Home რუბრიკები სამართალი სოდის «ადამიანების გატაცების განყოფილების» სამი ოფიცერი დღეს დაწინაურებულია!

სოდის «ადამიანების გატაცების განყოფილების» სამი ოფიცერი დღეს დაწინაურებულია!

640

ამნისტიამ საზოგადოებაში ბევრი პირქუში პროგნოზი გააჩინა, თუმცა კრიმინალური ფონი მაინცდამაინც არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ადამიანთა გატაცების ბოლო ხანებში გახშირებულ ფაქტებსვის და რაში სჭირდება ეს გატაცებები? რატომ იყო «ნაციონალების» დროს ლამის ყოველდღიურ ამბად გადაქცეული პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ოჯახის წევრების გატაცება? იმიტომ ხომ არა, რომ ამერიკელებმა თავის შვილობილ საქართველოს სპეცსამსახურებს ეს ყველაფერი ხანგრძლივი სტაჟირებისა და მომზადებების დროს ასწავლეს? _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა.

 

_ ადამიანების გატაცება და მოკვლა ჩვენში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, ღარიბაშვილი თვლის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა «ნაცების» დაკვეთით და მათ ჯერ კიდევ საკმარისი ძალა აქვთ ამ ტიპის დივერსიების მოსაწყობად, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ლოგიკურად ჯდება დღევანდელ სცენარში ის ამბავი, რომ კრიმინალურმა ფონმა ვითომ მოიმატა ქვეყანაში. არადა, ამისი შემოწმების სამართლებრივი მექანიზმები თითქმის არ გვაქვს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ კრიმინალური ფონი გაიზარდა ან არ გაიზარდა. ასეთ სიტუაციაში ბუნებრივი იქნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ ამ პროგნოზს, თვითონ იყვნენ დაკავშირებულნი შემსრულებლებთან ან სულაც მათი დავალებით ხდებოდეს ყოველივე. მით უმეტეს, რომ წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის ხშირად იყენებდა ისეთ მეთოდს, როგორიცაა ადამიანების გატაცება. გავიხსენოთ, 7 ნოემბრის დარბევა და გამოსვლები, როცა ხელისუფლება ხშირად გაატაცებინებდა ხოლმე რომელიმე არც ისე ცნობილ ფიგურას და ატყდებოდა პანიკა. ამით ცდილობდნენ, დაეშინებინათ აქციის მონაწილეები. ასევე გავიხსენოთ 26 მაისის სისხლიანი ღამე. გატაცებები დაიწყო 22-დან. რამდენი კაცი გაიტაცეს ამ აქციების დროს, რამდენი უგზოუკვლოდ გაქრა, რამდენს დღემდე ეძებს ოჯახი, საიამ და არასამთავრობოებმა რამდენი იყვირეს ამ საკითხზე, მაგრამ უშედეგოდ.

გარდა ამისა, რამდენი ციხის კამერებში ცემაში შემოაკვდათ, რა გასაკვირია, რომ ასეთი წარსულის ხალხს დღესაც ახასიათებდეს გატაცებების რეციდივი? პროკურატურაში წარსადგენად საკმარისი საბუთები, ცხადია, არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ადვოკატებმა, ვის რა ინტერესი ამოძრავებს ხოლმე პროცესზე. სრულიად გასაგებია, რომ 26 მაისის ავტორები დღესაც არ ანებებენ თავს ძველ ხელობას. მარტო სხვებზე რომ არ ვილაპარაკო, მე თვითონ ძლივს არ გადავრჩი 26 მაისს? ჩემი მეუღლე რომ არ მდგომოდა გვერდით, ისე მცემეს, ძლივსღა ვიდექი ფეხზე. ერთ პოლიციელს რომ არ ვეცნე და არ დაერეკა (დარეკვასაც გააჩნია) შალვა ხაჭაპურიძეა აქ და ჩავაძაღლოთ თუ არაო, არ ეკითხა, მეც ხომ ისეთივე უგზო-უკვლოდ დაკარგული ვიქნებოდი? ამ დროს მიშველა ჩემმა მეუღლემ და გამომიყვანა…

ასეთი საქმეები ცხელ კვალზე იხსნება ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ მარტო ეს საქმეები კი არა, იმ საქმეების გამოძიებაც ჭიანურდება, რომელთაც არ სჭირდება ბევრი წვალება. ხომ ვიცით, რომ უამრავ ადამიანს წაართვეს ბიზნესი, უამრავი ფაქტია უფრო მძიმე დანაშაულის, ანუ იმ საქმეების გახსნას პოლიტიკური ნება სჭირდება, დანარჩენი ადვილია, მაგრამ გამოიძია ვინმემ? ხალხი უკმაყოფილოა, ხშირად მესმის საყვედურები.

_ ოფიციალური მონაცემებით, 2000-მდე კაცი ითვლება დაკარგულად, ამ საქმეებს «გრიფი საიდუმლო» ადევს. შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ამ საქმეებს ოდესმე ვინმე გამოიძიებს?

_ ეს გრიფი იმიტომ კი არ ადევს, რომ ძნელი გამოსაძიებელია, არამედ სულ სხვა მოსაზრებით _ თუ სხვას არ მიუშვებენ, თვითონ გრიფის დამდებს ხომ შეუძლია ჩაიხედოს ამ საქმეში? ყველაფერი ზედაპირზე დევს. არც დიდი ანალიტიკური აზროვნებაა საჭირო და არც ძალიან ბევრი ხალხის დაკითხვა, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ გამოიძიებენ ადრე თუ გვიან. პროფესიული ყნოსვა მეუბნება ამას. ელემენტალურად დაკარგულია ხომ ცინდელიანი? დეტალები ნაღდად არ ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს საქმე ჯერაც არ არის გამოძიებული. ბარამიძემ რომ სვანეთში ოპერაცია ჩაატარა, ოპერაციას ვამბობთ, თორემ სინამდვილეში ჟლეტა მოაწყო. მაშინაც დაიკარგა ხალხი, იმ ხალხის ბედიც დღემდე გაურკვეველია.

ამას რაღა გამოძიება უნდა? სვანეთში ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობელია, ყველა ერთმანეთს იცნობს, გულით რომ გინდოდეს, ვერ დაიკარგები. ხუთი წლის ბავშვით დაწყებული, ყველამ იცის, სვანეთში ვინ დაიკარგა, ვინ მოიტაცეს, ვინ შემოაკვდათ და ვინ კიდევ მკვდარი გადამალეს. სხვა შემთხვევაც ბევრია, მაგრამ სიტუაცია ისეა არეული, ძნელად გაბედავს კაცი გვარებისა და სახელების ასე პირდაპირ პრესაში დასახელებას, თუმცა გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მე ყოველთვის მზად ვარ. თუ პროკურატურა დაინტერესდება, წარვუდგენ იმ მასალებს, რომლებიც გამაჩნია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

_ ვახტანგ მაისაიამ ამ ყველაფრის მოთავედ პირდაპირ დაასახელა მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ თავად მესხელზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ ვარ. ის არის ერთი ჩვეულებრივი კაცი, საშუალო განათლებით, მისი ერთადერთი «ღირსება», რის გამოც მოხვდა შს სამინისტროში, იყო ის, რომ ვანო მერაბიშვილის ბავშვობის მეგობარია. ეს კაცი სრულიად ჩვეულებრივი კრიმინალია და დარჩებოდა კრიმინალად და მკვლელად, რომ არა ვანო მერაბიშვილი. აქაც ძალიან უცნაური სიტუაცია გვაქვს: დაიკარგა კაცი, ამ კაცს უზარმაზარი ინფორმაცია აქვს, მაგრამ არ ეძებენ. ამბობენ, ვეძებთო, რეალურად კი თითი თითზე არავის დაუკარებია საამისოდ. მაინც მგონია, რომ ეს კაცი ლიკვიდირებულია უკვე და იმიტომაც არ ეძებენ. მაგნაირებს როგორც წესი, თავიდან იშორებენ ხოლმე. სერიოზულად საუბრობენ, რომ მესხელის გარდა ამ საქმეში ჩარეულნი არიან «ნაციონალი» დეპუტატებიც (გვარების დასახელებას ნუ მომთხოვთ). არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი უშუალოდ უშიშროების სამინისტროს აძლევდეს ხელს და ეს ხმებიც მისი გავრცელებული იყოს.

_ გასაგებიამაინც რა სამართლებრივი გარანტიები არსებობს, რომ კაცი დაცული იყოს გატაცებისგან, და რამდენად ეფექტურია ეს გარანტიები?

_ დაიკარგა კაცი, იწყება ძიება. მერე მოიძებნა საბუთები, მოწმეები, სად მივდივართ ბოლოს? უნდა მივიდეთ სასამართლოში, ხომ? და რა ხდება ამ დროს სასამართლოში? რასაც უნდათ, იმას აკეთებენ… არავის აინტერესებს არც სამართალი, არც მტკიცებულება. კანონმდებლობა შესაცვლელია. გარდა ამისა, დღეს სასამართლოში არის ორხელისუფლებიანობა. ადრეც იდიოტობა იყო ის, რომ კუბლაშვილი გახლდათ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და ახლა საერთოდ სასაცილოა ეს.

_ «ქართული ოცნების» ძირითადი დაპირება ხომ სასამართლოს გათავისუფლება იყო?.. მათ რომ ჰკითხო, თავისუფალია კიდეც

_ მეც მაგას არ გეუბნებით? არა, «ქართული ოცნება» თვლის, რომ კუბლაშვილი მოსაშორებელია, ასე თვლის მოსამართლეთა კორპუსის 80%. ერთადერთი რა ტალღაზეც კუბლაშვილი ჩერდება, არის ის, რომ «ნაციონალები» ჯერ კიდევ ახერხებენ დასავლეთში თავიანთ მფარველებთან ძველი მეგობრობის ხარჯზე კონტაქტების შენარჩუნებას, თუმცა, ჯერ ერთი, ეს ყველაფერი სააკაშვილზეა მიბმული; მერე მეორეც: აღარავის აქვს იმდენი ფული, რომ ძველი დატვირთვით ამუშაოს ეს ლობისტური აპარატი, მაგრამ ახლა ხომ სულ წავიდა სააკაშვილი. ხომ იცით ეს რას ნიშნავს და რა მოჰყვება ამას? ის, რომ არავინ შეეგუება ამდენი დანაშაულის ჩამდენი კუბლაშვილის პარპაშს სასამართლოში.

_ კანონმდებლობით ვადა როდის უმთავრდება კუბლაშვილს?

_ რა მნიშვნელობა აქვს ამას, თუ კუბლაშვილი ვეღარ მართავს სიტუაციას სასამართლოში? მოსამართლეების უმეტესობა სერიოზულად არის გაბრაზებული, ისინი აუჯანყდებიან კუბლაშვილს და ვერც კუბლაშვილი და ვერც მისი მფარველები ვერ შეძლებენ წინ აღუდგნენ მოსამართლეების ამ აღშფოთებას. ჩემი ინფორმაციით, კუბლაშვილი ვადაზე ადრე წავა ამ თანამდებობიდან. ვიმეორებ, კუბლაშვილი წავა! თუ სასამართლო არ იქნა გათავისუფლებული, დაკარგული ხალხის მოძებნაც შეუძლებელი ხდება და ვერც სამომავლოდ იქნება კაცი დაცული მოტაცებისგან.

_ 70-80-იან წლებში ამერიკის სპეცსამსახურში გავრცელებული იყო პოლიტიკური ოპონენტების ქვედა ეშელონებიდან ადამიანების გატაცება და გაქრობა. როგორ ფიქრობთ, ამერიკული მეთოდები ხომ არ გადმოიღეს ჩვენმა პროამერიკულმა სპეცსამსახურებმა?

_ ამერიკაში და არამარტო ამერიკაში, სრულიად  ჩვეულებრივი მოვლენა იყო პოლიტიკური ოპონენტების გატაცება და რამდენიმე დღით მათი სადღაც სარდაფში ჩაკეტვა, მათი ოჯახის წევრების დაშინების მიზნით; ასევე იტაცებდნენ ოჯახის წევრებსაც. ეს ხდებოდა აქ სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარების პერიოდში. პირდაპირ გეტყვით, _ სოდში იყო სპეციალური განყოფილება, პირობითად ამას შეიძლება ადამიანების გატაცების განყოფილებაც ეწოდოს, რომელიც ასეთ თემებზე მუშაობდა, ასეთ საკითხებს აგვარებდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამერიკელებთან გავლილი ტრენინგებითა და ამერიკაში გავლილი მომზადების წლების მერე დაიწყო ჩვენში ეს ყველაფერი. სხვათა შორის, დაზუსტებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ სწორედ იმ განყოფილებიდან, რომელიც ამ საშინელებებს სჩადიოდა, სამი ადამიანი ამჟამად დაწინაურებულია მაღალ თანამდებობაზე!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here