Home რუბრიკები სამართალი ნანა კაკაბაძე: ნიურნბერგის პროცესზე არ ყოფილა იმდენი მტკიცებულება, რამდენიც დღეს «ნაციონალების» წინააღმდეგ...

ნანა კაკაბაძე: ნიურნბერგის პროცესზე არ ყოფილა იმდენი მტკიცებულება, რამდენიც დღეს «ნაციონალების» წინააღმდეგ არსებობს

646

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს და აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. მიმდინარე მოვლენებისა და სამომავლო გეგმების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» «ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის» ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ესაუბრება.

 

_ ქალბატონო ნანა, თქვენ განაცხადეთ, რომ მალე ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებთ. რას აპროტესტებთ და რა იქნება თქვენი ძირითადი მოთხოვნები?

_ ხელისუფლება ვერ ახერხებს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. თუ ეს პარლამენტი დარჩა, რომელსაც ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი პარლამენტი საერთოდ ლეგიტიმაციის გარეშე რჩება. ეს პარლამენტი ხალხს არ აურჩევია.

_ გამოდის, თქვენი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება?

_ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა. მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენააა, რაც ვერ მოხდება, თუ სააკაშვილის რეჟიმი არ გასამართლდება. უპირველესად კი, უნდა მოხდეს რეჟიმის შეფასება, რომელიც 9 წლის განმავლობაში, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ დასავლეთის ან სხვა ქვეყნების მიერ დაკვეთილი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ქართული პოლიტიკა და ქართულ სახელმწიფოზე ორიენტირებული პოლიტიკა ჯერჯერობით არ ჩანს. ვგულისხმობ იმავე კოაბიტაციას. არამარტო ეს სიტყვაა გაუგებარი, არამედ პოლიტიკაც. ეს სიტყვა არანაირად არ შეესაბამება იმას, რასაც დღეს კოაბიტაციას ეძახიან, ვინაიდან კოაბიტაცია ორი, განსხვავებული პოლიტიკური ძალის თანაარსებობაა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არ არის ორი განსხვავებული ძალის თანაარსებობა, ეს არის ხელისუფლების თანაარსებობა კრიმინალურ ძალასთან. სწორედ ამ კოაბიტაციის შედეგია, რომ დღეს არ ხდება მიტაცებული ბიზნესისა თუ ქონების დაბრუნება, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების საქმეების ხელახალი გადახედვა და რეალური შედეგების დადგომა, რადგან იგივე პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები ისევ  თანამდებობებზე მუშაობენ. ისინი კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, გამოდის, თავად უნდა წავიდნენ ციხეებში, რაც გამორიცხულია. თავის დასაკლავ დანას თავად ხომ არ გალესავენ?!

ხალხს ერთადერთი იმედი კიდევ რჩება, რომ არჩევნები დასრულდება და «ნაციონალური მოძრაობა» მთლიანად ჩამოშორდება ყველაფერს, მაგრამ ეს როგორ მოხდება, როდესაც სასამართლოებსა და თვითმმართველობებში ისევ «ნაციონალები» მუშობენ? თუ არ შეიცვალა საკადრო პოლიტიკა, რომელიც ახალ, სუფთა კადრებს მოიზიდავს, არაფერი გამოვა.

_ ანუ თქვენც ემხრობით კობა დავითაშვილის ინიციატივას _ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ?

_ კობა დავითაშვილის ინიციატივა სავსებით ჯდება იმ მოთხოვნაში, რომელსაც რეჟიმის გასამართლება ჰქვია. «ნაციონალებს» პოლიტიკური საქმიანობა საერთოდ უნდა აეკრძალოთ, ვინაიდან ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა. მაგრამ, ეს რომ სისტემური დანაშაული იყო, ამისათვის აუცილებელია მტკიცებულებების წარმოდგენა, რასაც ეს პროკურატურა არ გააკეთებს.

_ აღნიშნეთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენა მასაც სურს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ უჭერს. მათთვის გაუგებარია თუნდაც ყოფილი პრემიერის დაპატიმრების საკითხი. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, არ გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების აზრი?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ პროკურატურაშია. ბიძინა ივანიშვილს კი მტკიცებულებების გარეშე დასავლეთთან საუბარი უჭირს. არადა, თავზესაყრელია ეს მტკიცებულებები. ნიურნბერგის პროცესზე არ ყოფილა ამდენი მტკიცებულება, რამდენიც დღეს «ნაციონალების» წინააღმდეგ არსებობს. გვჭირდება პარლამენტი, რომელიც «ნაციონალური» მმართველობის რეჟიმს სათანადოდ შეაფასებს.

_ ხელისუფლებას ვირჩევთ გარკვეული ვადით, შემდეგ ვხედავთ რა, რომ დაპირებებს არ ასრულებენ, აქციებს ვაწყობთ და ეს სცენარი გამუდმებით მეორდებახომ არ სჯობს, აქციების დაწყებამდე თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზოთ პარლამენტს და აღნიშნულმა საარჩევნო ზღვარმა დაიწიოს?

_ წლების შემცირება პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან პრობლემა შემადგენლობაშია. თუ ხალხი იქნება ძალაუფლების წყარო, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ნებისმიერ დროს შეცვლის ხელისუფლებას. ივანიშვილი აცხადებს, რომ დასავლეთი არ აძლევს სამართლიანობის აღდგენის საშუალებას. ვინ ჰკითხავს სხვა ქვეყნებს, მთავარი ხომ ქართველი ხალხია? მაგრამ ივანიშვილი ძალაუფლებას ქართველ ხალხში ვერ ხედავს, ხედავს სხვაგან. სანამ ჩვენ არ დავანახებთ, რომ ჩვენ ვართ ძალა, ასეც იქნება.

_ რატომ ვერ ხედავს?

_ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მთელი ქვეყანა, ფაქტობრივად, «იპოთეკაში ჩადო» _ მილიარდობით სესხი აიღო სხვა ქვეყნებიდან. გარკვეული ვალდებულებები არსებობს. ხვალვე რომ ამ ვალის გადახდა მოსთხოვონ ივანიშვილს, ქვეყანა აღარ იარსებებს. ტერიტორიები დაკარგა, მილიარდობით ვალი აიღო, ყველა ინსტიტუტი მოშალა, პროკურატურიდან დაწყებული _ სასამართლოთი დამთავრებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პრობლემებს ქმნის, რითაც გარე ძალები სარგებლობენ.

_ კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, ფარული ჩანაწერებია. უნდა განადგურებულიყო თუ არა ფარული ვიდეოჩანაწერები?

_ არა, რადგან ხელისუფლება ანადგურებს მტკიცებულებებს. სანამ განაჩენი არ დამდგარა, მტკიცებულებების განადგურება არ შეიძლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივწერეთ, გაგვცეს პასუხი, რა იურიდიულ საფუძველზე გაანადგურეს აღნიშნული ჩანაწერები და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ.

_ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, თქვენ ჯერ კიდეც გაზაფხულზე განაცხადეთ ახალი სახალხო მოძრაობის დაწყების თაობაზე. რა გააკეთეთ მას შემდეგ?

_ მას შემდეგ ჩვენ პარლამენტს გავუგზავნეთ რეზოლუცია, რომელსაც 11 ათასზე მეტი კაცი აწერს ხელს და რომლითაც სხვა ქვეყნების მაგალითზე რეჟიმის გასამართლებას ვითხოვდით. პარლამენტს ვთხოვეთ ამ ყველაფრის შეფასება, თუმცა მხოლოდ ერთი მოსმენა ჩაატარეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და ამით დასრულდა ყველაფერი.  

გამოვყავით ფოკუსჯგუფები, აღვნუსხეთ, თუ ვის, რა სახის ზიანი მიაყენეს «ნაციონალებმა», მაგრამ პარლამენტი ქმედით ნაბიჯებს არ დგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად, რადგან დასავლეთს ზეგავლენა არამარტო ივანიშვილზე, არამედ პარლამენტზეც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ დამოუკიდებლები ვართ, რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებისგან შორს ვდგავართ. თუ ხალხმა არ იაქტიურა, მარტო ბიძინა ივანიშვილი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს _ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ.

_ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ყოფილი ხელისუფლების დროს პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რა ვითარებაა დღეს ციხეში, გაქვთ თუ არა უფლებადამცველებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების კონტროლის შესაძლებლობა?

_ თქვენ იცით, რომ 2004 წლამდე ჩვენს ორგანიზაციას ეს უფლებები ჰქონდა. პენიტენციარულ სისტემას მუდმივად ვაკონტროლებდით. შემდეგ, მოგეხსენებათ, სააკაშვილმა მონიტორინგის ჯგუფი გააუქმა, რადგან მათი მიზანი იყო, ციხე პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მეშვეობით ემართათ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ მონიტორინგის საბჭო აღდგებოდა, ითქვა, რომ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა ციხე, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მაინც ხელმისაწვდომია ჩვენთვის და განსაკუთრებული შემთხვევების დროს ციხეშიც შევდივართ. თუმცა ახლა სხვა პრობლემები გაჩნდა _ პატიმრები საკუთარ უფლებებს აჭარბებენ და ციხის ადმინისტრაციას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებენ. არის მეორე პრობლემაც _ ძველი ადმინისტრაცია ისევ ციხის ძველებური მეთოდებით მართვას ცდილობს და პატიმრებს ძველი რეჟიმის აღდგენით ემუქრება.

_ გამოდის, რომ პატიმრების კონტროლი ეფექტურად ვეღარ ხდება

_ დიახ, ასეა, რადგან ადრე, ერთის მხრივ, წამებით მართავდნენ ციხეს; მეორე მხრივ კი, ჰყავდათ ე. წ. მაყურებლები, რომლებიც ასევე სცემდნენ პატიმრებს.

უნდა გაიხსნას ციხეები, მაგრამ არ იხსნება, ჩემი აზრით, ერთი მიზეზის გამო _ არ სურთ, საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა  ფუფუნებაში ჰყავთ «ნაციონალური მოძრაობის» მაღალჩინოსნები. მივესალმები, თუ მათ კარგად ეპყრობიან, მაგრამ სხვა პატიმრები რატომ არიან გაუსაძლის პირობებში? როგორ შეიძლება «ნაციონალები» ყველგან პრივილეგირებულები იყვნენ _ ხელისუფლებაშიც და ციხეშიც და უბრალო მოქალაქე მუდმივად ფეხქვეშ იყოს გათელილი?

_ ეს რისი ბრალია?

_ ისევ დასავლეთის ზეწოლის, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, ყოფილი მღალჩინოსნები კარგ პირობებში ამყოფონ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილმა რომ ლომბარდში ჩაგვტოვა ფაქტია…შეგვაფასეს 30 ….გადაიხადეს 10 მილირდი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here