Home რუბრიკები საზოგადოება ანტიდისკრიმინაციული კანონი სინამდვილეში არის კანონი, რომელიც გვაიძულებს მამათმავლობის ბუნებრივ ნორმად მიღებას

ანტიდისკრიმინაციული კანონი სინამდვილეში არის კანონი, რომელიც გვაიძულებს მამათმავლობის ბუნებრივ ნორმად მიღებას

(გამოხმაურება 2014 წლის 5 მარტს გაზეთ «რეზონანსში» გამოქვეყნებულ სტატიაზე, ქვესათაურით  «ევროკომისარი მითების წინააღმდეგ»)

 

ბატონო ფულე,

როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბევრი დამაბრკოლებელი მითი არსებობს. და, კერძოდ, მის გასაქარწყლებლად არასამთავრობო სექტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დასძინეთ: «დასავლეთის სურვილი არ არის, საქართველოს  უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს თავს _ საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია».

თან, როგორც ცნობილია, მის უწმინდესობასაც სპეციალურად ეწვიეთ. ანუ გასაგებია, რომ თქვენ ჩვენ ღირებულებებად სწორედ მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ტრადიციებს გულისხმობთ, რომლებიც, თავისთავად, ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისა და ზოგადად საკაცობრიო იდეალების საფუძველიცაა. და ისიც ნათელია თქვენთვის, რომ უცხო ქვეყნის ღირებულება, რომლის მიღებისაც ჩვენ გვეშინია, არის მამათმავლობა. და, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად ხვდებით, რომ, თუკი ასარჩევად მიდგა საქმე, სულიერი ფასეულობების დაკარგვა ყოველთვის უარესია ფიზიკური კეთილდღეობის დაკარგვასთან შედარებით.

აქედან გამომდინარე, გვაიმედებთ, რომ ამას, კერძოდ, მამათმავლობის დოქტრინის ჩვენს თავზე მოხვევას, არ აპირებთ. მაგრამ, ჩვენდა და თქვენდა სამწუხაროდაც, ეს დაპირება მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური თვალის ახვევის კასკადს წარმოადგენს.

კვლავ ვაგრძელებ გაზეთ «რეზონანსიდან» თქვენს ციტირებას:

«მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი მსგავსი ხელშეკრულებაში არ არის», _ განაცხადა ევროკომისარმა. მისი განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. «ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისთვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით,» _ აღნიშნა შტეფან ფულემ».

ბატონო შტეფან,

I. თვალის ახვევა არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციულ ჩამონათვალში მართლა ვინმეს კანის ფერით ან ეროვნებით და რასის კუთვნილების მიხედვით დაცვა კი არ არის საინტერესო (ვინაიდან თავისთავად ცხადია, რომ ისინი ჩვენს კონსტიტუციაში ისედაც ოდითგანვე დაცულნი არიან; მე მგონი, თვით კომუნისტების დროსაც კი ასე იყო), არამედ, უბრალოდ, ამ ჩამონათვალში მამათმავლობის თანაბარი უფლებით, ანუ ბუნებრივ ნორმად ჩასმა.

II. თვალის ახვევა არის ის, რომ თავისთავად დასათაურება «ანტიდისკრიმინაციული» დადებითად ჟღერს და შეიძლება იფიქრო, რომ ამ კანონში ზოგადად ნებისმიერი ადამიანის დაცვაზეა საუბარი, თუნდაც მკვლელის, ქურდის, მამათმავლის, ნარკომანის… და იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი ერთნაირად უნდა იყოს დაცული, იქნება ის ზნეობრივი თუ უზნეო, დამნაშავე თუ უდანაშაულო. მაგრამ, როდესაც კანონში ჩაიხედავ და მას გაეცნობი, აღმოაჩენ, რომ აქ მამათმავლობის დაცვაზე ამ კონტექსტში კი არ არის საუბარი, არამედ ის უკვე ბუნებრივ ნორმადაა გამოცხადებული და მისი დისკრიმინაცია უკვე სხვა ბუნებრივი უმცირესობების (რასა, სქესი, ეროვნება) უფლებების ტოლ-სწორად განიხილება.

III. თვალის ახვევა არის ის, რომ თითქოს ჩვენ ამ ეტაპზე ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას ვითხოვდეთ და ახლა ეგ იყოს პრობლემა. როდესაც ყველამ ვიცით, რომ ავსტრიაში, მაგალითად, სულაც არ არის მათი ქორწინება დაშვებული, მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ მათ აქვთ მიღებული ზემოთ ხსენებული კანონმდებლობა, მამათმავლები სარგებლობენ უკვე ყველანაირი პრიორიტეტით. კერძოდ, ისინი გამოცხადებულები არიან ბუნებრივი ნორმის წარმომადგენლებად. და ზუსტად ამ დოქტრინის საფუძველზე აქვთ ყველანაირი უფლება, თუნდაც მუშაობდნენ აღმზრდელებად ბაღში, იყვნენ ქალაქის მერები, მართავდნენ გეი-აღლუმებს და პიარ-აქციებს. სკოლაში შეჰქონდეთ სასწავლებლად «სექსუალური ორიენტაციის მგრძნობელობის ამაღლების» კურსები და ა. შ. და აბა, ვინმემ გაბედოს და შეეწინააღმდეგოს მათ რამეში. ისინი უმალ გამოცხადდებიან სიძულვილის ენის მატარებლებად და შეიძლება ციხეც კი დაემუქროთ. ანუ მამათმავლობის ბუნებრივ მოვლენად გამოცხადების დოქტრინა სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებაშია და არა ერთსქესიან ქორწინებაში. ხოლო, მაგალითად, იმავე ავსტრიაში რადგან ქორწინებას არ უშვებენ, ამ პრობლემას, უბრალოდ, სამოქალაქო რეესტრში თანაცხოვრების ხელშეკრულების დარეგისტრირებით წყვეტენ.

IV. თვალის ახვევა არის ის, რომ, რადგან ერთსქესიან ქორწინებას არ ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, ამიტომ ამ ხელშეკრულებაში საერთოდ ამის მსგავსი რამ არც კი არის, ხოლო ეს ზემოთ ხსენებული კანონმდებლობა, უბრალოდ, ვიზების აღების გამარტივებისთვის გვჭირდება.

და დასკვნა:

ბატონო შტეფან ფულე, მითი სწორედაც ისაა, რომ თითქოს ევროკავშირი ჩვენ, მასთან ასოცირების ხელშეკრულების სანაცვლოდ, მამათმავლობის დოქტრინის მიღებას არ გვავალდებულებდეს.

გურამ ფალავანდიშვილი

 

1 COMMENT

  1. კარგი რა, ერთი ქართველიც კი რომ ფიქრობს ასე, უკვე სირცხვილია, ეს წერილი არ თარგმნოთ და არ გაგზავნოთ ევროპაში, თავს გვჭრით. ვინაა ეს გურამ ფალავანდიშვილი, რა მოხელია, რატომ გვარცხვენს? უმცირესობებზე ზრუნვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება ყველა ცივილიზებული და ჰუმანური საზოგადოების მოვალეობაა, თუ ფაშისტები და ველურები არ ვართ, რა თქმა უნდა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: უშიშა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here