Home რუბრიკები სამართალი კახიძეების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თაღლითების მფარველობაში ადანაშაულებს

კახიძეების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თაღლითების მფარველობაში ადანაშაულებს

1084

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» #205-ში დაიბეჭდა ინტერვიუ ადვოკატ დიმიტრი ალექსიძესთან, რომელიც თავის დაპატიმრებას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაპირისპირებას უკავშირებდა. ერთერთი საქმე, რომელშიც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან მისი ინტერესები გადაიკვეთა, კახიძეების ისტორიაა. ალექსიძე კახიძეების უფლებებს იცავდა, როცა დააპატიმრეს. ლალი კახიძის კუთვნილი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საქმე ეხება თბილისის პრესტიჟულ უბანში, ჭავჭავაძის #5 ში მდებარე 3124 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა შპს «ლიბერთი სითი», მაგრამ დღემდე არც აღნიშნული პროექტი განხორციელებულა და კახიძეების ოჯახიც ვალებში და საკუთარი საცხოვრებელი ბინის გარეშე აღმოჩნდა. დაზარალებულები თაღლითობაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს _ ლაშა ჩხენკელსა და გიორგი გოგიბერიძეს ადანაშაულებენ, რომელთაც ნათესაური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან _ გიორგი ბარამიძესთან, დავით კეზერაშვილთან, გივი თარგამაძესთან, მურთაზ ზოდელავასა და ზურაბ ადეიშვილთან. კახიძეების განცხადებით, სწორედ მათი მფარველობით, თაღლითები საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებდნენ და არავისი ეშინოდათ. «საქართველო და მსოფლიოს» ჯუმბერ კახიძე დაუკავშირდა.

 

_ ჩვენი ნდობით ბოროტად ისარგებლეს და უსინდისოდ მოგვექცნენ. იმ პერიოდში მე უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, ინსულტის გამო საავადმყოფოში ვმკურნალობდი, ამიტომ ჩემმა მეუღლემ, ლალი კახიძემ, საქმის წარმოება ჩვენს შვილს _ მალხაზ კახიძეს და მის მეგობარს _ ლაშა ჩხენკელს მიანდო, რომელიც თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე და ასევე მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის, ნათესავი გახლდათ, ხოლო მისი ძმა _ რომან ჩხენკელი რესპუბლიკის აუდიტის უფროსი იყო და დღეს იგი «ქართუ ბანკის» გაკოტრების მცდელობაშია ბრალდებული.

ლაშა ჩხენკელმა მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ჩემს მეუღლეს ჰქონდა მიწის ნაკვეთი ჭავჭავაძის 5/ა-ში, მშენებლობის ნებართვით. შეიქმნა შპს «ლიბერთი სითი», რომლის დირექტორადაც დანიშნეს შპს «იბერია სითის» იურისტი ზურაბ დანელია. მშენებლობის პროცესის დასაწყებად 2007 წელს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება შპს «ლიბერთი სითისა» და «იბერია სითის» შორის, რომელსაც ფლობდა გიორგი გოგიბერიძე. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ლალი კახიძე მიიღებდა ასაშენებელი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების 40%-ს. შპს «იბერია სითი» იღებდა ვალდებულებას, თავის ფულადი რესურსით განეხორციელებინა მშენებლობა.

2007 წლის 1 დეკემბერს ნოტარიუს ზოიძესთან გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი რჩებოდა ლალი კახიძის საკუთრებაში. «საქართველოს ბანკთან» გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ლალი კახიძის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. მეუღლე ენდობოდა ჩხენკელს და საკუთარ შვილს, რომელმაც ასევე მოგვატყუა, ამიტომ ხელშეკრულებას ისე მოაწერა ხელი, არც წაუკითხავს. მან იცოდა, რომ გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, ხელის მოწერამდე მას აჩვენეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უბრუნდებოდა მიწის ნაკვეთი. ბანკიდან გამოიტანეს მილიონ ასი ათასი აშშ დოლარი. 2008 წლის 2 აპრილს ჩემი მეუღლე მოტყუებით წაიყვანეს ნოტარიუს სოსო მუმლაძესთან, რომელიც ლაშა ჩხენკელის მეგობარი აღმოჩნდა და აჩვენეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მას  ეგონა, აღნაგობის ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი, სინამდვილეში კი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმებინეს.

როგორც შემდეგში გავიგეთ, გოგიბერიძესა და ჩხენკელს ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში დაუგეგმავთ ჩვენი ქონების თაღლითურად მითვისება. სწორედ ამ მიზნით შექმნეს შპს «ლიბერთი სითი», თითქოსდა საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად. სინამდვილეში კი, დიდი ოდენობით თანხები სჭირდებოდათ შპს «ვაკე პალასის» კუთვნილი ქონების შპს «ვიპ პალასის» სახელზე შესაძენად. ჩხენკელმა და გოგობერიძემ ზაურ დანელიას იძულებით გადმოარიცხვინეს ფული «იბერია სითის» ანგარიშზე, მაგრამ სად მიდიოდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბანკიდან გამოტანილი თანხა, არავინ იცის.

მოგვიანებით «ლიბერთი სითის» ხელმძღვანელმა დანელიამ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ გოგიბერიძე და ჩხენკელი. მათ არაერთხელ უხსენებიათ მისი თანდასწრებით თავიანთი ახლო ურთიერთობები გია ბარამიძესთან, დავით კეზერაშვილთან, გივი თარგამაძესთან. თაღლითებს, ფინანსურ პოლიციაში მფარველობდნენ. როგორც ამბობენ, «იბერია სითი» გივი თარგამაძის მამის იყო და ვფიქრობ, ფინანსური პოლიციაც ეხმარებოდათ და პროკურატურაც. ერთი კაცი _ ჩხენკელი, ამდენს ვერ მოახერხებდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე და დანელია შევთანხმდით, რომ სასწრაფოდ იყო საჭირო კომპანიის ქონების გადარჩენა და დირექტორად დავინიშნე მე, ვინაიდან შეიძლებოდა ძველ დირექტორზე ზეწოლა ისევ გაგრძელებულიყო. ყველანი მატყუებდნენ. მათ შორის ჩემი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილიც, რომელიც ჩვენი ადვოკატის დიმიტრი ალექსიძის დაპატიმრების შემდეგ გამოჩნდა და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნაციონალების მოგზავნილი ყოფილა. ამჟამად სოციალურად დაუცველები ვართ. ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ბანკს ეკუთვნის და გამოსახლებით გვემუქრებიან.

_ ამჟამად რა ხდება საქმის ირგვლივ?

_ ლალი კახიძის ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2012 წლის 5 ნოემბერს შევიტანეთ საჩივარი და იმედი გვქონდა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქმეს სათანადოდ გამოიძიებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმე ვაკის პროკურატურიდან ფინანსურ პოლიციაში გადააგზავნეს, არაფერი შეცვლილა. საქმე გაჩერებულია. იგივე ხალხი იძიებს. უკვე წლებია, მიმდინარეობს პროცესი და ერთხელაც არავის დავუკითხივართ.

აღსანიშნავია, რომ გოგიბერიძის წინააღმდეგ, დიდი ხანია, მიმდინარეობს გამოძიება სხვა საქმეების გამო. მესაკუთრეები და იპოთეკარები მას ადრეც უჩიოდნენ. ერთი ბინა რამდენიმეჯერ აქვს გაყიდული.

ჩვენ 2009 წელს მივმართეთ სასამართლოს, რათა «იბერია სითის» ქონება დაეყადაღებინა, მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა, მაგრამ პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, კახა მაჭავარიანმა, მოგვახსნევინა ყადაღა. ჩემს მეუღლეს ჩაწერილიც აქვს მათი საუბარი, როცა მაჭავარიანი ეუბნება, _ ყადაღა მოხსენი, მთავრობას ასე სჭირდებაო.

_ დღეს რას ითხოვთ?

_ ვითხოვ თაღლითური გზით მითვისებული თანხის დაბრუნებას. ლაშა ჩხენკელმა პასუხი უნდა აგოს. მისი ბრალია ყველაფერი, მას ვენდობოდით. ჩხენკელმა და გოგიბერიძემ ბანკს ფული დაუბრუნონ და მიწა გაგვითავისუფლონ. ვითხოვთ შპს «ლიბერთი სითის», «იბერია სითის», «ვიპ პალასის» მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

«საქართველო და მსოფლიო» კომპანია «ლიბერთი სითის» ყოფილ დირექტორს _ ზურაბ დანელიას დაუკავშირდა.

 _ მიმდინარეობს გამოძიება ლალი კახიძის კუთვნილი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე. როგორც თქვენ მოგვიანებით განაცხადეთ, გოგიბერიძე და ჩხენკელი გაიძულებდნენ გარკვეული ქმედებების შესრულებას. კონკრეტულად რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ მთხოვდნენ, იპოთეკით დატვირთულიყო გარკვეული ქონება. უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსი ჭავჭავაძეზე, თუმცა თანხა შემდგომში აბსოლუტურად სხვა ობიექტის შეძენას მოხმარდა. ბინები კერძო იპოთეკით დაიტვირთა. ეს გადაწყვეტილება ვითომ მშენებლობის გაფართოების მიზნით მიიღეს, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა. მოულოდნელად შპს «ვიპ პალასი» შეიძინეს. ამ საქმეში მე მხოლოდ გოგიბერიძის დავალებებს ვასრულებდი. ვიცოდი, რომ მათ ჰყავდათ მფარველები ხელისუფლებაში და, რაც სურდათ, იმას აკეთებდნენ.

_ თავად თუ უხსენებიათ ეს მფარველები, კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარები?

_ მიმდინარეობდა საუბრები გარკვეულ მაღალჩინოსნებზე. ნახსნები იყო დავით კეზერაშვილის, გია ბარამიძის, გივი თარგამაძის გვარები, რომლებთანაც ჰქონდათ ნათესაური კავშირები და მათ მფარველობდნენ.

_ როდესაც თქვენ ითხოვდით თანხის დაბრუნებას და «იბერია სითის» მიერ მშენებლობის დასრულებას, რა პასუხს იღებდით გოგიბერიძისგან და ჩხენკელისგან?

_ თავიდან ამბობდნენ, ყველაფერს გავაკეთებთო და შემდეგ უკვე არანაირ პასუხს აღარ მცემდნენ. როცა შევატყვე, რომ უკვე კატასტროფული მდგომარება იყო, მივმართე კახიძეებს და ავუხსენი სიტუაცია.

კახიძეების ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ საქმის ირგვლივ არაფერი კეთდება.

_ ოქტომბრიდან მიმდინარეობს საქმის გამოძიება ფინანური პოლიციის მეოთხე სამმართველოში და, მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობა სახეზეა, 7 თვე გავიდა და საქმის მთავარი მოწმე ლაშა ჩხენკელი დღემდე დაკითხულიც არ არის.

_ ჩხენკელს მოწმის სტატუსი აქვს?

_ კი, ჯერჯერობით მოწმის სტატუსი აქვს, ხოლო კახიძეები დაზარალებულებადაც არ არიან ცნობილნი. ფაქტობრივად, საქმე გაჩერებულია, არაფერი კეთდება.

_ როდესაც გამომძიებელს მიმართავთ, რას გეუბნებათ?

_ გამომძიებელი დავით უნგიაძე ჩვენს ზარებს იშვიათად პასუხობს. სამ კვირაში ერთხელ თუ გვიპასუხებს, მაშინაც იმას გვეუბნება, რომ დაგვაცადეთ, ვმუშაობთო. არადა, კახიძეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, დღედღეზე ბანკი სახლიდან გამოასახლებთ და ქუჩაში დარჩებიან.

გამომძიებელ დავით უნგიაძესთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ. მას შემდეგ, რაც მან ჩვენს ზარებსაც არ უპასუხა, ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნეთ, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ, გამომძიებელი აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავს არიდებს.

შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here