Home რუბრიკები ისტორია ისტორიის სახელმძღვანელოები იდეოლოგიური ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს

ისტორიის სახელმძღვანელოები იდეოლოგიური ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს

2233

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში რუსეთის ისტორიის ახალ სასწავლომეთოდურ კომპლექსზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდა და მათთან საკამათო საკითხებზე იმსჯელა. სახელმწიფოს მეთაურმა სპეციალისტებს დაავალა, მომავალი სასწავლო წლისთვის მოამზადონ ახალი საკითხები ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო გამოცდისთვის.

 

ახალი მეთოდიკის შესახებ დისკუსია შეხვედრის დაწყებამდე არ შეწყვეტილა _ ისტორიკოსები ვერ თანხმდებოდნენ, 2000 წლით უნდა დასრულებულიყო სახელმძღვანელო თუ დღევანდელობით. უმრავლესობა მეორე ვარიანტს ემხრობოდა.

_ ისტორიის სწავლების ერთიანი მიდგომები არ ნიშნავს ერთიან იდეოლოგიზებულ სახელმწიფო აზროვნებას. ყველაზე დრამატული მოვლენები ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მშობლიური ქვეყნის ისტორია ჩვენი ნაციონალური იდენტობის საფუძველი, ნაციონალური კულტურის კოდია. სასკოლო კურსის ამოცანა _ ეს არის, გადმოსცეს ისტორიის საკვანძო ფაქტები ჩვენი თანამემამულეების საქმეების შესახებ. ჩვენ თვითონ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვაკნინებთ მას, რაც ჩვენს წინაპრებს გაუკეთებიათ. რატომ ვიქცევით ასე, გაუგებარია. საკუთარი წარსულისა და სამშობლოსადმი პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კონფერენციაზე მუშაობისას წარმოქმნილ ძირითად საკამათო მომენტებზე ისაუბრა სამამულო ისტორიის სასწავლომეთოდური კომპლექსის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საყოველთაო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ჩუბარიანმა.

მან აღნიშნა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოების რეგიონულ დამატებებში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებაა, რომლებიც ფედერალურ კონცეფციას არ შეესაბამება. სპეციალისტები რუსული იდენტობისა და ძველი რუსული სახელმწიფოს წარმოშობის განსაზღვრის პრობლემებსაც შეეჯახნენ. ამ საკითხებზე პოზიცია კი უკრაინელ კოლეგებთან შეათანხმეს. ძირითადი სირთულეები წარმოიშვა მე-20 საუკუნის ისტორიის საკითხებში.

_ დიდხანს ვმსჯელობდით რევოლუციის პრობლემებზე და საბოლოოდ შემოვიტანეთ 1917 წლის მოვლენების ახალი განსაზღვრება _ რუსეთის დიდი რევოლუცია, რომელიც აერთიანებს თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების ეტაპებს, აგრეთვე, სამოქალაქო ომს. ვმსჯელობდით, როგორ შეგვეფასებინა საბჭოური საზოგადოება. მოვძებნეთ ფორმულა 30-იანი წლებისთვის _ ეს არის მოდერნიზაციის საბჭოური ვარიანტი, _ განაცხადა ალექსანდრე ჩუბარინმა.

დსთ ქვეყნების კოლეგებთან მსჯელობისას წარმოიშვა უთანხმოება მრავალეროვანი სახელმწიფოს ფორმირებისა და რუსეთთან შუა აზიისა და კავკასიის მიერთების საკითხებზე. ზოგიერთ ქვეყანაში ამ პერიოდს კოლონიზაციის პერიოდად აფასებენ. რუსეთი ასეთ პოზიციას არ ეთანხმება და ყველას მოუწოდებს, არ დაივიწყონ ამ მიერთების ეკონომიკური შედეგების პოზიტიური ხასიათიც.

ისტორიული შეფასებების შესახებ თავისი თვალსაზრისი გამოთქვა პრეზიდენტმაც. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთ საკითხზე კამათი შეიძლება საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ სწავლების პროცესის იდეოლოგიზაცია დაუშვებელია.

_ წარსულში, ყოფილ სისტემაში ზოგჯერ გაიპარებოდა ხოლმე ისეთი რაღაცები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ სახეში შეფურთხება. იდეოლოგიური ნაგავი უნდა მოვიშოროთ. არის რთული თემები: პეტრესეული რეფორმების ფასი, დიდი სამამულო ომი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ შედეგებზე. აი, წერენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპა სტალინის რეჟიმის ბნელეთში მოექცა. ფაშიზმს რომ გაემარჯვა? ზოგიერთი ხალხი საერთოდ ვერ გადარჩებოდა, მათ, უბრალოდ, გაჟუჟავდნენ, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეხვედრის დახურულ ნაწილზე, როგორც მონაწილეებმა თქვეს, ისტორიის სწავლების პრინციპებზე იმსჯელეს და მაგალითები დიდი სამამულო ომიდან მოიყვანეს.

_ წინ წამოვწიეთ ზოგიერთი ფაქტი. ამჟამად გენერალ ვლასოვს (ანდრეი ვლასოვი _ საბჭოთა გენერალი, რომელიც ტყვედ დანებდა გერმანელებს და რომელიც მათთან თანამშრომლობდა, კოლაბორაციონისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი) ახალგაზრდობა უფრო კარგად იცნობს, ვიდრე გენერალ კარბიშევს (დიმიტრი კარბიშევი _ საბჭოთა გენერალი, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, მაგრამ მათთან არ ითანამშრომლა, რის გამოც საკონცენტრაციო ბანაკში აწამეს), თუმცა ორივე პიროვნების ისტორია უნდა ვიცოდეთ, _ თქვა ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის ასოციაციის მოსკოვის განყოფილების თავმჯდომარემ პავლე პანკინმა.

მოსკოვის #1741-ე სკოლის მასწავლებელმა პავლე პანკინმა სწავლების საკუთარ მეთოდებზეც ისაუბრა.

_ ამჟამინდელ სახელმძღვანელოებს არ შეიძლება ანტიმეცნიერული ვუწოდოთ. აი, 90-იანი წლების ისტორიის სახელმძღვანელოებში კი იყო ორი პოლარული თვალსაზრისი: კონსერვატიული და ლიბერალური პოზიციები, მაგრამ 2000-იანი წლებიდან ურთიერთგამომრიცხავი განსხვავებები აღარ არის, _ აღნიშნა პანკინმა.

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის _ დიმიტრი ლივანოვის შეფასებით, ახალი სახელმძღვანელოების შექმნას 2-3 წელიწადი დასჭირდება. ჯერჯერობით კი საშუალო სკოლას გარდამავალი პერიოდი ელოდება: ისტორიის, სამართლისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება; ისტორიის სწავლება ორიენტირებული იქნება ახალ კონცეფციაზე, თუმცა უკვე ამ სასწავლო წელს ისტორიის გამოცდებში მხოლოდ ის დავალებები შევა, რომლებიც სამამულო ისტორიის ახალი კონცეფციით არის გათვალისწინებული.

ზემოაღწერილში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოშიც, ისტორიის სწავლების თვალსაზრისით, როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში იდეოლოგიის გავლენას ვერ ავცდით. არ შეიძლება საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში გერმანელი ფაშისტი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიონს იყო მომდგარი და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა, გაიგივდეს რუს ჯარისკაცთან, რომელმაც მსოფლიო «ყავისფერი ჭირისგან» იხსნა. არ შეიძლება, გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელსაც 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) ქართლკახეთის მეფემ ერეკლე მეორემ მოაწერა ხელი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განვიხილოთ და ახალგაზრდა თაობასაც ასე გადავცეთ, რადგან ამ ტრაქტატის წყალობით ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთისა და ოსმალეთის გარდაუვალ აგრესიას და სრულ გადაშენებას. აღსანიშნავია, რომ იმხანად, ანუ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველოში სულ 300 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 250 ათასი _ ქართველიარც სსრკის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური, რადგან ეს ხანა ქართველისთვის, სოციალურეკონომიკური პირობების მხრივ, ერთერთი საუკეთესო იყო ჩვენს ისტორიაში. ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამ ფაქტების ამოღება, სიმართლის დამალვა და მხოლოდ უარყოფითი მხარეების აღწერა კარგს არაფერს მოუტანს მომავალ თაობას, რადგან სწორედ წარსულის ისტორიული ფაქტების გააანალიზებით არის შესაძლებელი წინსვლა, მომავლის შენება

P.S. დიდი ილიას თქმით: «დავიწყება ისტორიისა, მომასწავებელია ერის სულით ხორცით მოშლისა და წარწყმედისა».

და კიდევ: «აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა

 

1 COMMENT

  1. გმადლობთ რომ წერთ ამ პრობლემაზე,უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობებისთვის მიეწოდოთ მათ სწორი ისტორია,რომელიც ჩვენ მოგვეწოდებოდა გაყალბებული და შეცვლილი სახით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here