Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე პოროშენკო _ გავლენის აგენტი თუ ინფორმატორი?

პეტრე პოროშენკო _ გავლენის აგენტი თუ ინფორმატორი?

542

გასული კვირის პარასკევს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს

WikiLeaks-ის მიერ მიწოდებული ცნობა, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 2006 წლის გაზაფხულზე, უმაღლესი რადის დეპუტატად ყოფნის პერიოდში საქმის კურსში ჩააყენა აშშ-ის ელჩი ჯონ ჰერბსტი, თუ როგორ მიმდინარეობდა კონსულტაციები კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. 


WikiLeaks-მა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამერიკელ დიპლომატებს ეჭვი ეპარებოდათ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში. მათი აზრით, პოროშენკო ინტრიგებს ხლართავდა იმ მიზნით, რათა დაეპატიმრებინათ იულია ტიმოშენკოს თანამებრძოლი ალექსანდრ ტურჩინოვი, რომელიც ამჟამად უმაღლესი რადას სპიკერია. «…პოროშენკოს განცხადებები მისი დაუძინებელი მტრის _ (იულია) ტიმოშენკოს შესახებ და მისი (პოროშენკოს) პროტესტი, რომ იგი უდანაშაულოა ტიმოშენკოს მოადგილის _ ტურჩინოვის წინააღმდეგ გენპროკურატურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, უნდა აღვიქვათ დიდი სკეპტიციზმით, უფრო მეტითაც კი, ვიდრე სხვა შემთხვევებში», _ უპატაკებდა ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამ თემაზე ვსაუბრობ სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძესთან.

_ ამ ინფორმაციას თქვენ იცნობთ.

_ დიახ, რასაკვირველია.

_ ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ აშშ-ის საელჩო უკრაინაში მაინცდამაინც სარწმუნოდ არ მიიჩნევს პეტრე პოროშენკოს მიწოდებულ ინფორმაციას. ამ დასკვნამდე მიდის არა ერთჯერადი ფაქტის გამო. მისი (საელჩოს) სკეპტიციზმი «უფრო მეტიცაა, ვიდრე სხვა შემთხვევებში», ე. ი. პოროშენკოს მიერ მიწოდებული ცნობები იყო სხვაც, არაერთი, და ყველას მხოლოდ «დიდი სკეპტიციზმით» აღიქვამდნენ.

როგორ უნდა გავიგოთ პოროშენკოსა და აშშ-ის საელჩოს ასეთი ურთიერთობა?

_ თუ «ვიკილიქსის» მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს სარწმუნო წყაროდ მივიჩნევთ, ჩვენ კი საფუძველი არ გვაქვს, მათ ნამდვილობაში დავვეჭვდეთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2006 წელს უკრაინის რადას დეპუტატი პეტრე პოროშენკო აშშ-ის საელჩოს ინფორმატორი იყო.

_ ეს ნიშნავს, რომ იგი სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტი იყო?

_ მოდით, ვიმსჯელოთ იმ პუბლიკაციით, რომელიც პრესაში გავრცელდა, რადგან რომელიმე ქვეყნის აგენტობას ვერავინ ვერავის დასწამებს, სანამ გადამბირებელი სპეცსამსახური ამას თვითონ არ გაასაჯაროებს.

მაგრამ მსგავსი შემთხვევა ჯერ არსად დაფიქსირებულა.

აგენტებს, როგორც წესი, გადაიბირებენ იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებიც დაინტერესებული სპეცსამსახურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს _ მთავრობიდან, პარლამენტიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ა. შ.

რადა ასეთია. მაშასადამე, მისი დეპუტატი საინტერესო ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს.

ე.ი. გადაბირების წინაპირობა არსებობს.

პოროშენკო ამჟამად მილიარდერი ბიზნესმენია, მაგრამ იგი ყოველთვის არ ყოფილა დიდი ფულის პატრონი, თუმცა მისწრაფება ჰქონდა. ამ მისწრაფებაში მხარდაჭერა, ხელშეწყობა, ბიზნესწრეებთან, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობაში დახმარების გაწევა გადამბირებლისთვის ასევე შეიძლება ეფექტიანი გამოდგეს, მით უფრო, «ველური კაპიტალიზმის» პირობებში, რომელიც დამახასიათებელი იყო (და ჯერ კიდევ არის) პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის.

ესეც _ მეორე წინაპირობა.

არის _ მესამეც, რომელიც რწმენის საკითხებთან არის დაკავშირებული.

ბევრი სხვა პირობაც არსებობს _ ვერცხლისმოყვარეობა, საყოფაცხოვრებო პრობლემები და ა. შ. ბოლოს და ბოლოს _ ადამიანის ხასიათი, გარკვეული მიზნისკენ უკანმოუხედავი სიარული _ «მიზანი ამართლებს საშუალებას».

_ ასეთი რამ შეამჩნიეთ პოროშენკოს? სად, როდის?

_ ადამიანის ხასიათი უმნიშვნელო დეტალებშიც ვლინდება.

პრეზიდენტად კურთხევის ზეიმზე პეტრე პოროშენკო სმენაზე გაჭიმული საპატიო ყარაულის რიგთა შორის დაფენილ წითელ ხალიჩაზე მიდის. ბოლო ჯარისკაცს რომ მიუახლოვდება, ეს უკანასკნელი გონებას კარგავს (შემდეგ დაადგენენ, რომ მზის დარტყმა მიიღო), ხელიდან უვარდება კარაბინი, მუხლებში ძალა ეცლება, ყანყალებს, ცოტაც და დაეცემა.

ამის მოწმე და დამნახავი პრეზიდენტი ისე ჩაუვლის გონებადაკარგულ ჯარისკაცს, რომ წარბიც არ შეერხევა: განაგრძობს მტკიცე ნაბიჯებით სვლას ძალაუფლების კვერთხის ხელში ასაღებად.

ხელისუფლების მწვერვალს მიზიდულობის დიდი ძალა აქვს, მაგრამ არა ადამიანის ნებაზე უძლიერესი.

_ თუ არ დაგამონებს.

_ პოროშენკოს ეს ნება არ აღმოაჩნდა ან ვერ გამოავლინა «მეფის ტახტისკენ» მიმავალმა.

_ შეეძლო კი?

_ გონებადაკარგული ბიჭისთვის ხელი რომ შეეშველებინა, მსოფლიო ამას ადამიანური თანაგრძნობის სანიმუშო მაგალითად ჩაუთვლიდა.

რა იყო აქ არაჩვეულებრივი?

იუშჩენკომ ინაუგურაციის დროს მტრედი რომ ვერ ააფრინა (იქვე დაჯდა ეს ღვთის ფრინველი), იკადრა, დაიხარა, ხელში აიყვანა და ცისკენ გაუშვა თეთრი მტრედი.

იანუკოვიჩს, თავის ინაუგურაციაზე დარბაზში რომ შედიოდა, ზედ ცხვირწინ საზეიმო შესასვლელის კარი მიეხურა. ხელი შეაშველა და კარის ფრთა შეაჩერა. ადამიანური რეაქცია იყო, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის.

პოროშენკოს კი გვერდზეც არ გაუხედავს.

აი, ხასიათის _ მიზანსწრაფული ეგოიზმის _ ეს თვისებაც გადაბირებისთვის «ნოყიერი ნიადაგი» შეიძლება იყოს.

_ პირდაპირ მითხარით, ბატონო ანზორ, პრეზიდენტი პოროშენკო შეიძლება ყოფილიყო აშშ-ის რომელიმე სპეცსამსახურის აგენტი?

_ (ეღიმება) მეგონა, დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ.

_ აგენტი ძალიან ბანალურია.

_ შეიძლება ასეცაა. უმჯობესია, ვთქვათ _ გავლენის აგენტი, ეს უფრო ტაქტიანი იქნება უცხო ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ან _ ინფორმატორი, ინფორმაციის მიმწოდებელი, დაახლოებული პირი.

_ მაგრამ ყველა შემთხვევაში _ გადაბირებული?

_ დიახ! გასაკვირი არაფერია. ვისაც გნებავთ, ჰკითხეთ _ ჟურნალისტს, ანალიტიკოსს, ჩემი პროფესიის კაცს, რომელსაც ესმის პოლიტიკის რაობა და არსი, ყველა გიპასუხებთ, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა და ხდება, არის «აქტიური ღონისძიება», რომელიც განახორციელეს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა. აქედან გამომდინარე, ნუ გაგიკვირდებათ ისეთი დოკუმენტების გასაჯაროება, რომლებიც დაადასტურებს, რომ პოროშენკოს ჰქონდა ურთიერთობა აშშ-ის ელჩთან უკრაინაში, აწვდიდა მას ისეთ ინფორმაციას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა, იყო ინფორმატორი. დიახ, გადაბირებული.

აშშ სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად და გააზრებულად გამოიყენეს უკრაინაში შექმნილი ვითარება, კორუფციის არნახული მოძალება, ის უარყოფითი მოვლენები, რომლებიც განუკურნებელი სენის მეტასტაზებად მოედო ქვეყნის პოლიტიკას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს; ააგორეს მაიდანი დედაქალაქის ცენტრში თავიანთი ხალხის ხელისუფლებაში მოსაყვანად, უწინარეს ყოვლისა, პოროშენკოსნაირი პერსონების.

ეს დღესავით ნათელია. დარწმუნებული ვარ.

_ რატომ ხართ დარწმუნებული?

_ იმ 44-მა წელიწადმა, რომლებიც სპეცსამსახურებში გავატარე, ტყუილად ხომ არ ჩაიარა?! მეც მიმიღია ასეთ საქმეებში მონაწილეობა. ეს არის სპეცსამსახურების ჩვეულებრივი, რუტინული სამუშაო პროცესი, რომელსაც ეწოდება «აქტიური ღონისძიება» და განახორციელებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, ასევე სხვა დიდი ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები.

სხვანაირად პოლიტიკა არ კეთდება. დავაზუსტებ: ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურმა საფუძველი შეუქმნა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, მოამზადა იგი.

_ ოლიგარქების წინააღმდეგ დარაზმა ხალხი?!

_ ხალხის განწყობილება გამოიყენა, ააგორა ეს ლოზუნგი, რომელსაც ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად იყენებენ ხოლო წინასაარჩევნო დაპირებები, ყველას მოეხსენება, არასოდეს სრულდება.

_ და ოლიგარქების წინააღმდეგ აგორებულ ტალღაზე ისევ ოლიგარქი დასვეს ქვეყნის სათავეში?! ეს რა პოლიტიკაა?

_ როგორც ერთ ანეკდოტშია, _ იქაური პოლიტიკაა, რაც ფრიად სამწუხაროა.

_ ოლიგარქი შეებრძოლება ოლიგარქიას, კორუფციას?

_ ხომ გახსოვთ ოჰენრის ნოველა «ბოლივერი ორს ვერ ზიდავს»? აქაც მსგავსი სიტუაციაა. პოროშენკოს ძალიან გაუჭირდება. შეიძლება მოინდომოს კიდეც, მაგრამ, ვფიქრობ, თავის ცხენზე თვითონ შეჯდება, სხვას «ბოლივერი ვერ ზიდავს».

_ ინფორმატორობა ხელს შეუშლის?

_ კიდევ ერთხელ განვმარტავ: იგი შტატების საელჩოს ინფორმატორი იყო იმისთვის, რომ თვითონ მოსულიყო ხელისუფლებაში.

გახდა კიდეც პრეზიდენტი. აშშ-ის მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, მას პრეზიდენტობის კანდიდატადაც არ წამოაყენებდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის იქნება აშშ-ის პოლიტიკის გამტარებელი, ისეთივე (თუ უფრო მეტად არა) ერთგული ამერიკელი პატრონების, როგორიც იყო პრეზიდენტი იუშჩენკო, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი. აუცილებლად შეეცდება, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა განახორციელოს უკრაინაში. ამას თუ არ გააკეთებს, უმოკლეს ხანში გადმოაგდებენ თანამდებობიდან.

_ შეძლებს პოროშენკო უკრაინაში მშვიდობის დამყარებას? შეწყვეტს სადამსჯელო ოპერაციას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში?

_ რამდენჯერ მითქვამს თქვენთვის, ჩემო ბატონო, ვინ ჰკითხავს მაგას დაწყებას ან შეწყვეტას? რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. ამერიკელებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში, არ დაუჯერებს, აღარ იქნება პრეზიდენტი.

_ რად უნდა ასეთი პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს?

_ ხომ აირჩიეს?

_ აირჩიეს.

_ ჰოდა, ფიქრობს ხალხი: მილიარდერი კაცია, თავის გამდიდრებაზე არ იზრუნებს, ჩვენ მოგვხედავს, მოსპობს კორუფციას და ა. შ. შეიძლება, ასეც მოიქცეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რადგან ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რომ ეს იმედები ფუჭია; ვიცით, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია, რომელმაც გააღატაკა ხალხი საქართველოში და სასოწარკვეთამდე მიიყვანა. უკრაინის საგარეო პოლიტიკას პოროშენკო, რა თქმა უნდა, ამერიკელების კარნახით წარმართავს.

_ შეძლებს კი რუსეთთან ურთიერთობის იმ კრიზისის გადალახვას, რომელიც დღეს არსებობს?

_ მე ამის მსურველი ვარ, მაგრამ ძალიან მეეჭვება.

_ რახან არჩევნებზე ჩამოვარდა სიტყვა, შეგეკითხებით: როგორ აფასებთ საქართველოში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შედეგებს?

_ მოკლედ გიპასუხებთ. კოალიცია «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში ექვსი თვის მოსული იყო, როცა თქვენ მკითხეთ, როგორს ვხედავდი ახალი ხელისუფლების პერსპექტივას? იმხანად გიპასუხეთ: თუ ესენი ასე გააგრძელებენ, ერთი წლის-წლინახევრის შემდეგ დაიწყება საერთო სახალხო იმედგაცრუება, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ცუდი, ქვეყნისთვის კი ტრაგიკული იქნება.

პირადად მე ასეთ შედეგს ველოდი. სიტუაციაში, რომელიც ჩამოყალიბდა, მეორე ტური გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა.

_ ასეც მოხდა, მაგრამ რატომ?

_ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც ქვეყნის მართვის გამოცდილება არ ჰქონდა, ზედმეტი თავდაჯერება გამოიჩინა და ხალხისგან იზოლაციის პოლიტიკა განახორციელა. ჩამოსცილდა ხალხს, აღარ დაუგდო ყური, ჩაიკეტა საკუთარ თავდაჯერებულობაში. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან გამოიწვია ხალხის ერთგვარი იმედგაცრუება.

აქვე ვიტყვი: თუ გაითვალისწინებს ამ შეცდომას, გამოსწორების შანსი ექნება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here