ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს შექმნილ მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ლალი აფციაური.
_ ქალბატონო ლალი, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ «სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება» გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინა თვესთან შედარებით საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმდა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, 4 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა: პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ათი, მუქარისა და ზეწოლის ცხრა, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ორი, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ოთხი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის ორი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვსი შემთხვევა, თქვენი აზრით, რამდენად სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე და რეალურად რა ტენდენციაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი?
_ ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რომლებიც გახმაურდა და ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ, რაც არ ვიცით, იმდენია, რომ ჩამოწერო, შეიძლება ერთ ტომში ვერ ჩაეტიოს. იმის თქმა მინდა, რომ ეს ანგარიში არ არის სრულყოფილი. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი და უარესი ფაქტები არსებობს. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ის, რაც მეცხრე არხთან დაკავშირებით ხდება, ჟურნალისტი ვერ მივა ინტერვიუზე ისე, რომ არ შეურაცხყონ, არ გალახონ და კამერა არ დაუმტვრიონ. ამასაც თავი დავანებოთ, ახლოვდება არჩევნები და რა ხდება რეგიონებში, მოსახლეობასთან როგორ და რა ფორმით მუშაობს ხელისუფლება, ვინმემ იცის? ეს არის ის საკითხები, რაზეც არ არსებობს ამომწურავი ინფორმაცია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ვერ გაწვდება ყველა იმ ფაქტის გახმაურებას, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში.
_ გასაგებია, რომ, ერთის მხრივ, უფლებადარღვევის შემთხვევები ხშირია, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც არანაკლებ მრავლადაა. რატომ ხდება, რომ კანონდარღვევის ფაქტების უმეტესობა გაუხმაურებელი რჩება?
_ გეთანხმებით, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ მისაუბრია.
თავის დროზე, კერძოდ 1989 წელს, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა. მაშინ სულ რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია იყო და, ძირითადად, მათი საშუალებით ხმაურდებოდა ესა თუ ის ფაქტები. დღეს სოკოებივით არიან ამოსულები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ არასამთავრობოებს და მათ შორის ზოგს იმხელა გრანტები აქვს მიღებული, შეიძლება არ დაიჯეროთ. ამ დროს რა ხდება: იმის ნაცვლად, რომ ახალ-ახალი ინფორმაციების ზღვა მოდიოდეს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ კანონდარღვევის ფაქტების უმეტესობა არ ხმაურდება. ხომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები ან სად არის მათი ნამუშევარი? მაინც ჩემი კოლეგები არიან და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფაქტი ფაქტია, არასამთავრობო სექტორი, კონკრეტულად უფლებადამცველები, დღესდღეობით მიძინებულია საქართველოში. არაფერს ეს ორგანიზაციები პრაქტიკულად არ აკეთებენ, ხოლო ის, რაც გვესმის და ვხედავთ, არის ერთი და იგივე, _ გახმაურდება ვიღაცის საქმე, ატყდება აჟიოტაჟი და შემდეგ მთელი კვირა ამას ატრიალებს ყველა. ამის იქით არ კეთდება არაფერი. ამ დროს, ვიმეორებ, ფაქტები იმდენია და ისეთი შემზარავი, რომ ადამიანებს დაჯერება უჭირთ ხოლმე, როცა ამ ისტორიებს ისმენენ.
_ რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, იმის მიუხედავად, რომ უფლებადამცველები მუდმივად საუბრობენ პატიმართა მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის სიხშირეზე, მათ უმეტესობას კონკრეტული ფაქტის დასახელება უჭირს. თქვენთვის თუა მსგავსი შემთხვევა ცნობილი?
_ ის, რომ უფლებადამცველებს კონკრეტიკა აკლიათ, ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული, ერთი იმით, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დამყარდა, ციხეებში რაიმე მონიტორინგის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია; და მეორე იმით, რომ თვითონ მსჯავრდებულები არ საუბრობენ ფაქტებზე. თუმცა, ამის მიუხედავად, უფლებადამცველების მხრიდან კანონდარღვევის არგახმაურებას, ცხადია, გამართლება არ აქვს. პირიქით, ამით ისინი ერთგვარ სასათბურე პირობებსაც უქმნიან არსებულ რეჟიმს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, როცა ერთი შემთხვევა მიჩუმათდება, მეორე და მესამე, რეჟიმის თავისებურება სწორედ ისაა, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს ზეწოლა ადამიანებზე.
თქვენ კონკრეტულ შემთხვევებზეც მკითხეთ და იმის მიუხედავად, რომ არანაირი კონტროლის საშუალება არ გვაქვს დღესდღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იქიდან მაინც უამრავი ინფორმაცია გამოდის. ციხის კედლები უკვე ვეღარ უძლებს იმ საშინელებას, რომელიც იქ ტრიალებს. მაგალითად, აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» ჩაატარა, პრესა და რადიო აკრძალეს საკნებში, ასევე გათიშეს ტელეფონები და პატიმრებს ოჯახთან არ აკავშირებდნენ. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის იმ ფორმებზე, რომლებიც ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს დამკვიდრდა, არაფერს ვამბობ, მსჯავრდებულებს ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ, რომ ბევრი უკვე ფსიქიურადაა დაავადებული. ერთ-ერთ პატიმარს საკუთარი ხელით გაათხრევინეს საფლავი, აქ უნდა დაგმარხოთო. მერე ეუბნებიან, რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას, აგრე იარაღი და თავი მოიკალიო. ერთი სიტყვით, ხდება რაღაც საშინელება, გაუგონარი ფაქტები, რაც, არა თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საერთოდ არც ერთ ეპოქასა და პერიოდში არ მომხდარა.
მიუხედავად ყველაფრისა, სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ეს, რასაც დღეს ვხედავთ და გვესმის, ნამდვილად არ მიკვირს, მე ჯერ კიდევ 2009 წელს, როცა ჩვენი ოფისი დაარბიეს, განვაცხადე: რეჟიმი კი არ მყარდება საქართველოში, დამყარდა უკვე-მეთქი. სხვათა შორის, ოპოზიციამ გიჟი და მარგინალი მიძახა მაშინ, მაგრამ ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა.
_ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, საინტერესოა, იმ მაღალჩინოსნების გამოვლენა თუ მოხერხდება, ვინც უშუალოდ იძლევა პატიმრების მიმართ მსგავსი მოპყრობის ბრძანებას.
_ საკითხი ასე არ დგას, რომ ვიღაც ბრძანებას იძლევა და ვიღაც ასრულებს. უბრალოდ, სისტემაა ასეთი და არსებობენ ამ სისტემას მორგებული ადამიანები. ნორმალური კაცი იქ ვერ იმუშავებს, ესენი არიან ამ რეჟიმისთვის ზედგამოჭრილი თანამშრომლები. ესაა რეალობა, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ სხვა მომენტიცაა, რომელსაც ვერ საზღვრავენ ეს ადამიანები: სააკაშვილი რომ გაიქცევა, მაქსიმუმ ორასი კაცი თუ ჩაეტიოს მის თვითმფრინავში, დანარჩენებმა ხომ აქ უნდა იცხოვრონ. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადმე აუცილებლად შევხვდებით ამ ხალხს და ჩათვალეთ, სააკაშვილის ამ ჯალათებისგან გაუბედურებული ადამიანი რომ იმ პოლიციელს დაინახავს, კაცი აღმოჩნდება აფექტურ მდგომარეობაში… სხვათა შორის, ციხის ადმინისტრაციას სულ ამ მორალს ვუკითხავ და ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ, ხვალ-ზეგ შეიძლება პოტენციური მკვლელი შენთან ერთად აღმოჩნდეს სუფრაზე და იქვე გაგაფრთხობინოს სული-მეთქი. ეს აბსოლუტურად რეალურია, იმიტომ, რომ, როცა ადამიანს ცოლის გაუპატიურებით, შვილის მოკვლით, ოჯახის ამოწყვეტით ემუქრები, ბუნებრივია, ის, როცა გამოვა, გადაგიხდის სამაგიეროს.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა საუბარია კონკრეტულ კანონდარღვევებსა და დანაშაულებზე, პასუხისმგებლობის საკითხიც ავტომატურად დგება. თქვენ, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, ვის დააკისრებდით, პირველ რიგში, ამ პასუხისმგებლობას?
_ უწინარესად, მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ სათავე ყველა ამ უკანონობისა საბოლოოდ მაინც ეს ადამიანია. შემდეგ მინისტრებს იმავე ხათუნა _ კალმახელიძეს, მანამდე ვინც ხელმძღვანელობდა მის უწყებას, ასევე პროკურატურას, მთლიანად ძალოვან სისტემას და, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს. სხვა, უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებზე არ შევჩერდები, ვინაიდან ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. აი, ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ამათი დასჯა უნდა მოხდეს. გნებავთ, მაგალითი, გნებავთ, გაკვეთილი დაარქვით სხვებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა თუ ხელისუფლების შეცვლას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ დაუსჯელობისა და ხელშეუხებლობის შეგრძნებამ, რაც ასეთ დროს ეუფლება ხოლმე ადამიანს, ამათ შეიძლება ისევ უბიძგოს უკან შემობრუნებისკენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააკაშვილი და მხოლოდ მისი გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, ამიტომ ხელისუფლებიდან წასვლით მისი პოლიტიკური კარიერა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ არა საბოლოოდ. იმის თქმა მინდა, რომ, თუ ამ ადამიანებმა პასუხი არ აგეს და ყველაფერს არ დაერქვა შესაბამისი სახელი, სადაც უნდა გავისტუმროთ და რა ფორმით, «ნაციონალური მოძრაობის» სახით საფრთხე იქნება ყოველთვის.
_ როგორ ფიქრობთ, ერთის მხრივ, პრობლემა ხომ არ იქნება კონკრეტულ დანაშაულებზე ინფორმაციის მოპოვება? დღეს მთელი არქივი «ნაცმოძრაობის» ხელშია, საფრთხეს თუ იგრძნობენ, დიდი ალბათობით, ყველაფერს გააქრობენ.
_ არ არის ეს ისეთი ადვილი, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, ინფორმაციის გაქრობა ასე იოლად არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველ რიგში, სწორედ ამათი დანაშაულებები გახმაურდება, საშინელ ინფორმაციებს მიიღებს საზოგადოება და ეს ინფორმაცია დაანგრევს ყველაფერს. ამას ხელისუფლებაც კარგად ხედავს, ამიტომ, ბუნებრივია, ყველანაირად ეცდებიან, ზოგი რამ ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს, მაგრამ, კიდევ ერხელ ვიმეორებ, თუ იქნება ნება მომავალი ხელისუფლებისგან და საზოგადოებაც პრინციპულად დააყენებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის მოთხოვნას, სადაც უნდა გადაბარგდნენ აქედან, ეს ადამიანები კუთვნილ სასჯელს ვერ გაექცევიან. დედამიწის რომელ წერტილშიც იქნება მიხეილ სააკაშვილი, იქ მიუვა სამართალი და ამას უკვე ვერანაირი მცდელობით, ვერანაირი ძალისხმევით თავს ვერ აარიდებს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია