის ქალასა და ძვლებს» ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ ამერიკული ელიტის აკვანს, ამ ელიტის წევრებს კი _ კაცობრიობის ბედის განმგებლებს.

საზოგადოების ინტერესს «თავის ქალისა და ძვლების» მიმართ კიდევ უფრო აღვივებს ორდენის წევრთა დუმილი, რომელთა შორისაც «ყოფილი» არ არსებობს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ორდენთან, მკაცრად არის გასაიდუმლოებული _ მის წევრებს ეკრძალებათ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა დღემდე არც ერთ წევრს არ დაურღვევია. ჯორჯ ბუში თავის ავტობიოგრაფიაში წერს: «ბოლო კურსზე სწავლისას «თავის ქალისა და ძვლების» საზოგადოებაში გავერთიანდი. ეს ორგანიზაცია ისეთი გასაიდუმლოებულია, რომ მის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია».

თუმცა აკრძალული ხილი ტკბილია. განსაკუთრებით, თუკი მას ხშირად ხედავ _ «თავის ქალისა და ძვლების» რეზიდენცია სახელწოდებით «საფლავი» იელის უნივერსიტეტის კამპუსის (საუნივერსიტეტო ქალაქი) შენობებს შორის მდებარეობს, ხოლო რიტუალების ჩატარებისას ორდენის წევრთა ხმები ახლომდებარე საერთო საცხოვრებლებამდეც აღწევს _ როგორც წესი, ყოველი წლის გაზაფხულზე.

ალექსანდრა რობინსის წიგნში იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტი როზენბაუმი ყვება, რომ ორდენის წევრად მიღების რიტუალის ჩატარებისას «საფლავიდან» საშინელი წივილ-კივილი ისმის.

დონ კიხოტი და ყვირილი ღამღამობით

ხშირად ვრცელდება ხმა საშინელ სადისტურ წეს-ჩვეულებებსა და ორგიებზე, რომლებსაც ორდენის წევრები აწყობენ. საზოგადოდ, ორდენის სახელწოდება და გერბი, რომელზეც «მკვდარი თავი» (თავის ქალა ძვლებით) და საიდუმლო რიცხვი 322-ია გამოსახული, დადებით ასოციაციას არ აღძრავს, ორდენის ავბედით რეპუტაციას შეესაბამება რეზიდენციის შენობაც _ «ბერძნულ-ეგვიპტური» სტილის პირქუში სამსართულიანი სახლი, რომელსაც ფანჯრების ნაცვლად ჭუჭრუტანები აქვს.

ამბობენ, რომ «სამარის» (ასე ეძახიან თავიანთ რეზიდენციას ორდენის წევრები) ინტერიერს სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად სახელგანთქმული ისტორიული პიროვნებების ჩონჩხებიც ამშვენებს. მათ შორის, არის, მაგალითად, საფრანგეთის მეფის _ ლუი XV-ს საყვარლის, 1764 წელს გარდაცვლილი მარკიზა დე პომპადურის ნეშტი, ინდიელთა ტომის, ჩირიკაუა-აპაჩის ბელადის _ ჯერონიმოს _ თავის ქალა… თუმცა ეს მხოლოდ ხმებია და «ბარბაროსებმა”,_ასე ეძახიან ორდენის წევრები რიგით ადამიანებს,_ ორდენის რეზიდენციის შესახებ არაფერი იციან.

უფრო მეტია ცნობილი წევრად მიღების რიტუალის შესახებ. ამბობენ, რომ ორდენის წევრობის მსურველი ღამით უნდა გაშიშვლდეს ორგანიზაციის ყველა წევრის წინაშე, ჩაწვეს სარკოფაგში და მოყვეს თავის სექსუალურ გამოცდილებაზე, ფანტაზიებსა და მიდრეკილებებზე, თანაც _ დაწვრილებით. ასე ხდებიან ორდენის ახალი წევრები ძველი წევრების «დუმილის აღთქმის» მძევლები. ამის შემდეგ ახალ წევრებს ჯგუფურად სცემენ.

ასეთი რიტუალი 2001 წელს ვიდეოფირზე აღბეჭდა ზემოხსენებულმა ჟურნალისტმა როზენბაუმმა. მართალია, ფირი უხარისხოა, მაგრამ მასზე მაინც ჩანან ჰელოუინის კოსტიუმებში გამოწყობილი პირები, რომლებიც ყვირიან და ხელებს იქნევენ კუბოში ჩაწოლილი ადამიანის თავზე. ალექსანდრა რობინსი, სანდო წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ამბობს, რომ რიტუალში მონაწილეობენ ეშმაკის, დონ კიხოტისა და რომის პაპის ფიგურები. ორდენის წევრობის მსურველი ცემა-ტყეპითა და ყვირილით მიჰყავთ დონ კიხოტთან, რომელიც მას აკურთხებს სიტყვებით: «ჩვენი ორდენის მიერ მონიჭებული უფლებამოსილებით გაცხადებ რაინდად!».

დინასტიები

ძველმოდური რიტუალების მიუხედავად, «თავის ქალისა და ძვლების» ორდენი უდიდესი გავლენით სარგებლობს. ეს არის ამერიკის ელიტის თავისებური ინკუბატორი, საიდანაც გამოიჩეკა აშშის ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა _ სენატორები, სახელმწიფო მდივნები, გენერალური პროკურორები, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, დიდი ტრანსნაციონალური კომპანიებისა და ბანკების დირექტორები. ამ ორდენის წევრი იყო აშშის სამი პრეზიდენტიც. ბუშების ოჯახთან კი ორდენს გენეტიკური კავშირი აქვს. ამ ორგანიზაციის ადეპტები იყვნენ ბუშების ზედიზედ სამი თაობის წარმომადგენლები ბუშიბაბუა (პრესკოტ ბუში _ 1917 .), ბუშიმამა (ჯორჯ ბუში _ 1948) და ბუშიშვილი (ჯორჯ ბუშიუმცროსი _ 1967).

ამერიკული პრესა არაერთხელ წერდა, რომ ბუშების სამი თაობა «სამარიდან» გამოვიდა. იქიდან არის გამოსული აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც. ამერიკელმა საზოგადოებამ უმცროს ბუშსა და ჯონ კერის მოსთხოვა, რომ ორდენთან კავშირზე უარი ეთქვათ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა შეუსაბამო იყო პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოსტებისთვის, მაგრამ ბუშმაც და ქერიმაც ეს მოთხოვნა ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს. ის, რომ ამერიკის ბევრი გავლენიანი ადამიანი საიდუმლო ორდენის წევრია, ნებსით თუ უნებლიეთ, გვაფიქრებინებს, რომ ისინი მსოფლიოს ბედს განაგებენ.

ამერიკელი ეკონომისტი ენტონი სატონი, რომელიც 15 წლის განმავლობაში სწავლობდა ორდენის მოღვაწეობის მექანიზმს, თავის ნაშრომში _»თავის ქალისა და ძვლების» ორდენი: საიდუმლო ხელისუფლება» _ წერს, რომ აშშ-ის პოლიტიკასა და ეკონომიკაში, აგრეთვე, იდეოლოგიურ ფრონტზე ამინდს ქმნის ორდენის 16 ძირითადი გვარი-პატრიარქი. ხოლო გავლენის ხარისხის მიხედვით ამ ორდენს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

მომზადებულია უცხოური

პრესის მიხედვით

«თავის ქალისა და ძვლების» სახელგანთქმული წევრები:

ფრანკლინ მაკვეი (1862) _ აშშ-ის 45-ე ფინანსთა მინისტრი;

უილიამ ჰოვარდ ტაფტი (1878) _ აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი;

ჰენრი ლუის სტიმსონი (1888) _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი;

ავერელ ჰარიმანი (1913) _ მეწარმე, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი;

პრესკოტ ბუში (1917) _ აშშ-ის სენატორი ჯორჯ ბუშის მამა და ჯორჯ ბუში-უმცროსის ბაბუა;

ჰენრი ლუისი (1920) _ ამერიკელი ჟურნალისტი, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალების _ «თაიმის», «ფორტუნასა» და «ლაიფის» დამფუძნებელი;

ჯორჯ ბუში (1948) – აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი;

ჯონ კერი (1966) _ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი;

ჯორჯ ბუშიუმცროსი (1968) _ აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი;

დონ შოლანდერი (1968) _ ამერიკელი მოცურავე, 5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here