Home რუბრიკები საზოგადოება ფრთხილად, ტრიბუნასთან ტერორისტია!

ფრთხილად, ტრიბუნასთან ტერორისტია!

683

თბილისში გამართული აქციის შემდეგ «ქართულმა ოცნებამ» ქუთაისში დააანონსა აქცია. ხელისუფლებას ბევრი არ უფიქრია, ისე განაცხადა, რომ ქუთაისში არამცთუ 7 ივნისს, არამეს 8, 9, 10 და შემდეგ დღეებში, 1 ივლისამდე ტაშ-ფანდური აქვს გაჩაღებული და ამიტომ მოთხოვნილ ადგილს ვერაფრით დაუთმობს «მეოცნებეებს»!

როგორც საომარ მდგომარეობას შეეფერება, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა ნოტა გამოაქვეყნა (რომელი საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგა მყავს, მაგრამ მოთხოვე ამათ რაიმეს ცოდნა!), რომელშიც ბრძანა:

«ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 1 ივნისიდან 1 ივლისამდე გიწვევთ განახლებულ მოედანსა და რეაბილიტირებულ თეატრში იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე და არტ სანახაობებზე. მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე, დილის 11-დან 8 საათამდე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ მრავალფეროვანი პროგრამა, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ჯგუფები, ფოლკლორული ანსამბლები და ადგილობრივი თეატრალური დასები. დაიწყეთ ზაფხული და საინტერესოდ გაატარეთ დრო ჩვენთან ერთად»!

ერთი სიტყვით, «ქართული ოცნების» სლოგანი «ჩვენ ვიწყებთ!» ხელისუფლებამ «ზაფხულის დაწყებაში» ჩაუთვალა და თავაზიანად შესთავაზა, დრო ჩვენთან ერთად ატარეთო! მასთან ერთად, დროსტარება კი კოალიციაში გაერთიანებულ ლიდერებს კარგა ხნის მობეზრებული აქვთ და აქციებსაც ამიტომ მართავენ. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ

«არტ-ივნისი» ლოგიკური გაგრძელებაა სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკვე გამართული «არტ-ნოემბრის», «არტ-იანვრისა» და «არტ-მაისის», რომლებშიც უიარაღო მოქალაქეების ცემაში ტრენინგიც გაიარა, სისხლიც დაღვარა და შუბლის ძარღვიც საბოლოოდ გაიწყვიტა.

თუმცა ამ «არტ-ივნისს» ერთი რამ უთუოდ გამოარჩევს: ამჯერად ვარდისფერშელახულმა ხელისუფლებამ წინ ბავშვები აიფარა. ვასიკო ოდიშვილი რის ფარმაცევტი იქნებოდა, იქვე რომ არ ეპასუხა: «ჯერ ბავშვებს ესროლეთ და მერეო»… ჯიბიდან სროლას, ძირითადად, ყვავილის სახელით მოსული ტერორისტები არიან ჩვეულნი, მაგრამ შიში მაინც ოხერია და სააკაშვილიც პატარა მუსიკოს-მომღერლებს დაუდგა ზურგსუკან.

შიმშილით გამოთავებული ქვეყანა მათ ხელში ერთ დიდ სცენას დაემსგავსა, რომელზეც ხან ტირაჟიდან გასული უცხოელი ვარსკვლავები ჩამოჰყავთ, ხანაც საკუთარ გულის ვარდებს უსრულებენ ბავშვობის ოცნებას. ამ «ფეერიულ» სანახაობებში დახარჯული ფული მშივრებსაც დააპურებდა და პენსიონერებსაც უზრუნველყოფდა სრული მომსახურების პაკეტით, მაგრამ რომაული გამოთქმა «პური და სანახაობა», როგორც ყველაფერი დანარჩენი, ამ ხელისუფლებამ უკუღმა გაიგო და «სანახაობა და პური» შესთავაზა საკუთარ მოსახლეობას.

ხმელი პურის ჭამა კი უკბილო მოხუცებს უჭირთ და გულდამწვარმა პრეზიდენტმა მათ კბილების ჩასმის პირობა დაუდო. ახლა უცადეთ, ვიდრე უკანასკნელ პენსიონერს არ აჩუქებს «ჰოლივუდურ ღიმილს», პრეზიდენტობიდან ფეხის მომცვლელი არ არის. პირობას ხომ არ გატეხს?!

შარშან ამ ჩვენმა მაღალმა ბავშვები ზურგსუკან დაიყენა, რადგან 26 მაისის წინა ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ, ერთეულების გარდა, ტრიბუნებზე დამდგომი ადამიანი ვერ იპოვა. თუმცა ის ერთეულებიც ორდენების მისაღებად მივიდნენ, თორემ სად ეცალათ ტრიბუნებზე ასვლა-ჩამოსვლისთვის. ის ბავშვები, სააკაშვილის უკან ტრიბუნები რომ შეავსეს, კურსანტები იყვნენ, ახლა იქნებ იარაღიც დაურიგეს, მაგრამ ქუთაისში გამართულ აღლუმზეც არ ეტყობოდა მთავარსარდალს დიდი შთაგონება. ბავშვი რომ რამეს დააშავებს და გარდაუვალ სასჯელს ელის, ისეთი დამტკბარი და შეშინებული ჩანდა.

რა «უშიშარი და უხორცოც» იყო, ეს ოთხი წლის წინ მთელმა მსოფლიომ დაინახა. ახლა აღარც «სარკო» ჰყავს გამომსარჩლებლად და პუტინიც მეორედ მოვიდა. ის კი მაინც ტაშფანდურშია. რა ქნას, არჩევნები აქვს მოსაგები, თორემ დაუსჯელობის პირობას ვერავინ მისცემს. ლიბერიის პრეზიდენტს საერთაშორისო სასამართლომ 50 წელი მიუსაჯა, ჰოსნი მუბარაქს კი _ სამუდამო პატიმრობა. ლიბერიელები ჩარლზ ტეილორმა ისეთი რაოდენობით გაწყვიტა, რომ ქუჩაში გამომსვლელი აღარავინაა, ხოლო ეგვიპტელები აქციას აქციაზე აწყობენ ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით.

ამ დროს ყველა ქალაქის ცენტრალური მოედანი უნდა დაიკავო, აბა, რა უნდა ქნა, რა იცი, ეშმაკს არ სძინავს. თავი კიდევ უფრო დაცულად რომ იგრძნო, წინ ბავშვები უნდა დაიყენო. კადაფის ეს თავში არ მოუვიდა, ჰოდა, მოკლეს. ვერც აბიდინ ბენ ალიმ მოიფიქრა ტუნისელი ბავშვების ფარად გამოყენება და დაამხეს. სუდანის პრეზიდენტს ჭკუა ეყო და ამომრჩეველს დაჰპირდა, 2015 წელს კენჭს აღარ ვიყრიო და მათაც გადაწყვიტეს, აცალონ.

სააკაშვილმა ამ დაპირების მიცემას არჩია, პერმანენტული კონცერტები დაეგეგმა და «ქართული ოცნებისთვის» ასე შეეშალა ხელი. კოალიციის წარმომადგენლებს რომ ჰკითხეს, ახლა რაღას იღონებთო, მათი პასუხი ასეთი იყო: «ჩვენი ფანტაზია უკიდეგანოა და რამეს მოვიფიქრებთო»! არა, ბატონო, მოფიქრებაში ვარდისფერი ბანდაა გაწაფული და აკი მოიფიქრა კიდეც ის, რაც მანამდე არავის მოუფიქრებია.

ახლა წარმოიდგინეთ, ქართულად ამღერებულ პატარებს დავით ბერძენიშვილი მიუვარდეს და მიკროფონი გამოჰგლიჯოს, ვის მხარეზე იქნება ამის მნახველის სიმპატია? ან დავუშვათ, რომ «ქართულის» მოცეკვავე ბავშვებს შუაში ირაკლი ალასანია ჩაუხტეს, _ ვინმეს მოეწონება ეს? ახლა, დავით უსუფაშვილი რომ კრიმანჭულში პირველს ვერ იტყვის, თქვენც გესმით და სააკაშვილსაც!

რასაც ვერ დაუკარგავ ხელისუფლებას, _ «მეოცნებეებს» ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს ბალახვანში _ 100-საფეხურიან კიბესთან. კოალიცია უარზეა, რადგან «პოტიომკინის კიბეზე» დაგორება არავის სურს. 1905 წელს ამბოხებული ჯარისკაცი ოფიცერმა მოკლა, რასაც ოდესაში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. სერგეი ეიზენშტეინის მიერ გადაღებული კადრები 200-საფეხურიან კიბეზე (ამაშიც გვაჯობეს, ბალახვნის კიბე ორჯერ დაბალია!) დახვრეტილი დემონსტრაციის შესახებ კლასიკად იქცა, ხოლო ბავშვობაში კინოპროდიუსერობით გატაცებული მიშიკო, ძნელად სავარაუდოა, რომ ეიზენშტეინის დაჩრდილვის შანსზე იტყვის უარს.

მერე რა, რომ მისი კინომოღვაწეობა პორნოფილმების გადაღებით დაიწყო და იქვე დამთავრდა?! ახლა ყველაფერი მის ხელთაა და, ალბათ, არც ბალახვნის კიბე შეუთავაზებია «ქართული ოცნებისთვის» შემთხვევით. აბა, რომელ კინორეჟისორს ჰყოლია ამდენი სტატისტი? _ მხოლოდ სერგეი ბონდარჩუკს, როცა «ომსა და მშვიდობას» იღებდა, მთელი საბჭოთა არმია ედგა «მასოვკაში». იმდენს ვერა, მაგრამ «პოტიომკინის კიბის» საჯობნად ეიზენშტეინზე მეტ ადამიანს მოუყრის თავს, თან ისე, რომ თითის თითზე დაკარება არ დასჭირდება _ «ქართული ოცნება» საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას თავად უზრუნველყოფს!

ბავშვები კი ერთი თვე იმღერებენ დავით აღმაშენებლის მოედანზე, რომელზეც თავად მეფე აღარ დგას. გაუშვი, იმღერონ, იქნებ ამ სიმღერამ იგივე ქნას, რაც «იავნანამ ჰქმნა»! პატარა ქეთომ დედაც გაიხსენა და დედა ენაც, ერთთვიანი სიმღერის შემდეგ იქნებ მოედნიდან გატანილმა აღმაშენებელმაც გამოიღვიძოს და მერე ნახეთ მიშიკოს ფორთხვა და ბაქრაძის მოთქმა!

კომუნისტების დროს საბავშვო ანსამბლ «მზიურისთვის» ჩამოსულ უცხოელებს მოუსმენიათ და უთქვამთ: «აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება»! მიშიკოს არც «მზიურში» უმღერია, არც მათი მოსმენით შეუწუხებია თავი, _ ის კრის დე ბურგს აფანატებდა და სსრკ სასაზღვრო ჯარში კგბ-ს «შიგნიდან ებრძოდა».

საბჭოთა ლიდერებს «მზიური» წინ არ აუფარებიათ და არც მთელი თვე უმღერებიათ, მაგრამ ისინი ჰუმანისტები იყვნენ, ჩვენთან კი ტრიბუნაზე ტერორისტი დგას და ბავშვებს ხან უკან დაიყენებს და ხან წინ.

ფრთხილად იყავით!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here