Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილის სიმღერა სოხუმზე

მიხეილის სიმღერა სოხუმზე

948

სააკაშვილის ადმინისტრაციამ მორიგ თაღლითობას მიმართა. ფიგურანტის ოფიციალურ ვებსაიტზე შეიცვალა საკვანძო ფრაზა, რომელიც მან 2 მაისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, წარმოთქვა. სხვათა შორის, რელიზში მას უბრალოდ «ქუთაისის განახლებული თეატრი» უწოდეს, თითქოსდა ქუთაისი მიყრუებული რაიცენტრი იყოს, რომელშიც სხვა თეატრის არსებობა, პრინციპში, გამორიცხულია. «განახლების» რა მოგახსენოთ, 6 მაისს ქუთაისში გაწვიმდა და წყალი სცენაზე სპექტაკლის მსველობისას ჩამოვიდა. გაოგნებული დარბაზის წინაშე მსახიობები მედგრად განაგრძოდნენ ოსტროვსკის «შემოსავლიანი ადგილის» წარმოდგენას (რუსი კლასიკოსის პიესის სახელწოდების პირველი ვარიანტი, მკვლევართა ახლახან გაჟღერებული ვერსიის თანახმად, «შემოსავლიანი რემონტი» იყო), თუმცა ეს მხოლოდ სახასიათო დეტალებია, მთავარი კი სააკაშვილის გამოსვლის გაყალბებაა, რაც ჩვენ თვალწინ მოხდა.

ციტატა სააკაშვილის ოფიციალური ვებსაიტიდან: «ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში _ სოხუმში ქართული ენა არ ისმოდა. სიმღერები მუდმივად იწერებოდა ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე და . . ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, მაგრამ სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდა, თითქოს ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო». ახლა კი ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული გამოსვლა და ის, რაც სააკაშვილმა რეალურად თქვა: «ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში, თორემ სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა. სოხუმშისოხუმზეაი მითხარით, გულზე ხელი დავიდოთ, რამდენი ქართული სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე? ყველა სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, სოხუმზე არ იწერებოდა, არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში».

ჩვენ ვხედავთ, რომ ტექსტის «დავარცხნის» გარდა, მასში პრინციპული ხასიათის ცვლილება შეიტანეს. კერძოდ კი სიტყვა «თითქოს», და კოშმარულ ფრაზას «არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში», სულ სხვა ფორმა და შინაარსი მიეცა: «თითქოს, ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო».

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის მგზნებარე «რეჩების» საფუძვლიანი რედაქტირება ხდება. ასე მაგალითად, მის ოფიციალურ ვებგვერდზე 26 აპრილის გამოსვლის ტექსტიდან შემდეგი სიტყვები გაქრა:  «მზად ვარ, დამატებით, მოვიჭრა და მათ გავუგზავნო ჩემი სხეულის ის  ნაწილები, რომლების მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. მზად ვარ, ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე». გასაგებია, რომ ადმინისტრაცია დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ «ნაცმოძრაობის» ბელადი უიმედო შიზოფრენიკად არ აღიქვას, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. როდესაც საინფორმაციო საშუალებები ამა თუ იმ ფრაზის ფართო ტირაჟირებას ახდენენ, ხოლო ოფიციალურ ვებგვერდზე ის ტექსტიდან ქრება, ეს, ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ სააკაშვილმა ძალიან დიდი სისულელე თქვა.

ისე, ტაციტუსს თუ დავუჯერებთ, როდესაც გერმანიკუსმა აჯანყებულ ჯარისკაცებთან კამათის დროს იარაღს ხელი სტაცა და იყვირა, რომ თავს მოიკლავს, ერთ-ერთმა მეომარმა სიტყვებით «ეს უფრო ბასრია» საკუთარი ხმალი გაუწოდა. საველე ფსიქოთერაპიის ესოდენ რადიკალურმა სეანსმა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საოცარი შედეგი გამოიღო, ამის შემდეგ ცნობილ რომაელ მხედარმთავარს თავის მოკვლაზე სიტყვაც არ დასცდენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცილებით ჰუმანურ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილის მუდმივი საუბრები შესაძლო თვითდასაჭურისებაზე და საერთოდ, «სხეულის იმ ნაწილებზე» რამენაირად უნდა აღიკვეთოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს დიდი სირცხვილია _ მსოფლიო უყურებს, ხალხი უსმენს… სააკაშვილის გვერდით ის ერთი უბრალო ცენტურიონი რომ აღმოჩენილიყო, პრობლემას ერთი ფრაზით მოაგვარებდა, თუმცა უბედურება, ალბათ, ისაა, რომ სააკაშვილის სიახლოვეს არც ერთი ნამდვილი ცენტურიონი არ დაიარება, მისი საოპერეტო კამარილია კი მსგავსს ვერაფერს შებედავს.

სააკაშვილის იდეები საკუთარი თავის დასაჭურისებაზე, პრინციპში, მისი პირადი პრობლემაა, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.  რეპლიკა სოხუმზე, რომელიც მის ოფიციალურ ვებსაიტზე გაყალბდა, გაცილებით მძიმე ქვეტექსტის მქონეა. თავიდან დავიწყოთ: «ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში»… აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ «ჩვენ»? საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლებაზე საუბრობდა? თუ ეს მისი «ჩვენ”« «ქართველებს» ნიშნავდა? თუ საქმე მეორე ვარიანტთან გვაქვს, ესე იგი სააკაშვილმა პირველსავე სიტყვებით გაავლო ძნელად გადასალახი ზღვარი საქართველოსა და სოხუმს (აფხაზეთს) შორის, თითქოსდა საუბარი ბრიტანელების მიერ სინგაპურის გაკონტროლებას ეხებოდეს

აქ, ალბათ, მცირე ავტობიოგრაფიული ჩანართი დამჭირდება. მამაჩემი თბილისელია, დედა კი _ სოხუმელი; პირველი ქართული სიტყვები სოხუმში, ბაბუაჩემის სახლში, წარმოვთქვი და დღესაც კი ხდება, რომ ჩემი საუბრის უაღრესად (შესაძლოა, ზედმეტად) თბილისურ სტილსა და მანერაში უცაბედად, ამდენი წლის შემდეგ, მცირე «სოხუმური მონაკვეთი» შემოიჭრება ხოლმე. «სოხუმური ქართულის» ამ პატარა ნაპერწკლებს კრისტალურად სუფთა «ლიტერატურულში» არასოდეს გავცვლი, დაახლოებით ისე, როგორც არ გაყიდის ბავშვი ზღვის პირას ნაპოვნ პირველ ნიჟარას, თუნდაც მის სანაცვლოდ ოქროს ზოდი შესთავაზონ.

ქართული სოხუმში არ ესმოდა მხოლოდ ყრუს ან ფრიად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც არ შეეძლო განსხვავებული, პოლილინგვისტური გარემო აღექვა და მასში რაღაც არასწორს და უკონტროლოს ხედავდა. ეს პითეკანტროპის ჩვეულებრივი რეაქციაა უჩვეულო მისთვის შეუწყნარებელს ნიშნავს. თუმცა ის, რომ ვიღაც ტვინის უჯრედების მწვავე ნაკლებობას განიცდის, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული (და ამავე დროს აფხაზური) სოხუმი არ არსებობდაან აღარ არსებობს (დღეს ის ჩვენშია) ან მომავალში არ იარსებებს. 

როდესაც ჟურნალისტები ვაჟა აზარაშვილთან მივიდნენ და ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ სოხუმზე ქართული სიმღერა არ დაწერილა, თავიდან მის სახეზე, ცოტა არ იყოს, წინასაინფარქტო გამომეტყველება დაფიქსირდა (ტელეეკრანზე ასე ჩანდა); შემდეგ კი მან სტუმრებს მთელი კრებული წარუდგინა. საერთოდ, იმ მოსაზრების კრიტიკას, რომ სოხუმზე (აფხაზეთზე) ქართული სიმღერა და მითუმეტეს ლექსი არ დაწერილა, აზრი არ აქვს, ეს ისევ მიგვიყვანს დისკუსიამდე ყრუ პითეკანტროპთან. რას ნიშნავდა საერთოდ სიმღერების ეს უცნაური მიბმა ქალაქებზე (ცალკე სიმღერები სოხუმზე, ცალკე ახალქალაქზე, ცალკე სამტრედიასა თუ ფოთზე)? ქართული სიმღერა (ამა თუ იმ ტოპონიმის მოხსენიებით თუ მის გარეშე), რომელსაც სოხუმში მღეროდნენ, ზუგდიდშიც, ქუთაისშიც, თბილისშიც ისმოდა. ეს ერთიანი მუსიკალური, უფრო ფართოდ კი, კულტურული სივრცე იყო. ქართული სიმღერები აფხაზებმაც იცოდნენ. საინტერესოა, სააკაშვილმა თუნდაც ერთი თუ იცის? რა სიმღერა მოგისმენიათ მისი შესრულებით?   

ქალაქის დაცემის დღეებში ასეთი რამ მოხდა: ქართველი მებრძოლების ჯგუფს ალყა შემოარტყეს და ისინი მოწინააღმდგეს «შავლეგოს» მღერით შეაკვდნენ. გახდა თუ არა იმ მომენტში ის, ქვეყნის სულ სხვა კუთხეში შექმნილი «შავლეგო», ქართული სიმღერა სოხუმზე და ამავე დროს, სრულიად საქართველოზე? სააკაშვილს, როგორც ჩანს, არც ის სიმღერა ჩაესმის და არც საქართველოსი ესმის

აფხაზეთის ომში არაერთი მეგობარი დამეღუპა, მათი უმრავლესობა ქართველი იყო, მაგრამ იყო ორი აფხაზიც, რომლებიც მეორე მხარეს იბრძოდნენ და სოხუმს უტევდნენ. სააკაშვილი ამას, ალბათ, ვერ გაიგებს, შეიძლება ვერ გამიგონ სხვებმაც, მათ გარდა ვინც სოხუმს დღემდე გრძნობს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ვერ ვავლებ ზღვარს დაღუპულ მეგობრებს შორის, არ შემიძლია გავყო ისინი, ერთნი მარჯვნივ, მეორენი კი მარცხნივ დავაყენო; ეს, უბრალოდ, არ გამომივა. რა სახელიც არ უნდა მოუძებნონ ისტორიკოსებმა მომავალში ამ ომს, ჩემთვის ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ძმათამკვლელ ომად დარჩება.

დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის გამთლიანების გზა ქართველების, აფხაზებისა და ოსების გაწყვეტილი კავშირის აღდგენაზე გადის, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიტორიკაა, პრინციპული არჩევანი ამ მიდგომის სასარგებლოდ არც ისე ბევრმა ადამიანმა გააკეთა. ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია უარის თქმა სამხედრო რევანშის სურვილზე, რომელიც სააკაშვილის პროპაგანდამ რაღაც მომენტში ლამის საერთო ეროვნულ მილიტარისტულ ფსიქოზად გადააქცია. დავთესეთ _ მოვიმკეთ, დავთესეთ _ მოვიმკეთ… საინტერესოა, როდემდე უნდა ვთესოთ დრაკონის ეს  კბილები? იმ მომენტამდე ხომ არა, როდესაც ყანისგან არაფერი დარჩება? საქართველოს მთლიანობას ტანკებზე გაცილებით მყარი საყრდენი სჭირდება.

სიტყვები «არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში», შესაძლოა, არის პირველი ნაბიჯი სრული კაპიტულაციისკენ, რომელიც აფხაზეთზე უარის თქმას გულისხმობს. გამორიცხული არაა, რომ ამით სააკაშვილი (თავისი ჭკუით) ცდილობს, ერთის მხრივ, «მოქრთამოს» პუტინი, რათა მან სააკაშვილის სკამს უცაბედად რაიმე საფრთხე არ შეუქმნას; მეორე მხრივ, მოხსნას კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ბლოკავს; და ბოლოს, აფხაზეთის თემა ქართული საზოგადოებისთვის არააქტუალური გახადოს და ის წინასაარჩევნოდ როგორმე უკანა პლანზე ჩააჩოჩოს, რათა მის დანახვაზე ელექტორატს მუდამ არ  ახსენდებოდეს დათმობილი ტერიტორიები და დაღეჭილი ჰალსტუხი. «ყველაზე დიდი ისტერიკა ახლა ატეხილია იმაზე, რომ მიწებს ვკარგავთ», _ განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში. როდესაც საზოგადოების რეაქციას ტერიტორიების დაკარგვაზე ქვეყნის პირველი პირი «ისტერიკას» უწოდებს, მასთან საუბრის გაგრძელებას, ალბათ, არანაირი აზრი აღარ აქვს.

აფხაზეთზე უარის თქმა, სამოქალაქო ომის გაჩაღება, ქვეყნის შემდგომი დანაწევრება, ტოტალური რეპრესიები დიდი მსხვერპლით _ დღეს ამ სცენარებზე საქართველოში სრული სერიოზულობით მსჯელობენ, შესაძლოა, იმიტომ, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ დარჩა მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ რაიმე შინაგანი წინაღობა (შიშის გარდა) დააბრკოლებს სააკაშვილს და ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიმართულებით წასვლას გადააფიქრებინებს. ეს, ალბათ, იმის გამოც ხდება, რომ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ოდესმე შატობრიანის ცნობილ ციტატას მიუსადაგებენ: «იმ დღეს მან დაკარგა ყველაფერი, ღირსების გარდა».

როგორც ჩანს, კულმინაცია ახლოვდება. ცოტაც და საქართველო, სავარაუდოდ, იხილავს მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ისეთს, როგორიც ის სინამდვილეში არის. მანამდე კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ საჯარო გამოსვლებში თავის წარმოსახვით ლაზიკაზე, რაც უნდა, ის თქვას, ხოლო სოხუმს აღარ შეეხოს, თავი დაანებოს, დაეხსნას. მასზე საუბრის უფლება 2 მაისის ბენეფისის შემდეგ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, სამუდამოდ დაკარგა.

რაც შეეხება კაპიტულაციას, კაპიტულაცია არ იქნება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here