Home რუბრიკები პოლიტიკა ვანოს ახალი შოუ და მთელი ეს ვარდების მაპინდუზი

ვანოს ახალი შოუ და მთელი ეს ვარდების მაპინდუზი

741

GEWORLD.GE:
გასულ კვირას საბოლოოდ გაირკვა, თუ რით განსხვავდება ქართული პოლიცია ტანზანიის პოლიციისგან: ამ შორეულ აფრიკულ ქვეყანაშიც სამართალდამცავები მშვიდობიან მიტინგებს არბევენ, ოპოზიციონერებს აპატიმრებენ და დაუცხრომლად იცავენ მმართველი პარტიის ინტერესებს, რომელიც რომანტიულ სახელწოდებას “ჩამა ჩა მაპინდუზი” ატარებს. მაგრამ ტანზანიელი პოლიციელები კომპიუტერულ თამაშებს არ ქმნიან; როგორც ჩანს, ამისთვის ფანტაზია არ ჰყოფნით ან კიდევ ბიუჯეტს უფრთხილდებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 26 ოქტომბერს ამაყად გვამცნო, რომ ,,კომპიუტერული თამაშის “პოლიციის” ახალი ვერსია შექმნა”.

ტანზანია იმიტომ გამახსენდა, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, იქეთ მიექანება. ამ უღარიბეს ქვეყანას ორი დედაქალაქი აქვს, სააკაშვილს თუ დასცალდა, ეს არც ჩვენ აგვცდება. ამასთანავე, ძალთა განლაგება იქაურ პარლამენტში რაღაცას ძლიერ მაგონებს, თავად განსაჯეთ: “ჩამა ჩა მაპინდუზი” უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 206 ადგილს ფლობს, “გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტი” _ მხოლოდ 19 ადგილს, ხოლო “ჩამა ჩა დემოკრასია და მაენდელელო” _ ხუთს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქაურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” “ჩამა ჩა მაპინდუზიმდე” ჯერ კიდევ ბევრი უკლია; ტანზანიის მმართველ პარტიას საკმაოდ მყარი იდეოლოგიური ბაზისი გააჩნია, რომელიც “უჯამაას სოციალიზმის” კონცეფციას ეფუძნება, რაც ამ პარტიის საპროგრამო დოკუმენტებში ნათლად აისახება, ამიტომ პოლიტოლოგებს, ასე თუ ისე, შეუძლიათ აღწერონ, რას წარმოადგენს “ჩამა ჩა მაპინდუზი”, მაგრამ, როდესაც საქმე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” მიდგება, ისინი მორცხვად დუმდებიან.
მაგრამ ტანზანიას თავისი გასაჭირი ეყოფა, უშუალოდ მთავარ თემაზე გადავიდეთ. საქართველოს შსს-მ, მის 26 ოქტომბრის განცხადებას თუ დავეყრდნობით, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში “წამოიწყო ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანიც  საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება იყო. დაკომპლექტდა საპროექტო ჯგუფი და დაიწყო პირველი ქართული თამაშის შექმნის პროექტი. თამაშის პროექტის გუნდმა თავიდან მოიძია და შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები. ახალბედა და დამწყებმა სპეციალისტებმა აითვისეს კომპიუტერული გრაფიკისა და პროგრამული კოდის თავისებურებები, შემუშავდა თამაშის კონცეპტ-დოკუმენტები, სადაც აღიწერა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თამაში ზოგადად და მისი ცალკეული გმირები _ პოზიტიური გმირები, მტრის პერსონაჟები, სათამაშო გარემო, რა გარემოში აღმოჩნდეოდა მოთამაშე და ა.შ.”.
კარგად გავიაზროთ განცხადების ეს მონაკვეთი, რათა უკეთ გავიგოთ, თუ სად მიდის ჩვენი ფული. ალბათ, არავის ექნებოდა არაფერი საწინააღმდეგო იმისა, რომ შსს-ს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამართალდამცავებისთვის თავდაცვის დამატებითი საშუალებები შეეძინა ან, მაგალითად, ჩაეტარებინა თანამშრომლებისთვის მეტად აქტუალური ტრენინგი თემაზე “რატომ არ უნდა ჩაწიხლო ქალი, ბავშვი და მოხუცი”, მაგრამ, როდესაც ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არატრადიციული მიზნების მიღწევაზე იხარჯება, გადამხდელებმა ამ ფაქტს ყურადღება უნდა მივაქციოთ.
პირველ ნაწილთან შედარებით, თამაშის მეორე ნაწილი ისეთივე დახვეწილია, როგორც ექვსი წლის ბავშვის ნახატი, სამი წლის ბავშვის ნახატთან შედარებით. ერთის მხრივ, პროგრესი სახეზეა, თუმცა, მეორეს მხრივ, მხოლოდ ძალიან ტვინგახურებულ მშობელს შეუძლია ასეთ ნახატს ხელოვნების ნიმუში უწოდოს და ეროვნულ გალერეაში მისი გამოფენა მოითხოვოს.  “პოლიციის” მეორე ნაწილის შედარება, რომელიმე რამდენადმე ცნობილ თამაშთან ისევე შეუძლებელია, როგორც პარალიზებულის გამოყვანა სარბენ ბილიკზე, თუნდაც მისი კონკურენტი ძალიან ცუდი მორბენალი იყოს. ტექნიკური ხარვეზების აღწერა, ჩვენი მხრიდან, ისედაც ატკივებული კბილის სადისტურ წვალებას დაემსგავსებოდა. ასე რომ, უბრალოდ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის, რის თაობაზეც თურმე მთელი კონცეპტ-დოკუმენტები დაიწერა; დადებით და უარყოფით გმირებს და სათამაშო გარემოს გადავხედოთ.
შსს-ს განცხადების თანახმად, “თამაშის მეორე ვერსიის სიუჟეტი განახლებული ბათუმის ქუჩებში ვითარდება”. სინამდვილეში, მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ორი ქუჩის მცირე, ერთმანეთის პერპენდიკულარულ მონაკვეთზე გაიაროს, რომელიც გამოიყურება როგორც “ჩვეულებრივი ბათუმი”, ხოლო ე.წ. განახლებული ბათუმი, სავარაუდოდ, სადღაც მოშორებით, ღობის მიღმა მდებარეობს, სადაც ცათამბჯენების სილუეტები მოჩანს, მაგრამ თამაშის გმირებს იქ შეღწევა არ შეუძლიათ. ღობესთან დგას მამაკაცი უდროოდ გალოთებული ზომბის სახითა და მანერებით; ის მშენებლობას ხელმძღვანელობს. როდესაც მას პოლიციელი გოგონა მიმართავს, ჯერ მოუცლელობას იმიზეზებს, მაგრამ, როგორც კი გაიგებს, რომ საქმე შსს-ს წარმომადგენელთან აქვს, ამბობს: “გეთქვათ თავიდანვე, მე ყოველთვის ვთანამშრომლობ პოლიციასთან, ასე ვთქვათ” და სამუშაო პროცესს აჩერებს (ძნელი სათქმელია, რას გულისხმობს ეს მისი “ასე ვთქვათ”, შესაძლოა, წვრილფეხა პროვოკატორია ან შესაბამის ინსტანციებში ოპოზიციურად განწყობილი მუშების სიებს აგზავნის და მათ სამსახურიდან აგდებს). როდესაც პოლიციელი ეკითხება: “ეს რა მშენებლობაა?”, ხსენებული პერსონაჟი ისეთ მგზნებარე მონოლოგს წარმოსთქვამს, თვით ნუგზარ წიკლაურსაც რომ შეშურდებოდა: “როგორ თუ რა მშენებლობაა? არ გსმენიათ? კი მაგრამ, ტელევიზორს არ უყურებთ?!”… “რას ამბობთ, ეს ხომ საუკუნის მშენებლობაა! ბათუმი ახალ სახეს ღებულობს, სულ მალე დუბაისა და ლონდონის გვერდით დაიკავებს ადგილს. სხვათა შორის, ეს დიდწილად ჩემი დამსახურებაც იქნება, ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვფიქრობდი მსგავსი პროექტის განხორციელებაზე და აი ახლა, როდესაც მომავლის კარზე ვაკაკუნებთ, რაღაც-რაღაც წვრილმანების გულისთვის გვიხდება შეყოვნება. აი, ეს ხალხი, აქ რომ ცხოვრობს, უვიცი და გაუგონარია, ჩივილით აგვიკლეს, რა, ერთს გადაკეტილი ქუჩა არ მოსწონს, მეორეს ხმაური აწუხებს, ჩუმად როგორ უნდა ვიყოთ, კაცო! აი, თქვენ წარმოგიდგენიათ 50-ტონიანი ტრაქტორი რამდენს იწონის? რო დამთავრდება ეს მუშაობა, გენაცვალე, და ეს ქუჩა რომ გალამაზდება, მერე აღმოჩნდება, რომ არც ისე ცუდები ვყოფილვართ, რომ არ ვაძინებდით და ვაწუხებდით, გაიგეთ?”.
ალბათ, იშვიათია შემთხვევა, როდესაც კომპიუტერული თამაშის ერთ მცირე ეპიზოდში შეიძლება ჩაეტიოს ამდენი პროპაგანდა, იდეოლოგია, ფსიქოლოგია და ალალი, მართლაც რომ შეუბღალავი, შიზოფრენია.
სამუშაოების ფრიად მოკრძალებული მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იქ საშუალო ზომის საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებენ, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს მართლაც “საუკუნის მშენებლობაა”. ასევე (ამჯერად) ნუ შევეხებით ბოდვას დუბაისა და ლონდონზე და იმ უმწვავეს პრობლემებს, რომლებიც რეალური ბათუმის წინაშე რეალურად დგას. ამ შემთხვევაში საკვანძოა ფრაზა “უვიც და გაუგონარ ხალხზე”, რომელიც ქვეყნის “აღმშენებლებს” (ცუდია, რომ ამქვეყნად ორმაგი ან სულაც სამმაგი ბრჭყალები არ არსებობს), თურმე ხელს უშლის, აწუხებს, ჩივის. სწორედ ამ ფრაზაში, როგორც სარკის ნამსხვრევში, აირეკლა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა და მთელი ეს, ტანზანიელებს რომ დავესესხოთ, “ვარდების მაპინდუზი” (ეს სიტყვა სუაჰილზე “რევოლუციას” ნიშნავს), რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. სავარაუდოდ, ჩვენ უნდა მოვკვდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ, ან ხმა არ ამოვიღოთ, რათა მათი პროექტების (ამ მხრივ, კარგი ბოლოდროინდელი მაგალითი ჩამონგრეული თუ ჩარეცხილი ანაკლიის ხიდია) განხორციელებას ხელი არ შევუშალოთ. ალბათ, იგულისხმება, რომ კვლავ მორჩილად უნდა დავუჯეროთ, მაგალითად, ასეთ განცხადებებს: “თბილისი-ცხინვალი-სოხუმის ავტობანის მშენებლობას გახსნილად ვაცხადებ. 2008 წელს ამ გზით ცხინვალში ჩავალთ, ხოლო 2010 წელს ან არა უგვიანეს 2011 წლის დამდეგისა, ეს გზა სოხუმშიც ჩაგვიყვანს. სოხუმში ჩასვლას ბევრად უფრო ადრე ვგეგმავთ, მაგრამ შემდეგ უკვე კარგი გზებით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვივლით” (მიხეილ სააკაშვილი; 2006 წლის 15 მარტი). NO COMMENT.
დავტოვოთ გალოთებული ზომბი, უფრო სწორად, “მიშ-მშენებელი”, რომელმაც იცის, თუ “რამდენს იწონის 50-ტონიანი ტრაქტორი”, ვირტუალურ რეალობაში, სადაც ის თავს, ალბათ, კომფორტულად გრძნობს, რამეთუ “რეალურ რეალობაში” ასეთი პერსონაჟები დიდხანს ვერ ძლებენ და ყურადღება კაფეში მსხდომი წყვილის დიალოგს მივაქციოთ.
ვაჟი: “სამსახურს მიჩითავს ბიძაჩემი, ეს ნაცნობობა არ მიყვარს, მარა სხვანაირად არ გამოდის, ხომ იცი”.
გოგონა: “შენ გაიქაჩები, ხომ იცი”.
ბიძის გარეშე, სამსახურის შოვნა მართლაც რომ არ გამოდის და ამ მონაკვეთში თამაში სავსებით რეალისტურია, თუმცა გოგონას რეპლიკის მსუბუქად (ჰა, საშუალოდ) ეროტიული ტონალობა, სავარაუდოდ, გადაავიწყებს იმ ყმაწვილს ფიქრს იმაზე, რომ ეს სიტუაცია ზოგადად არანორმალურია და, ალბათ, იმ დასკვნამდეც არ მივა, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს. ვინ იცის, იქნებ, თამაშის შემდეგ ნაწილში ეს ახალგაზრდა ზონდერი გახდება?
ეპიზოდური პერსონაჟების დაკვირვება უფრო საინტერესოა, ვიდრე მთავარი მოქმედი პირების, რადგან ეს უკანასკნელნი, ერთობ შიზოფრენიულად გამოიყურებიან. მაგალითად, მთავარ ბოროტმოქმედს, ბათუმში მოღვაწე ბანკირს და მცირე კალიბრის ოლიგარქ ვიტალი გრომოვს საქართველოში ჯართი შემოაქვს (გრენლანდიაში ყინულის შეტანა, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა), ჯართში კი ნარკოტიკებს მალავს. გრომოვი გულისამრევი აქცენტით საუბრობს, პენტჰაუსში ზის და, სავარაუდოდ, თავის კრეტინულ გეგმებს აწყობს. პერანგის სახელოზე მას წითელი ლაქა ემჩნევა (პოლიციელი ვარაუდობს, რომ ეს სისხლია). ისე, შსს-ს 26 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალში “თამაშში გაჩნდებიან, აგრეთვე, რეალური, ცნობადი პერსონაჟები” და, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ვიტალი გრომოვის ადგილი.
ძალიან სასაცილოა მომენტი, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციელი ცდილობს, გრომოვს ფსიქოლოგიაში მცირე ლექცია წაუკითხოს და, ასე ვთქვათ, საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობა დაუმტკიცოს. ვინ იცის, რამდენი ფარული კომპლექსი იმალება ამ მოკლე ეპიზოდის მიღმა? თუმცა ეს მცირე დეტალებია, თამაშის ძირითად ნაწილს კი დაუცხრომელი კაცთაკვლა იკავებს. არანაირი დაპატიმრება (ან დაჭრა და დაპატიმრება), როგორც ეს იმ ცნობილ თამაშებში ხდება, რომლებიც სამართალდამცავების მუშაობას ეძღვნება. იმ თამაშებში ზედმეტი სისხლისღვრისთვის მოთამაშე ჯარიმდება, აქ კი პირიქითაა, თუ გრომოვის რომელიმე ხელქვეითს მოთამაშე ტყვიას თავში მოარტყამს, ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ, ახლო ხედით გადაღებულს ნახავს; ეს ერთგვარი ბონუსია. “წელს ბათუმში მკვდარი სეზონი ადრე დაიწყო, არა?” _ სიცილით და ნულოვანი ტოლერანტობით წარმოთქვამს პოლიციელი გოგონა და მთავარი გმირები გვამებით მოფენილ სასტუმროს ტოვებენ.
ისე, ნებისმიერი თამაშის შემქმნელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ექსპერიმენტები შსს-ს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს.
მაგრამ იქნებ ვაცალოთ, რომ თამაშის მესამე ნაწილიც შექმნან? როგორც ჩანს, საქართველოში ხელისუფლება მალე შეიცვლება: ან არჩევნებით, ან, უკიდურეს შემთხვევაში, “მაპინდუზით” (იხ. სუაჰილის ლექსიკონი). სავარაუდოდ, ქვეყნიდან წასულ ხელისუფალთ, “საქართველოზე, რომელიც მათ დაკარგეს” დროდადრო ნოსტალგია შეაწუხებთ. ასეთ დროს ჩართავენ ამ თამაშს და იხილავენ ე.წ. საუკუნის მშენებლობას და იდიოტ მოწინააღმდეგეებსაც იოლად დაამარცხებენ. სიბერეში თავშესაქცევი მაინც ექნებათ.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here