Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია!

ჯუმბერ პატიაშვილი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია!

616

დიდი ყურადღებით და სიამოვნებით წავიკითხე თქვენს გაზეთში არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარის _ ტარიელ გაგნიძის წერილი «საქართველოს პრეზიდენტად ქვეყანას ვთავაზობთ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას».

მართლაც და, თავისი განვლილი გზით ბატონი ჯუმბერი გამოირჩევა ყველა დასახელებული კანდიდატისგან. აი, ისინიც: გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, ნინო ბურჯანაზე და სალომე ზურაბიშვილი.

დავიწყოთ ბატონ მარგველაშვილით. აქამდე მას სერიოზული არაფერი გაუკეთებია. რაღაც უღიმღამო პიროვნებაა. მისი გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ძალიან დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრზე და გვევლინება ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ბრძანების შემსრულებლად. არადა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს საკმაოდ შეუკვეცეს ფუნქციები, იგი მაინც არის «საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი», «საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი» და ა. შ. მოკლედ, მარგველაშვილი არაა საპრეზიდენტო კაცი!

შალვა ნათელაშვილმა კი ბოლო ოცი წლის მანძილზე თავი დაგვანახა, როგორც პოლიტიკურმა დემაგოგმა, ლაზღანდარამ, რომელსაც არ ძალუძს სახელმწიფო საქმის კეთება.

სალომე ზურაბიშვილი კი იმით ამაყოფს, რომ მასონ ზბიგნევ ბჟეზინსკის მოწაფეა. მარტო ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებს.

ნინო ბურჯანაძემ თავი იმით «ისახელა», რომ სააკაშვილთან და ჟვანიასთან ერთად მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, სახელწოდებით «ვარდების რევოლუცია»….. რა უბედურება მოუტანა ჩვენს სამშობლოს ამ რევოლუციამ, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ ტყავზე იწვნია!… ქალბატონი ბურჯანაძე ძალზე ცინიკურ განცხადებებს აკეთებდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო მიტინგის დარბევის თაობაზე და, ვფიქრობ, ასეთი «წვრილმანი» ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რადგან ნებისმიერი «წვრილმანი» აუცილებლად «მსხვილმანში» გადადის! ვერაფრით გამოიჩინა თავი ქალბატონმა ნინომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროსაც. იმის მაგივრად, მას ხალხი დაერაზმა ომის გამჩაღებლის, «კურდღელი მთავარსარდლის», დეზერტირ სააკაშვილის დასაპატიმრებლად და სამართალში მისაცემად, აქეთ მზად იყო, თავი გაეწირა მიშიკოსთვის! არ გეგონოთ, რომ მე ამას ვიგონებ. ეს, ჩემი აზრით, სამარცხვინო აღიარება, ქალბატონმა ნინომ გააკეთა ინტერვიუში, რომელიც დაიბაჭდა ერთ-ერთ გაზეთში.

ქალბატონმა ბურჯანაძემ არათუ თავის კანდიდატურა უნდა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ ვალდებულია, საჯაროდ მოინანიოს და ილოცოს იმ ადამიანის სულებზე, რომლებიც შეეწირნენ მის ყოვლადგაუგონარ ავანტიურას, რაც მან განახორციელა 2011 წლის 26 მაისს. ასეთი შეცდომების მოსანანიელებლად ადამიანები მონასტერს აკითხავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ლოცვითა და უმკაცრესი მარხვით  ინანიებდნენ მძიმე ცოდვებს!

ნესტან კირთაძე კარგი პიროვნებაა, მშვენიერი ისტორიკოსია და მებრძოლი ხასიათი აქვს, მაგრამ საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე ქალბატონ ნესტანს დიდი საქმეების გაკეთების შესაძლებლობები არ გააჩნია. მაგალითად, ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან უნდა შევრიგდეთ, მაგრამ ოსი და, განსაკუთრებით, აფხაზი უხუცესები ქალებთან არანაირ საკითხს არ განიხილავენ; არადა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებში უხუცესთა აზრს გადამწყვეტი გავლენა აქვს.

სწორედ ამაშია ბატონ ჯუმბერ პატიაშვილის ძალა, რომ იგი საქართველოს ყველა კუთხეში შინაურია. განსაკუთრებით მას ოსები და აფხაზები სცემენ პატივს, როგორც მათდამი ყოველთვის თბილად განწყობილ ხელმძღვანელს.

სწორად აღნიშნავს ტარიელ გაგნიძე, რომ: «მოსახლეობა გადაღლილია პირტიტველა გოგო-ბიჭების მმართველობით, რომლებიც უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე გამწესებით იწყებდნენ ჩაბარებული დარგის შესწავლას და საერთოდ, შრომით საქმიანობას». დიახ, ვერც მართვის გამოცდილებით გაუწევენ მეტოქეობას ბატონ ჯუმბერს სხვა კანდიდატები!

ყველამ ვიცით, რომ ჯუმბერ პატიაშვილი ბრწყინვალედ ერკვევა სოფლის მეურნეობაში და არა მხოლოდ თეორიულად. საყოველთაო გაპარტახების პერიოდში მან შეძლო სოფელ წეროვანში მოწინავე მეურნეობის შექმნა! აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და მისი მოსახლეობის უმრავლესობა სოფელში ცხოვრობს, ხოლო შემოსავლის ერთადერთ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ამ საქმეში კი ბატონ ჯუმბერს ბადალი არ ჰყავს!

ჯუმბერ პატიაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და მშვენივრად იცის, როგორ უნდა წარმართოს საარჩევნო კამპანია. მან 1995 წელს (და მე ეს დანამდვილებით ვიცი) საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით დაამარცხა ქვეყნის დამანგრეველი შევარდნაძე, მაგრამ საყოველთაო გაყალბებამ, რომელიც შევარდნაძის უშუალო მითითებით განახორციელა ჟვანიამ და ამ უკანასკნელის «ნიჭიერმა» მოწაფემ _ გოგორიშვილმა, არ მისცა ბატონ ჯუმბერს საშუალება ქვეყნის სათავეში მოსვლისა, რამაც საქართველო სავალალო შედეგებამდე _ სააკაშვილის გაბატონებამდე მიიყვანა…

დარწმუნებული ვარ, რომ ჯუმბერ პატიაშვილი საუკეთესო კანდიდატია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე!

იოსებ როსებაშვილი,

პენსიონერი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here