Home რუბრიკები საზოგადოება რაც მიშას დაუფრქვევია, მის პრესცენტრს უსწორებია

რაც მიშას დაუფრქვევია, მის პრესცენტრს უსწორებია

637

GEWORLD.GE:
ყამარის მოსატაცებლად ცის გუმბათზე ჯაჭვით ჩამოკიდებულ კოშკში ასულ ამირანს თავისი ნანდაური საოჯახო საქმით გართული დახვდა. ახლადგარეცხილი ჯამ-ჭურჭლის დალაგებაში ქალს ამირანიც მიეხმარა, რათა მალე გაცლოდნენ იქაურობას, მაგრამ ერთმა აბეზარმა თეფშმა ამირანს ლამის სისხლი გაუშრო: რამდენჯერაც თავდაღმა დადო, ისიც იმდენჯერ ამოტრიალდა (არადა, ყამარს გაფრთხილებული ჰყავდა საქმრო – ეცადე, ჭურჭელი არ გაგიტყდესო). გაბრაზებულმა ამირანმა მოიქნია «თავხედი» თეფში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იატაკზე დაახეთქა. თითქოს ამას ელოდნენო, ერთიანად აიშალა ჯამ-ჭურჭელი: მთელი მთელს გამოება, ნატეხი – ნატეხს და ასე ერთმანეთის მიყოლებით დამწკრივებულნი ყამარის მამისკენ გაემართნენ ამბის მისატანად.

იმ პრობლემებზე ფიქრის დროს, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, რატომღაც თვალწინ ხატოვნად წარმომესახა ათასი ნაფიქრ-ნააზრევი, ერთმანეთს მოდევნებული და წეროების გუნდივით გამწკრივებული; ფიქრი ფიქრს მოება, აზრი – აზრს, ამბავი – ამბავს და მეც სადღაც შორეულ სივრცეში გამიტყუეს – ახალგაზრდობის წლებში, მშობლიურ სანახებში, ჭანისწყლის ხეობაში, ჩემს ტკბილ დედულეთში, სადაც სიყრმის უდარდელი წლები გამიტარებია.
ეს იყო 30 თუ 35 წლის წინ; სოფელში შვებულებით ჩასულმა ბიძის მონახულება განვიზრახე და მთელი ოჯახი მშობლებიან-ცოლშვილიანად ძველი ხიბულისკენ (სოფელია ხობის რაიონში) გავემართეთ. ბიძაჩემთან სხვა სტუმრებიც დაგვხვდნენ და, რაც ჩვენ იმ დღეს იქ მოვილხინეთ, ამის აღწერას ახლა არ შევუდგები, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.
სანამ სუფრა გაიშლებოდა, ბაჯუ ბიძია (ოფიციალური სახელი მიტროფანე ერქვა, მაგრამ ყველანი ბაჯუს ეძახდნენ. გვარიც იშვიათი ჰქონდა – არაჩემია) მე და მამაჩემს მეგრული ოდა-სახლის ერთი ოთახისკენ გაგვიძღვა და თან მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა: – ერთი «გენიოსი» უნდა გაგაცნოთო.
კედელზე უზარმაზარი პოლიტიკური რუკა ეკიდა, თუ სწორად მახსოვს, რუსულენოვანი. – კახა! მოდი, ბაბუ, ჩემთანო, – გასძახა პატარა შვილიშვილს, ანუ ჩემი ბიძაშვილის უმცროს ვაჟს – მოგვიანებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მაშინ კი – 3-4 წლის ბავშვს, კახა დამენიას, რომელიც მერე და მერე ფიზიკურადაც იმდენად დაემსგავსა ბაბუას, რომ სიყვარულით დღესაც ბაჯუს ვეძახი.
ის-ის იყო, ოთახში აგვისტოს სიცხისგან შუბლდაცვარული და წელზევით ტიტველი, მოკლეშარვლიანი და ზომიერად ჩაპუტკუნებული კახა შემოვიდა, რომ ბაბუამ სიამაყით გადმოგვხედა და გამოგვიცხადა: ახლა განახებთ, ჩვენ რა ბიჭი გვყავსო. კახამ, როგორც ჩანს, უკვე იცოდა, რატომაც დაუძახეს, თვითონვე აიღო იქვე მიყუდებული რუკის საჩვენებელი წვრილი ჯოხი და ღრმად ჩამჯდარი, მთლად ბაბუის ალი-კვალი ლურჯი თვალები მზადმყოფის მოლოდინით მოგვაპყრო. შემდეგ ბაბუა ეკითხება: – აბა, ახლა შენ მითხარი, რომელია ინდოეთის დედაქალაქი და თან მაჩვენეო. კახამ – დელიო, არც აცალა კითხვის დასრულება და ჯოხის წვერიც დელის დაადო. ასე და ამნაირად «მოვიარეთ» მთელი მსოფლიო და კახას არც ერთხელ, არც ერთი დედაქალაქის სახელი და მდებარეობა არ შეშლია.
მართლაც გაგვაოცა ყველა იქ მყოფი 4 წლის კახა დამენიამ. ბაბუამისი, ანუ ბიძაჩემი – ბაჯუ არაჩემია ამაყი და ბედნიერი გვიყურებდა. მას მერე დიდი ხანი გავიდა.
ამას წინათ კახას ვეკითხები: – რა დაგრჩა იმ საოცარი ცოდნიდან თუ უნარ-ჩვევიდან-მეთქი და – ლევან ბიძია, თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის არაფერი; არც კი მახსოვს, ის ყველაფერი როდის წაიშალაო; მაგრამ ეს სხვა თემაა და ამჯერად მასზე აღარ შევჩერდები.
ეს ამბავი თითქმის მივიწყებული მქონდა, მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ზოგჯერ ფიქრი ფიქრს მოებმება ყამარის თეფშებივით და ძველ შთაბეჭდილებებსაც გაგიცოცხლებს.
განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ქართველი ბიჭუნები და გოგონები სხვაც ბევრი გვინახავს და, იმედია, კიდევ ბევრს დაბადებს გამჩენი მსგავს პატარა ქართველს (სხვა ერის შვილსაც); რაც მეტი გონებაგახსნილი და საღად მოაზროვნე თანამემამულეები გვეყოლებიან, ერიც მით უფრო დღეგრძელი და ბედნიერი იქნება.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პატარა კახა დამენიას «გეოგრაფიული წარმატებები» გარკვეულწილად ბაბუის მიერ იყო «ინსპირირებული» და როგორ მენიშნა ამ დღეებში გახმაურებული კიდევ ერთი უნიჭიერესი ბიჭუნას – ვატო ქობალიას (ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი) გამორჩეული ნიჭიერების ამბავი – თურმე, ვატოც ბაბუასთან იზრდება და გული მიგრძნობს, რომ მთელ ამ ამბავში შეიძლება მთავარი «დამნაშავე» სწორედაც მისი ბაბუა იყოს.
ვატო ქობალია ამ დღეებში ფართო ტელეაუდიტორიას გააცნო საქართველოს პრეზიდენტმა და დარწმუნებული ვარ, ვატოს ცხოვრებაში ეს დღე სამუდამოდ აღიბეჭდება როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა, თუმცა, შესაძლოა, ვატოს არც უფიქრია იმის შესახებ, რომ იმ დღეს ანაკლიაში, მისი ფენომენით აღტაცებული პრეზიდენტი ისე დაიბნა, რომ ვატოს გაოცებაც კი გამოიწვია.
საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის განვმარტავ, რომ 4 წლის ვატო ქობალია, მისი წინამორბედი კახა დამენიას მსგავსად, დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით – მან იცის მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს დედაქალაქის სახელი. მისი აღმატებულება – საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოტული ბანაკის დამსვენებელთა დახმარებით ცდილობდა ისეთი სახელმწიფოების დასახელებას, რომელთა დედაქალაქი, შესაძლოა, მანამდე ბევრს არც კი გაეგონა. მეტიც, როცა ბანაკელებს ეგონათ, რომ ავსტრალიის დედაქალაქია სიდნეი, ვატომ სავსებით მართებულად კანბერა დაასახელა. პრეზიდენტის კითხვაზე, რომელია უკრაინის დედაქალაქიო, ვატომ წამსვე – კიევიო – უპასუხა.
გახარებული პრეზიდენტი ისე გაერთო, რომ შემდეგი ქვეყნის სახით დაასახელა – მინსკი, რამაც ვატოს ისეთი გაკვირვება გამოიწვია, რომ ეს – ლამის ორმეტრიანი კაცი კინაღამ ოთხად მოიკეცა და უხერხულობისგან მისთვის დამახასიათებელი კოლორიტული სიცილი აუტყდა. ცხადია, ვატოს პასუხად უნდა ეთქვა – მინსკი, თუკი პრეზიდენტი ბელარუსის დედაქალაქს იკითხავდა და, შემკითხველმა თვითონვე რომ აურია ერთმანეთში ქვეყანა და მისი დედაქალაქი, ვატოც მოულოდნელობისგან ამიტომაც გაოგნდა, აბა, რა მოუვიდოდა?!
ამ ეპიზოდში კიდევ ის იყო საინტერესო, რომ მთელი ეს მონაკვეთი «პატრიოტებთან» პრეზიდენტის შეხვედრისას მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ვატო ქობალია გააცილა, ბატონი მიხეილი მაშინვე ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ალაპარაკდა.
ამ საკითხს მე ქვემოთ კვლავ დავუბრუნდები, მანამდე კი მინდა კიდევ ერთი, თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული კურიოზული ამბავი გაგახსენოთ.
რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა ერთი დაჭრილი მეომარი მოინახულა, გაამხნევა და დააიმედა, რომ ჩვენ რუსების მიერ დაწყებულ პროვოკაციას არ ავყვებოდით და მათაც (რუსებს) ურჩია, გონს მოსულიყვნენ. შემდეგ კი დაჭრილი მეომრის შვილებით დაინტერესდა (ეტყობა, ნაიარევი მამა მობილური ტელეფონით გადაღებული შვილების სურათებით იქარვებდა ტკივილს, რაც პრეზიდენტს შეუმჩნეველი არ დარჩა), აიღო ხელში ტელეფონი, დააცქერდა სურათებს და თქვა:
– «ბავშვები… რა საყვარლები არიან… რამდენი წლის არიან?»
– «6 წლისა ერთია და 4 წლისა – მეორე», – მიუგო დაჭრილმა მეომარმა.
– «ტყუპები არიან?» – სრული სერიოზულობით იკითხა მისმა აღმატებულებამ. ამაზე ჯარისკაცმა რა უპასუხა, ან როგორ შეიკავა თავი ხარხარისგან, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ისე ადვილი წარმოსადგენია, რასაც გაიფიქრებდა.
დიახ! ეს ის პრეზიდენტი გახლავთ, რომელიც სამი წლის შემდეგ პატარა ვატო ქობალიას ჰკითხავს – რომელია მინსკის დედაქალაქი?
გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს და სხვა წამოცდენები მისივე უყურადღებობისა და უნებლიე, გაუაზრებელი ქცევების (ამ შემთხვევაში – ვერბალური ქცევის) შედეგია, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, არც მთლად ასე მარტივადაა საქმე. ეჭვიც არავის შეგვეპაროს, რომ სიტყვა «ტყუპების» მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად კარგად იცის.
თბილისში ერთ დროს ანეკდოტური ამბავი გავრცელდა, ერთი ტელეკომენტატორის მიერ დასმულ ანალოგიურ კითხვასთან დაკავშირებით: თურმე იმ ცნობილ ტელეწამყვანს გზად ორი გოგონა შეხვედრია, დაქალები. მისალმების მერე ამას სახელი უკითხავს. «მაკა!» – უპასუხა, თურმე, ერთმა. – «შენა, შენ რა გქვიაო?», – ახლა მეორეს მიუბრუნდა, თურმე. – «მეც მაკაო», – უპასუხია მეორეს. «- ვაა! დები ხართო?», – გაიკვირვა თურმე კომენტატორმა.
კი, შეიძლება, კაცს ანალოგიური სიბრიყვე «წაცდეს», მაგრამ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს. სხვა საქმეა, ეს მიზეზი ცნობილია თუ არა ჩვენთვის.
დაჭრილ მეომართან მოსაუბრე პრეზიდენტმა, სანამ კითხვას დასვამდა, ეტყობა, მანამდე გაიფიქრა, ტყუპები ხომ არ არიან ნეტაო? (თუმცა, 2 წლის სხვაობა კი უნდა შეემჩნია!), ხოლო ამის შემდეგ ასაკთან დაკავშირებული პასუხი რომ მიიღო, მომდევნო კითხვა ისე დასვა, რომ არც კი გაიაზრა, ბავშვების მამამ წინა კითხვაზე რა უპასუხა. ეს კი ელემენტარული უყურადღებობაა, რაც გაუგებარი სულაც არ არის და მოულოდნელი კაცისგან, ვინაც შესულია კონკრეტულ როლში და ამით გატაცებული, რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია.
რაც შეეხება «ბელარუსი-მინსკის» არევის საკითხს, აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე და შევეცდები ჩემი დაკვირვება და შესაბამისი დასკვნები გაგიზიაროთ. მანამდე კი გავეცნოთ რამდენსამე ტიპობრივ მაგალითს პრეზიდენტის გამონათქვამებიდან, რომელთაც ის აერთიანებთ, რომ ყველა შემთხვევაში სიტყვათა ბუნებრივი რიგი არის შებრუნებული. მაგალითად:
(1) – «იხსნება აეროპორტი საერთაშორისო კლასის» (ჯობდა – «იხსნება საერთაშორისო კლასის აეროპორტი»).
(2) – «განბაჟება ტვირთების ხდება 5-დან 7 წუთში» (ჯობდა – «ტვირთების განბაჟება ხდება…»).
(3) – «(საქართველო) უბრალოდ, ქართველებისგან კი არ შედგება ეთნიკური» (სიტყვა «ეთნიკური» ჯობდა «ქართველების» წინ – «ეთნიკური ქართველებისგან კი არ შედგება»…).
(4) «ჩემი სამშობლო არის იქ, სადაც დღეს ჩვენ, ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი ბოლო, შემორჩენილი, გადმონაშთი არმია არ გვიშვებს». ეს წინადადება მრავალი თვალსაზრისითაა გაუმართავი და ასევე მრავალ კითხვას აჩენს; მთავარი კი მათ შორის არის ის, რომ შესიტყვება – «ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით» მის წინა სიტყვას («ჩვენ») ეკუთვნის, თუ – მომდევნოს («ერთ-ერთი ბოლო, შემორჩენილი, გადმონაშთი არმია»), ძნელი გასარკვევია, იმიტომ, რომ მთელი წინადადება არის აზრობრივად აბურდული. ამიტომ, ასეთ დროს, სასურველია, ჩავიხედოთ პრესცენტრისეულ ვერსიაში. იქ კი წერია: «ჩემი სამშობლო არის იქ, სადაც დღესდღეობით (მან თქვა «დღეს». – ლ.ღ.) მსოფლიოს ერთ-ერთი, შემორჩენილი და გადმონაშთი არმია ეთნიკური ნიშნით არ გვიშვებს».
ნათქვამია, მუნჯის ენა დედამ იცისო, პრეზიდენტის პრესცენტრმა ყოველთვის იცის, რისი თქმა სურდა «უფროსს», მაგრამ ზეპირად გამოსვლის დროს, სამწუხაროდ, ვერაფერს შველის.
მაშ, ასე: იკვეთება ერთი ვერბალური ტენდენცია – პრეზიდენტი ქართულად საუბრის დროს საკმაოდ ხშირად ცვლის წინადადებათა ბუნებრივ წყობას.
ვნახოთ კიდევ ერთი მაგალითი: «რეალურად იმყოფება ჩრდილქვეშ სხვა ადამიანის» (რუსეთის პრეზიდენტზე ამბობს). ბუნებრივი წყობა იქნებოდა: «რეალურად იმყოფება სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ». ეს ტენდენცია პრეზიდენტის მეტყველებას წითელ ზოლად გასდევს.
ის, რაც არაბუნებრივად მიგვაჩნია ქართული ენის სინტაქსისთვის, სავსებით ჩვეულებრივი წყობაა სხვა (რუსული, ინგლისური, ფრანგული…) ენებისთვის. მაგალითად, ქართულისთვის ბუნებრივი «საერთაშორისო კლასის აეროპორტი» – პრეზიდენტის მეტყველებაში შებრუნებულია – «აეროპორტი საერთაშორისო კლასის» (შდრ. რუსული: «აეროპორტ მეჟდუნაროდნოგო კლასსა»).
ან: «განბაჟება ტვირთების» («რასტამოჟკა გრუზოვ»); – «(მინდა განვახორციელო) მორიგი აქტი ასეთი პირდაპირი სახალხო დემოკრატიის» (შდრ. «ოჩერედნოი აკტ ტაკოი პრიამოი ნაროდნოი დემოკრატიი»). პრესრელიზში კი კონკრეტულად ეს წინადადება ასეა ჩაწერილი: «ამიტომ მინდა დღეს პირდაპირი სახალხო დემოკრატიის მორიგი აქტი განვახორციელო».
და აი, მივადექით უმთავრესს. საქართველოს პრეზიდენტის ზეპირ გამოსვლებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მოსაზრება: პრეზიდენტის გამოსვლები მის მშობლიურ – ქართულ ენაზე უხვადაა გაჯერებული სხვა ენებისთვის დამახასიათებელი სინტაქსური თავისებურებებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეს პოლიგლოტი კაცი, რომელმაც იცის რამდენიმე უცხოური ენა (როგორ იცის ეს ენები, ამის მსაჯულად ახლა ვერ დავდგები მრავალი მიზეზის გამო), ამ ენებს ეუფლებოდა ისეთ ასაკში, როდესაც მშობლიური ენის ჯეროვნად ათვისება, მისი ძირითადი თავისებურებების შესისხლხორცება არ ჰქონდა დასრულებული, რამაც შექმნა ერთგვარი კოლიზია (დაპირისპირება) განსხვავებულ ენობრივ მოდელებს შორის და ამის შედეგად მივიღეთ ქართული ენის ბუნებრივი სინტაქსისთვის შეუფერებელი, სხვა ენათა გავლენით ან მათ მოდელზე მოჭრილი სიტყვათშეხამებები, რომელთა არაბუნებრიობას, ცხადია, ადვილად ხვდება პრეზიდენტის პრესცენტრი და ცდილობს ტექსტები მაქსიმალურად გააშალაშინოს.
კარგი იქნებოდა, თუკი პრეზიდენტს, პრესრელიზისეულ ვერსიასთან ერთად, მიაწოდებდნენ მისი გამოსვლის ზუსტ სტენოგრამასაც, რათა თვალსაჩინოდ დაენახა ის ენობრივი უხერხულობანი, რაც უხვად გასდევს მის ზეპირ გამოსვლებს.
თვალსაჩინოებისთვის აქვე ერთმანეთის პარალელურად შემოგთავაზებთ პრეზიდენტის ზეპირი გამოსვლის სტენოგრამასა და იმავე ტექსტის პრესცენტრისეულ ვერსიას, ერთი პირობითი დათქმით: პრეზ. – იქნება პრეზიდენტის ზეპირი გამოსვლის ტექსტი, ხოლო პრეს. – იმავე გამოსვლის პრესცენტრისეული ვერსია. მართალია, ამ ორ შემოკლებას შორის განსხვავება ერთადერთ ასოშია (ზ:ს), მაგრამ ის სხვაობა, რაც ქვემოთ გამოჩნდება, ბევრად უფრო საგრძნობია:
1) პრეზ: – «ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ეს უნიკალური ადგილია, ეს ბანაკი, და უნიკალურია იმითაც, რომ ეს არ არის პირველი ბანაკი, რომელიც ჩვენ აქ ავაშენეთ».
პრეს.: – «უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს უნიკალური ადგილია, თუმცა პირველი ბანაკი არ არის, რომელიც ჩვენ ავაშენეთ».
2) პრეზ.: – «დიდი გოლფის კურსი (! – ლ. ღ.) შენდება, მათ შორის უცხოელი ტურისტებისთვის, მარა ჩვენც ვისწავლით გოლფის თამაშს».
პრეს.: – შენდება გოლფის დიდი კურსი (! – ლ. ღ.), როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რათა უკეთესად შევძლოთ გოლფის თამაშის სწავლა».
3) პრეზ: – «ამ ორი დღის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა…»
პრეს.: – «ორი დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ ლაპარაკობდა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენზე»…
აქ პატარა კომენტარი უნდა დავურთო. «მოვკარი თვალი» იქნება, თუ – «თვალი მოვკარი», სულ ერთია, ორივე ვარიანტი ლაპარაკს ეხება. აქამდე კი გვეგონა, ასე იტყოდნენ: «ლაპარაკს ყური მოვკარიო» და არა – თვალი! მაგრამ ეგ არაფერი. პრეზ-მა რომ თქვა, «ჩვენზე 10-ჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტიო», პრეს-მა სულ თმები იგლიჯა, მაგრამ რა ექნა, გარდა იმისა, რაც ქნა – დაწერა: «ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი».
ჩემ მიერ საგანგებოდ შემოკლებული სიტყვების მეორე ნაწილებია – «იდენტი» და «ცენტრი». «ცენტრს» უნდა შევახსენო, რომ მის მიერ ჩაწერილი «ბევრად დიდი» არ არის პრეზ-ის მიერ ნათქვამის («10-ჯერ დიდი») «იდენტ»-ური. ეს – ისე, სალაღობოდ! სერიოზულად კი შეგახსენებთ, რომ «ჩვენზე ბევრად დიდი» ან «10-ჯერ დიდი» სულაც არ მიგვანიშნებს იმას, თუ რა იგულისხმება ნაცვალსახელში – «ჩვენზე». ანუ, საქართველოზე თუნდაც 10-ჯერ დიდი რითაა, თქვენო აღმატებულებავ, რუსეთი ან, ძვირფასო პრესცენტრო, «ბევრად დიდი» რითაა რუსეთი ჩვენზე – ფართობით თუ მოსახლეობით? ამჯერად უფრო პრეზიდენტისთვის გავირჯები: ბატონო მიხეილ, რუსეთის მოსახლეობა საქართველოსაზე მეტია – 31-ჯერ, ხოლო ფართობით რუსეთი ჩვენსაზე დიდია 245-ჯერ. დიახ, 245-ჯერ! დანარჩენი თავად განსაჯეთ და ამაზე იმათაც იფიქრონ, ვისაც თქვენს უკიდეგანო განათლებაში ეჭვი არ ეპარებათ.
ამასწინათ მოვისმინე ინტერნეტში, მისი აღმატებულების ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელი, ქ-ნი კლარა ჩანტლაძე ბრძანებდა: «ოპოზიციამ რომ სახრჩობელა აღმართოს და ამიყვანოს, მთელი ოპოზიცია წინ რომ აღმიდგეს, მე მაინც ვიტყვი, რომ მიშა სააკაშვილი იყო საუკეთესო მოსწავლე».
ქალბატონ კლარას ნამდვილად ვერ შევეწინააღმდეგები (სახრჩობელა კი, ფუი, ეშმაკს, საერთოდაც რა სახსენებელია!). შეიძლება, ეს მართლაც ასე იყო, როგორც პატივცემული მასწავლებელი ბრძანებდა, მაგრამ კლასის ზოგად დონესაც ხომ გააჩნია, თორემ «საუკეთესო მოსწავლემ» გეოგრაფიაც უკეთესად უნდა იცოდეს, ატმოსფეროს ტენიანობა რომ გრადუსებით არ იზომება, – ესეც, «მიეცით ნიჭსა გზა ფართო». რუსთაველს რომ არ უთქვამს, – ესეც, «ატმის რტოო, დაღალულო რტოო» ანა კალანდაძისა კი არა – გალაკტიონის ლექსი რომაა – ესეც, მიჯაჭვულ ამირანს ყვავები რომ არ აჭედებდნენ ლურსმანს, – ესეც, 400 წლის წინ ფერეიდანში ვარინკა და აკაკი წერეთლების «სულიკოს» რომ ვერ იმღერებდნენ, – ესეც, ანაკლია რომ არასოდეს არ ყოფილა ძველი კოლხეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და კულტურული ცენტრი, – ესეც, ანაკლია რომ ვერასოდეს ვერ იქნება ბიჭვინთაზე უკეთესი კურორტი – ესეც, მაგრამ ეს უკანასკნელი სკოლის მოსწავლეს რაში ეკითხება.
ვაგრძელებ პარალელურ ციტირებებს:
4) პრეზ.: – «მაგრამ ყველა შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, ყველა შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, რომ შევაჩეროთ შენება, ყველა შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, რომ გავაჩეროთ ჩვენი ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის».
პრეს.: – «მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, შევაჩეროთ შენება და შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისათვის».
ნეტა, რას იტყოდა ქ-ნი კლარა, ეს ტექსტები და მათი პრესცენტრისეული ვერსიები რომ შეედარებინა? არადა, მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, მისმა აღმატებულებამ კიდევ რამდენი ისწავლა (ისწავლა კი?).
5) პრეზ.: – «მერე დავურეკე ლადოს (ვარძელაშვილს გულისხმობს. – ლ.ღ.), მოვითათბირეთ და ავაშენეთ გოროზიასთან ერთად (ეტყობა, გოროზიაც «ააშენეს», თქვენ აგაშენათ ღმერთმა! – ლ.ღ.), ლადოსთან ერთად, ავაშენეთ ძაან მაგარი ახალი ბანაკი, რომელსაც ხედავთ».
პრეს.: – «მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვითათბირეთ და ერთად ავაშენეთ სწორედ ეს – ძალიან ლამაზი ახალი ბანაკი».
საინტერესოა, პრესცენტრს რომ ვკითხო, ლადოს და გოროზიას სახელი და სახსენებელი რატომ გააქრო ტექსტიდან, ნეტა, რას მიპასუხებს? ესეც გრამატიკული შეცდომა ხომ არ ეგონათ? კი, ბატონო, შეიძლება ორივე შეცდომა იყოს, მაგრამ, ცხადია, არა – გრამატიკული.
დაბოლოს, კიდევ ერთი მაგალითი პრესცენტრის თავნებობისა.
პრეზიდენტმა ბელარუსების დახასიათებისას სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო:
1. ის, რომ აქ აწარმოებენ მსოფლიოში საუკეთესო ტრაქტორებს.
2. ის, რომ რძის წველადობის (ნეტა, «წველადობა» კიდევ რისი შეიძლება, რძის გარდა? – ლ.ღ.) საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ევროპაში, და
3. ნე გოვორია უჟ ო ტომ, ჩტო სამიე კრასივიე დევოჩკი! (ანუ: ულამაზეს გოგონებზე რომ არაფერი ვთქვათო). პრესცენტრმა, ეტყობა, ეს პირდაპირ გაიგო («ნე გოვორია» – «რომ არაფერი ვთქვათ») და ეს პასაჟი სულ ამოშალა, არადა, იქვე მჯდომი 15-16 წლის ბიჭი ამის გაგონებაზე სიხარულისგან კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ვატო ქობალიას გაცილების შემდეგ ბატონი პრეზიდენტი სულ ქართულად ლაპარაკობდა (ზემოთ უკვე გითხარით, რომ ვატოს ეპიზოდი რუსულად წარიმართა, გასაგები მიზეზების გამო). მერე კი უცებ გადაერთო რუსულზე: მე ძალიან მიხარიაო, რომ ჩვენო (მენია ოჩენ რადუეტ ჩტო მი…») და უცებ დასძინა: სხვათაშორის, რუსულიც ვიციო («ია ტოჟე უმეიუ რაზგავარივატ პა რუსსკი»).
კი, მარა, თქვენო აღმატებულებავ! ვატოსთან ერთად რუსულად რომ «აპიარებდით» ანაკლიის ბანაკს, «პატრიოტებს» ეს ამბავი ისევე მალე დაავიწყდებოდათ, როგორც თქვენ დაგავიწყდათ «ტყუპი ბავშვების» ასაკი?
იქ ხომ, რუსებისა და ბელარუსების გარდა, პოლონელები, აზერბაიჯანელები და სომხებიც იყვნენ. არ ჯობდა, ბოლომდე ქართულად გესაუბრათ, მით უმეტეს, რომ ყველას საყურისები ეკეთათ და, როგორც კი თქვენ რუსულზე გადახვედით, მაშინვე მოიხსნეს.
რაო? – რუსული საერთაშორისო ენად მაინც რჩება? იქ მყოფთა ეროვნებები რომ ჩამოთვალეთ და ბოლოს დააყოლეთ – «ჩვენი მოძმე ერების წარმომადგენლებიო», ბავშვობაში ნასწავლი ერთი ლექსი გამახსენდა: «მოძმე ერების მთა-ველზე, ჩემს მშობელ საქართველოში, სულ განთიადი ანათებს, სულ გაზაფხული მგონია, ჩემებრ დიადი სამშობლო ჯერ არსად, არვის ჰქონია». საბჭოთა კავშირს გვაყვარებდნენ ასე პოეტურად და ასე ქართულენოვნად, ახლა რომ ხუთი წლის ასაკიდან ინგლისურში გვატუცვინეთ თავი და გასინგაპურებას რომ გვიპირებთ. არადა, თავად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, უთვალსაჩინოესი ცოცხალი მაგალითი ბრძანდებით იმისა, თუ რატომ არ შეიძლება პატარა ბავშვს ადრეული ასაკიდან დააწყებინო უცხო ენების ათვისება მშობლიურის პარალელურად, მაგრამ ვინაა გამგონი!
მიხეილ სააკაშვილისგან ინტერვიუს რომ იღებდნენ, მოსკოველი ჟურნალისტი ქალბატონები, თინა კანდელაკისა და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის ინტიმურ-მერკანტილურ ასპექტს შეეხნენ, რაზეც პრეზიდენტმა შემოვლითი («დიპლომატიური») პასუხი გასცა და იქვე დასძინა: «მე შემიძლია გიპასუხოთ, როგორც ნამდვილმა მამაკაცმა, თუმცა ეს საკმაოდ უხეშად გაიჟღერებს»-ო (ორიგინალშია – «კაკ მუჟჩინა», სიტყვა «ნამდვილი» რესპონდენტს არ უხსენებია).
– ჩვენ ყურებს დავხუჭავთ, – მიუგო ქსენია სოკოლოვამ (ოიგინალშია: «მი ზატკნიომ უში»). ასე თარგმნა და გამოაქვეყნა ინტერვიუს ეს ადგილი გაზეთმა «პრაიმტაიმმა» (უკაცრავად, PrimeTime-მა).
იქნებ იმიტომაც მიდის ჩვენი ენის საქმე ასე თავდაღმა, იმიტომაც იდევნება ქვეყნის სახელმწიფო ენა მისი კონსტიტუციით გარანტირებული არეალებიდან, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და მასთან მოალერსე მასმედიას «ყურები დახუჭული» აქვს და «თვალებშიც არაფერი ესმის?».
იქნებ ამიტომაცაა, რომ ყამარის ჯამ-ჭურჭელივით ერთმანეთს გამობმული ჩემი ნაფიქრ-ნააზრევნი ადრესატთა გულისყურამდე ვეღარ აღწევს და მათი ფეშენებელური კაბინეტების დახშულ კარებსღა თუ აწყდება მხოლოდ. რა უნდა ქნა კაცმა ასეთ დროს? «რა ნიავს უნდა მისცე ფიქრი შენი, შავად მღელვარი?!»
ხართ ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ?!
ლევან ღვინჯილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here