Home რუბრიკები სამართალი ვინ დაუკვეთა დათა ახალაიას დავით ცინდელიანის მკვლელობა და რატომ არ აკავებენ რომან...

ვინ დაუკვეთა დათა ახალაიას დავით ცინდელიანის მკვლელობა და რატომ არ აკავებენ რომან შამათავას თანამზრახველებს?

1002

შსს-მ «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საქმეების ძიება დაიწყო და რამდენიმე დღის წინათ ორი საქმე გახსნა: 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის _ პაატა ქარდავასა და 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული მეტყევე-რეინჯერის _ დავით ცინდელიანის. 


ორივე საქმეში აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსის _ რომან შამათავას ბრალი იკვეთება. შსს-ს ინფორმაციით, პაატა ქარდავა კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა და ხურჩის ტერაქტში ბრალდებულმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. 2008 წლის 16 აგვისტოს კი რომან შამათავამ მოკლა დავით ცინდელიანი და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო. რომან შამათავა ცინდელიანსაც, ქარდავას მსგავსად, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. «საქართველო და მსოფლიოს» წინა, 21-ე ნომერში დაიბეჭდა პაატა ქარდავას შვილთან _ ქრისტინე ქარდავასთან ინტერვიუ სათაურით «ვინ დაუკვეთა რომან შამათავას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის _ პაატა ქარდავას მკვლელობა?». წერილში ქრისტინე ქარდავა რომან შამათავასთან ერთად თენგიზ გუნავას, ნარსიასა და გოროზიას დასჯას მოითხოვს, რადგან თვლის, რომ ამ ადამიანებმა მკვლელს ხელი დააფარეს. რამდენიმე დღის წინათ კი თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, არჩევნებში დამარცხებულმა გიორგი გაბედავამ პაატა ქარდავას საქმეში მონაწილე სხვა პირების დასჯაც მოითხოვა. მისი მტკიცებით, პირები, რომლებმაც აღიარეს, რომ ქარდავა იარაღის მუქარით მიიყვანეს შამათავასთან მოსაკლავად, დღესაც თანამდებობებზე არიან. «საქართველო და მსოფლიოს» გიორგი გაბედავა ესაუბრება:

_ ადამიანები, რომლებმაც რომან შამათავას ხელი დაადეს, ამბობენ: ჩვენ დაგვირეკა შამათავამ, მოგვთხოვა პაატა ქარდავას მიყვანა. მივიყვანეთ, რის შემდეგაც შამათავამ ქარდავას თავზე ჩამოაფარა შავი ნაჭერი, წაიყვანა, მოკლა და ზღვაში გადააგდოო. ამ საქმის თანამონაწილეები პირდაპირ აღიარებენ ამას. სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს შამათავა და წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები დღესაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.

_ ვინ არიან ეს ადამიანები, სად მუშაობენ და რა თანამდებობები ეკავათ 2008 წელს?

_ გია ფაჩულია, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა, 2008 წელსაც იქ მუშაობდა. ვიმეორებ: ეს ადამიანი შამათავას თანამზრახველია! მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს შამათავა. ასევე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ბახვა ჩიქობავა ადრე იმ დეპარტამენტის უფროსი იყო, რომლის მოადგილეც ახლა ფაჩულიაა, და აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსი გია ბარამია. აი, ეს სამი ადამიანი. ორი კი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა, გარდაცვლილია. ამ ადამიანებმა მისცეს ჩვენება, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ, დღემდე თანამდებობებზე არიან. წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებსაც ავალებდნენ ადამიანის მოსაკლავად მიყვანას, კვლავ ძალოვან უწყებებში მუშაობენ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ხელშეუხებლები არიან და დღესაც მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, სამართლიანობის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, პირიქით _ დაუსჯელობის სინდრომს გაზრდის საქართველოში. სხვა რა მოგახსენოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი. მე უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დავარღვევ, რადგან თვითონ შამათავა არ აღიარებს ამ დანაშაულს. და ვინც ეს აღიარა, დაკავებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, 15 წელი არ უნდა მისცე, რადგან ითანამშრომლა, გამოძიებას დაეხმარა სიმართლის დადგენაში, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც გითხარით, მათ წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ არის გატარებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. არჩევნების შემდეგ, ალბათ, გამოუშვებენ შამათავას და მისი თანამზრახველებიც იმავე თანამდებობებზე დარჩებიან.

_ როგორ გამოუშვებენ, კაცს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი?! გავრცელებული ინფორმაციით, ცინდელიანის მკვლელობაც მის კისერზეა… ამ საქმეზე თუ იცით რამე?..

_ სამწუხაროდ, გარდაცვლილის ცხედარიც კი არ არის ნაპოვნი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ სამი კაცის ჩვენების საფუძველზე, ვფიქრობ, ვერ მიუსჯიან შამათავას _ ნივთმტკიცება არ აქვთ, მხოლოდ სამი ადამიანის ჩვენებაა, რომელიც საკმარისი მტკიცებულება არ არის. ვფიქრობ, შამათავას მოეხსნება ბრალდება ამ საქმეში და გაათავისუფლებენ. აი, ნახავთ, ასე იქნება! ცინდელიანის საქმეზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ეს ფაქტი წინასაარჩევნოდ გამოიყენა, ყოველ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად არ კეთდება ეს.

თამარ არღვლიანი, დავით ცინდელიანის დედა:

_ სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა _ ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაურეკეს ადგილობრივ სატყეოს და დაავალეს ყველა რეინჯერის ქუთაისში ჩაყვანა, მიზეზად თათბირი დაასახელეს. დღეს კი გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს თათბირი ჩემი შვილის იქ ჩაყვანის გულისთვის იყო მოწყობილი, ე. ი. ეს ფორმალური თათბირი იყო. ლაშა ჭკადუასა და ბადრი მამინაშვილთან პირველად რომ ჩავედი და ვკითხე, ვინ დაგავალათ ამ თათბირის მოწვევა-მეთქი, ბადრი მამინაშვილმა განმიცხადა, ჩემი სურვილით მოვიწვიეო. მუხლმოდრეკილი ვევედრებოდი ამ კაცს, რომ სიმართლე ეთქვა. ის კი უტიფრად მიმტკიცებდა, თათბირი ჩემი მოწვეული იყოო. ვერაფრით ვათქმევინე სიმართლე. დღეს კი, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, მოუწია სიმართლის თქმა. ჩვენება მისცა გამოძიებას და აღიარა, რომ თათბირი დაკვეთილი იყო. ვის მიერ იყო დაკვეთილი? დათა ახალაიას მიერ. ეს გამოძიებამ გვითხრა. ახლა გეტყვით, როგორ განვითარდა მოვლენები იმ საბედისწერო დღეს: ჩემს შვილს ქუთაისში შესვლამდე დახვდნენ და წაიყვანეს სამმართველოში, _ იქ გავარკვევთ ყველაფერსო, მაგრამ გაუგებარია, რა იყო გასარკვევი. შემდეგ თბილისის სპეცრაზმს უნდა წაეყვანა თბილისში, მოდულის შენობაში, სადაც უნდა გაერკვიათ საქმის ვითარება. შემოვლითი გზებით მიჰყავდათ თურმე და, აბასთუმანში რომ ჩავიდნენ, ისევ დათა ახალაის დაურეკავს სპეცრაზმელებისთვის, _ თბილისში აღარ ჩამოიყვანოთ, აფხაზეთის კუდის უფროსს _ რომან შამათავას ჩააბარეთო. და ასეც მოიქცნენ. როგორც გამოძიებამ გაარკვია, ჩემი შვილი თბილისის სპეცრაზმს კუდის თანამშრომლებმა _ დათო ქორქიამ, ვალერი აბსანძემ, სერგო უბილავამ და გია ბარამიამ _ გადააბარეს. ჩემს შვილს ცოტა წინააღმდეგობა გაუწევია, _ რატომ მიგყავართ, რაში მდებთ ბრალსო. მაინც გადაუბარებიათ სპეცრაზმისთვის, რომელმაც ახალაიას ზარის შემდეგ ბათუმისკენ წაიყვანა ჩემი შვილი. ბათუმში ჩასვლამდე რომან შამათავას გადმოუყვანია დათო მანქანიდან, უთქვამს, _ სალაპარაკო გვაქვსო და შამათავა ორი საათის შემდეგ მარტო დაბრუნებულა. აი, მის ხელში გაქრა ჩემი დათოს კვალი, ჩემი უბედური, უდანაშაულო შვილი, უმიზეზოდ დასჯილი! მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლება შეიცვალა, «ნაციონალების» პერიოდში ამ საქმეში ექვსი გამომძიებელი გამოიცვალა და ექვსივე გვეუბნებოდა, ნუ ღელავთ, თქვენი შვილი ადრე თუ გვიან შინ მშვიდობით დაბრუნდებაო, მაგრამ… ორჯერ შევხვდი სააკაშვილს, ორჯერ განცხადებით მივმართე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვის არ მივმართეთ, მაგრამ პასუხს არავინ გვაძლევდა.

_ რა იყო მკვლელობის მოტივი, რატომ გაწირეს თქვენი შვილი, რას ამბობს გამოძიება?

_ არ ვიცი, ამაზე არაფერს მეუბნებიან… ჩემს შვილს გული შესტკიოდა იმაზე, რასაც «ნაციონალები» სჩადიოდნენ და დაუფარავად ლაპარაკობდა. მაგალითად, კოდორი რომ აიღეს, მაღალჩინოსნებმა რომ დატოვეს იქაურობა, დათოს საყვედური უთქვამს. წუხდა, თოფის გაუსროლელად რომ დატოვეს კოდორი, მოხუცები, ქალები, ბავშვები უპატრონოდ რომ მიატოვეს და იქიდან გამოსვლის შემდეგაც რომ არ ზრუნავდნენ მათზე. შესაძლოა, ეს იყო ჩემი შვილის მკვლელობის მიზეზი. ამ საქმეზე უკამათია მაღალჩინოსნებთან, კონკრეტულად ვისთან, არ ვიცი. სხვა რა გითხრათ, მე კარგის მეტი არაფერი მსმენია ჩემს შვილზე. მთელი სვანეთი დამემოწმება, რომ ჩემი შვილი პატრიოტი იყო. ვიმეორებ, ალბათ, იმიტომ მოიშორეს, რომ «ნაციონალების» პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა და არ იწონებდა. ხომ გახსოვთ, მაშინ ასეთი პრინციპით მოქმედებდნენ: «ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია!». სძულდათ ასეთი ადამიანები და იშორებდნენ თავიდან. დღემდე ვერ გამირკვევია, რა ბრალი დასდეს. ვითხოვ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. უკლებლივ ყველა _ დამკვეთებით დაწყებული, რიგითებით დამთავრებული. დათა ახალაიამ თქვას, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა; თბილისის სპეცრაზმმა თქვას, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის აყვანა; სატყეო დეპარტამენტის უფროსებმა თქვან, ვინ დაავალათ თათბირის ჩატარება. პრინციპში, თქვეს უკვე, მაგრამ მაინც დეტალურად გაიხსენონ ყველაფერი. ვიმეორებ: მოვითხოვ, ყველა დამკვეთისა და შემსრულებლის უმკაცრესად დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ცუდი ამბავი მოჰყვება. მთელი სვანეთი ფეხზე დგას! თქვენ არ იცით, რა შვილი დავკარგე. გამორიცხულია, რომ შამათავას ეს სასტიკი დანაშაული მხოლოდ საკუთარი ნებით ჩაედინოს. თუმცა დათა ახალაიას როგორ დაკითხავენ, საქართველოში ვერ ჩამოუყვანიათ.

შამათავამ უნდა აღიაროს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა, რატომ და რისი გულისთვის. და ამის შემდეგ თუ არ დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, პირდაპირ გეუბნებით, რომ ენით აუწერელი ამბავი მოჰყვება ამას!

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here