Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს პერსპექტივა ევრაზიულ კავშირში

საქართველოს პერსპექტივა ევრაზიულ კავშირში

878

საქართველოში შიდაპოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი გამწვავების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე შეიძლება უშუალო ზეგავლენა მოახდინონ. ადგილობრივი კომენტატორების უმრავლესობამ გვერდი აუარა ზბიგნევ ბჟეზინსკის 14 ოქტომბრის გამოსვლას ნორმანდიაში (ალექსის დე ტოკვილის პრემიის მიღების შემდეგ). არადა, რამდენიმე მეტად საგულისხმო იდეამ ამ გამოსვლაში ნამდვილად გაიჟღერა.

დრონი და არა მეფენი

ბჟეზინსკიმ დაწვრილებით აღწერა დღევანდელი კრიზისული ვითარება მსოფლიოში, თქვა, რომ «დასავლეთი დაღმა მიდის, რადგან გაერთიანების ნება არ ჰყოფნის, ხოლო აღმოსავლეთი აღმავლობის გზას ადგას», შემდეგ კი განაცხადა: «ეფექტური გლობალური პოლიტიკური თანამშრომლობა… ამერიკისთვის, რომელიც ერთდროულად ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის ზესახელმწიფოა, ჩემი აზრით, განახლებულ და ამბიციურ ძალისხმევას უნდა ნიშნავდეს, რომელიც მიმართული იქნება იმაზე, რომ შინაარსი შესძინოს ატლანტიკური თანამეგობრობის ცნებას, რომელმაც მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკა და ევროკავშირი, ხოლო გრძელვადიანში, თანდათან, ასევე რუსეთი და თურქეთი უნდა მოიცვას».

«ცხადია, რომ ამერიკა და ევროპა ერთმანეთს სჭირდებიან, _ დასძინა ბჟეზინსკიმ, _ ის, რომ ისინი ერთ ღირებულებებს იზიარებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიომ პოლიტიკური გაღვიძება გადაწყვიტა და თვითგამორკვევისკენ ისწრაფვის. სამწუხაროდ, ეს სწრაფვა ძალიან ხშირად «ეგოისტურად გააზრებულ პირად ინტერესზე, საკუთარ გამორჩენაზეა» კონცენტრირებული. შესაბამისად, უფრო ამბიციური და სტრატეგიული ხედვა მხოლოდ ამერიკითა და ევროპით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ჩემს წიგნში, რომელიც მალე გამოვა, ვამტკიცებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მომდევნო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, ამ ხედვამ რუსეთიც უნდა მოიცვას».

ბჟეზინსკის გამოსვლა ნათლად ცხადყოფს, რომ ის მომავალში ხედავს რუსეთსა და თურქეთს, რომლებიც დასავლეთთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ის აღარ საუბრობს რუსეთის დაშლაზე საბჭოთა კავშირის დარად. არადა ეს თემა მისთვის არცთუ დიდი ხნის წინ მეტად აქტუალური იყო.

ფაქტია, ჩინეთი წინ მიიწევს და მისი შეკავებისთვის აშშ-ს ევრაზიაში ძლიერი მოკავშირეები სჭირდება. მაგრამ რუსეთს ყოველთვის უფრო დიდი გეოპოლიტიკური ამბიციები ჰქონდა, ვიდრე დასავლეთის ფარის ფუნქციის შესრულებაა. ბჟეზინსკი ირიბად ამ თემასაც ეხება და ამბობს: «დღეს ცხადია, რომ რუსეთის ბედი «ნახევარ მსოფლიოზე» კონტროლს აღარ გულისხმობს. საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას _ როგორ გადაიტანოს რუსეთმა შიდა სტაგნაცია და დეპოპულაცია, მზარდი აღმოსავლეთისა და თუნდაც დაბნეული, მაგრამ უფრო მდიდარი დასავლეთის კონტექსტში. ამიტომ დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და ევროკავშირის უფრო მჭიდრო კავშირს, არის აუცილებელი წინაპირობა და სტიმული რუსეთისა და დასავლეთის უფრო მჭიდრო დაახლოებისთვის. ეს შეიძლება არ მოხდეს პუტინის პრეზიდენტობის დროს, თუმცა შიდა წინაპირობები დემოკრატიული ევოლუციისთვის რუსეთში იზრდება და, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ისინი გადაწონის».

ჩვენ ვხედავთ, რომ ბჟეზინსკი, ერთის მხრივ, აღიარებს რუსეთის პრიორიტეტულ მნიშვნელობას დასავლეთისთვის, თუმცა მეორეს მხრივ, მოსკოვის დამოუკიდებელ პოლუსად ჩამოყალიბების შესაძლებლობას უარყოფს. საბოლოოდ, საუბარი მიდის რუსეთის ეტაპობრივ ინტეგრაციაზე «დიდ დასავლეთში», რომლის დროსაც მან, როგორც ჩანს, თანდათან გეოპოლიტიკური «განსხვავებულობა» და პოლიტიკური ნებელობა უნდა დაკარგოს. საინტერესოა, რამდენად მიმზიდველია ეს პერსპექტივა თავად რუსებისთვის.

ვიდრე ამის დადგენას შევეცდებით, ალბათ, უნდა დავაფიქსიროთ, რომ, სავარაუდოდ, მოვიდა დრო, როდესაც ქართული პოლიტიკური მითოლოგიიდან მთელი რიგი იდეებისა (ზღაპრები) უნდა ამოვაგდოთ; კერძოდ კი, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასავლეთი რუსეთის დაშლისკენ მიისწრაფვის. დღეს არაფერი არც რეალურ პოლიტიკაში და არც ისეთი ავტორიტეტული მოღვაწეების, როგორიცაა ზბიგნევ ბჟეზინსკი ან ჰენრი კისინჯერი, განცხადებებში ამაზე არ მიანიშნებს. რუსეთის დაშლა უმდიდრესი ციმბირისა და შუა აზიის ჩინეთის კონტროლქვეშ გადასვლას ნიშნავს და ეს პერსპექტივა დასავლეთში, ცხადია, არავის ხიბლავს.

ერთი საგულისხმო ციტატა: «სუსტი რუსეთი აშშ-ისთვის ყველაზე საშინელი კოშმარია, ამიტომ მთელი ჩვენი პოლიტიკა მოსკოვთან დაკავშირებით არა მხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცებას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ რუსეთი უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდეს. სწორედ ასეთი პარტნიორი სჭირდება ამერიკას XXI საუკუნეში. ჩვენ მშვენივრად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე 2020 წლამდე დგას და მათთან გამკლავება მძლავრ პარტნიორებთან ერთად უნდა შევძლოთ,» _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ბაიერლიმ «ღჯვვტჰცფყნ»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ვაშინგტონი არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას და მასთან სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაციის გაღვივებას. ჩვენი საგარეო პოლიტიკის დაგეგმვაში გაცილებით რეალისტური ამ მოცემულობიდან ამოსვლა იქნება და არა ჯონ მაკკეინის ან სხვა მსგავსი პერსონაჟების ექსტატური ხილვებიდან.

მეტიც, «გადატვირთვისა» და ბჟეზინსკის ახალი იდეების განვითარებაში უფრო შორს თუ წავალთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამ პერსპექტივაში საქართველო და უკრაინა რუსეთს ნატოში ვერ შეასწრებენ, რადგან ეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარდაუვალი, მწვავე კონფრონტაციის დაწყების მიზეზი გახდება.

თუ საქმე რუსეთის ნატოში შესვლაზე მიდგება (დღეს ეს პერსპექტივა ერთობ შორეული და არარეალისტური ჩანს, თუმცა ბჟეზინსკის იდეებს «ორ-სამ ათწლეულზე» სწორედ ამ მიმართულებით მივყავართ), მაშინ ნატოში საქართველოც და უკრაინაც მოხვდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, სავარაუდოდ, ან «ფინლანდიზაცია», ან რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ელით. ასეა თუ ისე, დღეს ფსონის დადება რუსეთის და აშშ-ის (ნატოს) დაპირისპირებაზე, რომელიც თითქოსდა საქართველოს პრობლემებს გადაწყვეტს, აშკარა უგუნურებაა, მეტიც, ამ ახალ რეალობაში სააკაშვილის ხელისუფლება თავისი აკვიატებული გეოპოლიტიკური იდეებით ყოვლად უაზრო და უადგილო ხდება.

 …მაშასადამე, ევრაზიელი

«ცივი ომის» ისეთი სახელგანთქმული ვეტერანისთვის, როგორიცაა ზბიგნევ ბჟეზინსკი, წარმოუდგენელი იქნებოდა იმის თქმა, რომ მოსკოვმა (მაგალითად) ყაზახეთში ჩინელები უნდა შეაკავოს, რადგან ეს ირიბად შუა აზიაში რუსეთის გავლენის სფეროს აღიარებასაც ნიშნავს. თუმცა, თუ მისი გამოსვლის თურქეთთან დაკავშირებულ მონაკვეთს განვიხილავთ, ერთ საინტერესო ფრაგმენტს აღმოვაჩენთ: «თურქეთის სწრაფვა მშვიდობიანი თანამშრომლობისაკენ თავის ახლოაღმოსავლელ მეზობლებთან ემთხვევა დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს ამ რეგიონში. თურქეთი სულ უფრო დასავლური, სულ უფრო საერო ხდება და, ამავე დროს, ისლამური რჩება. ამ თანხვედრამ შეიძლება გაანეიტრალოს ისლამური ექსტრემიზმი ცენტრალურ აზიაში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპისა და რუსეთის სასარგებლოდ. ამასთანავე, დემოკრატიული, საერო თურქეთი შეიძლება გახდეს გავლენიანი ფაქტორი, რომელიც სტაბილური დემოკრატიისკენ არაბული ქვეყნების სწრაფვის მხარდაჭერას და სტიმულირებს მოახდენს».

თვალშისაცემია, რომ ბჟეზინსკის ამ მონახაზში თურქეთს აქტიური და გავლენიანი რეგიონული ლიდერის როლი ენიჭება. როგორაა ამ მხრივ რუსეთის საქმე? ცხადია, რომ არავის, რუსეთის გარდა, დღეს არ ძალუძს ჩინეთის შეკავება აზიის პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებში, მაგალითად ყაზახეთში, იმავე თურქეთს ამისთვის სათანადო რესურსები არ გააჩნია.

თუმცა რუსეთი ამას ვერ მოახერხებს, თუ კონკურენცია ყაზახეთში ღია და ყველა მონაწილისთვის თანაბარი იქნება. ამიტომ, განხილულ შემთხვევაში, წინა პლანზე ბუნებრივად გამოდის ისეთი პროექტები, როგორიცაა «ერთიანი ეკონომიკური სივრცე» და «ევრაზიული კავშირი», რომელიც ამ სივრცეს გარე მოთამაშეებისთვის ნაწილობრივ ხურავს და რუსეთს პრივილეგირებულ მდგომარეობში აყენებს.

მართალია, თავის ბოლო წერილში, რომელიც ევრაზიულ კავშირს მიუძღვნა, ნურსულთან ნაზარბაევი ირწმუნება, რომ ეს გაერთიანება «ე. წ. ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის შეკავებისთვის ნამდვილად არ იქმნება», თუმცა კომენტატორების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ რეალურად ყაზახეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთის, ჩინეთის ან რადიკალი ისლამისტების გავლენის ზრდას შორის. საუბარი ყაზახებისთვის არა მყისიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამონაგებზე, არამედ პრინციპულ, ცივილიზაციური ხასიათის არჩევანზე მიდის. ნაზარბაევის გამოსვლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყაზახეთი რუსეთთან სტრატეგიულ კავშირს ირჩევს (ამავე წერილში ნაზარბაევმა დაიწყო საუბარი ახალ «ევრაზიულ იდენტობაზე»). რას მოიმოქმედებს დასავლეთი? შეეწინააღმდეგება ამას, რითაც რეალურად, პეკინს დასახული ამოცანების მიღწევას გაუადვილებს, თუ, ფაქტობრივად, დათანხმდება რუსეთისა და ყაზახეთის გაერთიანებას «ევრაზიულ კავშირში»?

ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ დღეს «რუსეთის ბედი «ნახევარ მსოფლიოზე» კონტროლს აღარ გულისხმობს», მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ახლო მომავალში ეჭვქვეშ დააყენებს კრემლის (ცივილურ ფორმებში მოქცეულ) კონტროლს იმავე მსოფლიოს «ერთ მეექვსედზე», ანუ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. უფრო შორს თუ წავალთ, ვნახავთ, რომ რუსეთ-ყაზახეთის გაერთიანება «ევრაზიულ კავშირში» და მისი გავლენის ორბიტაში სხვა აზიური რესპუბლიკების მოქცევა, შექმნის წარმონაქმს, რომელიც აზიისკენ იქნება გადახრილი (სიმძიმის ცენტრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ). თუ ამ დროს დასავლეთი უკრაინას და მითუმეტეს ბელარუსს «ჩაეჭიდება» და მოსკოვისგან მის «გამოგლეჯას» დააპირებს, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც რუსეთი თავს დასავლეთთან დაპირისპირებული აღმოსავლეთის ნაწილად იგრძნობს და პეკინთან საერთო ენის გამონახვას შეეცდება.

ამიტომ ამ კონტექსტში დასავლეთმა უკრაინა შეიძლება განიხილოს მხოლოდ როგორც რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც რუსეთსა და მისი გავლენის სივრცის აზიურ ნაწილს დასავლეთზე მიაბამს. ეს კი, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების აღიარებას ნიშნავს.

მართალია, დღეს დასავლეთი მზად არ არის, უკრაინა «ევრაზიული კავშირის» წევრად იხილოს, მაგრამ, სავარაუდოდ, გაგებით მოეკიდება მის მონაწილეობას მოსკოვის სხვადასხვა ინტეგრაციულ პროექტებში, მოძრაობა ამ მიმართულებით კი, გამორიცხული არაა, ადრე თუ გვიან «ევრაზიულ კავშირში» შესვლითაც დაგვირგვინდეს. შეიძლება სწორედ ეს გახდეს ის ძალიან დიდი საფასური, რომლის გაღება ვაშინგტონს ჩინეთის შეკავებისთვის მოუწევს. «ნარინჯისფერი რევოლუციის» ფაქტობრივი გაწირვა, რომელიც ახლახან ვიხილეთ, შესაძლოა, ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.

რა ვქნათ, რომელ წყალში გადავვარდეთ?

რუსეთის გაძლიერების პარალელურად, ვაშინგტონი, სავარაუდოდ, შეეცდება, ის სულ უფრო კონტროლირებადი, «უფრო დასავლური» გახადოს. პასაჟები პუტინსა და «დემოკრატიულ ევოლუციაზე», ალბათ, აქედან მოდის. კრემლი კი, თავის მხრივ, შეეცდება ისარგებლოს ხელსაყრელი მომენტით და პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლი განამტკიცოს, თანაც ისე, რომ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

შეგვიძლია გარკვეული პარალელი I მსოფლიო ომის წინარე პერიოდთან გავავლოთ. დასავლეთს მაშინ რუსეთი გერმანიასთან დაპირისპირებისთვის სჭირდებოდა. ის, ერთის მხრივ, მთელ რიგ გეოპოლიტიკურ დათმობებზე წავიდა (1907 წლის რუსულ-ბრიტანული კონვენცია და სხვ.), თუმცა, მეორეს მხრივ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის იმპერია მაქსიმალურად მჭიდროდ მიბმულიყო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთზე, პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა დაეკარგა და ჩაბმულიყო ომში გერმანიასთან, რომელიც ობიექტურად მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, გამოიყენოს დასავლეთის სურვილი _ ის თავის მოკავშირედ აქციოს, მაგრამ ისე, რომ მოქმედების დამოუკიდებლობა არ დაკარგოს და «ახალ გერმანიასთან», ჩინეთთან (წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგის ედვარდ ლუტვაკის განსაზღვრებაა) მწვავე კონფრონტაციას თავი აარიდოს.

მეტისმეტად ზედაპირული იქნებოდა იმის თქმა, რომ საქმე მხოლოდ ჩინეთის შეკავებას ან ისლამურ სამყაროში პროცესების მართვას (თურქეთის შემთხვევაში) ეხება. საუბარი ამასთანავე ევრაზიაში ბალანსისა და წონასწორობის შენარჩუნების ყოვლისმომცველი სისტემის შექმნაზე მიდის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები და ბლოკები, მათ შორის, ერთმანეთს დააბალანსებენ. კომბინაცია რუსეთთან და თურქეთთან, ალბათ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც XVIII-XIX საუკუნის პოლიტიკის ერთგვარი რიმეიკი, როდესაც ამ ორი, ნახევრადევროპული სახელმწიფოს ჩართვა (დროდადრო კი ჩათრევა) ევროპულ პოლიტიკაში კონტინენტზე ძალთა ბალანსს უზრუნველყოფდა. უბრალოდ, XXI საუკუნეში ამ თამაშის გეოგრაფიული ჩარჩოები გაფართოვდა, ხოლო დაფაზე ახალი ფიგურები გაჩნდა.

ყოველივე ამან შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ «ევრაზიული კავშირი» ათიოდე წელიწადში შეიძლება რეალობად იქცეს. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ერთ-ერთ წინა ნომერში გამოთქმული მოსაზრება: პუტინი, ალბათ, არ გააჟღერებდა ამ იდეას, რომ სცოდნოდა, რომ დასავლეთი ამას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამდა და მოსკოვის წინაააღდეგ «ჯვაროსნულ ლაშქრობას» მოაწყობდა. ეს იდეა, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, კრემლმა წინა პლანზე მაშინ წამოსწია, როდესაც ხელსაყრელი მომენტი დადგა.

ბჟეზინსკის მიერ წარმოდგენილ მოდელში, რომელიც რუსეთის (და თურქეთის) დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და «ახალ ატლანტიკურ თანამეგობრობაში» ინტეგრაციას გულისხმობს, საქართველოს, საწყის ეტაპზე, ალბათ, პრაქტიკულად გარდაუვალი «ფინლანდიზაცია» ელის. სხვათა შორის, ეს არ ნიშნავს «დასავლურ არჩევანზე» უარის თქმას, რასაც სახელისუფლო პროპაგანდა გვიმტკიცებს: ფინეთი სავსებით დასავლური, შესაბამისი ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოა, თუმცა, ამასთანავე, ნატოს წევრი არ არის, რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება და გამორჩეული ეკონომიკური ურთიერთობები აქვს (ის, რომ პროპაგანდა, როდესაც «დასავლურ არჩევანს» ახსენებს, სინამდვილეში რაღაც ძლიერ ანტიდასავლურს, მეტიც, ანტიჰუმანურს გულისხმობს, ცალკე საუბრის თემაა).

ამ მხრივ, საქართველოს, როგორც უკრაინას, ერთგვარი ხიდის როლი დაეკისრება, ოღონდაც არა მხოლოდ (და, შესაძლოა, არა იმდენად) რუსეთსა და ევროპას შორის, რამდენადაც _ რუსეთსა და თურქეთს, «დიდ ახლო აღმოსავლეთს» შორის. თუმცა «ფინლანდიზაცია», ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, შეიძლება დანიშნულების ბოლო პუნქტი არ აღმოჩნდეს და, გამორიცხული არაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, რუსეთი საქართველოს «ევრაზიულ კავშირში» შესვლას შესთავაზებს. თუ იმ მომენტისთვის დასავლეთი რუსეთთან გლობალურ საკითხებზე სრულ ურთიერთგაგებას მიაღწევს (დაახლოებით ისეთს, როგორც I მსოფლიო ომის წინ), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის რუსეთის ამ ინიციატივას არ აუმხედრდება. საქართველო, სავარაუდოდ, კრემლის პირისპირ დარჩება და არჩევანის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწევს.

თუმცა ეს ჯერჯერობით ერთობ შორეული პერსპექტივაა, მანამდე კი, ალბათ, იმის გააზრება გვმართებს, რომ დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაცია, როგორც ჩანს, ხანგრძლივი დროით წარსულს ბარდება და ისინი, სავარაუდოდ, თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადიან. ამ მიმართულებით წასვლა, დასავლეთს დღევანდელმა, სინამდვილეში ძალზე საშიშმა, სისტემური ხასიათის კრიზისმა, ჩინეთის სიძლიერის ზვავისებურმა ზრდამ და რიგმა სხვა ნეგატიურმა ფაქტორებმა აიძულა. ლაროშფუკო რომ იტყოდა: «არ არსებობს იმდენად ცუდი გარემოებები, რომ ჭკვიანმა ადამიანმა მათგან რაიმე სარგებლის გამონახვა ვერ შეძლოს. თუმცა არ არსებობს იმდენად კარგი გარემოებებიც, რაშიც უგუნური თავს ვერ გაიუბედურებს».
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here