Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა გოროზია გუბერნატორობისას ხელფასზე ორჯერ მეტ პრემიას იღებდა

ზაზა გოროზია გუბერნატორობისას ხელფასზე ორჯერ მეტ პრემიას იღებდა

1258

GEWORLD.GE:
ახლახან სოფლის მეურნეობის მინისტრად დაწინაურებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელიც თითქმის არასდროს იმყოფებოდა თავის სამოქმედო რეგიონში, ხელფასზე ორჯერ მეტ პრემიას იღებდა ყოველთვიურად, ზოგ შემთხვევაში კი _ თვეში ორჯერაც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს “თავისუფალი დემოკრატებიდან”, გია ალასანიას მოთხოვნის საფუძველზე, მოუვიდა პასუხი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს მ. ციკუტანიასაგან: “თქვენი მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს _ გუბერნატორს 2010 წელს დაერიცხა თანამდებობრივი სარგო 35 400 ლარი, პრემია _ 53 100 ლარი და მივლინების ანაზღაურება _ 31 501 ლარი; 2011 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით _ თანამდებობრივი სარგო 26 550 ლარი, პრემია _ 35 400 ლარი, მივლინების ანაზღაურება _ 30 267 ლარი. სულ ადმინისტრაციის თანამშრომლებზე დარიცხული პრემიები 2010 წელს შეადგენდა: “220 081 ლარს, 2011 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით კი _ 127 120 ლარს”.

გია ალასანიას განმარტებით, ასეთი “წარმატებული” მუშაობის გამო დააწინაურეს სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა  გოროზია: “მაშინ, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობის მოსატყუებად “ქამრების მოჭერაზე” ამახვილებს ყურადღებას, მისი ჩინოვნიკები დიდძალ თანხას ითვისებენ ბიუჯეტიდან. რა დამსახურებისთვის იღებდა გოროზია ხელფასზე გაცილებით მეტ პრემიას ყოველთვიურად ანდა სად დადიოდა ის ასეთ ძვირადღირებულ მივლინებებში, რა საქმეებს აკეთებდა? გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრად კი არ უნდა დანიშნულიყო, არამედ მის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა განხორციელებულიყო, მის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო, რასაც ხელისუფლება არ განახორციელებს, რადგან მისთვის ჩვეულია კანონის შერჩევითი გამოყენება, რასაც ადასტურებს აშშ-ის დახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაც. ეტყობა, სამედიცინო დარგის სპეციალისტი ზაზა გოროზია ასევე “შემართებით” გააგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იმედია, მის კვალს არ გაჰყვება ახლადდანიშნული გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი,” _ აღნიშნა “თავისფალი დემოკრატების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა გია ალასანიამ.
ზაზა გოროზიამ მარტო 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის, პრემიისა და სამივლინებო ანაზღაურების სახით აიღო 120 000 ლარი, ანუ ყოველთვიურმა ანაზღაურებამ შეადგინა 10 000 ლარი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლუკმაპურისა და წამლის საყიდელი თანხა არ გააჩნია. 2010 წელს გოროზიამ პრემია 17 ჯერ აიღო, პრემია აიღო შვებულებაში ყოფნის პერიოდშიც. რა დამსახურებისთვის ერიცხებოდა გოროზიას პრემია ყოველთვიურად, ზოგ შემთხვევაში _ თვეში ორჯერ, ამაზე პასუხს არავინ იძლევა. წესით და რიგით, პრემია არის წამახალისებელი ღონისძიება და ის არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობის და მითუმეტეს ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტი და თანაც გაიცეს მუდმივად.
გავრცელებული ვერსიით, ზაზა გოროზიას არ უნდოდა სოფლის მეურნეობის მინისტრობა, რადგან ეძნელებოდა გუბერნატორის თბილი სავარძლის დატოვება, მაგრამ ხელისუფლებამ მასზე ზემოქმედების მოსახდენად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გამოუგზავნა. გოროზია მას გასძალიანებია, რის გამოც თურმე მაგარი მუშტიც მიუღია ახალაიასაგან და ისიც იძულებით დათანხმებულა.
ზაზა გოროზიას თბილისში გადაყვანას მიესალმნენ  ფეხბურთის ზუგდიდელი გულშემატკივრები, რადგან ის ზუგდიდის “ბაიას” საპატიო პრეზიდენტად ითვლება. “ვიფიქრეთ, ახლა მაინც დაანებებს თავს “ბაიასო”, მაგრამ ის ცოცხალი თავით არ ეშვება გუნდს. მაინც ვერ გავიგეთ, რა კავშირი უნდა ჰქონდეს გუნდთან ჯერ გუბერნატორს, ახლა კი მინისტრს?! მან გადააგდო, ხელფასები არ მისცა ცნობილ მეკარეს ოთარ გაბელიას და მის მოყვანილ ცხრა ფეხბურთელს, რის გამოც მათ გუნდი დატივეს. დაგვანებოს თავი და გუნდი ჩაიბაროს ისეთმა პიროვნებამ, რომელიც ზუგდიდის “ბაიაზე” მართლა იზრუნებს,” _ განაცხადა ზუგდიდელ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა ცაცა შელიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზა გოროზია გარეული იყო სამეგრელოში დაფუძნებულ იტალიურ ფირმა “ფერეროს” მიერ ატეხილ სკანდალში. “ფერეროს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა დალაქიშვილმა სასამართლო პროცესზე ზუგდიდში განაცხადა, რომ მან სხვადასხვა დროს ექვსჯერ მისცა თანხა ქრთამის სახით ზაზა გოროზიას. ამ აღიარებისთვის ნიკა დალაქიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო გოროზია დააწინაურეს.
ლადო ქირია,
ზუგდიდი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here