Home რუბრიკები პოლიტიკა ზეევ ელკინი: პოსტსაბჭოთა კავკასიაში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა

ზეევ ელკინი: პოსტსაბჭოთა კავკასიაში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა

589

4 თებერვალს იერუსალიმში, დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს მთავარი რედაქტორების კლუბის მორიგი, მეშვიდე სესიის ფარგლებში, კლუბის წევრები – მედიამენეჯერები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ზეევ ელკინს შეხვდნენ.

ელკინმა ისრაელის საგარეოპოლიტიკურ და საგარეოეკონომიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობას დიდი ყურადღება ეთმობა. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნების დაახლოების ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უვიზო მიმოსვლის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ბოლო ხუთ წელიწადში ისრაელმა სავიზო რეჟიმი გააუქმა რუსეთთან და უკრაინასთან, უახლოეს მომავალში კი საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ დაუბრკოლებლად წასვლას ამ მართლაც საოცარ ქვეყანაში.

ზეევ ელკინი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, ერთხანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა და ისრაელის არამხოლოდ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ რედაქტორთა კლუბის ქართველი წარმომადგენელი ბონდო მძინარაშვილი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ისრაელის პოლიტიკურ წრეებში საქართველოში ბოლო წლებში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო კავკასიის ისრაელი. საერთოდ, როგორ უყურებთ ასეთ მიდგომას და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ? _ ამ შეკითხვის საპასუხოდ ზეევ ელკინმა განაცხადა:

_ საინტერესო ფორმულირებაა, თუ გავითალისწინებთ, რა დგას ამის უკან. თუ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ურთიერთობა მის მეზობლებთან ისეთივე იქნება, როგორც ისრაელისა მის მეზობლებთან, ჩემი აზრით, თქვენ ამისკენ არ ისწრაფვით. ისრაელში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა მისი იზოლაციის კონტექსტში, მაგრამ თუ მხედველობაში გაქვთ ისრაელის ეკონომიკური სასწაული, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში შეძლო გამხდარიყო აყვავებული ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც ახლა ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით განვითარებულ წამყვან ქვეყნებს შორისაა, ზოგიერთ სფეროში კი ლიდერის პოზიციასაც იკავებს, რატომაც არა, საქართველოსაც შეუძლია იგივე გააკეთოს.

_ თუ შეიძლება დავაზუსტებ: მე მხედველობაში მაქვს აშშ ახლოაღმოსავლური პოლიტიკა და ისრაელთან მისი პარტნიორობა და აშშ კავკასიური პოლიტიკა და საქართველოსთან მისი პარტნიორობა.

_ გასაგებია. იცით, ეს ანალოგია არც თუ ისე ადეკვატურია. ჯერ ერთი ისრაელს აშშ-სთან ყოველთვის არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ყოველთვის არ იყვნენ ასე ახლო მოკავშირეები, როგორც ბოლო ათწლეულებში. იყო დრო, როცა ისრაელს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან. შემდეგ ეს შეიცვალა.

მეორეც, უნდა გავიგოთ, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის ეს მჭიდრო ურთიერთობა მყარდებოდა ცივი ომის პერიოდში მთელი იმდროინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით. აშშ ეძებდა პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელიც, თვაის მხრივ, ეძებდა პარტნიორებს უძლიერეს სახელმწიფებს შორის. ისრაელის ტრადიციული მეზობლები _ არაბული სახელმწიფოები კი საბჭოთა კავშირისკენ იხრებოდნენ. თუმცა საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას. ამან ბუნებრივად განაპირობა აშშ-ისრაელის კავშირების გაძლიერება-გამყარება და ასე გრძელდება დღემდე.

პოსტსაბჭოთა პერიოდის კავკასიაში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე ნიშნით შესაძლებელია ამ ვითარებების შედარება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here