Home რუბრიკები სამართალი ავთო წერეთელმა, იმავე ჭუტამ, თავის კაბინეტში ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე ბრტყელტუჩათი აწამა

ავთო წერეთელმა, იმავე ჭუტამ, თავის კაბინეტში ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე ბრტყელტუჩათი აწამა

9694

სააკაშვილის ცხრაწლიანი ავტორიტარული მმართველობა    ბიზნესსექტორისთვის რომ ფაქტობრივად სასიკვდილო დარტყმა აღმოჩნდა, არახალია და დიდი ხანია, ყველამ კარგად იცის. ამაზე მეტყველებს პროკურატურაში შესული განცხადებების სიმრავლეც და ის ფაქტებიც, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მიმდინარე სამართლებრივი პროცესის ფარგლებში გამოამზეურა. სქემა, თუ კონკრეტულად როგორ ხდებოდა ბიზნესმენების რეკეტი და წილების გადაბარება, გახმაურებული საქმეების მაგალითზე საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა დაზარალებულთა ნაწილი, მიზეზთა გამო, საჯაროდ საუბარს თავს არიდებს და დღემდე დუმს. «საქართველო და მსოფლიოს» «სამოქალაქო ფრონტის» წევრი, ყოფილი პოლიტპატიმარი აკაკი დარასელია დაუკავშირდა და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის _ გია დგებუაძის, იმავე მასტერას მიერ 2008 წელს ერთ-ერთ ბიზნესმენზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ესაუბრა.

_ ბატონო აკაკი, რომელ ბიზნესმენზე მოიპოვეთ ამჯერად ინფორმაცია და კონკრეტულად რა გახდა ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირების მიზეზი?

_ არის ასეთი ბიზნესმენი _ მინდია ქაშიბაძე, რომელმაც თავის დროზე, 2002-03 წლებში დააფუძნა კომპანია «მაქსტოპი». კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები და ამ მხრივ მართლა წარმატებულად მუშაობდნენ. მოგვიანებით «მაქსტოპმა» ექსკლუზივი მოიპოვა «ინტელთან» და, საკუთარი პრესტიჟიდან გამომდინარე, დაეხმარა ფეხზე დადგომაში. ამის შემდეგ, დაახლოებით 2005-06 წლებში ქაშიბაძეს წილში შეჰყავს ავთანდილ წერეთელი, მეტსახელად ჭუტა და საქმიანობას ერთად განაგრძობენ. ეს ჭუტა წერეთელი კომპანიაში, ფაქტობრივად, ვალდებულებების გარეშე იყო და არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია. ამ დროს ქაშიბაძის წყალობით «მაქსტოპი» ისე განვითარდა, რომ ბევრად უფრო ადრე დაფუძნებულ კომპანიებს, მაგალითად, როგორიცაა «ალტა» და სხვები, სერიოზულ კონკურენციას უწევდა. მალე «ნაციონალური მოძრაობა» დაინტერესდა ამ ყველაფრით, დაიწყო დაბარებები, ხალხის შეწუხება და ა. შ. მინდია ქაშიბაძეს კი პირდაპირ მოსთხოვეს 100 ათასი ლარი «ყულაბაში» ჩაედო ყოველთვიურად, რაზეც მან უარი განაცხადა.

ახლა აქ საინტერესო რა არის: ჭუტა წერეთელმა, რომელსაც, როგორც გითხარით, არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია კომპანიაში, ძალადობრივი გზით დაათმობინა ადამიანს ბიზნესი და თვითონ ჩაიგდო ხელში. ეს მან გააკეთა იმ ბინძური კავშირებით, რომლებიც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან…

_ კონკრეტულად რა კავშირებს გულისხმობთ? ვინ ეხმარებოდა წერეთელს ხელისუფლებიდან?

_ კუდის უფროსის მაშინდელი მოადგილე გია დგებუაძე (იგივე მასტერა), რომელიც ცნობილი ჯალათია, მიხეილ მაჭავარიანი და მეგის ქარდავა. ეს უკანასკნელი ჭუტა წერეთლის შვილის მეჯვარეა. ამ ადამიანებმა ქაშიბაძის წინააღმდეგ ჩაიდინეს წარმოუდგენელი დანაშაული, მაგრამ არა თუ პასუხი არ უგიათ ამაზე, საქმეც კი არ აღძრულა…

_ რა ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა ქაშიბაძეზე?

_ ყველანაირი ბინძური მეთოდებით, სატელეფონო ზარებით, ოჯახზე შანტაჟით, შვილის გაუპატიურების მუქარით და ა. შ. მერე ამ ყველაფერმა ხორცი შეისხა და კერძოდ რაში გამოიხატა ეს: 2008 წლის აგვისტოში, ანუ ომიდან მალევე, ჭუტა წერეთელმა გაგარინის მოედანზე მდებარე თავის ოფისში დაიბარა ქაშიბაძე და პირდაპირ მოსთხოვა წილის გადაფორმება. მიზეზად დაუსახელა ის, რომ თურმე ქაშიბაძეს მისი ვალი ჰქონდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ამაზე წერეთელი გაბრაზდა, დაუძახა დაცვის თანამშრომლებს და მათი დახმარებით ქაშიბაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბოლოს მან უჯრიდან ამოიღო ბრტყელტუჩა და დაზარალებულს ფრჩხილების დაძრობა დაუწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად ნაცემი და ნაწამები ქაშიბაძე მუქარით გამოაგდეს კაბინეტიდან, _ ჯერ სადა ხარ, რაც მოგივა, აწი ნახავო.

_ ამის მიუხედავად, ქაშიბაძე არ გატყდა და წილი არ დათმო?

_ არ დათმო და მერე უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჭუტას ოფისში მომხდარი ამბის შემდეგ მას უკვე მასტერა იბარებს მოდულის შენობაში და იქ ახდენენ მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს? ჯერ მოასმენინეს გვერდით კამერაში გინება, წივილი, კივილი და ეუბნებიან: ალბათ, იცით, რა ემართება მას, ვინც ჩვენთან არ თანამშრომლობს. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს, რათა ადამიანი გაეტეხათ; ისიც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

_ საქართველოდან წასვლაც მათი მოთხოვნა იყო?

_ არა, ეს სპონტანურად მოხდა, იმიტომ, რომ იმ დროს, როცა მინდია ქაშიბაძე პრაღაში იმყოფებოდა, ჭუტა წერეთელმა სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ ფინანსურ პოლიციაში, რის გამოც ის საქართველოში აღარ დაბრუნდა. სხვათა შორის, ამ საქმეს იძიებდა გამომძიებელი გიორგი შალუტაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნება.

_ ხშირად წინა ხელისუფლების მარწუხები საზღვარგარეთ გაქცეულ მსხვერპლსაც სწვდებოდა.

_ ქაშიბაძის შემთხვევაშიც ასე იყო, ის დააკავეს, ორი წელი იჯდა პრაღის ციხეში, მაგრამ ბრალი არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს. ამის მიუხედავად, ეს ადამიანი გამოცხადდა ძებნილად და დღემდე ძებნილია.

_ ხელისუფლების შეცვლამ რა პერსპექტივა გაუჩინა ამ ადამიანს, რომ სამართალი იპოვოს?

_ პირველ რიგში, მან აიყვანა ადვოკატები და ცდილობს წართმეული ქონების დაბრუნებას, მეორე მხრივ კი, იბრძვის დამნაშავეების დასასჯელად. ქაშიბაძემ უკვე შეიტანა სარჩელი მასტერასა და ჭუტა წერეთლის წინააღმდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ასე რომ, ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებს. აქ არის ერთი საინტერესო დეტალიც, რომელიც უნდა აღინიშნოს: გამომძიებელი, რომელსაც მთავარ პროკურატურაში დაეწერა ეს საქმე, ისევ ის გიორგი შალუტაშვილია, რომელიც თავის დროზე ფინანსურ პოლიციაში იძიებდა ქაშიბაძის საქმეს. მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ როგორ და რამდენად ობიექტურად შეიძლება გამოძიება წარიმართოს მის ხელში, თავად განსაჯეთ…

_ როგორც «წესი», ბიზნესმენები წინასაარჩევნო პერიოდში «ნაცმოძრაობის» მთავარი ფინანსური წყაროები იყვნენ. გარდა იმ 100 ათასი ლარისა, რომელსაც ყოველთვიურად სთხოვდნენ, «ნაცმოძრაობის» რამე ღონისძიება ან პიარაქცია თუ დაუფინანსებია ოდესმე მინდია ქაშიბაძეს?

_ როგორც ყველა ბიზნესმენს, ცხადია, მასაც შესთავაზეს ეს, ანგარიშის ნომერიც კი მისცეს, მაგრამ მან პირველსავე მოთხოვნაზე კატეგორიული უარი უთხრა. ამის შემდეგ დაიწყო მასზე ნადირობა და, რაც დამართეს, უკვე მოგიყევით.

_ რაც შეეხება ისევ დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხს: თქვენი აზრით, დღევანდელი სასამართლოს პირობებში რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს?

_ მთავარია, რომ ის იბრძვის, იცის, რა უნდა გააკეთოს და გაჩერებას არ აპირებს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, თქვენი კითხვის ლოგიკა მესმის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაინტერესდეს პროკურატურა ამ საქმით? შეიძლება იტყუება ეს კაცი და ვიღაცას ცილს სწამებს?!

_ როდის შეიტანა მან სარჩელი?

_ 1 ოქტომბრის შემდეგ მალევე, ანუ დაახლოებით 9 თვის წინათ.

_ და რა გამოხმაურება იყო პროკურატურის მხრიდან?

_ არანაირი, დღემდე დაკითხულიც არ არის ვინმე. ეს საოცარია, წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ფაქტი შედის საგამოძიებო სტრუქტურაში და თითქოს არაფერი.

_ საინტერესოა, ეს ჭუტა წერეთელი როგორ ახერხებს დღემდე თავის დაძვრენას? თქვენ რაზე მიგანიშნებთ ეს?

_ ამ ადამიანს ჰყავს ვიღაც მფარველი და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ მის ვინაობას.

_ მფარველს დღევანდელ ხელისუფლებაში გულისხმობთ?

_ ცხადია, იმიტომ, რომ «ნაცმოძრაობიდან» ვინც უნდა ყოფილიყო, დღეს მას ამდენი გავლენა არ ექნება. თან, ჩემი აზრით, ეს მფარველი არ არის ვიღაც დაბალი რგოლის ჩინოვნიკი, ფაქტია, რომ მას რაღაც წონადი თანამდებობა უკავია დღევანდელ ხელისუფლებაში. ჩვენ უკვე გვაქვს გამოკვეთილი სიგნალები, თუ ვინ და რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება იყვნენ ისინი, მაგრამ არ მინდა ვარაუდის დონეზე ვისაუბრო. ვიმეორებ, მალე ამ ყველაფერს ფარდა აეხდება და საზოგადოება დეტალურად გაიგებს, ვინ რა საქმიანობას ეწეოდა როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

_ როგორც ვიცი, მინდია ქაშიბაძემ თქვენ დახმარებისთვის მოგმართათ. «სამოქალაქო ფრონტი» გარკვეულწილად უფლებადამცველი ორგანიზაციაცაა. კონკრეტულად რას აპირებთ ამ ადამიანის დასახმარებლად?

_ პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმით, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე. ეს თაროზე შემოსადები საქმე არ არის, აქ იკვეთება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობა: გია დგებუაძის, ავთო წერეთლის, მეგის ქარდავას, მიხეილ მაჭავარიანის და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანია ნაწამები, კონკრეტული კომპანიაა დაზარალებული, რომელიც წარმატებული იყო და ბრუნვები ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს აქ შედეგი გვაქვს სახეზე: კაცი გაქცეულია და კომპანია _ გაკოტრებული. თუ ამაზე არ მოახდინეს რეაგირება, მაშინ რომელ სამართალზეა საუბარი?!

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხერხდება თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამტკიცება?

_ სულ სამადსამი პიროვნებაა დასაკითხი: დგებუაძე, ქარდავა და წერეთელი. მტკიცებულებები კი იმდენია, რომ პროკურატურა შესწავლას ვერ აუვა. ეს საქმე ვიღაცის მონაგონი კი არაა, ჯერ მარტო ჭუტას ოფისში, ქაშიბაძე რომ აწამეს, დაახლოებით ათამდე პიროვნება იმყოფებოდა. საკმარისია, მათზე იმუშაონ, რომელიმე მათგანი აუცილებლად მისცემს გამოძიებას გულახდილ ჩვენებას. შესაბამისად, აქ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. ვერავინ იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან ზეწოლა და ა. შ.

_ ზოგადად, ქაშიბაძის საქმის მსგავსი შემთხვევები «ნაცმოძრაობის» დროს ხშირი იყო. თქვენთვის დაახლოებით რამდენი ასეთი ფაქტია ცნობილი?

_ ძალიან ბევრი, ათეულობით. ახლა ამ შემთხვევების შესწავლის პროცესში ვართ და ზოგიერთი ისეთი საქმეა, შეიძლება არც დაიჯეროთ. ამ მასალებს რომ ეცნობი, რეალურად მაშინ ხვდები, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით. ამაზე ვერც ავტორიტარულ რეჟიმს ვერ იტყვი, ეს იყო რაღაც დიქტატორული მუტანტი, წარმოუდგენელი ბოროტებისა და სიბინძურის სისტემა.

_ დასაწყისში ჩვენ დაუსჯელობის სინდრომზე ვსაუბრობდით, თქვენი აზრით, ის, რაც დღეს მიმდინარე სამართლებრივი პროცესის ფარგლებში კეთდება, რამდენად საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა გაჩნდეს?

_ ნაწილობრივ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი, ცოტა არ იყოს, გაიწელა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რეალურად რა შეიცვალა ან რის შეცვლას უნდა ველოდეთ მომავალში. აქვე რამდენიმე დღის წინანდელ ფაქტს შევეხები, როცა ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი სამ ახალგაზრდას გაუპატიურებით დაემუქრა… ცნობისთვის: ეს ის დვალიშვილია, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრებში ჩანს და აგრესიულობით გამოირჩევა; ეს ის კაცია, რომელსაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, სანამ დვალიშვილისნაირი ნაძირალა ადამიანები ისევ რჩებიან სისტემაშ, მე ვერ ჩავთვლი, რომ ქვეყანაში რამე რადიკალურად შეიცვალა. ეს განცდა აქვს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილსაც და ხელისუფლებამ პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქროს; სხვანაირად, განცხადების დონეზე გამოხატული ვერანაირი კეთილი ნება სამართლის უზენაესობას ვერ აღადგენს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here