Home რუბრიკები საზოგადოება თემო გოცაძე: წააგე? წადი!

თემო გოცაძე: წააგე? წადი!

1073

ეს ქუჩა, თუ ქუჩა ჰქვია კუსტბის მთის კალთაზე გაჭრილ გზას, მგონი, უსახელოა. დასაწყისში სახალხო მხატვრის _ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრია _ «მუზა». იქ კი, სადაც იწყება დასასრული, სახალხო მხატვრის _ თემო გოცაძის სახელოსნოა. შუაგზაზე გამარჯვების პარკს სახალხო მხატვრის _ გოგა ოჩიაურისეული გამარჯვება გადმოჰყურებს _ ქართული ნიკე. მონპარნას! ბატონ თემო გოცაძესთან ვიწყებ მორიგ საუბარს ჩვენი ქვეყნის ჭირ-ვარამზე.

_ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ერთმა პატიოსანმა და კომპეტენტურმა მეცნიერმა, პროფესორმა დავით იაკობიძემ თქვა: «თვალში საცემია ბიძინა ივანიშვილისადმი ჟურნალისტთა მხრიდან არაეთიკური «შეტლიკინებები» მაშინ, როცა ისინი ზედმეტად კორექტულები არიან მისი ოპონენტების მიმართ.»

_ დედიმისის შვილები იყვნენ და გაუბედავდნენ ერთი წლის წინათ სააკაშვილს ასეთნაირ «შეტლიკინებას». შიში იყო. შეტლიკინება მათაც და სხვებსაც სამუშაოს დაკარგვად დაუჯდებოდათ, ელემენტარულად აღგვიდნენ პირისაგან მიწისა. როცა მოიხსნა შიშის ფაქტორი, ამოიღეს ხმა. რატომაც არა?! ენა უძვლოა და ყველაფრის მთქმელი.

მაგრამ მარტო ეს არ არის: როცა ძარღვი არა გაქვს, ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ამიტომ არის უძარღვო, უჯიშო, და, მეტი რა ვთქვა, ბინძური არაპროფესიული ჟურნალისტიკა.

«ნაცების», ანუ წამსვლელი ძალის წარმომადგენლებთან ზედმეტად კორექტულები რომ არიან, ესეც გასაგებია: დღევანდელი ჟურნალისტიკა 9 წლის განმავლობაში სწორედ ასეთად ჩამოყალიბდა.

ცხადია, ამ ჩემს დასკვნას ყველა თქვენს კოლეგაზე არ ვავრცელებ, ტენდენციაზე ვლაპარაკობ, 9 წლის განმავლობაში რომ ჩამოყალიბდა. ამიტომ ძალიან ძნელია, დღეს გამოხვიდე შტამპების ტყვეობიდან, ხაზი გადაუსვა იმ კონიუნქტურას, რომელშიც იცხოვრე და ჩამოყალიბდი, ვაი, რომ არაპროფესიონალად. ახალ კონიუნქტურას თავისი პრინციპები აქვს _ თავისუფალიც შეგიძლია იყო და ზუსტად შეგიძლია ილაპარაკო ის, რაც სიმართლეა. ძნელია-მეთქი, ხაზგასმით ვამბობ, რადგან ის ჟურნალისტიკა ყველა სიტუაციაში ინარჩუნებს გლეხის იმ თვისებას, როცა იგი უკან დასახევ გზას იტოვებს…

მიჩვეულია, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში მას სრული გარანტია აქვს, რომ თავისი შეხედულებებისა და პოზიციის გამო არავინ დევნას არ დაუწყებს.

_ შეტლიკინებაზე გავაგრძელოთ საუბარი. ხომ არ გეჩვენებათ, რომ «ნაცების» ნარჩენები ძალიან შეუტლიკინდნენ ქართულ საზოგადოებას? მხედველობაში მაქვს მათი საჯარო გამოსვლები პარლამენტში.

_ შეუტლიკინდნენ და მეტიც. ეს კი გამოწვეულია ერთი რამით: როგორც კი დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა იყო, აყაყანდნენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან სწორედ მათი ხელდასმული იყო ის ხელისუფლება, რომელიც ამდენ ხანს მართავდა საქართველოს, ე.ი. შევეხეთ და დავიწყეთ იმ სიტუაციის შეცვლა, რომელიც, მათი მტკიცებით, სამაგალითო იყო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებისთვის, მანათობელი ვარსკვლავი იყო. ხომ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების «ლიდერები» ჩამოყალიბდნენ «კმარებში» და «თავისუფლების ინსტიტუტების» რიგებში, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ იწვრთნებოდნენ მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე უფრო უჭირდა. ესენი კი შტატებშსა და ევროპებში გულაობდნენ. ამათი პრინციპები, ჩახედავ და დაინახავ, დალესის დოქტრინის პრინციპებს ერთი ერთზე იმეორებს, აბსოლუტურად.

იმიტომ, რომ, როცა რატიანი პარლამენტში, იქ, სადაც ბატონი ვანო კიღურაძე ზის, მარტო ხმის ამაღლებას კი არა, ხმის ამოღებას გაბედავს, ის საქართველო დაქცეულია.

აქვე ვიტყვი, რომ რატიანის მამა ჩემი მეგობარი იყო, უნიჭიერესი კაცი!

_ ბატონო თემო, რახან კონკრეტიკაზე გადახვედით, გავაგრძელოთ კიდეც ამ მიმართულებით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ლადო ბედუკაძეს ციხიდან რომ არ გამოეტანა ფირზე აღბეჭდილი პატიმართა წამების, მათი ღირსების შემლახავი და ა.შ. ფაქტები, რა მოხდებოდა! გამოიტანა, ვნახეთ და შოკიდან გამოსული ნაცბოლები თავს იკლავენ იმის დასამტკიცებლად, რომ, პირველი, ეს ყველაფერი სისტემური დანაშაული არ იყო, მეორე, დამნაშავეა ლადო ბედუკაძე და მასთან ერთად მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ბედუკაძე ციხეში არ გაუშვა.

_ ეს ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი! დანაშაულის თავიდან აცილებას რომ ცდილობს «ნაციონალური მოძრაობა» (არაფერი ვიცოდითო), იმდენად ალოგიკურია, რომ დასამტკიცებლად ჩამუხლებაც არ ღირს.

მე მაინც მგონია, რომ საზოგადოება ამას ვერ მოითმენს, ერთ მშვენიერ დღეს იხუვლებს და ვაი მაგათი ბრალი! ადრეც მაქვს ნათქვამი _ ეგენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთლიანად ამოიძირკვონ! ოჯახები ამოიძირკვებიან. ძალიან არ მინდა, ასე რომ მოხდეს, ოჯახებს და შვილებს რომ შეეხოს მამების ცოდვა. ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც თავი და თავია ჩვენი ერის, ქვეყნის, როგორც ასეთის, არსებობის. თუ არ იქნება ოჯახი და ოჯახის ის იერარქია, რომლითაც ეს ოჯახები სახელმწიფოს ქმნიდა, დარჩება მხოლოდ ტერიტორია, რომელზეც ორპირი ქარივით გაივლ-გამოივლის ყველა, ვისაც არ დაეზარება. ზუსტად ამ პერიოდისთვის შესაფერი გათითოკაცება და კარჩაკეტილობა დამკვიდრება: «ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა».

მე არ მინდა ასეთი საქართველო! მირჩევნია საქართველო იყოს ჩემი ციხესიმაგრე, ვიდრე გათითოებული ოჯახების ციხესიმაგრეების გაუცხოება!

_ ბატონო თემო…

_ გავალ ბოლომდე, რა! ასეთ ვითარებაში გამყიდველები ხშირად გმირებად უბრუნდებიან ერსა და სახელმწიფოს, დიდ გმირებადაც კი. თუ ვინმეს მაგალითების მოხმობა სურს, წაიკითხოს ბერძნული მითოლოგია, ისტორიას გადახედოს, ქართლის ცხოვრება გადაფურცლოს!

მაგრამ გამყიდველობა იყო ის?! ჩვენში ვინც აღმოსავლეთისკენ იხრებოდა, გამყიდველად იყო შერაცხული.

ახლა ერეკლე მეორე მიაჩნიათ გამყიდველად იმის გამო, რომ ჩრდილოეთისკენ აიღო კურსი.

დღეს შეტრიალებულები ვართ და ამერიკის უკანალში შეყოფილი გვაქვს თავი!

არ არის ეგრე?

ვიღაც პრობკა ჩამოდის ვაშინგტონიდან, ვინ არის ან რას წარმოადგენს  გინდა პიროვნულად, გინდა შემოქმედებითად, გინდა ცხოვრების გავლილი გზით, და მორალს გიკითხავს მაღალი ტრიბუნიდან… და ცუციკებივით დგანან ეს შობელძაღლები, ესენი და პირმოთნე ღიმილით ულოკავენ უკანალს!

ამას აყურებინებენ ქვეყანას, ახალგაზრდობას, მთელ მსოფლიოს და ამით შლიან ჩვენს ეროვნულობას, თავმოყვარეობას, ყველაფერს.

_ ხომ არა ვართ ძალიან სულსწრაფები, ბატონო თემო, როცა დღესვე ვითხოვთ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას?

_ არ მინდა, რა, არ მინდა! როცა 9 წელიწადი ადამიანი იტანჯებოდა და ელოდა ხსნას. ეს ხსნა სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ხომ მოვიდა!

_ რა თქმა უნდა.

_ როცა ამ ხსნის შემდეგ მაინცდამაინც არაფერი იცვლება, თითქმის წელიწადი ისე გადის, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, 9 წლის განმავლობაში ვიქნებოდი «ჩარეცხილი» თუ «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავრჩებოდი «ჩარეცხილი»?!

მე, ჯანდაბას, «ჩავირეცხო»! ოღონდ ქვეყანას და საზოგადოებას, მომავალს ეშველოს, მაგრამ შინაგანად ხომ ფართხალებს უკმაყოფილების ჭია, რომელიც ინდივიდუალურია და, თუ რწმენა არ იქნა, არც შემოქმედება იქნება, არც ცხოვრება არ იქნება, არც არაფერი. რატომ მიკლავ ამ ინდივიდუალურს? რატომ მისპობ იმ არეალს, რომელშიც მე ჩვენი საზოგადოებისთვის ათჯერ და ასჯერ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია?

_ «ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი»…

_ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს შევხვდით ამასწინათ. მან გვითხრა, რომ პრობლემებში გასარკვევად შეხვედრები ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლების პროფესურასთან და შევჯერდით კიდეც გარკვეულ საკითხებზეო.

რომელ პროფესურას-მეთქი? _ ვკითხე. არსებულს, რომელიც მუშაობსო.

ეგ არსებული პროფესურა არ იყო, რომელმაც დაანგრია 9 წლის განმავლობაში ჩვენი უმაღლესი განათლება, რომლის რეფორმირებასაც აპირებთ-მეთქი?

თუ არ შეიცვალა კადრები, რა რეფორმას აკეთებ?

როცა გადატრიალება მოხდა, მე მქონდა არჩევანი და, ვისაც საჭირო იყო, ვუთხარი პირდაპირ: _ შენი ბინძური დედა ვატირე, არ დავდგები შენ გვერდით, და ცხრა წელიწადი მარილი ვლოკე. ისინი კი, ვინც უკანალს ულოკავდა ყოფილ ხელისუფლებას, დღეს ისევ იქ რჩება?! რეფორმის მონაწილე ხდება?! შემოქმედებით იდეებს ისვრის?!

ხომ იყავი მოგებული ცხრა წელიწადი. წააგე? წადი! დაიწყე ცხოვრება თავიდან, განიწმინდე, შემდეგ დაბრუნდი. ვინ გიშლის?

მე თუ მოვიგე, მიმიშვი. «ჩარეცხილად» მტოვებ?!

რუსთაველის პრემიების მინიჭება ახლა რომ გაიმართა, აღმაშფოთებელი იყო! ვისაც ეკუთვნის, იმათზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ნოდარ მგალობლიშვილობას ყველას ვერ მოსთხოვ…

სანამ ეს მახინჯი კიდევ ბოგინობს (არ ვიცი, რა სახელი დავარქვა), კოაბიტაცია ბლეფია. აჩვენებ, დაანახებ, გამოძიება დაასკვნის, რა დანაშაულიც აქვთ ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეგ გათახსირებულები კი ერთსა და იმავეს იმეორებენ _ პოლიტიკური დევნააო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, სად გადის ზღვარი სამართლიანობის აღდგენასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შორის? დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?! რახან პოლიტიკური მოწინააღმდეგეა დამნაშავე, ამიტომ ხმა უნდა გავიკმინდოთ?!

კოაბიტაცია რა, მარტო ცალ მხარეს არის?

ქვეყნის ელექტორატის 60-მა პროცენტმა ხმა მისცა «ქართულ ოცნებას» და ბიძინა ივანიშვილს, წესრიგი რომ დაემყარებინა, შენ ვინა ხარ, რომ მოდიხარ და კოაბიტაციას ჩამჩიჩინებ?

იმისი არ იყოს, რასმუსენს პრესკონფერენციაზე ერთი ჟურნალისტი რომ შეეკითხა: თქვენ ხართ ნატოს გენერალური მდივანი და გვითხარით, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, ნატოს წევრი რომ გავხდეთო.

ვერ უპასუხა. იფარგლება ზოგადი ფრაზეოლოგიით და ამ ზოგადი ტყუილებით მიგვათრევენ, ბოლოს კი ისე გაგვაგიჟებენ, რომ იძულებულს გაგვხდიან, მაგ ამერიკელებს და ევროპელებს კუდით ქვა ვასროლინოთ და კვლავ რუსეთს მივუბრუნდეთ.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

P.S. თემო გოცაძე ახლა დიდ ტილოზე მუშაობს, რომელსაც სამუშაო სახელწოდება კაფკას მიხედვით შეურჩია «ნადიმი ჭირიანობის ჟამს». სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეა.
მომდევნო შეხვედრას, შევთანხმდით, ერის ერთსულოვნების და სახვითი ხელოვნების პრობლემებზე საუბარს მივუძღვნით.

 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here