2012 წელს არჩევნების გზით მოსული ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ ფასი შემცირდებოდა ყველაფერზე – საწვავით დაწყებული, კომუნალურებით დამთავრებული. როგორ არ გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძის ფრთიანი ფრაზა: საქართველოში ქათამი რომ იკვლება, ერთი ბარკალი მიშასიაო. იმხანად გუბაზი ხელისუფლებაში მოვიდა, მერე მილიონის შოვნა გადაწყვიტა და, ამ საქმიდან რომ არაფერი გამოვიდა, იმ კაცს მიეკედლა, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდა. მოკლედ, მაგას თავისი გაჭირვება ეყოფა, ჩვენ კი ისევ დაპირებას დავუბრუნდეთ – ახლა რომ არ უხსნის ხელისუფლების წარმომადგენლებს „დანა პირს“, მაშინ რატომ იყვნენ ასე თამამები? თუ ოპოზიციიდან საუბარი უფრო მარტივია? ჩვენც მარტივი კითხვა გვაქვს – რა გაიაფდა 2012 წლიდან დღემდე? პასუხიც მარტივი და ერთსიტყვიანია – არაფერი! პირიქით, ყველაფერი გაძვირდა და ვაი, რომ გაძვირებას ბოლო არ უჩანს.
ხელისუფლებამ არც ისე დიდი ხნის წინათ გამოგვიცხადა, საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებს ვეღარ შემოიყვანთო, და ატყდა ერთი ამბავი: მოსახლეობის უმეტესობა მანქანების შეძენას ვეღარ მოახერხებს, არადა, დიდი ნაწილი ავტომობილით ირჩენს თავს – ზოგი ტაქსაობს, ზოგი საქმეზე დადის, რამდენიმე ათასი ადამიანი კი ძველი მანქანებით ვაჭრობსო. როგორც ჩანს, ხელისუფლების პირველ პირებს ვიღაცამ ჩააწვეთა, ამ ყველაფერმა შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოსო. ჰოდა, დაფიქრდნენ და ისეთი რამ მოიფიქრეს, ჯობდა, ისევ ძველი აკრძალვა დაეტოვებინათ. მოკლედ, შეგიძლიათ ნებისმიერი ხნის ავტომობილი შემოიყვანოთ, მაგრამ, თუ ეს ავტომობილი 6 წელზე მეტი ხნის იქნება, განსაბაჟებლად მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოგიწევთ. უფრო კონკრეტულად კი, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილის ერთი „კუბატურის“ განბაჟება 0,80 ლარის ნაცვლად, 4, 50 ლარი დაგიჯდებათ. რას ნიშნავს ეს?
გასული წლის აპრილში ავტომობილი შევიძინე, რომლის ძრავის მოცულობაც 2,4 ლიტრი, ანუ 2400 კუბ.სმ-ია. განბაჟებისას გადავიხადე 1920 ლარი. ავტომობილი 2016 წელს არის გამოშვებული, არ არის ცუდი და ახლა, ზუსტად ერთი წლის თავზე, იგივე მანქანა იმავე მდგომარეობაში რომ ჩამოვიყვანო და განვაბაჟო, 1920 ლარის ნაცვლად, 10 800 ლარის გადახდა მომიწევს, 8 880 ლარით, ანუ 2400 დოლარით მეტის. გვერწმუნეთ, 2400 დოლარად სხვა მანქანის ყიდვაა შესაძლებელი. ახლა იმ ხალხზე ვიფიქროთ, რომელსაც დიდი მოცულობის ძრავიანი ავტომობილის ჩამოყვანა სურს, მაგალითად, 5,0 რომ აქვს ძრავის მოცულობა და ძველი კი არა (ქართული საზომებით), 2019 წლისაა, ანუ ისეთი ავტო, რომელმაც 7-8 წელი უპრობლემოდ უნდა იაროს. მისი განბაჟება 22 500 ლარი დაჯდება, ანუ 8 ათას დოლარზე მეტი და ამ 8 ათას დოლარად კიდევ ერთი კარგად გამართული ავტომობილის შეძენა შეიძლება.
მოკლედ, ხელისუფლებამ ადამიანებს ნება მისცა, ბიზნესი აწარმოონ – ავტომობილები ჩამოიყვანონ, იყიდონ, გაყიდონ, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ იდიოტი უნდა იყო, 6 წელზე ნაკლები ხნის მანქანის შეძენა მოგინდეს. რატომ? იმიტომ, რომ ბოლო მაგალითზე, 1 წლით ახალი მანქანა 8 ათასი დოლარით მეტი არ დაჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განბაჟებაში გადასახდელ თანხას, სიხარულით დაამატებ მანქანის ღირებულებას და უფრო ახალ ავტოს იყიდი. სხვათა შორის, როცა ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვკითხე, გაიაფებული პროდუქტები ან კომუნალურები სად არის-მეთქი, გვიპასუხა, იმას რატომ არ ამბობთ, 2012 წლის შემდეგ ხელფასებსა და პენსიებს რამდენი მოემატაო?! მოემატა, როგორ არ მოემატა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ინფლაციამ ისე შემოგვიტია, ის მომატებული პენსია თუ ხელფასი აღარ ჩანს, ვეღარ ეწევა და, თუ ასე გაგრძელდება, კარგა ხანს ვერც დაეწევა. 70-80 თეთრი რომ ღირდა პური და ახლა 2 ლარზე მეტი ღირს, ცოტა წონა და ცოტა ხარისხიც რომ შემცირდა, რომელ მატებაზეა საუბარი?! პური იმიტომ ვახსენეთ, რომ მთავარი საკვები პროდუქტია და მისი ფასი სამჯერ არის მომატებული, ეს სამჯერ მატება ზღვარი არ არის – პირველადი მოხმარების პროდუქტების უმრავლესობა უფრო მეტადაა გაძვირებული და თითქოს ასეც უნდა იყოს. გახსოვთ, მამუკა ბახტაძემ (გვყავდა ასეთი პრემიერი) რომ განაცხადა, პური გააიაფეთო და ბაზრის შესწავლა რომ დაიწყეს? 15 თვის განმავლობაში იყო ბახტაძე პრემიერი და 8 თვე მოანდომეს მისი დავალების შესრულებას, ანუ 8 თვეს იკვლევდნენ, რატომ გაძვირდა პური 10 თეთრით და შემდეგ მოახსენეს, ინფლაციის ბრალია, ადრე კი შეიძლებოდა გაიაფება, ახლა უკვე დიდი დრო გავიდა და ვეღარ გაიაფდებაო, მაგრამ… პრემიერის ხათრით, პურს 5 თეთრი დააკლეს. ბახტაძე გახარიამ რომ შეცვალა, მეორე დღეს პურის ფასმა ისევ მოიმატა.
არ გეგონოთ, ასეთი ამბავი მხოლოდ პროდუქტების ფასების მიმართ ხდება. არა, ბატონებო, არაერთხელ დაგვიწერია თუნდაც განათლების სისტემაზე, რომელსაც ყველა მინისტრი თავისებურად ხედავდა და ყველა თავისებურად ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას 10-წლიანი გეგმით. მერე კი, როცა მინისტრი იცვლებოდა, ის 10-წლიანი გეგმაც იცვლებოდა და ახალი იწერებოდა. აგერ, გივი მიქანაძეც ახალი გეგმით მოვიდა და ბოლომდე ვერც ის დალაგდა – ჯერ უნივერსიტეტების გაერთიანება სურდა, მერე – ისევ ძველებურად დატოვა, შემდეგ 2026 წლის 31 დეკემბრამდე ბავშვი თუ 6 წლის არ გახდება, პირველ კლასში ვერ მივაო, მერე ესეც გააუქმეს და წელს გამონაკლისი დაუშვეს, ერთი ფაკულტეტი და ერთი ქალაქიო და ალიაქოთია ისედაც „ალი-აქოთებულ“ განათლებაში…
ისევ ავტომობილებს დავუბრუნდეთ. ეკოლოგიის სახელითა და ჰაერის გაწმენდის მოწოდებით დაწყებული პროცესი ბოლოში ათწლეულების განმავლობაში ვერ გავა და იცით, რატომ? შეჭირვებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძველ მანქანებს მოუფრთხილდეს (ახლის ყიდვის შესაძლებლობა ამ პირობებში ყოველდღიურად იკლებს) და გვერწუნეთ, გამონაბოლქვზე არავინ ფიქრობს. ამიტომ, ათი წელიც კი გავა, სანამ ეს პროექტი გაამართლებს და მერეც საეჭვო იქნება, გაამართლებს თუ არა, რადგან ახალშემოყვანილი 6-წლიანი ავტოები 10 წლის შემდეგ თითქმის იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორშიც არის ახლა საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უმრავლესობა. როგორ გგონიათ, ბატონებო, ვიღაცას ბევრი ფული აქვს და არ სურს ახალია ავტომობილის შეძენა? თუ ფული აქვს და მაინც უნდა, ძველი მანქანით იაროს და იწვალოს?! არა, მოსახლეობას უჭირს და ეს სწორედ იმ ტრანსპორტზე აისახება, რომლითაც გადავადგილდებით.
სად არის გამოსავალი? ისევ და ისევ ეკონომიკის ისეთ ზრდაში, მხოლოდ ფურცელზე რომ არ იქნება და საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს; ის დაანონსებული ასი თუ ორასი ქარხანა, რომლებშიც მომუშავე ხალხს ღირსეული ჯამაგირი უნდა აეღო (ესეც წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ) და არც იმ ქარხნებში აქვთ ჯამაგირი და არც სხვაგან იღებენ იმდენს, რეალურად რომ ეკუთვნით; აგერ, მაღაზიების ყველაზე დიდმა ქსელმა (იცით, ალბათ, რომელმაც) გასულ წელს ლამის 70-მილიონიანი სუფთა მოგება ნახა, იქ მომუშავე გოგო-ბიჭებს კი 700 და 800 ლარს უხდიან. ეს თანხა, ოჯახს კი არა, ერთი ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას არ ეყოფა თვის განმავლობაში. რაც მთავარია, ყველამ ყველაფერი იცის, ანუ იცის მან, ვინც ხელფასს იხდი;, იცის მანაც, ვინც იღებს, და იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.
ლევან გაბაშვილი
P.S. ქართულ ოპოზიციას უხარია, ჰააგის სასამართლომ შეიძლება ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო გაასამართლოსო; ის ლუკაშენკო, რომელმაც მოახერხა და თავის ქვეყანაში ყველაზე მეტი სახელმწიფო დაწესებულება შეინარჩუნა – ქარხნები, კოლმეურნეობები და ქვეყანა თავზე არ ენგრევა. ეს ის ლუკაშენკოა, რომელიც სოფლის მეურნეობას უდიდეს ყურადღებას აქცევს და ბელარუსული ნატურალური პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე აქტიურად იყიდება.
ლ. გ.







