Home რუბრიკები საზოგადოება არჩევნებს ხალხი მოიგებს

არჩევნებს ხალხი მოიგებს

2295

სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა პრივატიზაციამ და «სამართალდამცავ» ორგანოებში ჩატარებულმა მისეულმა რეფორმებმა მოშალა ქართული ზნეობა და სამართლებრივი სივრცე. დღეს საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია, ხოლო ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული. დამკვიდრდა ცხოვრების ამერიკული წესი: თუ ხარ, მგელი უნდა იყო; თუ არა, სხვა მგელი შეგჭამს. ამ წესმა მოგვიტანა მჩაგვრელთა ფენა საზოგადოებაში!

 

ჩვენი «დემოკრატიის შუქურა» პრეზიდენტი კი თავისას აგრძელებს; ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას მსოფლიოს ამცნო, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და აფრასიძეების ოჯახი მისი ბრძანებით ამოიხოცა! მისი მეუღლე, სანდრა, ამბობს: «ჩემს მეუღლეს აქვს შესანიშნავი უნარი, რომ ხალხი დააშინოს, რასაც მივესალმები…» რადგან ზურაბ ადეიშვილმა და ხათუნა კალმახელიძემ ციხე აქციეს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ბურჯად, მიგვაჩნია, რომ მართლდება ამერიკელი დიპლომატების მიერ მიშას მთავრობის მონათვლა «ბოროტ ბავშვთა ბაღად».

ჩვენ რით ვუპასუხეთ? სამწუხაროდ, ვიქეცით მონებად, სადღაა ჩვენი გენისა და ბუნების სიამაყე?! «დღეს ცოდვისა და ეშმაკის ისეთი ბატონობაა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას», _ ბრძანებს ერის მოძღვარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და ამბობს, რომ «ჩვენი ერთად დგომა ყველაზე დიდი მამულიშვილობაა», მაგრამ «საშოვარზე გადაგებული და გათითოკაცებული ერი» ვეღარ უსმენს დიდ მოძღვარს.

ხალხთან შეხვედრებისას შეკითხვებზე (ზოგჯერ «შანტაჟზეც» _  26 ივნისს გორში) გაწონასწორებულ, მშვიდ, გონიერ პასუხებში ჩანს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება დიდად წარმატებული ადამიანი, კაცი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა ქართველი ხალხი. მშრომელი ხალხის წიაღიდან გამოსულ ასეთ ადამიანს პარლამენტარი წიკლაური უწოდებს «მდაბიოს». ჩვენ მას და მისნაირებს ვეუბნებით: ძირს _ «ნაცები», მაღლა _ ერის კაცები! ჩვენ მოვიგებთ საპრეზიდენტო არჩევნებს!

ჩვენი სასიქადულო მწერალი, ბატონი გურამ ფანჯიკიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერილ მწერალთა ყრილობაზე წასაკითხ ანგარიშში წერდა: «ამერიკელთა ეროვნული იდეაა «ღმერთი, დემოკრატია, კერძო საკუთრება». იქნებ ჩვენც მოგვეფიქრებინა რაიმე, ასე მოკლედ და ლაკონურად რომ გამოხატავდეს ჩვენს ეროვნულ იდეოლოგიას». ამიტომაც ვფიქრობ, საქართველოს მომავალ პარლამენტსა და მთავრობაში უნდა გვყავდეს ის ადამიანები, რომლებიც სამართლებრივ სახელმწიფოს აგვაშენებინებს და მშრომელთა ინტერესებს დაიცავს. ასეთი სამართლებრივი საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგი იქნება წმინდა ილია მართალი, ხოლო ეროვნული იდეოლოგია სამშობლო, სამართლიანობა, სარწმუნოება.

ბონდო კალანდაძე,

გარდაბანი

 

1 COMMENT

  1. ილიამ თქვა ენა,მამული,სარწმუნოებაო,რასაც პატრიარქმა დაუმატა ადამიანი,ასე რომ ეს უკვე გვაქვს ,შეხსენება რომ გვჭირდება ხშირად ეს უკვე სხვა საკითხია;რაც შეეხება ფანჯიკიძეს ,სასურველი კი არა საქართველოსთვის სასიცოცხლოა,მისი გოგო(სხვანაირ მოხსენიებას არ იმსახურებს)სანამ რამეს იტყვის დაფიქრდეს ან საერთოდ ნურაფერს იტყვის ჯობია , მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ბრიყვული აზრებით ნუ აყენებს ზიანს ქვეყანას,ხალხს და ნუ არცხვენს მამის სახელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here