Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ეს რომ ტელევიზიით გავუშვათ, კაცმა არ იცის, რა უბედურება დატრიალდება

გია კორკოტაშვილი: ეს რომ ტელევიზიით გავუშვათ, კაცმა არ იცის, რა უბედურება დატრიალდება

816

გასულ კვირას მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ის უმძიმესი კადრები იხილეს, რომელთა მეშვეობით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ცხრა წლის მანძილზე ათასობით პატიმარს მუდმივ შიშსა და ტერორში ამყოფებდა. როგორც შენობიდან გამოსულმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, კადრები იმდენად მძიმე იყო, რომ ვერ გაუძლეს და რამდენიმე წუთის შემდეგ მისი გამორთვა მოითხოვეს. თავად ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული მასალის გასაჯაროება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამას შეიძლება საზოგადოებაში აფეთქება მოჰყვეს. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვეს უფლებადამცველებმაც, თუმცა რა ბედი უნდა ეწიოს საბოლოოდ ამ ჩანაწერებს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია… «საქართველო და მსოფლიო» გადაცემა «კორკოტას დილის» წამყვანს გია კორკოტაშვილს ესტუმრა და ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე ესაუბრა.

_ ბატონო გია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების ხილვის საშუალება მხოლოდ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს მისცა. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი და რეალურად რა შეიცვალა ამით?

_ პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადამიანები მუშაობენ და მათ მარტო ისე არ უნდა ვუყუროთ, როგორც პოლიციელებს. მეორეც, «ნაციონალური მოძრაობისგან» ყოველდღე ერთი და იგივე ქარიშხალი მოდის, _ სხვებს ადანაშაულებენ იმაში, რაშიც თვითონ გაწაფულები არიან. თუ ვინმე დღეს იტყვის «ნაცმოძრაობიდან», _ არ ვიცოდი, რა ხდებოდაო, ეს არის მტკნარი სიცრუე, იმიტომ, რომ, თუ არ იცოდა, ესეც დანაშაულია, ხოლო თუ იცოდა და არაფერს აკეთებდა, მით უარესი. რაც შეეხება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ კადრების ჩვენება მოხდა ელემენტარული მიზეზის გამო, _ რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგო, რა უბედურებასთან გვქონდა საქმე ცხრა წლის მანძილზე. ხალხი ნოკაუტშია დღესაც იმის გამო, რასაც წინა ხელისუფლების დროს უკეთებდნენ, ამიტომ ბოლობოლო გადაწყვიტა ამ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომ მარტო ქმედება არაფერს შველის. აბსოლუტურად სწორად იყო, ჩემი აზრით, ყველაფერი გათვლილი.

_ მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმცირესობა ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

_ «ნაციონალური მოძრაობისგან» ნურაფერი გვიკვირს. ამ შემთხვევაში მთავარია, ხელისუფლება რას აკეთებს. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, მისი და მისი გუნდის დისკრედიტება არ მოხდეს. ამიტომ დაიწყო იმ გამოძიებული საქმეების ხელახლა გამოძიებაც და ამიტომ დააკავეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც. ცხადია, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, _ ამ ყველაფერს ხმამაღალი პიარი რომ არ უკეთდებოდა, დასავლეთმა დაგვიწყო წაკბენა. მეტიც, ერთ-ერთმა კონგრესმენმა ისიც კი თქვა, ვანო მერაბიშვილი უნდა გამოუშვათო. ანუ ესენი ისე გვიყურებენ, თითქოს რაღაც მესამეხარისხოვანი ქვეყანა ვიყოთ. შეიძლება მაგათ სჯერათ, რომ მესამე ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ისტორია გვაქვს, ჩვენი ღირსება გვაქვს.

ახლა რატომ გვაჩვენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ და მედიის წარმომადგენლებს ის კადრები? გვაჩვენა იმიტომ, რომ მეც და სხვებსაც, ვინც შეხვედრას ვესწრებოდით, შეგვიძლია პიროვნულად მოვუყვეთ სხვებს, რაც ვნახეთ; მაგრამ ეს რომ გავუშვათ ტელევიზიით, კაცმა არ იცის, რა უბედურება დატრიალდება. რას ვგულისხმობ: ყველა ერთნაირი არ არის, ვიღაცამ შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლოს ამას, ვიღაც შეიძლება თავის ნაციონალ მეზობელს შეუვარდეს, ქუჩაში დახვდეს და ა.შ. აი, ზუსტად ამიტომაა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ის, რომ ამ კადრების გაშვება საჯაროდ არ შეიძლება და ჩვენ ყველანი დავეთანხმეთ მას ამაში.

_ თუმცა მსგავსი კადრები ერთხელ უკვე იხილა ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე და შემდეგ იყო «ნაცმოძრაობის» კრახი.

_ მე პირადად იმის მსგავსი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიხილეთ, ცხოვრებაში არაფერი მინახავს. პორნოფილმები რომაა, დაახლოებით იმგვარი რამაა. ადამიანებს თუ ადამიანის ასე დამცირება შეეძლოთ, ვერ წარმომედგინა. ამ კადრების სიტყვებით გადმოცემა, ალბათ, შეუძლებელია ბოლომდე.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა განადგურდეს ეს კადრები თუ უნდა დაიდოს, როგორც მტკიცებულება?

_ სიმართლე გითხრათ, ეგ კითხვა ვერ გავიგე, თქვენგან კი არა, საერთოდ. რატომ უნდა განადგურდეს? უნდა დაიდოს ისეთ ადგილას, სადაც ამის განმხილველი იქნება არა ერთი კაცი, არამედ მთლიანად საზოგადოება და ცხადია, სპეციალისტებიც. ეს არის მტკიცებულება, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა ასეთი საშინელი დანაშაული, ამიტომ, განადგურდეს კი არა, საგულდაგულოდ უნდა იქნეს შენახული და დაცული.

_ ყველაფრის მიუხედავად, «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის, რაც გასულ ვიდეოჩანაწერებში ვიხილეთ, იყო არა სისტემური დანაშაული, არამედ კანონდარღვევის ცალკეული გამოვლინებები. ამასთან დაკავშირებით დასავლეთიდანაც ხშირად ისმის ხოლმე რიტორიკული კითხვები. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს საკითხი საბოლოოდ გადაიჭრას? რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა?

_ უნდა დასხდნენ სპეციალისტები და იურისპრუდენციამ უნდა წაიყვანოს ეს საკითხი, მაგრამ პროცესები არ უნდა გაიწელოს მეტისმეტად. გითხარით და კიდევ ვიმეორებ: საზოგადოება ჯერ კიდევ შოკშია, ამიტომ უკვე დროა, ამ ყველაფერს შესაბამისი კვალიფიკაცია მივანიჭოთ. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ კადრებში ასახული ფაქტები ერთეული შემთხვევა არაა. თვალთვალი, მოსმენები, წამება, ძალადობა _ ეს ხომ ყოველდღიური მოვლენა იყო?! და ადამიანის უფლებებზე რომ მელაპარაკებიან დღეს ზოგიერთები, ჩაიხედონ ისტორიაში, ფაშიზმს ამაზე უარესი გაუკეთებია რამე?! მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ «ოცნებაც» კეკლუცობს დღეს გარკვეულწილად…

_ რას გულისხმობთ?

_ მე კარგად მახსოვს, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სახე ოქტომბრის დასაწყისში რანაირი იყო: გათეთრებულები დადიოდნენ და რას სცემოდნენ, არ იცოდნენ. აბა, ახლა ნახეთ _ მოსუქდნენ და ხელებს პარჭყავენ, თან ისე გელაპარაკებთან, თითქოს შენ არავინ არ ხარ. რაც შეეხება «ნაციონალებს», მოგმართავთ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» საშუალებით: გეყოთ სინდისი, გამოდით და რაღაცაზე მაინც ბოდიში მოიხადეთ! თუნდაც იმის გამო, რომ არ იცოდით. თქვენ იმ გუნდის წევრები ხართ, რომელიც 9 წელი ხალხს ცოცხებითაც კი აუპატიურებდა, ქონებასაც ართმევდა, კლავდა, აწამებდა და კაცმა არ იცის, კიდევ რა სისაძაგლეებს შვებოდა. ეს ყველაფერი საბოლოოდ  სანამდე შეიძლება მივიდეს, იცით? თუ სწრაფად არ მოხდა «ნაციონალური მოძრაობის» ლოკალიზება, საზოგადოებაში დაიწყება სერიოზული მღელვარება. მერე ამას უკვე ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.

_ და რა უნდა გაკეთდეს ლოკალიზებისთვის?

_ ერთადერთი საშუალებაა ის, რომ «ოცნებამ» უფრო სწრაფად გამოიძიოს საქმეები და დასაჯოს კონკრეტული პირები _ დამნაშავეები. ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა სწორედ ეს იყო. ასე რომ, ვიმეორებ: ხალხი უკვე გამოფხიზლდა, აღარ არის ადრინდელივით ჩლუნგი და «დაჩმორებული»…

_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. რა აზრის ხართ ამაზე?

_ არანაირად არ იქნება სწორი. ეს არის საქმის შუა გზაში მიტოვება და მერე აქ შეიძლება ისეთი ქაოსი დაიწყოს, რომ ნებისმიერ ადამიანს, გარე ძალებისგან მართულს თუ შიდა ასპარეზზე მყოფს, რომელთაც დიდი ფული აქვთ, შეეძლებათ გადატრიალების მოხდენა. მარტივად რომ ვთქვათ, ხალხის როლი ძალიან შესუსტდება და საზოგადოება კონტროლის ფუნქციას დაკარგავს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი თუ მაინც და მაინც წასვლას აპირებს, მართალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩაატარებს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაშიც ხალხის ნება საბოლოოდ გამოიხატება. ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ სიმართლე: ვერ «გაქაჩა» დღეს ამ გუნდმა…

_ რაც შეეხება ისევ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, იმის მიუხედავად, რომ აღმოჩენილია უმძიმესი ვიდეოჩანაწერები, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ჯერჯერობით საუბარიც არ არის. დაიჭირეს მხოლოდ შემსრულებლები და ბრალი უმძიმდება ვანო მერაბიშვილს. როგორ ფიქრობთ, რა აფერხებს პროკურატურას?

_ ვანო მერაბიშვილს შეუძლია დღეს თქვას, მე ვიცი ეს ყველაფერი და მე ვაკეთებდი ამასო, ან შეუძლია ისიც თქვას, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც სათავეს მიშასგან იღებდაო. რამდენიმე ვარიანტია. მაგრამ არ გვინდა ამ პროცესების წელვა და გაუთავებელი ალიაქოთი. ვინც დასასჯელია, დასაჯონ და ჩვენ მოგვცენ საშუალება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ.

_ ბევრი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას საგამოძიებო პროცესის გაწელვა სხვა პრობლემების გადასაფარად სჭირდება.

_ ეს ჩვეულებრივი ხრიკია და გასაგებია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამის გამოყენება, მაგრამ საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ყველაფერს? არ გაუვათ ასეთები დიდხანს, ხალხს უკვე უამრავი კითხვა აქვს ამ ხელისუფლებასთანაც…

_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ღარიბაშვილმაც, რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დიდი ალბათობით, იცოდა, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ სააკაშვილი სასამართლოში ვიხილოთ მოწმის ან სულაც ბრალდებულის სტატუსით?

_ მიშა მარტო იმიტომ უნდა დაიკითხოს, რომ ნახოს, რა ხდებოდა, მართლმსაჯულების სისტემაში, მაგის დაკვეთით რომ ადამიანებს აკავებდნენ. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ყველაფერი იცოდა, მის გარეშე ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა ვერც ერთ უწყებაში. უბრალოდ, იურიდიულად ცოტა სხვა მიდგომაა საჭირო, ანუ უნდა დამტკიცდეს, რომ სისტემური იყო ეს ყველაფერი.

_ გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა ხელი, ფაქტობრივად, კუდის ორ თანამშრომელს _ ქარდავასა და ჩხატარაშვილს შეახოცა.

_ ჰოდა, მე არაფერი ვიცოდიო. მაგას ვინ ჭამს! ჯერ მარტო ჩემი ამბავი რომ ავიღო, არაფერს წარმოვადგენდი, რადიო «ნაცნობში» ვიყავი წამყვანი და იუსტიციის სახლი რომ გახსნეს, 18-წუთიან გამოსვლაში ოთხი წუთი ჩემზე ისაუბრა, თურმე როგორი ცუდი წარსულის და განსხვავებული მენტალობის მქონე ადამიანი ვარ. დღე არ გავიდოდა, რომ კუდისა და სოდის მანქანები უბანში არ შემოვარდნილიყო… მადლობა ღმერთს, გამოვძვერი, თორემ, მე რომ ციხეში მოვხვედრილიყავი, დარწმუნებული ვარ, სამაგალითოდ დაასჯევინებდა მიშა ჩემს თავს.

_ რამდენიმე დღეში ფარული ვიდეოჩანაწერები საელჩოებსა და დიპლომატიურ კორპუსს გადაეგზავნება. როგორ ფიქრობთ, შეცვლის ეს მათ რიტორიკას?

_ აუცილებლად. მე აქ ერთ ცუდ მაგალითს მოვიყვან, ლეკვი რომ უადგილო ადგილას მოშარდავს, მიიყვანენ, ცხვირს ჩააყოფინებენ და წამოარტყამენ, რომ მეორედ აღარ ქნას. აქაც ზუსტად იგივეა საჭირო, უნდა ანახო იმ ევროპელებსა და ამერიკელებს ეს საშინელი კადრები, რომ მერე აღარ იძახონ, პოლიტიკური დევნა არისო. საერთოდ, საქმე ისაა, რომ ჩვენთან მოხდა ცუდი ექსპერიმენტი და ახლა ამის ყველაფრის მიჩქმალვა უნდათ. ამ ე.წ. ფერადმა რევოლუციებმა ვერსად ვერ ჰპოვა განვითარება, მათი იდეა ყველგან დამარცხდა… ამერიკას ჰგონია, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მაგის გარდა, ისტორია და, რაც მათთვისაა კარგი ტონი, ჩვენთვისაც კარგი ტონი უნდა იყოს. არ არის, ბატონო, ასე, ამიტომ, თუ მეგობრობა უნდათ, როგორც იწყება მეგობრობა, ისე ვიყოთ; თუ არა და, ერთი მეგობარი თუ ჰყავთ _ მიშა, საქართველოს არ ჰყავს მიშა მეგობრად. სააკაშვილი არის ჩვენი მტერი და ეს უკვე გამოჩნდა ყველანაირად…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here