Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა კობახიძე: თუ კუდის აგენტმა საგანელიძემ არჩევნები მოგვაგებინა, ბარაქალა მაგას, კუდს...

მანანა კობახიძე: თუ კუდის აგენტმა საგანელიძემ არჩევნები მოგვაგებინა, ბარაქალა მაგას, კუდს მისთვის კარგი დავალება მიუცია

485

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის ერთერთი ლიდერი _ მანანა კობახიძე ესაუბრა.

_ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო არჩევნები ჩატარდება, გასულ წლებში კი ყველა არჩევნები გამუდმებით ყალბდებოდა. რატომ არ დგება .. გამყალბებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

 

_ შარშანდელი არჩევნები, პირდაპირ გეტყვით, იყო სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა და, საერთაშორისო მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, არავინ იცის, რა მოხდებოდა.

არჩევნების გაყალბება, ცხადია, სისხლის სამართლის დანაშაულია და მართალია, მე სტატისტიკური კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პროკურატურა ამ საქმეებს იძიებდა, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, ამ ეტაპზე რამდენ საქმეზე დასრულდა გამოძიება. პროკურატურას აქვს თავისი საქმე და უნდა ინებონ და გამოიძიონ. იცით, რომ ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა პროკურატურას. პროკურატურა პოლიტიზებული იყო, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 9 წლის მანძილზე მუშაობა ჰქონდათ დავიწყებული და პოლიტიკურად დაშანტაჟებული და დატერორებული პროკურატურა, რასაც «ნაცმოძრაობა» უბრძანებდა, იმას აკეთებდა.

ხელისუფლებაც ყოველთვის ცდილობდა, საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე მაქსიმალურად მოერგო, რათა მმართველ პარტიას დიდხანს ჰქონოდა ძალაუფლება. დღეს არსებობს პოლიტიკური ნება, ჩავატაროთ არჩევნები და, ვინც რამდენ ხმას მიიღებს, დაე, ისე გადაწყდეს. დღეს სულ სხვა საარჩევნო გარემოა და ხედავთ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს აღარავინ ატერორებს და აჯარიმებს. დღეს არავინ იძლევა დირექტივას, მმართველ პარტიას რამდენი პროცენტი უნდა ჰქონდეს, ან მეორე ადგილზე მაინცდამაინც დავით ბაქრაძე უნდა გავიდეს თუ ნინო ბურჯანაძე.

_ რატომ გახდა ასე მნიშვნელოვანი მეორე ადგილისთვის ბრძოლა, საპრეზიდენტო არჩევნებში ხომ მხოლოდ ერთი გამარჯვებულია?

_ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ვემზადებით, რადგან მიგვაჩნია, რომ «ქართულ ოცნებას» დიდი მხარდაჭერა აქვს და პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე ადგილისთვის ბრძოლა იმითაა განპირობებული, რომ მეორე ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდროს.

_ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებშიც «ქართულ ოცნებაში» ჩანერგილ აგენტებზეა საუბარი, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია თქვენი თანაგუნდელების მიმართ. რატომ დუმს ხელისუფლება, რატომ არ ხდება ამ ყველაფრის ან უარყოფა, ან დადასტურება?

_ მე ზოგადად ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია, როდესაც ასეთი დოკუმენტები ხვდება ვინმეს ხელში, თუ კავშირი არ გაქვს კუდის თანამშრომლებთან, ასეთი დოკუმენტების მოპოვება მარტივი არ არის. ცხადია, ჟურნალისტი ყოველთვის ცდილობს მსგავსი დოკუმენტების ხელში ჩაგდებას, მაგრამ მე ამ დოკუმენტების ავთენტურობას ეჭვქვეშ ვაყენებ.

არჩევნებში «ქართულმა ოცნებამ» უმრავლესობა მოიპოვა და, თუ კუდის აგენტმა საგანელიძემ არჩევნები მოგვაგებინა, ბარაქალა მაგას, კუდს მისთვის კარგი დავალება მიუცია. ვერაფრით დავიჯერებ იმ აბსურდს, თითქოს ის მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციას აწვდიდა ინფორმაციას. ასევე ვერ დავიჯერებ ელისო ჩაფიძესა და ზაქარია ქუცნაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ზაქარიამ თიანეთი მოიგო, ელისომ კი კუბლაშვილების, ამ მართლა მონსტრების, კლანი დაამარცხა ტყიბულში. მე არ ვიცი, ეს რა დოკუმენტებია ან საიდან აქვს ელისო კილაძეს, შესაძლოა, ხვალ ჩემზეც გამოაქვეყნონ მსგავსი დოკუმენტი.

_ თქვენ შესახებ რომ დაბეჭდილიყო მსგავსი ბრალდება, როგორ მოიქცეოდით, რეაგირების გარეშე დატოვებდით?

_ ხელისუფლებამ რატომ უნდა უარყოს ან დაადასტუროს ეს ინფორმაცია? ელისოს ან ზაქარიას თუ სურვილი ექნებათ, პასუხს გასცემენ. დავით საგანელიძემ, ვიცი, სარჩელი შეიტანა და, მგონი, დანარჩენებიც იმავეს აპირებენ. როცა მიდიხარ პოლიტიკაში, შეიძლება ისეთი ჭორი გაიგო საკუთარ თავზე და ისეთი რამ გამოგიქვეყნონ, რომ არც დაგესიზმრება. როგორც ჩანს, ჩვენს სახელმწიფოში ასეთი რაღაცებისგან პოლიტიკა ჯერ თავისუფალი არ არის. მე ვერც ერთ მათგანზე ვერ დავიჯერებ, რომ ოდესმე რომელიმე კუდთან იყო შეკრული, მით უმეტეს, თუ მათ წარსულ საქმიანობას გავიხსენებთ.

_ წარმოდგენილი დოკუმენტების მიუხედავად, მაინც არ გჯერათ?

_ არ მჯერა. დედანიც რომ ვნახო, ვერ დავიჯერებ, რადგან იმ დედნის დამზადებაც არ არის რთული. ადამიანმა თავისი საქმით უნდა შეგატანინოს ეჭვი მის პიროვნებაში, თორემ ჭორების გავრცელების ხელოვნება ხომ ყველამ ვიცით. მაგალითად, ამ წუთას მომაწოდეს ინფორმაცია ჩვენი გუნდის ერთერთ წევრზე, რომელიც პროფესიონალი და ღირსეული კადრია, თითქოს ის «ნაციონალებთან» და ბურჯანაძესთანაა შეკრული. ხმებს უვრცელებენ, სურთ, რომ მის წინააღმდეგ განვეწყო. 1937 წელს მეტი კი არაფერი უკეთებიათ. ჭორების გავრცელება უშიშროების სამსახურის ნაცადი ხერხია და ამას არ უნდა ავყვეთ.

_ ზემოთ საერთაშორისო მხარდაჭერა ახსენეთ. დასავლეთი, ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა ახლახან იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს «თბილისის განვითარების ფონდის» ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე, მაგრამ, საქართველოსთვის გადმოცემის ნაცვლად, გაათავისუფლეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. არის თუ არა ეს ერთგვარი არამეგობრული ჟესტი ამ სახელმწიფოების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია ამ ყველაფერზე?

_ რეაქცია, რა თქმა უნდა, გვექნება და ყველაფერი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში. ახლა ამის გამო ჩვენ ისტერიკას ვერ ავტეხთ და საბანაძის ან სხვა «ნაციონალების» გამო მეგობრებს ვერ გადავიმტერებთ, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული საგარეოპოლიტიკური კურსი. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. «ნაციონალური მოძრაობა» უცხოეთში მხოლოდ ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამის შედეგია ის, რომ ამ ადამიანმა თავშესაფარი მიიღო. საგარეო კუთხით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა უცხოეთი დავარწმუნოთ, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა საქართველოში არ მიმდინარეობს.

_ მოგეხსენებათ, ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა, ნახსენებია კონკრეტულად ვანო მერაბიშვილი. რატომ ვერ არწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას ახალი ხელისუფლება ბრალდებული მაღალჩინოსნების დანაშაულში?

_ როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, წლების განმავლობაში, ევროპასა და ამერიკაში, სამწუხაროდ, როგორც დემოკრატიის მამას, ისე იცნობდნენ, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ამ ყველაფერს ლობისტური კომპანიებიც ამყარებენ, ეს პროექტიც ამის შედეგია. თუმცა ეს არ არის საბოლოო რეზოლუცია, არამედ ეს არის მხოლოდ საგარეო კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი და იყო შემთხვევები, როცა ევროსაბჭოში მათი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული და გარკვეული ჩანაწერები მუშაობის შედეგად შეცვლილა. შემთხვევითი არც ისაა, რომ მერაბიშვილი «ნაცმოძრაობის» გენერალური მდივანია. მათ იცოდნენ, რომ მერაბიშვილს მოუწევდა სასამართლოს წინაშე წარდგომა და მათ ზუსტადაც სჭირდებოდათ მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარება, რადგან ამით უცხოეთში კარგად ივაჭრებდნენ.

_ ბუნებრივია, «ნაციონალური მოძრაობა» თავისას ცდილობს, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება?

_ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მუშაობას ნამდვილად არ ვაკლებთ. ჩვენი ბრძოლა «ნაციონალებთან» მარტო ქვეყნის შიგნით კი არ მიმდინარეობს, ეს ბრძოლა ქვეყნის გარეთ გაათმაგებულია. რეალურად ისინი «ქართული ოცნების» კი არა, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ.

შემთხვევითი არც ის არის, სააკაშვილი რომ პარტიის თანათავმჯდომარე გახდა. ეს თავად ბევრი «ნაციონალისთვისაც» გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც პირად საუბრებში არ მალავენ. თავად დავით ბაქრაძესაც არანაირად აძლევდა ხელს სააკაშვილის თავმჯდომარეობა. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს თუნდაც ჟვანიას საქმის გამო, თუნდაც ბიუჯეტის თანხების უკანონო ხარჯვის გამო, როცა საკუთარი შვილის სწავლის გადასახადებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა. მე არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მარტო ეს არის იმის საფუძველი, რომ ეს კაცი სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ამიტომ ცხადია, თუ ის იქნება პოლიტიკაში და იქნება პარლამენტში მყოფი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თანათავმჯდომარე (თუმცა მე «ნაციონალებს» არ მივიჩნევ ოპოზიციად), ცხადია, ამას უცხოეთში კარგად გაყიდის და აყვირდება, რომ პოლიტიკური დევნილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის «ნაციონალური მოძრაობის» გავლენისგან თავისუფალი, მინდა, მჯეროდეს, რომ პროკურატურა მოახერხებს და მერაბიშვილის ბრალეულობას  დაამტკიცებს.

_ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ 26 მაისის აქციას ეფბიაის თანამშრომლები შს სამინისტროდან აკვირდებოდნენ. რატომ მიივიწყა ეს საკითხი ხელისუფლებამ და რატომ არ ეცადა, გაერკვია აშშის ხელისუფლებასთან, რა სტატუსით აკვირდებოდნენ ისინი მოვლენების განვითარებას?

_ 26 მაისთან დაკავშირებით, რამდენადაც ცნობილია, მერაბიშვილს აქვს ბრალი წარდგენილი და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი გამოძიების პროცესში ამ კუთხითაც გაირკვევა. პროკურატურა, ალბათ, ამ კითხვას დაუსვამს მოწმეებსაც და მერაბიშვილსაც, თუ ვინ აძლევდა მას რჩევებსა და განკარგულებებს, ამ ფორმით დაერბია აქცია. ეს ყველაფერი პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გაარკვიოს.

_ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ათას თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რითაც გარკვეული პრეცედენტი შეიქმნა. ხვალ რომ ასი ათასობით კაცმა მიმართოს მოქალაქეობის თხოვნით ხელისუფლებს, როგორ უნდა მოვიქცეთ? უარის თქმა არამეგობრული ჟესტი იქნება, დადებითი პასუხი კი ქვეყნის რელიგიურ და დემოგრაფიულ ვითარებაზე აისახება

_ სააკაშვილი როგორი არაადეკვატურიცაა ყველა სხვა საკითხში, ისეთივეა ამ საკითხშიც. მე პროფესიით ისტორიკოსიც ვარ, თურქეთის ნაწილი, ტაო-კლარჯეთი, ჩვენი ქვეყნის ტკივილიანი ისტორიაა და თითოეულ იმ ქართველს ვცემ პატივს, რომელმაც ქართული ენა არ დაკარგა და საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. ეს ხალხი მართლა დასაფასებელია და აბსოლუტურად სწორად მაქვს ყველაფერი გააზრებული. ბევრი ეთნიკურად ქართველი, ღირსეული ადამიანი მონდომებულია, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მე მესმის მათი, მაგრამ არ შეიძლება პრეზიდენტმა მოქალაქეობა ასე მარტივად ჩამოარიგოს. თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს, სანამ მოქალაქეობას მიანიჭებს. ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას ყოველთვის პოპულიზმი ახასიათებდა და შესაბამისად, ის არ ფიქრობს, ხვალ და ზეგ რა იქნება. მისი დევიზია, თუ თავად კარგად არ იქნება, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა ამ ქვეყანაში. ამ დევიზით ცხოვრობს ეს ადამიანი და მე როგორ უნდა შევაფასო მისი ქცევები?!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here