Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ – კაცობრიობის უკანასკნელი იმედი თუ მსოფლიოს ბოროტი ზედამხედველი

აშშ – კაცობრიობის უკანასკნელი იმედი თუ მსოფლიოს ბოროტი ზედამხედველი

1675

სსიპ «ისტორიული მემკვიდრეობა» განაგრძობს საინტერესო წიგნების გამოცემას. ამჯერად მან ამერიკის შეერთებული შტატებით დაინტერესებულ მკითხველებს წარუდგინა ახალი კრებული «ღმერთო, შეუნდე ამერიკას», რომელშიც თავმოყრილია კომპეტენტური ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსების სტატიების ქართულ ქურაში გამომწვარი თარგმანები. უმეტესობა მათგანი იბეჭდებოდა გაზეთში «საქართველო და მსოფლიო». აღნიშნულ გამოცემაში ერთობლივად წარმოდგენილი ეს პუბლიცისტიკა სრულ სურათს წარმოგვიდგენს იმ რეალობისა, რომელსაც ჩვენი «დემოკრატიული პრესა» მორცხვად არიდებს თვალს. სააკაშვილის პროპაგანდის მანქანა და მისეული ცენზურის დაუწერელი ცირკულარი ასეთ თავისუფლებას დაუშვებლად მიიჩნევდა: თეთრ სახლს ჩვენთვის მხოლოდ საოცნებო მიზნად უნდა ებრწყინა ვაშინგტონის უღრუბლო ცის ფონზე.

კრებული «ღმერთო, შეუნდე ამერიკას» ნათლად გვიჩვენებს, რომ მსოფლიო პრესას _ ბეჭდურს და ელექტრონულს, რეალობის გრძნობა არ დაუკარგავს: The New Yorker, The News York Times, Reuters, The Washington Post, Associated Press, Foreign Policy, The Guardian, The National Interest, World News, The American Conservative, Global Research, Herald Tribune, Le Figaro, El Pais, bbc.co.uk, Business Insider, Times  _ ასეთია არასრული სია იმ გამოცემების, რომლებიც საქვეყნო პრობლემებისადმი კრიტიკული მიდგომის მაგალითს იძლევა.

წიგნის კრიტიკულმა პათოსმა არ უნდა აფიქრებინოს მკითხველს, თითქოს ეს ნაბეჭდი პროდუქცია ისეთი ჩასაფრებული ადამიანების მიერ არის შედგენილი, რომლებიც დაპროგრამებულნი არიან დასავლეთის მხოლოდ უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად.

«უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ წინამდებარე მასალებისთვის კრებულში ამერიკელი ხალხის მიმართ ნიშნის მოგების მიზნით არ მოგვიყრია თავი, პირიქით, სიმპათიით ვართ განწყობილი ამერიკელი ხალხის, ამერიკული კულტურის მიმართ, ვაღიარებთ მის მნიშვნელობას, ადეკვატურად აღვიქვამთ ამერიკული კულტურის საუკეთესო ნიმუშებს, მაგრამ პარალელურად გააზრებული გვაქვს ნეგატიური პროცესები, რომელთაც ამ ქვეყანაში აქვს ადგილი და გვაშფოთებს ამ ქვეყნის ისტებლიშმენტის ჯიუტი სურვილი _ მომავალშიც ძველი მეთოდებით უზრუნველყოს აშშის მსოფლიო ლიდერობა, რაც უდიდეს ზიანს აყენებს მსოფლიოში მშვიდობას», _ ასეთია გამომცემელთა პოზიცია, რომელიც წიგნის «ღმერთო, შეუნდე ამერიკას» წინათქმაშია დაფიქსირებული. მაგრამ მხოლოდ იმ საერთო, გლობალურ პრობლემას არ შეუწუხებია ისინი, კერძო სატკივარიც ამოძრავებთ, ძირითადი ამოსავალი წერტილიც ესაა: «ჩვენი წუხილის საგანია, პირველ რიგში, ისიც, რომ ამერიკელი ემისრების მხრიდან საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევის, მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის (რომელიც მხოლოდ ამერიკული ინტერესების მომსახურებაზე იყო ორიენტირებული) უპირობო მხარდაჭერის შედეგად მკვეთრად გაუარესდა არა მარტო ამერიკის რეიტინგი, არამედ შეილახა ქართველი ხალხის რწმენა დასავლური ფასეულობებისადმი და ნეგატიური გახდა ზოგადი დამოკიდებულება ამერიკის მიმართ».

მგონი, ნათელი პოზიციაა, ყოველ შემთხვევაში, _ გასაგები.

«საქართველო და მსოფლიოს» მეცხრე ნომერში დავით მხეიძე წერდა («ქალბატონო ფინთიკოზა»…): «ახლადგამომცხვარმა «მოინტელიგენტო პუბლიცისტმა _ ნათია მეგრელიშვილმა ისეთი სისულელე იბოდიალა, მკვდარსაც კი გაეცინებოდა _ ამერიკა სადაც შევიდა, ყველგან ყველაფერი ააშენა და ააყვავა, რუსეთისგან განსხვავებით, არავისთვის ტერიტორიები არ წაურთმევია…» დავით მხეიძე ღირსეულ პასუხს სცემს «ქალბატონ ფინთიკოზას», და უფრო დამაჯერებელი რომ იყოს ამ გაზაფხულზე ენძელასავით მიწიდან ამოწვერილი ადრე არნახული «პუბლისტის» პოზიციის აბსურდულობა, ნუ დაიზარებთ, გადაშალეთ «ღმერთო, შეუნდე ამერიკას» 389 გვერდი და თვალი გადაავლეთ 440 გვერდამდე გაგრძელებულ ჩამონათვალს იმ ინტერვენციების, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა განახორციელა 1622 წლიდან მოყოლებული, როცა ინდიელებზე თავდასხმით დაიწყო და 1900 წლამდე გააგრძელა ამერიკის ომები. იმ პერიოდში იანკებმა 100 მილიონამდე ინდიელი დახოცეს.

«ბოლო პუნქტი» ამ ჩამონათვალის 2011 წელია, როცა ამერიკამ ლიბიის დაბომბვა განახორციელა, ღმერთმა ქნას, უკანასკნელი.

ქალბატონი ფინთიკოზები, რომლებიც ვენახის კალიებივით თემიდან თემაზე გადახტომით ფაქტობრივი საფუძველის სიმწირის დამალვას ცდილობენ ან სახელდახელოდ დაქირავებულ სხვის ბინაში ტახტზე წამოგორებით დასახიჩრებას გადარჩენილ მადამ ბატერფლაის სცენას გაითამაშებენ, ასეთ წიგნებს არ კითხულობენ.

წაიკითხავს განათლებული საზოგადოება, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ბენდუქიძის «ლიბერტარიანული ვაქცინით» აცრას არიან გადარჩენილი.

წიგნში განხილული ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ერთ დროს ორად გაყოფილ მსოფლიო საზოგადოებას აწუხებს, მოკლე შეკითხვითაა გადმოცემული: დამთავრდა კი ცივი ომი?

წერილში «აშშ და ფერადი რევოლუციების ანატომია», გაანალიზებულია კონკრეტული ვითარება და ასეთი დასკვნაა გაკეთებული: «დღეს შეიძლება მოვახდინოთ კონსტატირება, რომ ცივი ომი არ დასრულებულა, არამედ მისი საფუძვლიანი ესკალაცია მოხდა. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი წელიწადში ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში მისი ახალ-ახალი სამხედრო ბაზები ჩნდება. ევროპაში კვლავაც დგას ბირთვული რაკეტები, მსოფლიოში გრძელდება ომები, ოკუპაციები და გენოციდები… ახლა მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის, რას გულისხმობდა უფროსი ბუში, როცა «ახალ მსოფლიო წესრიგზე» საუბრობდა. აშშ არც პირველი იმპერიაა და არც უკანასკნელი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის».

ფერადი, ხან ვარდისფერი, ხან ტიტების ფერი, ხან ნარინჯისფერი რევოლუციები ამ სტრატეგიული მიზნის განხორციელების დასაჩქარებლად მიმართული ტაქტიური სვლა იყო, რომელიც დემოკრატიზაციის სახელით მონათლეს. გავიხსენოთ «ფერადი რევოლუციების» სეზონი: «2003 წელს _ საქართველო, 2004 წელს _ უკრაინა, 2005 წელს ყირგიზეთი და ლიბანი, 2006 წელს _ ბელარუსში გადატრიალების მცდელობა, 2008 წელს _ წარუმატებელი მცდელობა სომხეთში, 2009 წელს _ მოლდოვას მოვლენები, 2010 წელს კვლავ ყირგიზეთი, 2010-2011 წლებში _ კვლავ ტუნისი, 2011 წელს _ ეგვიპტე»…

დაიღალა მსოფლიო, მაგრამ არა ამერიკა: ცივი ომის ქორმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა დაიპყროს ახლო აღმოსავლეთის შვიდი ქვეყანა მათი რესურსების ხელში ჩასაგდებად და მან ეს თითქმის გააკეთა, დარჩა მხოლოდ ირანი.

«ამერიკას ისტორია ვერაფერს ასწავლის

აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან მსოფლიო ბატონობისკენ მიმართული აშშ-ის საგარეო პოლიტიკა «აშშ ნამდვილი ბოროტების იმპერია», და ის ეპითეტები, რომლებითაც ამკობენ ამ პოლიტიკის ადეპტები ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოს _ «თავისუფლების იმპერია», «კაცობრიობის უკანასკნელი იმედი», «თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი», «შეუცვლელი ქვეყანა» და ა. შ.

ამ შეუთავსებლობის მითებით გადაფარვას ცდილობენ. ამერიკის განსაკუთრებულობის შესახებ ყველაზე მეტად ხუთი მითია გავრცელებული.

«პირველი მითი:

 ამერიკის განსაკუთრებულობაში არის რაღაც განსაკუთრებული (!).

მეორე მითი:

 აშშ სხვა ქვეყნებზე ღირსეულად იქცევა.

მესამე მითი:

ამერიკის წარმატებები განსაკუთრებული «ამერიკული გენიითაა» განპირობებული.

მეოთხე მითი:

 მსოფლიო უკეთესობისკენ იცვლება ძირითადად აშშ-ის წყალობით.

მეხუთე მითი:

ღმერთი ჩვენთანაა».

ეს მითები დეტალურად არის განხილული სტივენ უოლტის წერილში «მითები ამერიკის განსაკუთრებულობაზე» და მათი უსაფუძვლობა სრულად არის ნაჩვენები.

წერილის ავტორი სტივენ უოლტი ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის პროფესორია.

«საერთაშორისო ურთიერთობები, _ წერს იგი, _ კონტაქტური სპორტის სახეობაა და თვით უძლიერეს სახელმწიფოებსაც კი ხანდახან საკუთარი პრინციპების დათმობა უწევთ თავიანთი უსაფრთხოებისა და აყვავების სანაცვლოდ. და, თუ ამერიკელებს სურთ, ნამდვილ გამონაკლისად იქცნენ, პირველ რიგში, თავად ამერიკის განსაკუთრებულობისადმი ბევრად უფრო სკეპტიკური მიდგომით უნდა დაიწყონ».

ინტელიგენტური რჩევაა, თუმცა _ პრინციპული.

გაცილებით მკვეთრი დასკვნებია გაკეთებული ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა «აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის საგარეოპოლიტიკური შიზოფრენია», «თავისუფალი ადამიანების სამშობლო, ანუ ამერიკის შეერთებული ციხეები», «დამსმენებისა და ჩამშვებების ნაცია», «ვაშინგტონს მსოფლიო უკანონობისკენ მიჰყავს» და ა. შ.

იქნებ, ეკონომიკურმა სიმყარემ გადაარჩინოს ამერიკა?

ამ თემაზე მსჯელობს პოლიტიკური ეკონომიის პროფესორი, აშშ ფინანსთა მინისტრი პოლ კრეიგ რობერტსი. მის დასკვნებს ოპტიმისტურს ვერ უწოდებ: «როცა დოლარი დაიმსხვრევა, ქვეყნის მოსახლეობა ტოტალურ სიღატაკეში გაიღვიძებს, _ წერს იგი და განაგრძობს, _ ახლა აშშ და მისი მოქალაქეები ყურებამდე ვალებში არიან ჩაფლულნი. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე იქ ოჯახებს შემოსავლის არანაირი ზრდა არ აღენიშნებათ… ამერიკის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას _ მომხმარებლის მოთხოვნას _ ზრდის საშუალება აღარ აქვს» («აშშ, როგორც არშემდგარი სახელმწიფო»).

მოკლედ, სიტუაცია ისეთია, რომ «ღმერთო, დაიცავი ამერიკა!»

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here