Home რუბრიკები საზოგადოება «ივანიშვილი ისე თუ არ ილაპარაკებს, როგორც ამერიკას ესიამოვნება, თავისი მილიარდები ფერფლად ექცევა»

«ივანიშვილი ისე თუ არ ილაპარაკებს, როგორც ამერიკას ესიამოვნება, თავისი მილიარდები ფერფლად ექცევა»

 «ერი და ბერი _ საქართველოს სადარაჯოზე!» _ ამ ლოზუნგით  ორგანიზაცია «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი»  საქართველოს  შემოივლის, იმ რაიონებს მოინახულებს, რომლებშიც სადროშოები უკვე დააარსეს, ხოლო 17 მაისისთვის თბილისში დიდ აქციას გამართავს. მანამდე კი «სახალხო დარბაზის» წევრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ უკვე მომზადებულ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოში მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებები რეგულარულად ირღვევა. ამ საკითხებზე გვესაუბრებიან «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» თავმჯდომარე გოდერძი ოთარაშვილი და ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი:

 

თინათინ დოგრაშვილი:

_ ჩვენ სარჩელი მოვამზადეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მართლმადიდებლობას ებრძვიან. სარჩელი საკმაოდ მოცულობითია, რადგან მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ერის წინაშე.

გოდერძი ოთარაშვილი:

_ პარალელურად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ქართველი ერის სახელით მივმართავთ წმინდა სინოდს _ აღკვეთოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება თუ მცდელობა, ხოლო მართლმადიდებლობის მტრები გადასცეს ანათემას! დიახ, წმინდა სინოდიც იგივე სასამართლოა და ის არსებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერისა და ეკლესიის წინაშე დანაშაულს სჩადიოდნენ, ანათემას გადაეცნენ.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ გიგა ბოკერიას, ნინია კაკაბაძეს, თეა თუთბერიძეს, მთლიანად «თავისუფლების ინსტიტუტს», «ნაცმოძრაობის» წევრებსა და დღევანდელი ხელისუფლების საკმაოდ ბევრ წარმომადგენელს. მოვითხოვთ, ანათემაზე გადაეცეს ყველა ქართველთმოძულე, რომლებიც ფარულად თუ ღიად ებრძვიან ჩვენს სულიერებასა და ეროვნულ ცნობიერებას. დროა, დამთავრდეს ამ უღმერთოთა ბოგინი!

ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის _ გავმართავთ აქციებს, გადავკეტავთ გზებს და უღმერთოებს არსად გავაჭაჭანებთ! ჩვენს უფლებებს თვითონვე დავიცავთ.

არ ვიმუქრები მაგრამ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია, რომ ყველაფრის ფასად დაიცვას სამშობლო და სარწმუნოება. ასე რომ, ვაი, იმ ე. წ. ადამიანებს, საწყალ არსებებს, რომლებიც დღეს დაფარულად თუ ღიად ებრძვიან მართლმადიდებლობას. მათ აღვგვით პირისაგან მიწისა! ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ერი თავის სათქმელს იტყვის. 

თინათინ დოგრაშვილი:

_ ლგბტ-ის დამცველებს საპატრიარქოში აგენტები ჰყავდათ შეგზავნილი და ცდილობდნენ, იქ მამათმავლობა და გარყვნილება შეეტანათ, შემდგომში ამ კომპრომატებით ეკლესია რომ გაეჩუმებინათ. მადლობა უფალს, რომ მათ ამ სიბინძურის გაღვივება ვერ შეძლეს საზოგადოებაში! გასული წლის 17 მაისი ამის ნათელი დადასტურებაა. ამ ყველაფრის შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს, ესა თუ ის პარტია ან ბიზნესმენი რას განაცხადებს, მთავარია, ქართველი ერი რას ფიქრობს და ამბობს. ქართველი ერი კი ამბობს, რომ უფალი მეფობს და არა რომელიმე პოლიტიკოსი თუ მილიარდერი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმიტომ, რომ ნაცჯოჯოხეთი მოგვაშორა, მაგრამ ივანიშვილი ისე თუ არ ილაპარაკებს, როგორც ამერიკას ესიამოვნება, თავისი მილიარდები ფერფლად ექცევა. ამიტომ ნუ შევყურებთ ერთ ადამიანს პირში და, თუ რამე არ მოგვწონს, თუნდაც ივანიშვილის ნათქვამი, დავანებოთ თავი. როგორც ჩანს, ივანიშვილზე უცხო ძალები ზემოქმედებენ და ამიტომ ამბობს ისეთ რაღაცას, რაც ქართველებისთვის მიუღებელია. თავი დავანებოთ ბიძინა ივანიშვილს და ერმა თქვას თავისი სათქმელი.

_ ხალხი ძალიან გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამმა პატრიარქის მისამართით

_ ჰოდა, გამოვიდეს ქუჩაში ეს გაღიზიანებული ხალხი და გააპროტესტოს. რასაც ერი მოითხოვს, იმას ვერც ივანიშვილი აღუდგება წინ და ვერც ვერავინ. ამის შემდეგ ამერიკაც და მთელი მსოფლიოც უკან დაიხევს. რით ვერ შევიგნეთ, რომ საქართველოში უფალი მეფობს და არა ბიძინა ივანიშვილი?!

 ხოლო უფლის სიტყვის გამხმოვანებელი ჩვენი უწმინდესია.

გოდერძი ოთარაშვილი:

_ არ უნდა დავემსგავსოთ სამზარეულოს ვირთხებს, რომლებიც ყავის ფინჯანს ხელიდან არ აგდებენ და ქადაგებენ, ეს ასე რატომ ხდება, ის _ ისეო. თუ მართლა სტკივათ თავიანთი ქვეყნის ბედი, ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტონ ის, რაც არ მოსწონთ. დადგნენ ერის გვერდით და მორჩნენ სამზარეულოში ჭორაობას. სატანა საქართველოში ვერ გამეფდება, მას წინ აღუდგება მთელი ერი პატრიარქის ხელმძღვანელობით.

_ რას აპირებთ?

_ პატრიარქის კურთხევით, გვაქვს გეგმები, რომელთა განხორციელებაც უკვე დავიწყეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით შევქმენით ჩვენი დარბაზის სადროშოები, ვემზადებით, რომ შევკრიბოთ ერთიანი, ძლიერი ქართული საზოგადოება. გაზაფხულზე დავასრულებთ სრულიად საქართველოს შემოვლას, 17 მაისს კი გავმართავთ დიდ დარბაზობას და, რასაც ამ დარბაზობაზე გადაწყვეტს ერი, ის იქნება უმთავრესი კანონი. ამას პატრიარქთან ერთად გავაკეთებთ.

თინათინ დოგრაშვილი:

_ დღევანდელი ხელისუფლების წევრთა უმრავლესობა წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან იყო გარიგებული, პოლიტიკა  ფულის საჭრელ დაზგად ჰქონდა გადაქცეული და ქვეყანას პირადი ბედნიერებისთვის იყენებდა. «ნაცმოძრაობასთან» ერთად ერის წინაშე არანაკლები დანაშაული მიუძღვით რესპუბლიკელებს, ირაკლი ალასანაიას, ზვიად ძიძიგურს და ..

 ქვეყნის გაყიდვასა და დაჩოქებაში ამ ადამიანებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მაგალითად, გიორგი თარგამაძეს და მის ამალას. ამიტომაც არის, რომ ქართველი ერი ამ ვაიპოლიტიკოსებს ყურს აღარ უგდებს და თვითონ იწყებს მოქმედებას. ძალიან დიდ მსვლელობას ვგეგმავთ. ცოტა ხანს დაველოდებით, როგორ აღდგება და დამკვიდრდება ქვეყანაში სამართალი და, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ერს სურს, მთელი საქართველო გარეთ გამოვა. ხელისუფლებას კი, რასაც ვიტყვით, იმას გავაკეთებინებთ. ამის შემდეგ ამერიკასაც გავცემთ პასუხს და ევროპასაც. უფლის გზაზე წავალთ და გავაკეთებთ იმას, რაც სურს ერს და პატრიარქს.

უღმერთოები წლების განმავლობაში ისე ბღალავდნენ ქართული ეკლესიის სახელს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და მოხდეს წმენდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეკლესიის წმენდას თვითონ ჩვენი უწმინდესი უხელმძღვანელებს. მეუფე კალისტრატე და მისნაირები აუცილებლად უნდა მოხვდნენ ამ წმენდაში.

გოდერძი ოთარაშვილი:

_ როგორიც ერი _ ისეთი ბერიო. თუ ვამბობთ, რომ ერი უნდა გაიმარგლოს, ასევე გასამარგლია ბერიც. ეკლესია სუფთა რომ ყოფილიყო, ერიც ასეთივე იქნებოდა. ამიტომ, პირველ რიგში, ერი უნდა გაიწმინდოს და შემდეგ გაწმენდილმა ერმა სამღვდელოება გაწმინდოს შეგზავნილი უკეთურებისგან. ეკლესიას ბევრი უღირსი აფარებს თავს, რომლებიც სახელს უბღალავენ ჩვენს სიწმინდეს.

ასე რომ, დაელოდეთ 17 მაისს. ამ დღეს ყველას ვანახებთ, ქართველ ერს რისი გაკეთებაც შეგვიძლია!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქართველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here