Home რუბრიკები პოლიტიკა პროვოკაცია-2 უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერია!!!

პროვოკაცია-2 უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერია!!!

583

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და იმ საერთაშორისო რყევებმა, რომლებიც ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა, მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს, რომ იტყვიან, ფარდა ახადა. პირველ რიგში, მოხდა ერთგვარი გაშიშვლება, გაშიფრვა და ნაწილობრივ ლუსტრირებაც კი დასავლური იდეოლოგიისა, რომლის შედეგადაც დღის სინათლეზე დაიდო მწარე რეალობა.

 

ამ რეალობის თავის დროზე გაუთვალისწინებლობამ «ევროპულ კეთილდღეობას» დახამებული უკრაინა სერიოზულ განსაცდელში ჩააგდოარადა, რა იყო ამ განსაცდელის, იმ ათეულობით დაღუპული მომიტინგისა თუ სპეცრაზმელის სიცოცხლის საფასური? _ მატერიალური თვალსაზრისით, 600 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ვალად სთავაზობდა უკრაინას; ხოლო, პოლიტიკური თვალსაზრისით, _ დამნაშავე ტიმოშენკოს თავისუფლება. აი, რისთვის გაისარჯნენ ხბოს აღტაცებაში მყოფი ევრომაიდნელები.

ახლა რაც შეეხება მწარე რეალობას, რომელიც ზემოთ ვახსენე: 2008 წელს, როცა ამერიკის მიერ წაქეზებულმა და საომრად დაქოქილმა სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა, რასაც საპირისპირო მხრიდანაც, ბუნებრივია, საპასუხო ცეცხლი მოჰყვა, ყველას ეგონა, რომ «დემოკრატიული დასავლეთი» ვლადიმერ პუტინს ტყავს გააძრობდა. მახსოვს, ვაიექსპერტების გარკვეული ნაწილი მაშინ ნატოზეც მიუთითებდა და აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბლოკში არ ვართ, ნატო რუსეთის მიმართ პირდაპირ საკუთარი წესდების მეხუთე პუნქტით იმოქმედებსო (აღნიშნული პუნქტი ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობს). ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ იმ «შეფასებების» შემდეგ ომიც იყო და ჩვენი პოლიტიკური ელიტის რიგებიც ვიხილეთ წითელ ხიდთან, ნატოს ლიდერებმა კი ასი გრამი შეშფოთების გარდა ვერაფერი გაიმეტეს ჩვენ სასიკეთოდ (თუ არ ჩავთვლით ყბადაღებული პამპერსებისა და წყლის რამდენიმე პარტიას).

მოკლედ, ამ ყველაფერს რისთვის ვყვები _ ზუსტად ექვსი წლის შემდეგ გლობალისტების პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის მეორე ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ჯამში ეს იმდენად ეფექტიანი არ გამოდგა, რადგან კრემლი ამ შემთხვევაში ადექვატურად შეუვალი პოლიტიკით დაუპირისპირდა დასავლური . . ლიბერალური იდეოლოგიის მცოცავ ინტერვენციას. ექსპერტები, წესისამებრ, ისევ ახმაურდნენ, წამოიშალნენ და ახლა მიდის შეფასებათა ნამდვილი დოღი. ძირითადად, საუბარია იმაზე, თუ რა ხისტია კრემლის მიდგომები, რა არაკონსტუქციულია ოფიციალური მოსკოვი და ა. შ. ახალი მსოფლიო წესრიგი _ აი, სად იკვრება, აღნიშნული შეფასებების ლოგიკით, მიმდინარე პროცესების კვანძი, მაგრამ რეალურად ეს ანალიზი არსებული მოცემულობის კონტექსტში არც კი ჯდება.

სინამდვილეში არანაირ ახალ მსოფლიო წესრიგთან საქმე არ გვაქვს. რასაც ვხედავთ, უბრალოდ, ეს არის რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, ლეგიტიმური სურვილი _ დაიბრუნოს და შეინარჩუნოს ფუნქცია გავლენის ისტორიულ სივრცეში. დარწმუნებილი ვარ, ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულოდაც ჩაივლიდა, რომ არა ამერიკული სცენარით განხორციელებული პროვოკაცია, სახელად «ევრომაიდანი», მაგრამ, როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა ჯერ კიდევ არ აპირებენ ფარ-ხმლის დაყრას. საქმე ისაა, რომ თეთრი სახლი ვერა და ვერ ეგუება ბიპოლარულ მსოფლიოს, რაც იდეაშივე გულისხმობს გარკვეულ ძალთა ბალანსს, ერთპოლუსიანი მმართველობის დასასრულს.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს დღითიდღე სულ უფრო ნაკლები ბერკეტები რჩება რუსეთის პოლიტელიტაზე ზემოქმედების მოსახდენად, მათ შორის იმ ასპარეზზეც, სადაც მას ადრე სრული უპირატესობა ჰქონდა. მხედველობაში მაქვს იდეოლოგიური პრესინგი, რომლითაც კაპიტალისტურმა ბანაკმა ჯერ კიდევ ცივი ომის წინარე პერიოდში მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკური სივრცის ერთგვარი მონოპოლიზება.

დღეს დასავლური პროპაგანდა შეზღუდულია, ადრინდელივით მას არ შეუძლია არბიტრის როლში ყოფნა და ერთი რომელიმე სუბიექტის ცალსახად პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა მეორის დისკრედიტების ხარჯზე. გარდა ამისა, თვითონ ოფიციალურმა მოსკოვმაც, ფაქტობრივად, სრულად გაამხილა საკუთარი გათვლები. ვლადიმერ პუტინს, განსხვავებით ჯორჯ ბუშისგან, რომელმაც ერაყში შესაჭრელად იქ ბირთვული იარაღის არსებობა მოიმიზეზა, რაღაც აბსურდული ახსნა-განმარტებები არ დაუწყია და არც ცათამბჯენები აუფეთქებია მოსკოვის შუაგულში. მან პირდაპირ განაცხადა: ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბატონობას არ დავუშვებთ, ანუ, ფაქტობრივად, კარტი გახსნა და მიზანს ნათელი მოჰფინა; ამით დიდწილად დასავლური პროპაგანდაც შებოჭა, რადგან სალაპარაკო ბევრი არაფერი დაუტოვა და მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებაც დააზღვია დემოკრატიის მსგავსი ყალბი ღირებულებების მოლოდინისგან, რაც, გარდაუვალი იმედგაცრუების გარდა, არაფრის მომტანი არაა.

ახლა საინტერესო და საკითხავიც ის არის, თუ კიდევ რა მექანიზმები დარჩა დასავლურ ცივილიზაციას ჩრდილოეთ პოლუსის წინააღმდეგ. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, მხოლოდ ეკონომიკური სანქციებია და შავი სია, რომელიც 21-დან 33-მდე გაიზარდა, თუმცა საეჭვოა, კრემლის მესვეურები ამისთვის მზად არ ყოფილიყვნენ. მოკლედ, დღესავით ნათელია, რომ რუსეთს ეს ვერ შეაჩერებს, ამიტომ ოკეანის გაღმა ახლა, ალბათ, ტვინებს უკიდურესად დაძაბული აქვთ რუხი ნივთიერება. ახალი პროვოკაციისთვის მზადება იქ უკვე დაწყებულია და უახლოეს ხანში სიტუაციის გამწვავებას უნდა ველოდოთ. ამაზე გარკვეული მინიშნებებიც გაკეთდა მედიაში: დასავლეთი გაოგნებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების უუნარობითო. ერთი სიტყვით, ძნელი სათქმელია, იაცენიუკის ხელისუფლება რამდენად გონიერია ან ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური სიბრძნე, რათა უკრაინა საბოლოოდ არ იქცეს ევროამერიკული პროვოკაციის ერთადერთ მსხვერპლად, მაგრამ რეალობა სახეზეა _ პირველმა პროვოკაციამ ეს ქვეყანა ორად გახლიჩა, მეორემ კი ის შეიძლება მსოფლიო რუკიდან გააქროს.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საუბედუროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხიც და ის შედეგები, რომლებიც ამ პროცესს, სავარაუდოდ, მოჰყვება, ანალოგიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენც ისეთივე მეზობელი ვართ რუსეთის, როგორ უკრაინა, ამიტომ, როგორც უკრაინის შემთხვევაში არ უშვებს იგი ნატოს საკუთარ საზღვრებთან, ისე არ დაუშვებს ჩვენ შემთხვევაშიც. ეს დასავლეთში კარგად იციან და ახლა ჩვენი სახით კიდევ ერთი პროვოკაცია მზადდება მოსკოვის წინააღმდეგ. ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ კიევური ევრომაიდნის მაგალითზე ჭკუას სწავლობდეს, ფანჯიკიძის პირით დღეში სამჯერ გვეუბნება: ავშენდით, ისტორიულ არჩევანს ვუახლოვდებითო. სხვათა შორის, არც ისაა შემთხვევითი, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია. როგორც ჩანს, გლობალისტური ძალები შემოდგომამდე ვერ იცდიან და შუა ზაფხულისთვის გეგმავენ პუტინისთვის მეორე ფრონტის გახსნას. ისე, 2500 ბირთვული ქობინით აღჭურვილ პუტინს ამით რა დააკლდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ «ქართული ოცნების» იდეოლოგთა რიტორიკა ლოგიკას ნამდვილად მოკლებულია: რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ ბერკეტები არ გააჩნიაოჩვენ წინააღმდეგ კი არა, ნახევარი მსოფლიოს წინააღმდეგ აღმოაჩნდა ბერკეტი, საქართველო, ამ შემთხვევაში, რითია უნიკალური შემთხვევა, გაუგებარია

ჯაბა ჟვანია

P.S. ეს დღეებია, ჯავახეთის სომხობა თავისი იდეოლოგიური მამების პირით პირდაპირ გვაფრთხილებს: როგორც კი საქართველო ნატოში შევა, ჯავახეთში თურქეთის ბაზები განთავსდება და ჩვენ ამას არ შევეგუებითო. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის ჯერ ამას არ ჰქონია საგანგაში სირენის ეფექტი, მაგრამ ამით არაფერი იცვლება; ზოგადად, ალბათობა, რომ აქაც უკრაინის მსგავსად კრიზისი წარმოიქმნას, დიდია. ასე რომ, როცა ეს საფრთხე რეალობად იქცევა, მერე იძახოს ფანჯიკიძემ, რუსეთს ბერკეტები არ გააჩნიაო.

 

1 COMMENT

  1. ბატ.ჯაბა სრულიად გეთანხმებით.მე ქართულ ოცნებაში უფრო საღად მოაზროვნე ხალხი მეგონა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here