Home რუბრიკები პოლიტიკა საბავშვო ბაღი ნომერი 41

საბავშვო ბაღი ნომერი 41

«კმარელების» ცხრაწლიანი ბოგინით მოღლილ საქართველოს არც ნორჩი მინისტრები უკვირს და აღარც არსაიდან მოსული კადრები, თუმცა თითქმის წასული პრემიერის დაპირება «გასაოცარი დემოკრატიის»  შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა. მთავარ პროკურორად და შინაგან საქმეთა მინისტრად ჯერ ისევ მოქმედმა შს მინისტრმა ისეთი პირები დაასახელა, რომელთა შესახებ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ «ნაციონალები» იყვნენ ინფორმირებულნი.

 

«ნაციონალური მოძრაობის» სახედ ქცეულმა ირმა ნადირაშვილმა «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე წინსწრებით დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად შეიძლება თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნოს. «ახალი ინფორმაცია, რომელიც პოლიციელთა წრეში ამ წუთებში აქტიურად განიხილება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საუბარია, რომ შეიძლება ჭიკაიძე დანიშნონ. ის ამჟამად ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია. 9 თვის წინ ის ლეიტენანტი იყო, ახლა პოლკოვნიკია. წოდებებს, როგორც ჩანს, ყოველ თვეს პრემიასავით აძლევდნენ. მაგარია, როცა გავლენიანი მეგობრები გყავს», _ შეშფოთდა  ნადირაშვილი «ფეისბუქში».

ახლა წოდებებისა და პრემიების ყოველთვიურად დარიგება ნადირაშვილს, დანარჩენი «ნაცმოს» მსგავსად, არ უნდა უკვირდეს, მაგრამ ამჯერად ამას მათ დაუკითხავად ახალი ხელისუფლება აკეთებს და აღშფოთებასაც სწორედ ეს იწვევს.

ჭიკაიძე 1985 წელს არის დაბადებული, ანუ «ვარდების რევოლუციის» მომენტისთვის სულ რაღაც 18 წლის ყოფილა. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ისიც, ირმა ნადირაშვილის მეგობრებივით, «კმარელი» იყო და ამ მარტივი მიზეზით, «ნაციონალური» ხელისუფლების ჟამიანობისას ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა სულაც არ გასჭირვებია.

2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დიპლომატიის სპეციალობით დამთავრების შემდეგ თბილისის გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში უმსახურია, 2009 წელს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გამხდარა, შემდეგ დეტექტივ-გამომძიებლად დაწინაურებულა. 2011 წელს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსამდე გაიზარდა, 2012 წელს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა, ხოლო 2013 წლის მარტიდან დღემდე შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსია.

მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ «ლექსო ღირსეული პოლიციელის ოჯახში გაიზარდა და მას ძალიან კარგი მამა ჰყავდა».

რაკი ღარიბაშვილი, მისი ასაკის გამო, ჭიკაიძის მამის პროფესიულ და ადამიანურ ღირსებებში გათვითცნობიერებული ვერ იქნებოდა, «კახური ბექგრაუნდის» გათვალისწინებით, მყისვე გაჩნდა ეჭვი, რომ ლექსო ჭიკაიძეს რეკომენდაცია პოლიციის გენერალმა და ღარიბაშვილის სიმამრმა _ თამაზ თამაზაშვილმა მისცა.

«ჩემი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ლექსომ საათივით ააწყო და გამართა სისტემა, ჯერ კახეთის სამმართველოში და შემდეგ უკვე თბილისში. გაზაფხულზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა თბილისის სამმართველო და სულ რაღაც რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი. რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა, რომ მას შეუძლია მართვა. თბილისი არის ყველაზე რთული ქალაქი საქართველოში. ასე რომ, მე სრულ ნდობას ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური მინისტრი იქნება», – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავად ალექსანდრე ჭიკაიძემ მოქმედ შს მინისტრს დიპლომატიური მადლობა გადაუხადა. «ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე ღირსეულად გავაგრძელო», _ თქვა მან.

მეორე «ეფექტური» კადრი მოქმედმა შს მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგურამოში დაუსახელა: «ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება».

კაცმა რომ თქვას, სააკაშვილის მიერ დიდ პოლიტიკაში მოყვანილი (ხალხში მათ, თავად მიხეილის ლექსიკის გამოყენებით, «მოტყვანილებს» უწოდებენ) მანდილოსნების შემდეგ, საქართველოს უფრო ეფექტიანი კადრები სჭირდება და არა «ეფექტური», თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბევრმა გენერალ თამაზაშვილის აჩრდილი დაინახა. გაირკვა, რომ ფარცხალაძის მამის დაკრძალვისას «თავიკაცობა» სწორედ თამაზაშვილს გაუწევია. ამ ინფორმაციის გახმაურებისთანავე, როგორც ხდება ხოლმე, ჯერ არდანიშნულ მთავარ პროკურორს სოციალურ ქსელებში ქომაგებიც გამოუჩნდა: «თამაზაშვილმა რომ გაუწია «თავიკაცობა» დაკრძალვას, მერე რა? მიცვალებული არ უნდა დაემარხათ? და საერთოდ რა ხდება

რა ხდება, ტრადიციულად, კოკა ყანდიაშვილმა იცის. ასე იყო თუ ისე, «ახალი პროკურორის სკანდალური ბიოგრაფია»  ინტერნეტსივრციდან ისე სწრაფად აორთქლდა, რომ მისი «ეფექტურობა» ეჭვქვეშ უკვე ნამდვილად ვეღარ დადგება. ჭიკაიძეზე სულ ცხრა წლით უფროსი ფარცხალაძე ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს. ექვსი წლის წინაც იქ მუშაობდა და, თუ «ნაციონალებმა» იგუეს, ეს სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ხალხში დიდ იმედებს ნამდვილად არ აღძრავს.

მით უფრო, რომ ტელეკომპანია «იმედის», რიყის გასხვისების საქმეები, ასევე, რასმუსენის ვიზიტისას მერიის თანამშრომლების დაკავება და შემდეგ მათი მობოდიშებით გათავისუფლება, მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება, როგორც ამბობენ, სწორედ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება.

მოჩვენებითად შეშფოთებული «ნაციონალები» სინამდვილეში ამ საკადრო ცვლილებებით მეტად კმაყოფილნი უნდა იყვნენ: გარდა იმისა, რომ მათი ხელისუფლებისას დაფრთიანებული შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი მათ პრობლემებს არ შეუქმნიან, სავარაუდოდ, არც იმ საქმეების გამოძიებას მიეძალებიან, რომლებიც 2012 წლამდე შეითითხნა. არც ქონებას დააბრუნებს ვინმე და არც «ნაციონალებს» დასჯის. მართლაც, ვინ უნდა დაისაჯოს, როცა წინა ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური სტრუქტურებიდან გამოსული «ეფექტური» კადრები წინაურდებიან? და კიდევ ერთი: დღევანდელი «მეოცნებეების» მიერ პირსისხლიანად შერაცხული «ნაციონალური» რეჟიმი მშვიდად განაგრძობს ოპოზიციურ ნიშაში ფესვების გადგმას, ხოლო ქვეყანა თავსმოხვეულ ორპარტიულ ფორმატში დარჩება. ხან ისინი იქნებიან უმრავლესობაში, ხან _ ესენი, ხალხი კი ისევ ცრუ იმედებისა და მოლოდინისთვისაა განწირული.

საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ელიტა საბავშვო ბაღს მხოლოდ ასაკის გამო როდი გვაგონებს. იმ ვითარებაში, როცა იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით იგებს, ხოლო მოქმედი პრემიერი თანამდებობიდან სამოქალაქო საზოგადოებაში მიდის, როგორც ჩანს, «მშობელთა კრებები» და მათზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება ჩრდილოვანი მართვის მექანიზმად ჩამოყალიბდება.

«ქართული ოცნების» ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, სხვა მრავალთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ერთმანეთისგან გაყოფას ითვალისწინებდა. ახლა კიდევ ერთი «ეფექტური» კადრის მოძებნას, რომელსაც ქვეყნის უშიშროებას ანდობენ, ერთი გაფართოებული «მშობელთა კრება» ნამდვილად დასჭირდება. ამ ვითარებაში უშიშროების საბჭოს «პირველი გენერალი ქალი» _ რესპუბლიკელი ირინე იმერლიშვილი ჩაიბარებს და ესეც «გასაოცარ დემოკრატიად» გასაღდება!

ჩვენ რომ გაოცების უნარი არ გვქონდეს დაჩლუნგებული, ამ რესპუბლიკურ უზურპაციას დიდი ხნის წინ გავაპროტესტებდით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ბიძინა ივანიშვილი მიდის და ხელისუფლებაში არარჩეულ პარტიებს გვიტოვებს.

 საბავშვო ბაღი არამარტო პოლიტიკური ელიტა, არამედ ჩვენი საზოგადოებაც არის. სწორედ მან ცხვრის დუმილით და ხბოს აღტკინებით  შეუწყო ხელი ისეთი ხელისუფლების შექმნას, რომელშიც ერთმანეთს რესპუბლიკელები და «ნაციონალები» აკონტროლებენ.

საქართველოს პარლამენტში დღეს  წარმოდგენილია:

«ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო»;

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა»;

«ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები»;

საქართველოს რესპუბლიკური პარტია;

«ეროვნული ფორუმი»;

საქართველოს კონსერვატიული პარტია;

«მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს»;

საქართველოს მწვანეთა პარტია;

«სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის».

რომელ მათგანს ხედავთ ყველაზე ხშირად ტელევიზიით და ვინ მართავს სინამდვილეში საქართველოს?

ჩანან «ნაციონალები» და რესპუბლიკელები, მაგრამ მართავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკელ სპეციალისტთა მრავალრიცხოვანი არმია, რომლებიც საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში კვლავაც მთელ სართულებს იკავებენ და რომელთა რჩევისა თუ რეკომენდაციის გარეშე ვერც ახალი «ეფექტური» კადრები გადაწყვეტენ რამეს.

ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის იმედი, რომ იგი ამ ვითარებას სამოქალაქო საზოგადოებიდან შეცვლის, ახალი საბავშვო ბაღის გახსნას ან, უკეთეს შემთხვევაში, ონავარი ბავშვების მშობელთა კრებას ემსგავსება. ამასობაში კი საქართველოს სუვერენიტეტი იმაზე უფრო შეზღუდული ხდება, ვიდრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჰქონდა.

განა ეს არ არის «გასაოცარი დემოკრატია»?

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ოცნებამ,ბიძინა ივანიშვილმა და არა რესპუბლიკელებმა მიიღეს ხმები იმისათვის, რომ ნაცები წასულიყვნენ. არც ოცნებას და არც რესპუბლიკელებს ისე არავინ მიცემდა ხმას – ეგებ ეს შევაგნებინოთ, ბევრჯერ გავუმეოროთ, რომ დაიმახსოვრონ -თორემ მოკლე ჭკუა აქვთ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here