Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე ჭაჭია დარწმუნებით ჰპირდება საზოგადოებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას

ალექსანდრე ჭაჭია დარწმუნებით ჰპირდება საზოგადოებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას

945

კარგა ხანია, თვალს ვადევნებ ცნობილი პოლიტოლოგის, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას საგაზეთო პუბლიკაციებს. მისი ღრმაშინაარსიანი გამოსვლები არა მხოლოდ პოლიტიკურ, საგარეო და საშინაო საკითხებზე, არამედ სხვა აქტუალურ თემებზეც გვარწმუნებს, რომ მას აქვს გამორჩეული ხედვა და ღრმა ანალიზის უნარი.  უამრავი საინტერესო საკითხიდან გამოვყოფ ორს, რომლებიც, ჩემი აზრით, დღეს მეტად აქტუალურია და რომლებზეც ბატონი ალექსანდრე წლების წინ და ახლაც ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას. ესენია: «ქართული მიწა ეკუთვნის ქართველებს და ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია» და «ზუსტად ვიცი, თუ რა გზებითა და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი აფხაზეთის პრობლემის მოგვარება».

საუკუნეების განმავლობაში, გვსურდა თუ არა, საქართველოს აზიასთან უფრო ჰქონდა კავშირი, ვიდრე ევროპასთან, გეოგრაფიული და ისტორიული პირობების გამო იყო, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ისლამის ცივილიზაციასთან და ევროპულ ქრისტიანობასთან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობს და სხვადასხვა შინაარსის კულტურა და რელიგია ერწყმოდა ერთმანეთს, რასაც გარკვეული დადებითი გავლენა ჰქონდა ერის განვითარებაზე. ამასთან, დიდი და იმპერიული ზრახვების მქონე სახელმწიფოთა რკალში მოქცეული ჩვენი ქვეყანა თავს იცავდა მტრებისგან და მუდამ ჰქონდა ერთი უმთავრესი ამოცანა _ გადარჩენილიყო.

დღეს, როცა საქართველო იბრძვის, რათა დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზებულ ხალხებს შორის, ეს ციცქნა ქვეყანა ვერ განთავისუფლდა მიტაცების, მუქარისა და სხვათა შანტაჟისგან. ამას ემატება შიდა დაპირისპირება და ხელისუფალთა უგუნური, დამანგრეველი ქმედებები, რის გამოც ოდეს გაბრწყინებული ქვეყანა დღეს «დაჩოქილი» და მათხოვარივით ხელგაწვდილია.

ყველაზე ღირებული, რაც გაგვაჩნია და რის სიმცირესაც ვგრძნობთ და რისთვისაც ვიბრძოდით, ეს მიწაა, ქართული მიწა, რომელიც არის სული ჩვენი და გული ჩვენი, ფიქრი ჩვენი და ლოცვა ჩვენი, რომელსაც მუდამ გვეცილებოდნენ, მტკაველ-მტკაველ იტაცებდნენ.

როცა წინა ხელისუფალნი მიწების გაყიდვას უგუნურად დაეწაფნენ, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ შემოჰკრა განგაშის ზარი და გაგვაფრთხილა. ეს მოხდა თხუთმეტი წლის წინათ. «აი, რა გვჭირს ჩვენ, ქართველებს, _ წერდა იგი, _ დღეს ქარხნებს და სხვა ობიექტებს რომ ყიდიან, ეს კიდევ არაფერი, ტრაგედიაა ის შედეგი, რომელთანაც ამ ხელისუფლების (შევარდნაძის ხელისუფლებაზეა საუბარი) მიერ არჩეული გზა საბოლოოდ მიგვიყვანს. როდესაც ამ ყველაფერს გაყიდიან და გასაყიდი არაფერი დარჩება, შემდეგ მიწებისა და ტერიტორიების გაყიდვას დაიწყებენ, რადგან საქართველოში სხვა არაფერი გააჩნიათ, ტერიტორიების გარდა, აი ეს უნდა გაიგოს ხალხმა».

ისე აგიხდეთ კეთილი სურვილები, როგორც ახდა ბატონ ალექსანდრეს ნაწინასწარმეტყველები. ალბათ, დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველო გაყიდულია.  

შევარდნაძის დროს დაწყებული სამშობლოს «გასხვისება» კლასიკური ფორმით გააგრძელა სააკაშვილმა. მან ტერიტორიების დაკარგვას «ხალხიც» მიაყოლა. მოსახლეობა «მონად» აქცია, შანტაჟით, აკრძალული მოსმენებითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით ბოლომდე გაანადგურა. რა დაგვრჩა საქართველოში?.. ფაქტობრივად, გაღლეტილი, უფლებააყრილი მოსახლეობა, განადგურებული სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. გაჩერებული შადრევნები და მთავარ მაგისტრალზე დაგებული შავი საფარი, რომლის მშენებლობის საფასური, ვალია მსოფლიო ბანკიდან აღებული და მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას.

ამ ფონზე ყოფილი ტუტუცი ხელისუფლება თავს აძლევდა უფლებას, მოსახლეობა გაებრიყვებინა, თითქმის უტოპიური იდეით ნატოში შესვლა და ევროკავშირში მიღება მალე მოხდებაო. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ დასახელებული ორგანიზაციები კარს, ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ გაგვიღებენ.

ევროპა ჩვენ მიმართ მუდამ იჩენდა ყურადღებას, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა… საქართველოს მეფეები ევროპული სახელმწიფოებისგან არა მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას, არამედ მოკავშირეობას ითხოვდნენ, რაც მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩა. ამ ურთიერთობაში ჯერ კიდევ გიორგი მეხუთედან გაისმა საყვედური. «საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს… და სტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ», _ ვკითხულობთ გიორგი მეფის მიერ საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუასადმი გაგზავნილ წერილში. არც მომდევნო წლებში შეცვლილა არაფერი. ევროპას არასოდეს ეცალა და არც ახლა სცალია ჩვენთვის. მას საკუთარი პრობლემები აქვს და მათი მოგვარებითაა გართული. ვინც დაგვიდგა ავად თუ კარგად გვერდით, ერთმორწმუნე რუსები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ლამის «ჯვაროსნული» ომი გამოაცხადა. შეზღუდა რუსული ენის სწავლება სკოლებსა და სასწავლებლებში. მტრის ხატი შექმნეს იმ ქართველებისგან, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ და სურვილი აქვთ, ერთი აგური მაინც მიიტანონ ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების მშენებლობაზე. დაუმსახურებელი «ტალახი» ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასაც ესროლეს.

ქვეყანაში რომ მდგომარეობა აირ-დაირეოდა და ამერიკაში სწავლამიღებული ვითომ «დემოკრატები», სააკაშვილის მეთაურობით, ყველაფერს თავდაყირა დააყენებდნენ, ამის შესახებ ბატონი ალექსანდრე გვაფრთხილებდა _ «ბიჭ-ბუჭები» გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაშიო: «ისინი ვერასდროს მოიპოვებენ ავტორიტეტს ქართველ ხალხში. იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სიყვარული, პოლიტიკური ნდობა დაიმსახურო, უნივერსიტეტის დიპლომისა და მჭევრმეტყველების გარდა, უნდა გქონდეს ქართული ზრდილობა, დარბაისლობა, ქართველი ერის სულის, სულიერი მოთხოვნილების გაგება, რაც ამ ახალგაზრდებს ნაკლებად ახასიათებთ. როცა პირტიტველა მეტიჩარა საჯაროდ უყვირის ჭაღარა კაცს, რომელ მის პოლიტიკურ ავტორიტეტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?»

რა დამთხვევაა! სააკაშვილი და «ნაცები» დაეპატრონენ თუ არა ხელისუფლებას, ეგონათ, პარპაშს სამუდამოდ მოახერხებდნენ, რომ სამართლიანობის განმკითხავი არავინ იქნებოდა. მათ კანონ-სამართალს საკუთარი აღვირი ამოსდეს და, როგოც უნდოდათ, ისე ათოხარიკებდნენ. მოსახლეობა ისე დააშანტაჟეს, ტელეფონზე, სალამ-მოკითხვის გარდა, ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ. ხალხს ქონება წაართვეს და თავად მიისაკუთრეს. პენსიის ათი ლარით მომატებას აყვედრიდნენ მოხუცებს, როცა თვითონ მილიარდები «მოაქუჩეს» (მოსახლეობა ჯერ კიდევ ელის ახალი ხელისუფლებისგან ხალხისთვის წართმეული მილიარდების დაბრუნებას, სხვანაირად არ მოისვენებს). ამ ბინძური ხელისუფლების დასამხობად ხალხი გაერთიანდა და ახლა უკეთესი მომავლის იმედით სულდგმულობს.

ჩემი დაინტერესების მეორე თემა ისევ მშობლიურ მიწას და ტერიტორიების გამთლიანების პრობლემას ეხება. საზოგადოების ინტერესი ამ მხრივ გაუნელებელია. აფხაზეთი ჩვენი საერთო ტკივილია, ჩვენი კარგა ხნის გოდების მიზეზი. ძირძველი ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული ფიქრი და განცდა მოუშუშებელი ჭრილობაა. თუ რომელიმე კუთხე დრტვინავს აფხაზეთის დაკარგვით, ეს სამეგრელოა, სადაც ათასობით დევნილი ცხოვრობს დღეს და იმედით შეჰყურებს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია, პრობლემის ადგილიდან დაძვრა ვერ მოხერხდა.

და აი, გამოჩნდა გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც ხმამაღლა, ყველას გასაგონად და არა პოპულისტური ზრახვით აცხადებს, რომ მას შესწევს უნარი, იცის გზები და საშუალებები, მოაგვაროს ჩვენი ყველაზე პრობლემური საკითხი. მე ქართველ პოლიტიკოსთა შორის არ მეგულება სხვა, რომელმაც გამოავლინა ამგვარი გაბედულება და განაცხადა სანუკვარი ოცნების მოგვარების შესაძლებლობა. აფხაზეთის კონფლიქტის დადებითად გადაწყვეტას ავტომატურად მოსდევს სამაჩაბლოს საკითხის დარეგულირება. მგონია, რომ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ესმის ამ საკითხის სირთულე და მნიშვნელობა. სხვანაირად იგი არც გარისკავდა, ამის პირობა მიეცა საზოგადოებისთვის.

საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ისეთი პოლიტიკურად და ეროვნულად მოაზროვნე ინტელექტუალი ადამიანი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობითა და ეროვნული მრწამსით სრულიად მიესადაგება ჩვენს კულტურულ-ტრადიციულ ყოფას, რომელიც იმოქმედებს საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ქვეყნის წარსულის ღრმა ცოდნა, პოლიტიკური პროცესების რეალური აღქმა და გამომდინარე აქედან, მომავლის განჭვრეტის უნარი, სწორედ ის შესაძლებლობებია, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, დავძლიოთ ეკონომიკური ჩამორჩენილობა და თითქმის ავადმყოფობად ქცეული კორუფცია, უსამართლობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

საქართველომ აირჩია ახალი ხელისუფლება, მაგრამ წინ გველოდება რთული რეალობა, რომელიც მოითხოვს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტას. მოსაგვარებელია «ნაცების» მიერ უგულებელყოფილი ეროვნული დემოგრაფიული პრობლემა. ყველა მონაცემით, საქართველო შეყვანილია «გაქრობადი» ერების სიაში, რაც მოითხოვს გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას. გზა, რომლითაც დღემდე მიდიოდა საქართველო, უპერსპექტივო იყო და მომავლის სუსტი კონტურები ჩანს მხოლოდ. უნდა დავძლიოთ მონის ფსიქოლოგია და შიში ვიღაცისადმი მორჩილებით გამოწვეული, რომ, თუ «ბაბაიას» კარნახი ან მითითება არ შევასრულეთ, დავიღუპებით.

არა, ბატონებო!.. ქართველმა ხალხმა ისწავლა გადარჩენა და ჩვენ არ უნდა გავხდეთ «სხვების» ნასუფრალის მომლოდინე, ამისათვის გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება. მხოლოდ მათი გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. მაგრამ ამისთვის კეთილი ნების ხელისუფლებაა საჭირო _ ერისა და ხალხის მოყვარული, პატიოსანი, ღვთისნიერი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება, რომლის შემადგენლობაში ერთ-ერთს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოვიაზრებ. და არა უღვთო და დემაგოგი, მატყუარა და უსამართლო «ხროვა», როგორიც სააკაშვილი და მისი «ნაცები» არიან. მათი მატრაკვეცობით ავღანეთში შევედით, სადაც დღესაც გვეღუპებიან ახალგაზრდები, ობლდებიან ოჯახები, ნადგურდება გენოფონდი. მე თავს ვხრი ყველა დაღუპული მებრძოლოს ხსოვნის წინაშე, მაგრამ ხელისუფლება ვერ იყენებს იმ საბრძოლო პოტენციალს, რომელიც მამაპაპურად დევს ქართველი კაცის გენში. მათი დახოცვა სხვის ომში და, ფაქტობრივად, დამპყრობლის როლში ყოფნა ავღანეთში, არ არის ქართველი ხალხის ნება. თურმე ფაშიზმის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლა თავდადება არ იყო, ავღანეთში კი საერთაშორისო პატრიოტულ მოვალეობას ვიხდით.

უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ერთი ჯგუფის ინტერესებს მორგებული ქმედებები, დროა, ქვეყნის ინტერესებს დაექვემდებაროს შიდა და საგარეო პოლიტიკა.

ბორის დავითაია,

მწერალი, ღირსების ორდენოსანი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here