Home რუბრიკები სამართალი ტოტალური მოსმენები დღესაც გრძელდება?

ტოტალური მოსმენები დღესაც გრძელდება?

690

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლის, კაპიტან გია გაბრიჩიძის ინტერვიუ დაიბეჭდა სათაურით «როგორ და რა ფასის აპარატურით ხდებოდა ტოტალური მოსმენები და იყენებს თუ არა ამ აპარატურას შს მინისტრი ღარიბაშვილი?». ამ ინტერვიუს მოჰყვა ფრანსპრესისა და «ვიკილიქსის» ინფორმაციების ქართული ვერსიის ტირაჟირება. «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა უშიშროების ერთერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც კულისებში დარჩენა არჩია.

 

_ არსებობდა მოსასმენი აპარატურა, რომლითაც, სანქციის არსებობის შემთხვევაში, მოუსმენდნენ დამნაშავეებს. სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მობილურ კავშირგაბმულობაზე იწყებდა მუშაობას, სახელმწიფოსთან ექნებოდა ხელშეკრულება, რომ სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში კანონის ფარგლებში მოესმინა ეჭვმიტანილი პირებისთვის (ეს არის სტანდარტული აპარატურა, რომლის ყიდვაც შეუძლია მობილური კავშირგაბმულობის ნებისმიერ კომპანიას, «ერიქსონი» არის საუკეთესო, თუმცა არის სხვა ფირმებიც, რომლებიც ამ სტანდარტულ აპარატურას აწარმოებენ). ცხადია, ეს აპარატურა შეიძინა საქართველოში ფიქსირებულმა კომპანია «ჯეოსელმა» (და არამარტო «ჯეოსელმა»), მაგრამ ეს თემები ერთმანეთში არ უნდა აირიოს. ერთია, მხოლოდ კრიმინალის მოსმენა, მეორეა – ტოტალური მოსმენები. ის აპარატურა, რომლითაც უსმენდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და ა. შ. სხვა აპარატურაა და მართალია, ტენდერით შეიძინეს, მაგრამ ის ფორმალურად, დახურულად ჩატარდა და ამ ინფორმაციას არასდროს გასცემენ, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებაა.

«საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი თამილა ქუთათელაძე ესაუბრა:

_ იცით, ყველა ქსელიდან შეიძლება მოსმენა, არამარტო «ჯეოსელიდან», მით უმეტეს «სილქნეტიდან». დიახ, «სილქნეტს» აქვს ამის აპარატურა დამონტაჟებული. და შეგნებულად მოხდა არამარტო ხაზების შეცვლა, არამედ სრული გადაიარაღება; ახალი ქსელებიდან გამომდინარე, ე.წ. მათი აპარატურა მოკლე და გრძელ ტალღებზე მუშაობს. დააკვირდით, მათი ტელეფონები მობილური ტელეფონების მსგავსია _ უკაბელო. ვინც ელემენტალურ ფიზიკაში ერკვევა და ტექნიკასთან აქვს შეხება, იცის, რომ ეს ტალღებსა და მათ თვისებებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, იმ ტალღების დაჭერა და მათი საშუალებით მოსმენა სირთულეს არ წარმოადგენს.

გარდა ამისა, დღეს ისეთი მინიაპარატურებია შემოტანილი, რომლებიც სადღაც 300 ათას ადამიანს უსმენს.

_ ახალი შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ უსმენს ხალხს?

_ არ გამოვრიცხავ… იცით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაყოფილია რამდენიმე პრაქტიკულად დამოუკიდებელ სტრუქტურად და ის სტრუქტურები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას, ამას ვერ შეწყვეტენ, რადგან ამის ბრძანებაც არ გაცემულა და კანონში ცვლილებაც არ შესულა, თუმცა კანონი არასდროს აკანონებდა უკანონო მოსმენებს, მაგრამ არც უკიდურესი ფორმით არ კრძალავდა _ აკრძალვას, პრინციპში, ნომინალური სახე ჰქონდა. დიახ, უსმენენ კონკრეტულ პირებს, მაგალითად, პოლიტიკური ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს. შესაძლებელია, გაიმართლონ თავი, რომ ეს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ კარგით რა, როდემდე? თუ ადამიანს თავის დაცვა სჭირდება, დაცვას აიყვანს, გადასარევი დაცვის პოლიცია გვყავს.

შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს ინტერესის ობიექტი და მოგვისმინონ. 24 საათში კი უნდა დააკანონოს მოსმენის მოთხოვნა გამომძიებელმა . . წესით, მაგრამ ასე არასდროს ხდება ხოლმე. სათანადო ორგანოებს სრული ინფორმაცია აქვთ დაინტერესებულ პირზე და საიდან, ხომ ვერ მეტყვით?! თავად ხომ არ მივიდა და მოახსენა? . . ვიღაც უსმენს მის ტელეფონს, როგორც გამორთულ, ისე ჩართულ მდგომარეობაში. მოკლედ, ამ აპარატურის შემოტანა თავად შსს დაადასტურა, ამას არავინ უარყოფს და მათი გამოყენება როგორ ხდება, ეს უკვე უბრალო მოკვდავმა მოქალაქეებმა არ ვიცით.

«საქართველო და მსოფლიოს» კვლავ კაპიტანლეიტენანტი გია გაბრიჩიძე ესაუბრა:

_ უაზრობაა იმაზე ლაპარაკი, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული ფირმა აწარმოებდა მოსმენას და თანაც კონკრეტული ფირმის, მაგალითად, «ერიქსონის» გამოშვებული აპარატურით. წინა ინტერვიუში ჩვენ ვთქვით, რომ ეს აპარატურა სპეცსამსახურების სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა. ასევე არ უნდა ყოფილიყო გაგებული წინა ინტერვიუ ისე, თითქოს მხოლოდ ერთადერთ მოწყობილობაზე გვქონდა საუბარი, რომელიც 2 მილიონი ღირდა. საქმე ისაა, რომ მართალია, ის აპარატურა ღირდა 2 მილიონი (ძველი), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასიათასობით კაცის პერმანენტული მოსმენა შეიძლება 2 მილიონით. ეს რომ ასე იყოს, ძალიან ბევრი მოუსმენდა სხვადასხვა სახელმწიფოდან. ცხადია, ჯამში, როგორც აპარატურის შეძენაზე, ასევე მათ მომსახურებაზე გაცილებით მეტი დაიხარჯა, 2 მილიონზე კი არა, ასობით მილიონზეა ლაპარაკი, უახლესი აპარატურაა..

_ მაინც ვის უსმენდნენ ? ვინ იყო ასე მნიშვნელოვანი?

_ როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უშიშროება საქართველოში ასრულებდა პოლიტიკური პოლიციის როლს, ანუ უსმენდენ ყველა ჟურნალისტს, ყველა პოლიტიკურ ოპონენტს _ ყველას, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთთან. საერთაშორისო საუბრები, როგორც წესი, იწერებოდა და ინახებოდა 5 წელი მაინც. უსმენდნენ ასევე მათი ოჯახის წევრებს. ასე რომ, იმ პირთა წრე, რომლებიც ისმინებოდნენ, ძალიან დიდია. არჩევნების წინ ამ ადამიანების რიცხვი იმატებდა, არჩევნების შემდეგ იკლებდა და ა. შ. მარტო ჩაწერა ნამდვილად არ არის საკმარისი, საჭიროა კიდევ ამის გაშიფვრაც და საინტერესო ინფორმაციის ამოღება, _ როგორ ხდებოდა ეს. არსებობს ე.წ. «კეივორდი», თვითონ სიტყვასაც ეტყობა, რა არის ეს. მაგალითად, საუბარში ვიღაცამ ახსენა ბინ ლადენი (ეს მაშინ, როცა ცოცხალი იყო), ის საუბრები, სადაც ეს «კეივორდი» იყო გამოყენებული, ცხადია, ბოლომდე შეისწავლებოდა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ მოსაუბრეებს. ასევე არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც ყველა საუბარს რამდენიმეჯერ უსმენდნენ იმ მოსაზრებით, რომ, შესაძლოა, კოდირებას ჰქონდა ადგილი. ასე რომ, ერთ ინტერვიუში ამ საკითხის ამოწურვა ყოვლად წარმოუდგენელია.

_ «ვიკილიქსის» ინფორმაციით, საქართველოში არსებობდა სტრუქტურა, რომელიც სხვა ქვეყნებში საუბრებსაც უსმენდა ამერიკული სპეცსამსახურის შეკვეთით, თქვენი აზრით, რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა ამ «სტაფს»?

_ საქართველოს თავისი მდებარეობით მარტო ნავთობსადენისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა ან მარტო ჩაუძირავი ავიამზიდი კი არ არის, სტრატეგიულად ძალიან მოხერხებული ადგილი აქვს ათასნაირი კოსმოსური დაკვირვებისთვის რეგიონში. ამერიკელებს ხელი მიუწვდებოდათ ჩვენს აპარატურასა და მონაცემთა ბაზაზე, გარდა ამისა, ხვალ თუ არა ზეგ რეგიონში ომია დაგეგმილი (ირანი მყავს მხედველობაში), აქვეა რუსეთი, ამერიკის ერთი უმთავრესი სტრატეგიული მოწინააღმდეგე.

«საქართველო და მსოფლიოს» სატელეკომუნიკაციო კომპანია «ერიქსონის» ადმინისტრაციის უფროსი ნატა ქურდიანი ესაუბრა:

_ გადაეცით თუ არა ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ «ჯეოსელს» მოსასმენი აპარატურა და რა ფასში? რატომ გადაეცით, ხომ იცოდით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის უნდა მოესმინა?

_ ამასთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას, გენერალური დირექტორი კი არ არის ადგილზე, შესაბამისად, ვერ გაესაუბრებით. გადმოგზავნეთ კითხვები ჩვენს ფოსტაზე და პასუხებს უახლოეს ხანში დაგიბრუნებთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცით და პასუხებს მიღებისთანავე გავაცნობთ საზოგადოებას.

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. თუ შესაძლებლობა იქნება-მოგისმენენ. რა თავის ცოლს ან მეგობრებს არ მოუსმენს გასართობათ? ასევე მეგობრობით ან ფულით სხვას. ეტო რას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here