Home რუბრიკები პოლიტიკა კახა მიქაია: მოვითხოვ პასუხს კითხვაზე _ ვისი ბრძანებით აუპატიურებდნენ ხალხს ახალაიები და...

კახა მიქაია: მოვითხოვ პასუხს კითხვაზე _ ვისი ბრძანებით აუპატიურებდნენ ხალხს ახალაიები და კოდუები?

754

მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ორგანიზაცია «დაიცავი საქართველოს» ლიდერი კახა მიქაია.

_ ბატონო კახა, წინა კვირას ზუგდიდში, სააკაშვილის რეზიდენციასთან დაგაკავეს და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 100 ლარით დაგაჯარიმეს. კონკრეტულად რა იყო სამართალდამცავებისთვის თქვენს ქმედებაში მიუღებელი?

 

_ ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილთან შეხვედრა და ეს ყველაფერი ხდებოდა აბსოლუტურად მშვიდობიანად. გვინდოდა, მისთვის კითხვები დაგვესვა და პასუხები მოგვესმინა, მაგრამ «ნაციონალების» ვადაგასულმა პრეზიდენტმა, არა თუ არ მიგვიღო, ვერც კი გაბედა, ხალხს დანახვებოდა. მე მაქვს კითხვა ამ ავადმყოფ კაცთან: რა გინდა, მიშა, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, იქ, სადაც ცხვირი არ გამოგეყოფა გარეთ?! რა გესაქმება?! წადი სადმე, დაიმალე!

_ რა უნდა გეკითხათ მისთვის?

_ აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ სააკაშვილმა პასუხისმგებლობა აიღოს იმ ცხრა წელიწადზე, რომლის განმავლობაშიც მართავდა მისი რეჟიმი ქვეყანას. მეორე მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის გასამართლება, რაც აუცილებლად და გარდაუვალად მიგვაჩნია. არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: მარტო მერაბიშვილზე, ახალაიებსა და სხვებზე ყველაფრის გადაბრალება უსამართლობაა, ამიტომ, ვინც იყო რეჟიმის შემქმნელი და შემოქმედი, პირველ  რიგში, ის უნდა დაისაჯოს. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ ჩვენ იმ დღეს და შევიკრიბებით მომავალშიც. ასე რომ, არ გავჩერდებით. პირადად მე, სანამ სააკაშვილი თავისუფლად დადის, არ მოვისვენებ.

_ სააკაშვილთან შეხვედრას მაინც რა აზრი ჰქონდა, რატომ გეგონათ, რომ ის  ასეთ კითხვებზე გიპასუხებდათ?

_ იმიტომაც დაგვემალა ეს კურდღელი, მისგან სხვა საქციელს არც ველოდი. ჩვენ, უბრალოდ, გვაინტერესებდა და გვინდოდა, პირადად პრეზიდენტისგან მოგვესმინა, რატომ შეიქმნა სამეგრელოში სამალავები, ვინ გააკეთა და რა მიზანს ემსახურებოდა.

_ ამასთან დაკავშირებით მან ხომ ერთხელ უკვე ისაუბრა სატელევიზიო ეთერში?

_ მე გითხარით, რომ პირადად გვინდოდა მასთან შეხვედრა, რა, პრეზიდენტები არ ხვდებიან მოქალაქეებს?! ახლა რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს: ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის მოსვლას აპირებდა ოთხ საათზე, მაგრამ მოვიდა ღამის თერთმეტ საათზე. გაძლიერებული იყო დაცვაც, დაახლოებით 400-450 პოლიციელი და სპეცრაზმელი იცავდა მთლიან პერიმეტრს; ქუჩაც გადაკეტეს. მერე, როცა მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა, იქ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც დამაკავეს და შემდეგ იმ ბრალდებით, რომელიც თქვენ ახსენეთ დასაწყისში, დამაკისრეს ასლარიანი ჯარიმა.

_ სააკაშვილის პასუხისმგებლობა ახსენეთ და რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს?

_ ამათი პასუხისმგებლობა  მხოლოდ სამართლებრივად წარმომიდგენია. უნდა გასამართლდეს რეჟიმი და, უპირველესად, სააკაშვილი. ის, რომ თურმე არჩევნებში წაგება იყო პასუხისმგებლობა, ცინიზმია და სხვა არაფერი. არჩევნებს ესენი ნებისმიერ შემთხვევაში წააგებდნენ. ეს ხომ დღესავით ნათელი იყო…

_ სხვათა შორის, მთავარმა პროკურორმაც რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, მოწმის სტატუსით დაიბარონ.

_ არა მარტო უნდა დაიბარონ მოწმის სტატუსით, უნდა დააკავონ და გაასამართლონ კანონის მთელი სიმკაცრით. ჩვენ საერთოდ ამორალურად მიგვაჩნია «ნაცმოძრაობის», როგორც პოლიტიკური პარტიის, არსებობა. ეს არის ქართული «ალ ქაიდა», რომელიც უნდა გაქრეს. სხვათა შორის, მე ახლა ყურადღებით ვაკვირდები, რას აკეთებს პროკურატურა და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ამ ხელისუფლებამაც ცოტა ჭკუას არ მოუხმო, ხალხი მეტს უკვე ვეღარ მოითმენს. დავიღალეთ ამათი კატათაგვობანას თამაშით, თუ რამის გაკეთება შეგიძლია, რას უცდი, შე დალოცვილო!

_ გაკეთებას რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირი გაათავისუფლა. თავად ბაჩო ახალაიას კი ორ ეპიზოდში მოუხსნა ბრალი. რას ფიქრობთ ამაზე?

_ პირდაპირ გეტყვით, _ ესაა სამარცხვინოზე სამარცხვინო ფაქტი და მიუთითებს პროკურატურის უსუსურობაზე. თავიდან თითქოს კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს უწყება, მაგრამ, რაც დღეს ხდება, ამას, უბრალოდ, ახსნა არ აქვს. ბუნებრივია, ძალიან ცუდად იმოქმედა ამან საზოგადოებაზე, არავინ ელოდა, რომ ახალაიას ჯალათებს ასე უცერემონიოდ გამოუშვებდნენ. ამის შემდეგ, ალბათ, მართლა ყველაფერს უნდა ველოდოთ; და საერთოდ, სანამ სააკაშვილის ხროვა ისევ ბოგინობს ქვეყანაში, ბრძოლა არ არის დამთავრებული…

_ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა და თანამდებობაზეც დააბრუნა. როგორ იმოქმედა ამან სამეგრელოს მოსახლეობაზე?

_ ეს გუნავა არის თხემით ტერფამდე ადამიანის სისხლში ამოსვრილი. ამ არაკაცს რომ გუბერნატორად დაგისვამენ, როგორ უნდა იმოქმედოს?! გაგიჟებულია ხალხი! იმ დროს, როცა ციხეებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, ის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მან ეს არ იცოდა?! მისი მოადგილეები აკეთებდნენ ამას და ხელქვეითები…

_ თქვენი აზრით, იცოდა?

_ კი არ იცოდა, ხელს უწყობდა, იცავდა და ზურგს უმაგრებდა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ეს მანიაკები ძირფესვიანად ამოიძირკვონ და გასამართლდნენ ისე, როგორც საჭიროა.

_ თავის დროზე სამეგრელო «ნაცმოძრაობის» მთავარ დასაყრდენად ითვლებოდა. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

_ თქვენ ამას წინათ ნახეთ, როგორ მიიღო ზუგდიდის მოსახლეობამ პრაიმერის ჩასატარებლად ჩასული «ნაციონალები». ასევე ნახეთ, როგორ მიიღო სააკაშვილი და მისი გარემოცვა. მე რის თქმა მინდა: გუნავა უკვე ვერაფერს აკონტროლებს, მას მხოლოდ ერთი ბასტიონი აქვს _ გუბერნიის შენობა და იქ ხვდებიან ხოლმე ყვავილებით. დამთავრდა ის დრო, მიშა რომ ჩამოდიოდა და ხალხს ცერზე აყენებდნენ. მას უკვე აღარავინ სცემს აქ პატივს. მე პირადად ყოველთვის დავხვდები სააკაშვილს სამეგრელოში აქციებით და შევახსენებ, რომ სისხლისმსმელი ჯალათების ადგილი ამ კუთხეში არ არის. ასეთი განწყობაა ხალხში და მერწმუნეთ, მალე ისინი ჩვენთან საერთოდ ვეღარ ჩამოვლენ.

_ კანონით ვერ აუკრძალავთ.

_ კანონი ხალხს ემსახურება და არა მარტო ერთ პიროვნებას. ჩვენთვის მიუღებელი და აუტანელია ამ ვადაგასული პრეზიდენტის ვოიაჟები სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში. ამასთან, მოვითხოვთ პასუხს კითხვებზე: ვისი ბრძანებით აუპატიურებდნენ ადამიანებს კოდუები და ახალაიები? რატომ აღმოჩნდა იმ სამალავებში 15 ათასამდე ფაილი? ვინ აკეთებდა ამას და რა მიზნით? ხომ არ ჰგონიათ, რომ შეიწყალებს ან გაამართლებს მათ თავიანთი ჯიბის სასამართლო და მერე წელგამართული ივლიან?! არ გამოვა ეს, ხალხის რისხვას, საზოგადოების სამართალს ვერსად გაექცევიან!

_ თუ ასეთი მაღალია დღეს მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტი, როცა გუნავა გამოუშვეს, როცა ახალაიასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირი გაათავისუფლეს, რატომ არ ჩატარდა ზუგდიდში თუნდაც ერთი ფართომასშტაბიანი აქცია?

_ სამეგრელოში, იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილის დროს იყო, დღეს რადიკალურადაა სიტუაცია შეცვლილი. ადრე აქ ორი ადამიანი შიშით ერთმანეთს ვერ დაელაპარაკებოდა, მაგრამ 20 ივლისის აქციამ აჩვენა, რომ ეს შიში მოხსნილია. ამას, რა თქმა უნდა, გრძნობს თითოეული ოჯახი, თითოეული მოქალაქე, ასე რომ, აქციებიც გაიმართება, პროტესტიც იქნება და არჩევნებშიც მიიღებს «ნაცბანდა» საკადრის პასუხს. სამეგრელო იყო ყველაზე მეტად შეურაცხყოფილი კუთხე საქართველოში, ამიტომ სამეგრელო აღარ მოითმენს სისხლისმსმელი მიხეილ სააკაშვილის პარპაშს ამ ქვეყანაში.

_ თქვენ თქვით, რომ «ნაციონალური მოძრაობა» საერთოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, მაგრამ სანამ ის საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი, პოლიტიკურ ასპარეზზე მაინც აქტიურად რჩება. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

_ აუცილებელია და სწორედ ეს უნდა იყოს საზოგადოების უპირველესი მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მხოლოდ ასე თუ დამყარდება პოლიტიკურ ასპარეზზე ნამდვილი სამართლიანობა, თორემ, სანამ «ნაცმოძრაობა» 40 პროცენტითაა პარლამენტში, რომელ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ?! გამარჯვებული ჩვენ კი არა, ისინი არიან. ამდენი უბედურებისა და ტრაგედიის შემდეგ კიდევ გაიძახიან, მთავარი ოპოზიციური ძალა ვართო…

_ ისე, ვადამდელი არჩევნები, არა მარტო «ნაცმოძრაობისთვის», კოალიციაში შემავალი ასევე ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტისთვისაც შეიძლება საპარლამენტო ოდისეის დასასრული აღმოჩნდეს.

_ ამიტომაცაა ეს აუცილებელი. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი? ჰოდა, ეს გარდატეხა მომხდარია. ახლა თუ შენ უკეთესი ხარ, მიდი და ჩაატარე ნორმალური არჩევნები, რა გიშლის ხელს?!

_ თუმცა დაახლოებით თვენახევრის წინ, ვადამდელ არჩევნებზე საურისას, პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას. რას ნიშნავდა ეს, როგორ ფიქრობთ?

_ ჯერ ერთი, კონსტიტუციის მიხედვითაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების ჩატარება და მეორეც, ხალხის ნებას წინ არაფერი დაუდგება. სწორედ კონსტიტუციას რომ გვინდა პატივი ვცეთ, იმიტომ ვითხოვთ ამ არჩევნებს. ასე რომ, უკანონო, არასამართლებრივი ამაში არაფერია. მთავარია, საზოგადოება იყოს ერთსულოვანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა კოაბიტაციას! «ნაცმოძრაობაში» დღეს პატარა ჯგუფიც კი არაა ისეთი, რომელთანაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა. მთლიანად ეს პარტია არის დამნაშავეთა ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც იყო მთავარი კრიმინალი, მთავარი ტერორისტი მიხეილ სააკაშვილი.

_ რას ფიქრობთ იმ მორატორიუმზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივ პროცესს გამოუცხადა ხელისუფლებამ?

_ მე, სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ ამ ხელისუფლების ქმედებებშიც არ მესმის, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვაა: «ნაცმოძრაობა» მორატორიუმს და კოაბიტაციას ვერასოდეს ეღირსება ქართველი ხალხისგან. ამიტომ რას გამოაცხადებს მმართველი გუნდი ან იქ დასავლეთი რას იტყვის, ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარმა მსაჯულმა, საზოგადოებამ, მათ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ეს განაჩენი შეიძლება რთულად, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად აღსრულდება…

_ სააკაშვილი, ალბათ, მომავალშიც არა ერთხელ ესტუმრება სამეგრელოს. როგორ დახვდებით თქვენ და თქვენი მეგობრები მას?

_ მე კიდევ გადავიხდი ჯარიმას. გითხარით და კვლავ ვიმეორებ, სანამ ეს კრიმინალური ხროვა და მისი მეთაური თავისუფალია, არ მოვისვენებ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონო კახა, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ,,ნაციონალების" ჩასაძირად მოვიდა ,,ქართული ოცნება"? ეს შემოგდებული ბომბია, რომელიც არ აფეთქდება, რადგან ასე უნდა ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოს. დაუკვირდით რას ნიშნავს შეფარდება 60/40. რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ, რომ ეს შეფარდება ტყუილია, ვერავის დააჯერებ ვერც ევროპაში და ვერც საუდის არაბეთში. ციფრი სხვანაირად საუბრობს. რამდენი არჩევნების არ უნდა ჩავატაროთ, ეს ციფრი არ შეიცვლება დიდად, ან გვეტყვიან რონ არის 70/30-ზე, ან 55/45-ზე, იმ სიტუაციიდან განონდინარე რაც იარსებებს არჩევნების ჩატარების დროს. ჩვენს მაგივრად ამ შეფარდებებს ვიღაცა ითვლის. თქვენ რომ გეგონათ და მეც ასე მწამდა, რომ ბიძინამ გვიშველ და ჩამოგვაშორა ეს მახინჯი ვარდები, ასე არ არის, ბიძინა ღმერთი არ არის, რა ძალა გააჩნია მას იმაზე მეტი ვიდრე მთლიანად აღებულ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ? გიფიქრიათ როდისმე ამაზე?

  2. გეთანხმებით მუნჯი…. უარესები არიან ნაცებზე ..სანამ ხალხს არ გააგუჟებენ მანამ სამართალს არ აღადგენენ… ამდენი ნაძირალა საიდან მოეთრა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here