Home რუბრიკები პოლიტიკა ევროსათაგური ხორვატიისთვის

ევროსათაგური ხორვატიისთვის

523

ამ დღეებში ზორან მილანოვიჩმა გაბედულად და კადნიერად განუცხადა ბრიუსელს: «არავის მივცემ უფლებას, ჩვენზე ფეხები გაიწმინდოს!..» ვინ არის ეს მილანოვიჩი? _ კითხულობენ ახლა ევროპის დედაქალაქებში. უპასუხებენ: _ ხორვატიის პრემიერმინისტრი. სამი თვეც არ გასულა, რაც ხორვატია ევროკავშირში შევიდა და იმთავითვე თავნება ხასიათი გამოავლინა, თანაც ისე და იმგვარად, რომ სერიოზულად ალაპარაკდნენ ამ პატარა, მაგრამ თავმოყვარე ბალკანეთის რესპუბლიკის მიმართ სანქციების შემოღებაზე.

 

კონფლიქტის მიზეზი გახდა Lax PerKovic. 2013 წლის 18 სექტემბერს ევროკომისიამ მის გამო დაიწყო პროცესი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს სანქციების დაწესებით ევროკავშირის 28-ე წევრის წინააღმდეგ.

ხორვატიამ ევროკავშირში შესვლამდე დადებული პირობის საწინააღმდეგოდ უარი თქვა, სრულად დაეკმაყოფილებინა ვალდებულებანი ეჭვმიტანილების გადაცემაზე სხვა წევრი სახელმწიფოსთვის . . «დაპატიმრების ევროპული ორდერის» საფუძველზე.

ასეთი ორდერი ხორვატიის მოქალაქის _ იოსიპ პერკოვიჩის დაპატიმრების შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს გამოწერეს გერმანიაში. გერმანელები ელოდნენ ხორვატიის ევროკავშირში შესვლას, რათა ამოქმედებულიყო ევროპული ორდერის ნორმა და პეტროვიჩი გერმანიის ხელისუფლებისთვის გადაეცათ.

ხორვატებმა თავიდან კი ივალდებულეს, მაგრამ შემდეგ იეშმაკეს. ევროკავშირში შესვლამდე სამი დღით ადრე, ზაგრებში ცალმხრივად შეცვალეს თამაშის წესები _ სავარაუდო დამნაშავეთა გადაცემის ვადა 2002 წლის აგვისტოთი განსაზღვრეს. ახალი კანონით, პერკოვიჩი, რომელმაც დანაშაული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1983 წელს ვითომდაც ჩაიდინა, გერმანიას არ გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ ხორვატები უცხოეთის სამართალში არ იქნებიან მიცემულნი, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა ჩადენილი დანაშაული 1991-1995 წლების იუგოსლავიის სისხლისმღვრელი ომების დროს. კონკრეტული შემთხვევა ამჯერად იოსიპ პერკოვიჩს ეხება.

2013 წლის 29 ივლისს იუგოსლავიის საკითხებში ევროკომისარმა ვივიენ რედინგმა შეკითხვა გაუგზავნა ხორვატიას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. ერთი თვის შემდეგ ბრიუსელში განაცხადეს, რომ ზაგრებმა არც ინება პასუხის გაცემა ევროკომისიის ოფიციალურ შეკითხვაზე. აგვისტოს ბოლოს რედინგი ალაპარაკდა ხორვატიის წინააღმდეგ პროცესის შესაძლო დაწყებისა და საჯარიმო სანქციების დაწესების თაობაზე. 2013 წლის 17 სექტემბერს ვივიენ რედინგმა ბრიუსელში განაცხადა, რომ პროცესმა ხორვატიის წინააღმდეგ სტარტი აიღო. გაირკვა, რომ პროცედურა ჯერ კიდევ 13 სექტემბერს ყოფილა დაწყებული, რომელიც შეიძლება დასრულებულიყო ევროკავშირის ფონდებიდან ხორვატიისთვის სუბსიდიების გაცემაზე უარის თქმით.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა მილანოვიჩმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შესწორებებს შეიტანს დაპატიმრებაზე ევროპულ ორდერში, ისე, როგორც ევროკომისარი ვივიენ რედინგი მოითხოვს, მაგრამ ამას მხოლოდ მომავალი წლის ივლისში გააკეთებს. რედინგმა გააფრთხილა, რომ ეს არასაკმარისია. ევროკომისარმა მოითხოვა ამის დაუყოვნებლივ რამდენიმე დღეში განხორციელება, მან ხორვატიის მთავრობა ნდობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ახლა ევროკავშირის ქვეყნებმა 10 სამუშაო დღის განმავლობაში თავიანთი აზრი უნდა გამოთქვან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, და ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ბრიუსელი ხორვატიას სანქციებს დაუწესებს. ასეთი სანქციები უიშვიათესი მოვლენაა და ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.

რედინგს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ შემთხვევაში სანქციები ხორვატიის წინააღმდეგ მიღებული იქნება.

დასაწყისისთვის ევროკომისიამ შეიძლება ხორვატიას არ მისცეს 80 მილიონი ევრო, რომელიც გამოყოფილი იყო შენგენის ზონასთან მიერთების უზრუნველსაყოფად. საეჭვო გახდება შენგენთან ხორვატიის მიერთებაც კი.

ყველაფერი ფორმალურად კანონიერ საფუძველზე კეთდება, რაც უფლებას აძლევს ევროკომისიას, «განახორციელოს შესაბამისი ზომები» იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს «სერიოზული ნაკლოვანებანი» ხორვატიის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ამჟამად ხორვატია სრულიად არაადეკვატურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რასაც ხსნიან პროვინციული შურისძიების მოტივით. რედინგი ხორვატიას თავს ესხმის თავისი პარტიული სიმპათიების გამო. ხორვატიის სათავეში დგანან მემარცხენე ცენტრისტები, რედინგი კი მემარჯვენე ცენტრისტების ბანაკშია.

ამრიგად, ევროკავშირის შიგნით ახალი კონფლიქტის ცენტრში დგას იოსიპ პერკოვიჩი _ კომუნისტური იუგოსლავიის უშიშროების თანამშრომელი, რომელსაც ბრალს სდებენ იუგოსლავი ემიგრანტის _ სტეპან დიურეკოვიჩის მკვლელობაში გერმანიის ტერიტორიაზე, ბავარიაში.

ხორვატი დიურეკოვიჩი ანტიკომუნისტურ და ანტიიუგოსლავურ პროპაგანდას ეწეოდა.

როგორც ყველა სისხლის სამართლის საქმე, აქაც უამრავი სპეციფიკური დეტალია, რომელთა გარკვევა და მტყუან-მართლის დადგენა ამ პუბლიკაციის მიზანი არ არის. ამ შემთხვევაში სხვა რამეა მთავარი და საყურადღებო.

პერკოვიჩის საქმემ ბზარი გააჩინა გერმანიისა და ხორვატიის მეგობრულ ურთიერთობაში. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დემონსტრაციულად არ დაესწრო საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც ზაგრებში გაიმართა და ხორვატიის ევროკავშირში გაერთიანებას მიეძღვნა. ეს მით უფრო თვალშისაცემი იყო, რომ სწორედ გერმანია სპონსორობდა ხორვატიის დამოუკიდებლობას 1991 წელს. მიზეზს გერმანიისთვის პეტკოვიჩის გადაუცემლობაში ხედავენ.

ეს ერთი.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი არის ევროპული ნორმების დაპირისპირება ბალკანურ ნაციონალიზმთან ან, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, ამ ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის პრინციპები ვერ შეეთავსა ევროპული ნიველირების პრინციპებს.

სხვას ვერ გადააბრალებენ: ხორვატია საითაც გაიქცა, იქით წაიქცა.

ევროკავშირის ახალმა წევრებმა თვალები მოიფშვნიტეს და აშკარად დაინახეს ეს შეუთავსებლობა: ევროსკეპტიკოსი სახელმწიფოები არ მიესალმებიან ნორმას, რომელზეც ვისაუბრეთ. სხვებს თავი რომ დავანებოთ, დიდი ბრიტანეთის უარყოფითი დამოკიდებულების უგულებელყოფა წარმოუდგენელია.

მორალი: ყველაფერი ოქრო არ არის, რასაც ევროკავშირის ბეჭედი აქვს დარტყმული.

საინფორმაციო სააგენტო REGNUMის ევროპული რედაქცია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here