Home რუბრიკები პოლიტიკა არც ისე მრისხანე ივანე, ანუ «მე მომისმინეთ, ბანდერლოგებო!»

არც ისე მრისხანე ივანე, ანუ «მე მომისმინეთ, ბანდერლოგებო!»

ვანო მერაბიშვილი პარლამენტს ისევე იშვიათად სტუმრობს, როგორც კეთილგონიერება ჩვენი ბედკრული კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. ასე რომ, ურიგო არ იქნება, თუ გასული კვირის ამ ეპიზოდზე საუბარს გარკვეულ დროს დავუთმობთ, მითუმეტეს რომ მინისტრის რამდენიმე ფრაზა კომენტატორების ნაწილმა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აღიქვა. თავი დავანებოთ მერაბიშვილის გამოსვლის პროპაგანდისტულ ნაწილს თავისი გამჭვირვალე შენობებით და არნახული ჰუმანიზმით, რომელსაც მისი ხელქვეითები თურმე ისე დაუცხრომლად ავლენენ, თითქოსდა თითოეული მათგანი მაჰათმა განდის თვითმავალი რეინკარნაცია იყოს და უშუალოდ მთავარ საკითხზე გადავიდეთ.

«პოლიციას უფრო მეტი _ 87%-იანი რეიტინგი აქვს, ვიდრე  «ნაციონალურ მოძრაობას», _  ეს ფრაზა მერაბიშვილის გამოსვლიდან უდავოდ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. აქ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს  კითხვა «სად პოულობთ ამ რეიტინგებს?» დაახლოებით 87-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ძველმოდური «სად შოულობთ ასეთ მოსაწევს?», თუმცა ეს სტილისტური ნიუანსებია. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მერაბიშვილმა ძალიან გასაგებად აღუწერა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მათი რეალური მდგომარეობა და ადგილი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში (ციხის ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა ადგილი «პარაშას” უშუალო სიახლოვეს). გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციური «ხერხემლის» გარეშე, რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, წარმოუდგენლად დიდი ალბათობით, ხსენებულ ადგილას დაბინავება არ ასცდებათ, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, მერაბიშვილის მოსაზრებები მომავალთან დაკავშირებით მათთვის, იდეაში, ძალზე მნიშვნელოვანი თუ არა, განმსაზღვრელი მაინც უნდა იყოს.

თუ სხდომის სტენოგრამას გავაანალიზებთ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ფრაზა «უფრო მაღალი რეიტინგის» შესახებ კონტექსტს (საუბარი პოლიციის პოლიტიზებას ეხებოდა) ერთობ ხელოვნურად მიება და ეს, ასე თუ ისე სხარტი ფორმულა წინასწარ იყო მომზადებული. უბრალოდ, მერაბიშვილი ელოდა შესაბამის მომენტს დიალოგში პარლამენტარებთან, რათა ის გაეჟღერებია. ეს მთლად მოხდენილად არ გამოუვიდა, რადგან გამოჩენილი ორატორების კოჰორტას ის არც არასოდეს მიეკუთვნებოდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ სათქმელი ითქვა. ის რაღაცით მოაგონებდა კაას ცნობილ რეპლიკას «მაუგლიდან»: «აქეთ მომისმინეთ, ბანდერლოგებო!» და მაიმუნების ხროვის კოლექტიურ დაჰიპნოზებას, რომელიც მისგან გამომდინარეობდა.

დღეს მმართველი პარტია გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ოდესმე _ კონკურენტი ძალიან ძლიერია, ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე კი სავსებით რეალური; სააკაშვილის შესაძლებლობებისა და მისი «ბედნიერი ვარსკვლავის» რწმენა მნიშვნელოვნად შეირყა. თუ მას ზემოხსენებული მაიმუნების ხროვას შევადარებთ (წესით, არ უნდა ეწყინოთ, რადგან მათივე თანაპარტიელმა გიორგი არველაძემ «ვარდების რევოლუციაზე» საუბრისას სწორედ ეს მეტაფორა გამოიყენა: «ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს»), ეს, ალბათ, ის ეტაპია, როდესაც თითოეულ მაიმუნში თვითგადარჩენის ინსტინქტი მძლავრობს, ხროვა იშლება და ერთიანი ორგანიზმის ნაცვლად ჯერ კიდევ ერთ ტერიტორიაზე შეკრებილი, შეშინებული მაიმუნების გარკვეულ რაოდენობად გადაიქცევა. და აი, ამ დროს უცებ გაისმის ხმა: «გესმით თუ არა ჩემი, ბანდერლოგებო?». ვერაფერს ვიტყვით, დრო ამ გზავნილისთვის თითქმის იდეალურად შეირჩა. ახლა ის მომენტია, როდესაც იდეა «ვანო გადაგვარჩენს!» სახელისუფლო პარტიაში შეიძლება მყისიერად დომინანტური და, რაც მთავარია, უალტერნატივო გახდეს.

ამ თემაზე საუბრისას, ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ: თუ ადრე მმართველი გუნდის წიაღში სავსებით დასაშვები იყო სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, კონკურენცია გავლენისთვის და, ძველად რომ იტყოდნენ, «შიდაპარტიული დისკუსია» (სააშკარაოზე გამოტანის გარეშე), გარდამავალ კრიზისულ ეტაპზე ეს მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. სახელისუფლო ძალას დღეს, იმისთვის რომ ხვალ გადარჩეს (თეორიულად, თორემ პრაქტიკულად მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი ჩანს), ერთმმართველობა და ერთსულოვნება, ძალთა მობილიზება და გარკვეული ტრანსფორმაცია სჭირდება; ვანო მერაბიშვილი, ალბათ, ის «კრიზისული მენეჯერია», რომელსაც ამის უზრუნველყოფა ასე თუ ისე შეუძლია.

საკმაოდ დიდი ალბათობით, ახლო მომავალში ჩვენ ვისაუბრებთ ერთგვარ გადატრიალებაზე მმართველი გუნდის შიგნით, როდესაც ყველა ჯგუფი თუ ცალკეული პოლიტიკოსი იძულებული გახდება, ან სრულად დაემორჩილოს მერაბიშვილს, ან ხელისუფლება დატოვოს. ეს შეიძლება დაემსგავსოს ჩხუბს გემის საჭესთან, მაშინ, როდესაც აისბერგთან მის შეჯახებამდე ორიოდე წუთი რჩება. ასე რომ, სულ მალე ეკრანებზე გამოჩნდება «ერთიანი ნაციონალური ტიტანიკი», ნაწილი მეხუთე და სავარაუდოდ, დასკვნითი.

დღეს თითქმის აღარავინ დავობს იმაზე, რომ სააკაშვილი სწრაფად სუსტდება. მან, ფაქტობრივად, ამოწურა ნდობის ლიმიტი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო მისი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური  მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ  აძლევს შესაძლებლობას, პროცესების მენეჯმენტი სრული მოცულობით საკუთარ თავზე აიღოს. გამორიცხული არაა, რომ ის «ნაკლებად სკანდალურ სცენარს» მიემხრო, როგორც მას თომას დე ვაალი უწოდებდა, როდესაც (ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენამდე, რაც მნიშვნელოვანია) წერდა: «სააკაშვილმა შეიძლება შეიცვალოს ამპლუა და გახდეს, მაგალითად, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ან აჭარის ხელმძღვანელი, ხოლო პრემიერ-მინისტრად რომელიმე სანდო მოკავშირე გახადოს, შესაძლოა, გავლენიანი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი». ზემოთ გამოყენებული ზმნა «მიემხრო» სულაც არ გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილმა ეს თავისუფალი არჩევანის და არა ზეწოლის პირობებში გააკეთა.

საინტერესოა, რომ როგორც პარლამენტში, ისე შეხვედრაზე პედაგოგებთან, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, მერაბიშვილი ეკონომიკაზე ისეთი სერიოზულობით საუბრობდა, რომ პრემიერ-მინისტრის როლში სრული შეჭრისთვის ფრიდმანის და ფონ ჰაიეკის ციტატების მასირებული ფრქვევაღა აკლდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას არ სურს, აუდიტორიამ მხოლოდ ვიწრო პოლიციური დარგის სპეციალისტად, ხელბორკილების მბრძანებლად, საურონად და სარუმანად აღიქვას. მერაბიშვილის გამოსვლა არ შეიცავდა «ნულოვანი ტოლერანტობის» ავადსახსენებელ ტონალობას, ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ საზოგადოებისა და პოლიციის ჰარმონიულ (ვინ იცის, იქნებ ამის მართლა სჯერა?) ურთიერთობებზე ესაუბრა, და წლების განმავლობაში დამკვიდრებული იმიჯის საპირისპიროდ თავი არა «ივანე  მრისხანედ», არამედ «ჩვენს ვანიჩკად» წარმოეჩინა, თუმცა ეს დეტალებია, გაცილებით საინტერესო მისი გამოსვლის საგარეოპოლიტიკური ქვეტექსტი იყო.

«გადატვირთვამ» ის შედეგიც მოიტანა, რომ აშშ და რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთმანეთთან აშკარა დაპირისპირებას ერიდებიან და კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ, ამ მხრივ კარგ ილუსტრაციას უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოადგენენ. ამ კონტექსტში, სააკაშვილი აშკარად ბუშის ეპოქის გადმონაშთად, ანაქრონიზმად, კონფრონტაციის სიმბოლოდ აღიქმება. 26 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა: «სააკაშვილი პოლიტიკური ისტორიიდან ადრე თუ გვიან წავა, ხოლო ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, ჩვენ მზად ვიქნებით, ურთიერთობები წარვმართოთ». ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში «ნებისმიერი სხვა ლიდერი», უკაცრავად, ვანო მერაბიშვილი, პარლამენტში გამოჩნდა (არადა, საზოგადოდ მიჩნეული იყო, რომ სამთავრობო საათზე მისვლას თავს ისევ აარიდებდა) და ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში რუსული ინვესტიციების შემოსვლას მიესალმება, რომ მხარს უჭერს საქართველოში ვლადიმერ სანაკოევის დაბრუნებას (საუბარია ადამიანზე, რომელმაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ საქართველოში ცხინვალის პრობლემებზე მუშაობის დროს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა). მან თქვა, რომ სანაკოევი აქტიურად იბრძოდა კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ და, თუ ის გადაწყვეტს ამ საქმიანობას დაუბრუნდეს, ამის შესაძლებლობას დიდი სიამოვნებით მისცემს. აქ, ალბათ, კომენტარი ზედმეტია, ეს უკვე ფინიშია. ცხადია, რომ ადამიანი პარალელურ რეჟიმში რუსეთის უშიშროებაზე და საქართველოში ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციაზე სრულიად გულწრფელად შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობდეს, თუ მისი საბოლოო მიზანია ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში იქნეს, ხოლო ერთიანი საქართველო _ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. რაღა საჭირო იყო მაშინ მთელი ის კონტრსადაზვერვო ვოდევილი თავისი «ჯემალებით» თუ «ენვერებით»? ბარემ ის ხალხიც დავასაქმოთ სადმე იქ, სანაკოევის გვერდით.

ივან ვასილიჩი ორიენტაციას იცვლის? რუსებს მერაბიშვილის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზია, იდეაში, არ უნდა ჰქონდეთ. ომის დროს, თუ დავეყრდნობით მისივე განცხადებას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ბრძანება კოდორის ხეობის დატოვების შესახებ, მაშინ, როდესაც (11-12 აგვისტო), ცხინვალთან ბრძოლების დასრულების ფონზე, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, დამატებითი დღეები გამოეყო თავისი სამხედროებისთვის უაღრესად რთული რელიეფის მქონე ხეობის შტურმისთვის მძიმე დანაკარგებით ორივე მხრიდან, საერთაშორისო არენაზე მზარდი დისკომფორტის პირობებში, თუმცა მერაბიშვილის ბრძანებამ მოსკოვს ეს პრობლემა მოუხსნა.

ადრე სავსებით ეფექტურად მუშაობდა ასეთი სქემები (ცნობილი ციტატის არ იყოს): «მოვიდა სომოსა. ამბობს რომ 15 ათასი ხიშტი ჰყავს და ნიკარაგუაში სიტუაციას დაალაგებს. ითხოვს ფულს. რა ვქნათ, სერ?», მაგრამ დღეს უხეში ძალისმიერი დათრგუნვა გაცილებით ძვირადღირებული და მეტად არაეფექტური გახდა. არადა, მერაბიშვილის გაპრემიერებას ტოტალური დათრგუნვის რეჟიმის დამკვიდრება დასჭირდება, რადგან მისი ხელქვეითების ნამოქმედარის შემდეგ საზოგადოება ამას იოლად არ შეეგუება. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სცენარს «მესამე სამყაროს» ქვეყნებში არაერთი ანალოგი გააჩნია. მისი განხორციელება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არარაციონალური, რაც მის მხარდაჭერას უცხოელი პარტნიორების მხრიდან მეტად სათუოს ხდის. 

ეს, სავარაუდოდ, თავად მერაბიშვილსაც ესმის. მას, სააკაშვილისგან განსხვავებით, ლოგიკური აზროვნების უნარი ნამდვილად აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ის იგრძნობს, რომ «ნაკლებად სკანდალური სცენარი» მისთვის კატასტროფას მოასწავებს, მან სავსებით პრაგმატულად (ბიძინა ივანიშვილთან თუ უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებით) შეიძლება რეჟიმის დემონტაჟის, ახალი ხელისუფლებისთვის გზის გაწმენდის მისია იტვირთოს, რასაც, მის  ხელთ კონცენტრირებული ბერკეტების გათვალისწინებით, თავს, სავარაუდოდ, წარმატებით გაართმევს. ეს კი, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობის გარანტიას და (შედარებით) შორეულ პერსპექტივაში ქართულ პოლიტიკურ კაზინოში თამაშის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მერაბიშვილი ჯერ არ მისულა იმ წერტილამდე, სადაც ერთი ან მეორე ვარიანტის სასარგებლოდ საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს. ის მანევრის გარკვეულ თავისუფლებას კვლავინდებურად ინარჩუნებს და შეუძლია ორივე მიმართულებით ბლეფს მიმართოს.

 ამ უკანასკნელ გარემოებას ოპოზიციამ, ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here