Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკას არ სჭირდება დემოკრატიული საქართველო, ამერიკას სჭირდება მონა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკას არ სჭირდება დემოკრატიული საქართველო, ამერიკას სჭირდება მონა!

544

«პარაფირებით» აღტყინებული ქართველი ლიბერალები, ლიბერალებს აყოლილი კონსერვატორები, ეროვნული სულისკვეთებით გამორჩეული «ფორუმელები», რომ აღარაფერი თქვას კაცმა «ნაცებზე», გონებადაბინდულები ხალხს არწმუნებენ, რომ იქ, სადაც მალე საქართველო შევა, ევროკავშირი რომ ჰქვია, ძალიან მაგარი ცხოვრება გვექნება.

 

გვექნება თუ არა მართლაც საოცნებო ცხოვრება? რა მოგვიტანა და რას მოგვიტანს «დემოკრატიის სახელით» ევროატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი? რა დარჩება ჩვენი ქვეყნისგან და რას ფიქრობენ იმ ქვეყნების მცხოვრებნი, რომელთაც ეს «ოცნება» უკვე აუსრულდათ? _ ამ კითხვებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა უპასუხა.

_ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ ლტოლვით ჩვენ ისეთი დემოკრატია მივიღეთ, რომელიც ნამდვილი დემოკრატიისგან ძალიან შორს არის. რატომ ვახსენე ევროატლანტიკური სივრცე? სწორედაც ისინი არიან «დემოკრატიის მამები» და მათ შეძლეს ჩვენი აზროვნებისა და მენტალიტეტის დეგრადირება.

ყველა ერს თავისი დემოკრატია აქვს. ძალიან «დემოკრატიულ» ამერიკაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შავკანიანებს ახლოსაც არ იკარებდნენ. ამერიკის ყოფილმა ელჩმა _ მაილსმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ კოლინ პაუელის წიგნი მაჩუქა, რომელშიც ავტორს საკუთარი ცხოვრება აქვს აღწერილი. ის ფერადკანიანია. წიგნში ხაზგასმით არის აღნიშნული გასული საუკუნის 80-იან წლებში, როგორ არ უნდოდათ ამერიკელებს იმის გაგონება, რომ ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის რაიმე ნორმალური დამოკიდებულება ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს ამერიკას ფერადკანიანი პრეზიდენტი ჰყავს, არ ნიშნავს დემოკრატიას. ამერიკა დემოკრატიის ნიღბით სხვა ქვეყნებში შედის და იქ «საკუთარ დემოკრატიას» ამყარებს. ისინი ამ ნიღბით იმონებენ ქვეყნებს და ასე შემოვიდნენ საქართველოშიც.

საბჭოთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერებს ისტორია, კულტურა და ენა შეენარჩუნებინათ. 1953 წლის შემდეგ ისევ ისე რომ გაგრძელებულიყო, როგორც იყო, დღეს მასზე დიდი ქვეყანა არ იარსებებდა.

დემოკრატია, რომელსაც დასავლეთში თავისი ჩარჩოები აქვს, შექმნილია მათ მიერ და მათთვის, მაგრამ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, დაძალებაა; გვაძალებენ, ვიყოთ ისეთები, როგორებიც თავად არიან, არ უყურებენ წარსულს, ისტორიას, ბუნებას.

_ როგორები გავხდით ჩვენ?

_ გავხდით ინდიფერენტულები, გვაქვს ზედაპირული დემოკრატია, რომელიც ჩაცმაში, ცუდ ქცევაში გამოიხატება. ამერიკასა და ევროპას თავისთვის სხვა დემოკრატია აქვთ, სადაც აკრძალვებიც არის და ცენზურაც, მაგრამ ჩვენთვის არის ის, რაც ალენ დალესმა ბრძანა: «დემოკრატიითა და მისი ფასეულობებით უნდა გაირყვნა». გარყვნილი და კორუმპირებული ადვილი სამართავია. დღეს ჩვენ გვყავს ახალგაზრდობა, რომელსაც გასაღებს ძალიან იოლად მოუძებნი.

_ ოცი წელია, «დემოკრატიის მამები» ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ყველა უმსგავსობას იწონებენ.

_ თუკი ისინი თვლიან, რომ ჩვენი აღმზრდელები და ჭკუის დამრიგებლები არიან, თუკი გვაძლევენ თანხებს გრანტის სახით, გვიქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობაში ჩანერგილი ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, მაშინ ცოტათი მკაცრიც უნდა ყოფილიყვნენ _ არ უნდა დაეშვათ თავისი მოცემული ფულის უაზრო ფლანგვა, მაგრამ ამერიკელების მიზანი საქართველოში დემოკრატიის აშენება არ ყოფილა. მათი სურვილი იყო გაბრიოლინებული თავით ამერიკის უკანალში შევსულიყავით. მათ მოახერხეს კორუფციის უმაღლეს დონეზე აყვანა. ამერიკა საქართველოს მთავრობის აღვირახსნილობას არათუ წერტილს უსვამს, ხელსაც კი უწყობს.

სააკაშვილს წლების განმავლობაში ავტოტერაქტებს აკეთებინებდნენ და მერე ხელს რუსეთს ადებდნენ. ეს, დემოკრატია კი არა, ცილისწამებაა, თანაც ბინძური, რომელიც მძიმე შედეგით მთავრდება და სწორედ ეს მოხდა 2008 წელს. ამერიკამ საქართველოში ისეთი ჯალათური სისტემა შექმნა, რომელიც ყველანაირი დემოკრატიის დამთრგუნავია.

წლების განმავლობაში «თავისუფლების ინსტიტუტი», სოროსის ფონდი, «ახალგაზრდა იურისტები» და სხვა მრავალი ორგანიზაცია ევროპელებისა და ამერიკელების შექმნილია და ისე გვტენიან, როგორც ვირს პიტნას. სწორედ ამ ორგანიზაციების ხელით ახერხებს ამერიკა საქართველოში ყველა სიბინძურის დანერგვას.

_ რაში სჭირდებოდა ამერიკასა და ევროპას ასეთი საქართველო?

_ ჩვენი დამონება უნდოდათ და ამას იმ თავისივე გაწვრთნილი ჩვენი მოქალაქეების ხელით აკეთებდნენ. ამერიკას არაფერში სჭირდება დემოკრატიული საქართველო; მას უნდა, რომ მონა იყო.

ჩვენ წლების განმავლობაში დემოკრატიის სახელითა და ხელდასმით ბევრი რამ გადავიტანეთ, პირველ რიგში კი _ ცოცხები, რაც ამერიკული დემოკრატიის ნათელი დასტურია. მანამდეც არ გამოვიარეთ ცოტა რამ. ამერიკელებმა არ მიიღეს გამსახურდია, მას და მის პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე დაარქვეს. საქართველოში 1991 წლის ზაფხულში კონგრესის ორი დელეგაცია ჩამოვიდა. მათ ჩამოსვლას ედპ-ს მიტინგი დაემთხვა, სადაც სროლებიც იყო. არ ვიცი, ეს პროვოცირებული იყო თუ, უბრალოდ, დაემთხვა, მაგრამ ეს ფაქტი ამერიკელებმა გამსახურდიას საწინააღმდეგოდ ძალიან კარგად გამოიყენეს.

ზვიად გამსახურდის არავითარი დასაყრდენი არ ჰქონდა უცხოეთში, გამსახურდია მიიჩნევდა, რომ ისინი საქართველოს მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. მას ეს გრძნობა ნიქსონის საქართველოში ჩამოსვლამაც ვერ გაუნელა. შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, ყველასთვის ცნობილია. შევარდნაძე ჩამოვიდა, რომელიც ამერიკამაც და დასავლეთმაც გულში ჩაიხუტა, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღოდა საბჭოთა კავშირის დაშლაში. სწორედ ამ დამსახურებისთვის ზის დღესაც კრწანისში, თორემ სააკაშვილის მეცადინეობით დიდი ხნის წინ იჯდებოდა ციხეში. ამერიკელებმა შევარდნაძესთან იმდენად კარგად იმუშავეს, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა ტერიტორიები არ დაებრუნებინა, ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას ხელი შევარდნაძემ შეუწყო. მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შევარდნაძე ამერიკელების მონა გახლდათ, იმ დონეზე, რომ თავადაც კი ხანდახან უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამერიკული დიქტატის მისამართით. ერთხელ მან ასეთი რამ თქვა: «სიტყვა ვერ მითქვამს ისე, რომ ამერიკის ელჩი თავზე არ დამადგესო».

შევარდნაძის და შემდეგ უკვე სააკაშვილის ასეთმა ნაბიჯებმა მოგვიტანა ის, რომ დაკარგულ ტერიტორიებს უფრო დავშორდით. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ამერიკელები და ევროპელები მოწადინებულნი იყვნენ, ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში დაგვხმარებოდნენ, მაგრამ მათ სინამდვილეში ეს სულაც არ აინტერესებდათ. საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ მაილსთან კარგი ურთიერთობა მქონდა-მეთქი, იმ პერიოდში ჩვენ ვხვდებოდით და მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით აფხაზებთან ავსტრიასა და გერმანიაში. იქიდან დაბრუნებულს სულ მქონდა სურვილი, ჩემი მოსაზრება და შთაბეჭდილებები ამერიკის ელჩისთვის გამეზიარებინა, მაგრამ ის არც კი მისმენდა ან, თუ მისმენდა, უგულისყუროდ, ვგრძნობდი, რომ მას ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებდა. მახსენდება იმ პერიოდში მოარული ხმა: «ამერიკა საქართველოს აფხაზეთს უყიდის». ეს მაშინაც სასაცილო იყო, მაგრამ ამ ფრაზას იმეორებდნენ საელჩოების წარმომადგენლები, საკმაოდ ცნობილი ადამიანები, მათ გვარებს არ დავასახელებ.

სწორედ შევარდნაძის დროს დაფუძნდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და რომელთა მუშაობაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. შევარდნაძის დროს აღზევდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მერე ამერიკელებს თავისი თავი სულ სხვანაირად შესთავაზეს. მათ იმის გაკეთება შეძლეს, რაც შევარდნაძის დროს არ მოხდა _ ახალგაზრდებმა მთელი საქართველო გადააგვარეს.

სააკაშვილის მიერ მოწყობილი რევოლუცია, ყველა პარამეტრებით, მართლაც, რევოლუცია გამოდგა. მან მოახერხა, სრულიად გადაეგვარებინა და შეეცვალა ქართული მენტალიტეტი. ჩვენ მოგვცეს სატყუარა ნატოსა და ევროკავშირის სახით, რომელიც იმდენად იყო მხარდაჭერილი პროპაგანდით, რომ გადაქანებულმა ხალხმა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა სხვა არაფრის მოსმენა აღარ ისურვეს. 24 ათასზე მეტი ახალგაზრდა გრანტებით მოიწამლა, ეს კი საკმაოდ ბევრია პატარა საქართველოსთვის.

განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგები მიწასთან გასწორდა. წინ წამოსწიეს ტურიზმი, რათა ვიღაცას მოემსახურო, მაგრამ ტურიზმით ნაცხოვრები ქვეყანა იშვიათია. ამერიკამ და ევროპამ მოახერხეს იოლი ცხოვრების კულტივირება. ჩვენი ხელისუფლება თვლიდა, რომ ყველაფერს უცხოეთიდან შემოიტანდა, არაფერს შექმნიდა და ლაღად ცხოვრებას შეძლებდა, ამ იდეის ფუნდამენტური ჩაბეტონება კი ამერიკელებმა მოახდინეს. მათ ქართველებში სერიოზულ მომავალზე ფიქრი ჩაკლეს.

ყველა საღად მოაზროვნე გარიყეს, მოხდა საზოგადოების დისკვალიფიკაცია; ყოფილი მეცნიერ-მუშაკები ბაზრობებზე დგანან. ამერიკელებმა მიზანს მიაღწიეს. ამ პროცესის შეჩერება კი ძალიან ძნელია.

_ მაგრამ შესაძლებელი

_ დღეს არსებული ხელისუფლება «ნაციონალური» ხელისუფლების გაგრძელებაა, შედარებით შერბილებულ ფორმებში, მაგრამ მაინც იმგვარად მოაზროვნე, როგორც მათი წინამორბედები.

_ შესაძლებელია, ახლა ჩემი შეკითხვა თემას ასცდეს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: მინდა, დავიჯერო, რომ ივანიშვილს ჰქონდა სურვილი ქვეყნის სწორ, ეროვნულ რელსებზე გადაყვანის, მაგრამ ამბობენ, მას საშუალება არ მისცესო. შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს?

_ შესაძლებელია, რომ მას ამის საშუალებას არ მისცეს, ვინაიდან ამერიკელებს არ სურთ ძლიერი საქართველო. მათი სურვილია, ხელისუფლებამ ეს ქვეყანა ისე მართოს, რომ გაითვალისწინოს ამერიკის ელჩის მოთხოვნები. ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ხელისუფლებას ამერიკის ელჩი წარმოადგენს. შტატებს არაფერში სჭირდება ქართველის დამოუკიდებელი აზროვნება, ის თითის ქნევით გვაკეთებინებს იმას, რაც სურს. მას სურდა და სააკაშვილის რეჟიმი ფაშიზმად გადააქცია.

პროცესის შეჩერება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პატრიოტული ძალები იჩენენ თავს; მათ რადიკალურად უნდა შეცვალონ კურსი, ევროპასთან ბატონყმურ ურთიეთობას თავი უნდა დაანებონ, თუმცა ამ პროცესებში მხარდაჭერაც საჭიროა, მხარდამჭერი კი ერთადერთია _ რუსეთი. მაგრამ რატომ გაგვიკეთებს ის ამ სიკეთეს? 23 წლის განმავლობაში მხოლოდ მისი გინებით ვიყავით დაკავებულნი, ის ვერ ხედავდა ჩვენში ცხოვრების სტილის შეცვლის სურვილს. ხელისუფლება იცვლებოდა, მაგრამ აზროვნება _ არა. 23 წელიწადი ანტიქართულ და ანტირუსულ ნაბიჯებს ვდგამდით. რუსი მტრად დავსახეთ, თუმცა, დღეს რომ საქართველო არსებობს, რუსეთის დიდი დამსახურებაა, ხოლო ამერიკიდან და ევროპიდან რაც გვაქვს, ამასაც ვხედავთ: დანგრეული ქვეყანა, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით დისკვალიფიცირებული საქართველო, მეცნიერება _ დაკნინებული, განათლება _ ნულის დონეზე და, რაც მთავარია, მილიონ-ნახევარი ემიგრანტი და, თუ სავიზო რეჟიმი გაიოლდა, ამ რიცხვს კიდევ ერთი იმდენი მიემატება.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება პატრიოტი, რომელიც თავს გადადებს, მაგრამ ასეთი ადამიანი არ მეგულება. და თუ ოდესმე გამოჩნდება, ეს ქვეყანა იქამდე იარსებებს? _ ეჭვი მეპარება. მყავს ბულგარელი მეგობრები, რომლებიც ევროკავშირში შესვლის შემდეგ მოთქვამენ და ამბობენ, რომ ქვეყანა დაიქცა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here