Home რუბრიკები საზოგადოება მამა არჩილი: სარფის საბაჟოზე მომთხოვეს, მღვდლის სამოსი გამეხადა და, როგორც ერის ადამიანი,...

მამა არჩილი: სარფის საბაჟოზე მომთხოვეს, მღვდლის სამოსი გამეხადა და, როგორც ერის ადამიანი, ისე შევსულიყავი თურქეთში

26000

მაშინ, როდესაც საქართველოს (ძველი თუ ახალი) ხელისუფლება ბათუმში ახალი მეჩეთების აშენებაზე ფიქრობს, ქართველ სასულიერო პირებს თურქეთის საზღვარზე მღვდლის შესამოსელით არ უშვებენ. ბოლო წლებში  რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ერთერთი, ვინც რამდენიმე წლის წინ თურქეთში არ შეუშვეს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (ბაღდავანიძე) გახლდათ. თუმცა ეს ფაქტი არ გახმაურებულა და არც რეაგირება მოჰყოლია. «საქართველო და მსოფლიო» მამა არჩილს დაუკავშირდა.


_ მამაო არჩილ, რატომ არ შეგიშვეს თურქეთში, რა მოხდა საზღვარზე?

_ მრევლთან ერთად კაბადოკიაში მოსალოცად მივდიოდი. სარფის საბაჟოზე მომთხოვეს, მღვდლის სამოსი გამეხადა და, როგორც ერის ადამიანი, ისე შევსულიყავი თურქეთში, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. უცებ ჩემი წინაპრები გამახსენდა, რომლებიც სარწმუნოების შეცვლაზე უარს აცხადებდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ და მე მღვდლის ანაფორა როგორ უნდა გამეხადა?! ისევ უკან, ბორჯომში დავბრუნდი, სამწუხაროდ, ვერ მოვილოცე კაბადოკია. ორი საათის განმავლობაში ვისხედით საბაჟოზე და მათ დათანხმებას ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ.

_ მაინც რა გითხრეს, რა იყო თქვენთვის უარის თქმის საფუძველი?

_ მათი თქმით, მათი სასულიერო პირებიც იხდიან თურმე თავის სამოსელს საზღვარზე და ისე შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ჩვენს საბაჟოზე ქართველები მუსლიმან საულიერო პირებს ასეთ რამეს არც კი შეჰკადრებენ.

_ როგორ ფიქრობთ, რაიმე საფრთხე დაინახეს საბაჟოს თანამშრომლებმა?

_ არ ვიცი, რა საფრთხე დაინახეს. ალბათ, მიზეზი ის გახდა, რომ მათ ქვეყანაში მართლმადიდებლური სიწმინდეების მოსალოცად მივდიოდით. ბოლო წლებში ბევრი ქართველი დადის როგორც კაბადოკიაში, ასევე ტაო-კლარჯეთში და როგორც ჩანს, ზოგიერთს ეს აღიზიანებს და შესაძლოა, ამაში გარკვეულ საშიშროებასაც ხედავს. მას შემდეგ სხვა სასულიერო პირები იმყოფებოდნენ და გაუშვეს უპრობლემოდ, რა მოხდა ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცი. როგორც ჩანს, ზოგჯერ უშვებენ, ზოგჯერ _ არა. ვფიქრობ, ის საბაჟოს თანამშრომელი ნამდვილი მორწმუნე მუსლიმანი რომ ყოფილიყო, უფრო გამიშვებდა.

_ საბაჟოს თანამშრომელი ამგვარ გადაწყვეტილებას თვითნებურად, თურქეთის ხელისუფლების გარეშე მიიღებდა? თუ აცნობეთ ეს ფაქტი ხელისუფლებას და ოფიციალურად უნდა ჩაერიოს თუ არა მსგავს შემთხვევებში ხელისუფლება?

_ როდესაც არ მიშვებდნენ, შექმნილი სიტუაციის თაობაზე შევატყობინეთ თურქეთის საკონსულოს, რომელმაც ნება დამრთო, შევსულიყავი თურქეთში, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც არ შემიშვეს. ჩვენ ქართული საკონსულოს წარმომადგენლებსაც დავუკავშირდით, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ოფიციალურად ხელისუფლებისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ, რადგან საკონსულო ჩაერია, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც შეიტყობდა.

_ საპატრიარქოს თუ აცნობეთ მომხდარის თაობაზე?

_ არა, არც საპატრიარქოსთვის მიცნობებია.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ დაიწყო საუბარი საქართველოში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი?

_ სიმართლე გითხრათ, საქართველოში ბევრი მეჩეთია და საკმარისია. მე ვიმყოფებოდი ზემო აჭარაში მოსალოცად და იქ ბევრი მეჩეთი ვნახე, გავიცანი ქართველი მუსლიმანებიც, რომლებმაც საკმაოდ თბილად მიმიღეს.

_ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ეკლესიაში პრობლემები არსებობს

_ ადამიანები ვართ და პრობლემები ყველგან არის, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმა პრობლემებში პრემიერმა, ვერ გეტყვით.

_ თუნდაც ის ფაქტი, რომ სასულიერო პირებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და ამას ბევრი არც მალავს, გარკვეულ დაპირისპირებას იწვევს

_ სასულიერო პირსაც გააჩნია საკუთარი შეხედულება მიმდინარე მოვლენებისადმი. სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი, მანამდეც ჩემი პოლიტიკური მრწამსი მქონდა, ეროვნულ მორაობაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული და, სადაც ჩემს ერს ვჭირდებოდი, ყოველთვის იქ ვიდექი. სამწუხაროდ, ადრე უფრო ვატყობდი ხალხს ერთმანეთის სიყვარულს, მაგრამ, რაც სამოქალაქო ომი მოხდა თბილისში, თითქოს ყველაფერი გაუფერულდა. ამ მოვლენებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ძალიან განვიცადე. ლექსების წერაც კი დავიწყე, 1999 წელს კი მღვდლად ვეკურთხე.

მრევლში ხელისუფლების როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც არიან, ამიტომ სასულიერო პირებს  სიფრთხილე გვმართებს. ჩემი მრევლისთვის პირდაპირ არასდროს არაფერი მიგრძნობინებია, ყველას თავისი არჩევანი აქვს.

_ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? როგორც ხელისუფლებას  ადანაშაულებდნენ  ხშირად ეკლესიის საქმიანობაში ჩარევაში, სასულიერო პირებსაც საყვედურობდნენ საერო საქმეებში აქტიურობის გამო

_ ასეთი ფაქტები ხდებოდა, მაგრამ არჩევნებამდე უფრო იყო მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, როდესაც ბორჯომში «ქართული ოცნების» ოფისის კურთხევა მთხოვეს, ჩვენს ერთ-ერთ მამაოს დაურეკეს, რათა გადმოეცა ჩემთვის, «ქართული ოცნების» ოფისში არ მივსულიყავი. ამიკრძალეს იქ მისვლა. არადა, რომ არ მივსულიყავი, ეს იმის დადასტურება იქნებოდა, რომ ხელისუფლების შემეშინდა და ამის მერე ასე შეშინებულს რომელიმე წმინდანის მოწამეობრივ ღვაწლზე ამბიონიდან როგორ უნდა მექადაგა?! ამიტომ, რა თქმა უნდა, მივედი და ვაკურთხე.

_ მამაო, რა ვითარებაა ამჟამად ბორჯომბაკურიანის ეპარქიაში?

_ ეპარქიაში უკვე 23 სასულიერო პირი ვართ, რაც მეუფე სერაფიმეს დამსახურებაა. სანამ მეუფე ჩამობრძანდებოდა, ბორჯომში მხოლოდ ორი ტაძარი იყო, ახლა კი, ღვთის წყალობით, ბევრი ეკლესია-მონასტერი გაიხსნა, რომლებშიც აღესრულება ღვთისმსახურება. მე პირადად, ბორჯომის ტაძრის გარდა, ორ ეკლესიაში _ სოფელ ტბასა და მზეთამზეში _  ვმსახურობ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

2 COMMENTS

  1. ქართველებმა თუ დროზე არ ვაღიარეთ მეორეთ მოსული ქრისტე-სიტყვა კლანი საქართველოშიც აგიკრძალავენ ანაფორის ტარებას,დროზე ახსენით ტაბუ ამ თემას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here