Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაციონალები» ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ ახალ სკანდალს ამზადებენ

«ნაციონალები» ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ ახალ სკანდალს ამზადებენ

1130

საქართველო კვლავ მთავარი პროკურორის გარეშეა. ოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ხელისუფლება ახალი მთავარი პროკურორის დასახელებას არ ჩქარობს და საამისო მიზეზიც აქვს _ კიდევ ერთი შეცდომა საკმარისი იქნება, დადასტურებულად ითქვას ის, რაზეც კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ  დღევანდელ ხელისუფლებას კვალიფიციური კადრების აშკარა დეფიციტი აქვს.

 

ფარცხალაძის მემკვიდრედ კახი კახიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, კახიშვილი ამ თანამდებობას ვერ ეღირსება, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ის არ არის «ქართული ოცნების» გუნდის წევრი, უფრო ზუსტად კი, არც ერთი გუნდის წევრი არ არის და, გენპროკურორად ყველა ხელისუფლებას შინაური კაცი რომ სჭირდება, საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია.

მეორე კანდიდატად კი ირაკლი შოთაძე დასახელდა. ფარცხალაძის მიერ პროკურატურაში მიყვანილი და ლაშა ნაცვლიშვილის ადგილზე დანიშნული შოთაძე გენერალური პროკურორის მოვალეობას ახლაც ასრულებს, მაგრამ ცხადია, რომ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და ელოდება იმის გარკვევას, ვისზე დადებს ფსონს ხელისუფლება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებიც. პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა უკვე განაცხადა, შოთაძის დანიშვნა პირდაპირი მინიშნება იქნება, რომ ფარცხალაძე თანამდებობიდან არ წასულაო.

შოთაძე ფარცხალაძის მოყვანილი კადრია და, მისი დანიშვნის შემთხვევაში, გენერალურ პროკურატურას ისევ ფარცხალაძე გააკონტროლებს, _ ასეთია წიკლაურის განცხადების შინაარსი, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფარცხალაძე პროკურატურაში ვეღარაფერს გააკონტროლებს, რადგან ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წიკლაურმა განცხადება შეგნებულად გააკეთა იმისთვის, რათა ხელისუფლებას ეგონოს, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» შოთაძის მაკომპრომეტირებელი მეტი არაფერი აქვს. არადა, სასამართლოდან უკვე გამოთხოვილია მასალები კონკრეტულ საქმეზე, რომელშიც ბრალდების მხარეს სწორედ შოთაძე წარმოადგენდა. საქმე რიგითი რომ იყოს, შესაძლოა, «ნაცმოძრაობას» არც ეაქტიურა, მაგრამ, როცა საუბარი ნიკა ლომინაძის მკვლელობასა და სამუდამო პატიმრობამისჯილ გიორგი გვიჩიანსა და ნიკა ჩემიაზეა, ცხადია, საპარლამენტო ოპოზიცია სერიოზული სკანდალისთვის ემზადება.

ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს მოკლეს, 2006 წლის მარტში კი დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და მკვლელობის დამკვეთად «თბილგაზის» ყოფილი გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი დასახელდა. მას და ნიკოლოზ ჩემიას, როგორც ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ და ისინი სასჯელს დღემდე იხდიან. გვიჩიანისა და ჩემიას გასამართლება ნოდარ გვიჩიანის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ნოდარ გვიჩიანი, რომელიც გია გვიჩიანს ენათესავება, სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს; თავისუფლება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცავებს ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნა შესთავაზა და ხელი გვიჩიანსა და ჩემიას დაადო. საქმეში კიდევ ორი არაპირდაპირი მოწმე იყო, რომლებმაც დანაშაულიც აღიარეს და მსუბუქი სასჯელიც მიიღეს, ხოლო გვიჩიანმა და ჩემიამ ბოლომდე უარი თქვეს აღიარებაზე და მათ სამუდამო პატიმრობა ერგოთ.

ამ საქმეში სახელმწიფო ბრალმდებელი ოფიციალურად ანზორ ხვადაგიანი გახლდათ, თუმცა მისი სტაჟიორი შოთაძე იყო, სასამართლოზე სიტყვითაც გამოდიოდა, ხვადაგიანის არყოფნის დროს პროცესზე ბრალდების ინტერესებს იცავდა და, რაც მთავარია, საბრალდებო დასკვნაზე მისი ხელმოწერაც არის.

დღევანდელი მდგომარეობით, ახალი გარემოებების აღმოჩენის გამო, სააპელაციო სასამართლომ ჩემიასა და გვიჩიანის საქმის ხელახლა განხილვა დაიწყო. ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ორივე მათგანი გამართლდეს, რადგან, როგორც ახლა ირკვევა, პროკურატურამ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს ის დასკვნა დამალა, რომელიც გვიჩიანისა და ჩემიას უდანაშაულობას ამტკიცებს. ლოგიკას რომ მივყვეთ, შეუძლებელია ამ დასკვნის შესახებ ხვადაგიანსა და შოთაძეს არ სცოდნოდათ და რა გამოდის? _ მათ იცოდნენ, რომ ორ უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ და საბრალდებო დასკვნას ხელი მშვიდად მოაწერეს.

სწორედ ამ ამბავზე აპირებენ «ნაციონალები» ხმაურის ატეხვას და არად დაგიდევენ იმას, რომ ხელისუფლებაში იმხანად თავად იყვნენ და არაერთი უდანაშაულო ჩასვეს ციხეში. ახლა კი ამბობენ, გამოიძიეთ, დაგვიმტკიცეთ და პასუხი მოგვთხოვეთო და, თუ ასეთ საქმეებზე პასუხი არავის მოსთხოვეს და სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, ახალი მხატვრული ფილმის გადაღება მოგვიწევს ძველი სათაურით «ლონდრე»!

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here