Home ახალი ამბები საქართველო “2024 წელს დედამიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყება, საქართველომ უნდა განსაზღვროს, ახალ ცხოვრებაში სად...

“2024 წელს დედამიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყება, საქართველომ უნდა განსაზღვროს, ახალ ცხოვრებაში სად იქნება”

945

2023 წელი დასასრულს მიუახლოვდა. საკმაოდ დატვირთული კიდევ ერთი წელიწადი განვლო ჩვენმა ქვეყანამ. თავს დაგვატყდა სტიქიური უბედურებები, იყო პოლიტიკური არეულობის მცდელობები, დაიშალა პარტიები და შეიქმნა ახლები, გვქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელს მოხდა, არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

2023 წელს აფასებენ და მომავალი წლის პერსპექტივებზე  გვესაუბრებიან პოლიტიკური პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჟღენტი, ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია, ეკონომისტი თემურ მაისურაძე და პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):

მიხეილ ჟღენტი

როგორც კოლონიას შეეფერება, ისე ვართ. ვსხედვართ სილაში და ვთამაშობთ სახელწიფოებრიობანას, მაგრამ ეს თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაასრულოს ეს 32- წლიანი მარაზმი

მიხეილ ჟღენტი, პოლიტიკური პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისერთერთი ლიდერი:

  _ უწინარესად, ნება მომეცით, დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ თქვენ და თქვენს კითხველს!

მიიწურა 2023 წელი და ორიოდე სიტყვით შევაჯამოთ, რით დაგვამახსოვრა მან თავი. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს ახალი პოლიტიკური პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაფუძნება და წარმატებები ვუსურვო.

2023 წელს შევაფასებდი, როგორც გარდამტეხს, 2024-2025 წლების მოსამზადებელს. ბევრი მითი და ყალბი ილუზია დაასრულა 2023 წელმა. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით თურმე არც ისეთი ძლიერი ყოფილა, როგორც გვეგონა. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 52 ქვეყანა ებრძვის რუსეთს და უკრაინის არმიის შეტევის ნაცვლად რუსეთის ჯარი გადავიდა იერიშზე. უკრაინის სახელწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ევროპის ეკონიმიკა ეწირება აშშ-ის ინტერესებს. უკვე წლიურ 8%-იან ვარდნას განიცდის გერმანიის ეკონომიკა, რომელიც უმსხვილესია ევროპაში… ფართოვდება ნატო და იზრდება საფრთხეები, ფინეთის მაგალითი რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა გაწირა დასავლეთმა რუსეთთან შესალეწად.

ისრაელზე მოულოდნელმა თავდასხმამ უპრეცედენტო სახმელეთო ოპერაციის მომსწრე გაგვხადა ღაზის სექტორში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

სულ უფრო ნათლად იკვეთება მსოფლიოს მრავალპოლუსიანი მოწყობის კონტურები. მსოფლიო ვეღარ და აღარ იქნება აშშ-ის დიქტატის ქვეშ. დასრულდა ამერიკის ჰეგემონია და, თუ ეს ვერ გააცნობიერა აშშ-ის ელიტამ, ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდეს.

რაც შეეხება რუსეთს,  მთავარი, რასაც დასავლეთი გეგმავდა, ჩაფლავდა. ვერ დაიწყო რუსეთის  შიგნით დესტაბილიზაცია და ვერ მოხერხდა ხელისუფლების შეცვლა. უფრო მეტიც, რუსეთი ისე გააძლიერა დასავლეთმა, რომ სანქციების 11 პაკეტის ფონზე ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. ხმამაღალ სიტყვას ამბობს აღმოსავლეთი და არავისთვის არაფრის  დათმობას არ აპირებს.

მსოფლიო დუღს და ახალი, სრულიად განსხვავებული მოწყობისთვის ემზადება. რაც შეეხება საქართველოს, არაფერი ახალი… ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი ნატო-კატოს, ევროკავშირისა და ნათელი მომავლის შესახებ. მოგვცეს სტატუსი და ახლა დაიწყება ხელისუფლების პრესში გატარება. ისეთ მოთხოვნებს წაუყენებენ, რომლის შეუსრულებლობით დასავლეთი განაწყენდება, ხოლო შესრულებით _ ჩვენი მოსახლეობა. ცუდ დღეში ჩააყენა ხელისუფლება “სტატუსის” ამ ფარატინა ქაღალდმა. დასავლეთი არ აპატიებსოცნებასურჩობას

მომავალ წელს დოლარი, როგორც ერთადერთი ვალუტა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

2023 წელმა ნათლად დაგვანახვა დასავლელი ლიდერების სრული არაკომპეტენტურობა, უსუსურობა და თავიანთი ქვეყნების მიმართ უპასუხისმგებლობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპა ისეთივე კოლონიაა, როგორიც საქართველო, იმ განსხვავებით, რომ უფრო მდიდარია ჯერჯერობით…

უარს ვამბობთ “3+3” ფორმატზე, არ ველაპარაკებით სოხუმსა და ცხინვალს, ვერ ვგზავნით ოფიციალურ დელეგაციას მოსკოვში. ისევ ვლამობთ ნატოში შესვლას. სრული მარაზმი!

ამ წელს კარგიც მოხდა _ აღდგა რეგულარული ფრენები რუსეთთან და გამარტივდა სავიზო რეჟიმი. საქართველოს მოსახლეობამ დაიწყო გამოფხიზლება და რეალურად აფასებს მოვლენებს. დაიშალა “ნაცმოძრაობა”. მოკლედ, როგორც კოლონიას შეეფერება, ისე ვართ. ვსხედვართ სილაში და ვთამაშობთ სახელწიფოებრიობანას, მაგრამ ეს თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაასრულოს ეს 32-წლიანი მარაზმი.

მომავალი წელი გარდამტეხი იქნება მსოფლიოსთვის. 70 ქვეყანაში ტარდება არჩევნები, რომლებშიც 4 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აშშ-ში, რუსეთში, ევროპარლამენტში გამართული არჩევნები კი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. მინდა, პირდაპირ განვაცხადო: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წლის 17 მარტს გაიმართება, ჩვენ სხვა რუსეთთან მოგვიწევს ურთიერთობა. ეს იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა. გაძლიერდება ახალი საერთაშორისო გამოწვევებიც… მინდა, ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას ვუსურვო და ვთხოვო,  როგორც დღემდე ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე განაგრძოს გაისადაც, რადგან გამოწვევები და წნეხი უფრო მოიმატებს.

ასევე, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ კოაბიტაცია, რომელმაც დიდად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება, საბოლოოდ დასრულდება.

კიდევ ერთი და მთავარი გამოწვევა  არის აფხაზ და ოს ძმებთან საერთო ენის გამონახვა და დიალოგის დაწყება. საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენების ნებისმიერი მცდელობა ამაო იქნება, თუ არ გაიხსნება სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა აფხაზეთის გავლით. 2024-ში ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

დასასრულ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იქნება არა უბრალოდ არჩევნები, არამედ არჩევნები ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ვრჩებით იმ 33-წლიან ჭაობში თუ ვირჩევთ განვითარების ახალ გზას. დიდი ბრძოლები გველის ქვეყნის მომავლისა და საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. ამ დიდი ცვლილებების ფონზე გვეძლევა უნიკალური შანსი, 2024-2025 წლებში თავი დავიხსნათ დასავლეთის მონობისგან და გადავრჩეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა!

“2024 წელი გარდამტეხი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებ, რომ გარდატეხა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდება

მამუკა კარტოზია, ანალიტიკოსი:

_ გასულ წელს მხოლოდ ერთი რამ იყო ასაქართველოში პოზიტიური, ჩვენ ომი ავიცილეთ თავიდან. საომარ რიტორიკას არ აჰყვნენ ჩვენი ხელისუფალნი, შეინარჩუნეს ნაიტრალური მდგომარეობა, არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს…

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ვითარებას, არაფერი შეცვლილა, კვლავ პოლარიზაციაა, დაძაბულობა, არეულობა. მოსახლეობისთვის მიუღებელია ქაოსი.

საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც მმართველმა პარტიამ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვა, მათ დაამარცხეს ოპოზიცია. დღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, “ოცნება” “ნაცებს” მოუგებს.

ე.წ. ოპოზიცია აღარ არსებობს, ისინი დაიშალნენ, პოლიტიკურ ასპარეზზე თითქმის გაქრნენ, “ოცნებისთვის” პოლიტიკური ველი მოწმენდილია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს “მესამე ძალა”, მაგრამ ძალას იკრებენ კონსერვატორები, რაც მისასალმებელია. თუ კონსერვატორები გაერთიანდებიან, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის “ქართულ ოცნებას” 2024 წლის არჩევნებზე.

2024 წელი გარდამტეხი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებ, რომ გარდატეხა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი: სიკეთე და სიხარული ჰქონოდოეს ყველას, უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო და ქართველი ხალხი!

ხელისუფლებაც და .. ოპოზიციაც _ ორივე ევროკავშირისკენ მიდის, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ევროკავშირს ცუდი მდგომარეობა აქვს, რომ რუსეთი, რომელიც სანქცირებულია და ომშია ჩართული, გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკა

თემურ მაისურაძე, ეკონომიკის მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი:

_ 2023 წელს ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ჩვენი საზოგადოება ძალიან დააბნია. მსგავსი შემთხვევა და ვითარება არ მახსენდება. მთავრობის რიტორიკის მიხედვით, ხან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რომელიღაც ორგანიზაციაში შევიდივართ, ხან არ შევდივართ, რადგან ეს მნიშვნელოვანი არ არის; ხან არ გვაინტერესებს, ხან გვაინტერესებს… ეკონომიკა იზრდებაო. რატომ იზრდება, რამ განაპირობა? რეალურია ეკონომიკის ზრდა თუ მითია და ა.შ. ხელისუფლება თანმიმდევრული არ არის, საზოგადეობაში დაბნეულობას იწვევს.

ხალხმა არ იცის, 2024 წლის არჩევნებზე ვის მისცეს ხმა. ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც _ ორივე ევროკავშირისკენ მიდის, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ევროკავშირი ცუდ მდგომარეობაშია, რომ რუსეთი, რომელიც სანქცირებულია და ომშია ჩართული, გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკა. ამ ყველაფრის ფონზე რა მოხდება საქართველოში, არავინ იცის, არავის აქვს ზუსტი პასუხი. სრული ქაოსია ადამიანთა ცნობიერებაში. ხალხი დაბნეული და აგრესიულია, ასეთი რამ არ მახსოვს არც ერთი ხელისუფლების პერიოდში.

2018 წლის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური სივრცის დაჭაობება, შუა გაიკრიფა, საზოგადოებამ კარგად დაინახა დარჩენილი პარტიების სახე. ხელისუფლება ერთ დღეს კონსერვატიულია, მეორე დღეს _ ლიბერალური, მერე _ ევროატლანტიკური, მერე _ ისევ ქართული… ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან დაბნეულობას ადამიანი ვერ იტანს და ცდილობს ვითარებაში გარკვევას, ამისთვის ის უამრავ ინფორმაციას იღებს, სწავლობს და თვითონ გამოაქვს დასკვნები, იძულებულია, იფიქროს, სიმართლე თვითონ შეიტყოს.

ქართულ პოლიტიკაში სიცარიელეა, გარდა ხელისუფლებისა და ე.წ. ოპოზიციისა, სხვა ძალა არ ჩანს. აუცილებელია ახალი ძალების ჩამოყალიბება, რაც, ალბათ, მომავალი წლის დასაწყისისთვის გამოიკვეთება. კრიზისი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, კარგია, რადგან კრიზისის დროს ბევრი სასიკეთო ცვლილება ხდება.

2023 წელს გაიხსნა ახალი სივრცეები, ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, თუკი მომავალ წელს ამ ყველაფერს სასიკეთოდ გამოვიყენებთ, ჩვენი ქვეყნის აღმავლობას ხელს ვერაფერი შეუშლის.

საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში სწორ ადგილას მოხვდეს. ეს სწრაფი ტემპით გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. არსებობს მეორე გზაც _ ისეთი, როგორიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გვქონდა, არასწორი ნაბიჯების შემთხვევაში უკან დავიხევთ, ჩავვარდებით კოლაფსში, ვასალები გავხდებით, სუვერენიტეტი არ გვექნება. აი, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ…

მსოფლიოში მიმდინარეობს სერიოზული ცვლილებები. ერთპოლუსიანი მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი. 2024 წელს დედამიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყება, საქართველომ უნდა განსაზღვროს, ახალ ცხოვრებაში სად იქნება. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოხვდეს საჭიროს დროს საჭირო ადგილას.

მინდა, თქვენი გამოცემის საშუალებით საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველა ოჯახს ვუსურვო ხვავი და ბარაქა… 2024 წელი ქართველებისთვის ყოფილიყოს ახალ კარიბჭეში შესვლის დრო, როდესაც ყველაფერი სიკეთისკენ იცვლება! ყველა ქართველს ჰქონდეს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშულება, ყველას ჰქონდეს ენერგია და მოტივაცია, ქვეყნისთვის დაიხარჯოს! ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ქართველს!

ჩემი ქალაქის ერთერთ უბანში 42 წლის შემდეგ დაიგო ასფალტი. მერწმუნეთ, ხალხი ამ გზით უფრო აღფრთოვანდა, ვიდრე ევროპული გზით!”

გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი), პროზაიკოსი:

_ “შენ უშველე, უფალო, ამაოდ ამაოების მიმდევართ, რათა გაეხსნან კარიბჭენი გონისანი და დახშული გული ნათლის მისაღებად!”

მივმართავ ხელისუფლებას: სახელმწიფოს ცნება იცით თქვენ?! ვისი და რის შიშით თმობთ უპირველესს _ სუვერენიტეტს?! სად ხართ და, თუ სადმე ხართ, რად ხართ?! რა ჰქვია ამ ყველაფერს? ძილქუში დაცემია ქვეყანას და მოსასულიერებელი გამხდარა. რას დაგვამსგავსა უფლებების წართმევამ და მანკიერმა საკანონმდებლო ცვლილებებმა? მანტიამოსხმულ “სამართალს” მაინც გააძვრეთ მანტია, იქნებ გაშიშვლდეს სიმართლე და დაგვენახვოს, მაგრამ, არა! პირიქით, გნებავთ, რაც შეიძლება უნაყოფო თესლად აქციოთ, მიკრობიოლოგებმაც რომ ვერ შეამჩნიონ…

ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრიდან” მახსენდება აზდაკის ფრაზა: “სასამართლოს მოსწონხარ, ჟუჟუნა…” მრავალი ჟუჟუნას პატრონია ეს ერთი ციცქნა საქართველო.

ვაჯამებ რა გასულ წელს და განვლილ გზას, ვხვდები, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც საზოგადოებრივ-კლასობრივ ფენას სიმშვიდეს მოჰგვრის.

საით ქრის ქარი?!

მხოლოდ მოქცევაა…

მხოლოდ ღალატია…

მხოლოდ ტყუილები…

მხოლოდ ფარისეველნი…

მხოლოდ მხრწნელები…

მხოლოდ ბუტაფორიები…

კიკინეთი გვაქვს და არა სახელმწიფო!

ვასამარებთ ყველაფერ ღირსეულს, ვაცამტვერებთ ჯანსაღს; ბოლო 30 წელია, ვერ ვისწავლეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ვერ ვისწავლეთ ერთად ყოფნა. ვერ ვისწავლეთ მეგობრობა, ვერ ვისწავლეთ, რას ნიშნავს “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია!” _ ეს ფრაზა ვთარგმნეთ, როგორც “ჩემი ფუჩუ ჩემია”… ვერ ვისწავლეთ, რას ნიშნავს “გვაქვს უთვალავი ფერითა…” რომელიც ვთარგმნეთ ასე _ “ლგბტ პრაიდი ჩემი უფლებაა!” დავხვეწეთ სხვებზე უფრო ბრძენობის თეორია! თითქმის ყველა ასინეთობს. დავემონეთ სოცსივრცეს, პანღური ვუთავაზეთ განათლებას, ბავშვთა ე.წ. უფლებებით ვზრდით პავლიკ მოროზოვებს, ბაღებში აიკრძალა ლექსების სწავლება, რადგან ძალადობის ნიშნებს შეიცავს თურმე და ბავშვისთვის ძალდატანებით ლექსის სწავლება დანაშაულია. ყურადიღეთ: მხოლოდ ლექსის სწავლებაა ძალდატანება და არა ცეკვა და სიმღერა? ცეკვასა და სიმღერას  თურმე ბავშვი საკუთარი ნებით სწავლობს, ლექსს კი… განგიმარტავთ: ლექსი და ზეპირსიტყვიერება _ ეს ის ფენომენია, რომელიც მოითხოვს გონებრივ დატვირთვას, რომელიც ხელს უწყობს გონებრივ განვითარებასა და სხარტ აზროვნებას… იგივე ხდება სკოლებში.

სახელმწიფო მალე დადგება დილემის წინაშე და შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელი ახალი საზოგადოებაც ვერ უშველის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2023 წლის მთავარ მიღწევად ითვლება ე.წ. “ევროპული სტატუსი”, რომელზეც ფაქსიმილიას დებს მოქმედი ხელისუფლება. არ აყოვნებს ოპოზიციაც და იმავე “ქაღალდზე” ფიქტიურ ხელმოწერას აფორმებს. ერთმანეთთან ჭიდილში კი ხალხის ნება-სურვილი უგულებელყოფილია. ქვეყანაში გააუქმეს რეფერენდუმი, რომლითაც საბოლოოდ დაასამარეს ხალხის აზრი. შესაბამისად, ევროსტატუსი არალეგიტიმურია და ხალხს არ ეკუთვნის.

ამ ე.წ. სტატუსის სიკეთეებს აუცილებლად იგემებს ყველა პროფესიისა და  კლასის ადამიანი. სამწუხაროდ, საზოგადოების კლასებად დაყოფა აქტიურ ფაზაში შედის…

ჩემი ქალაქის ერთ-ერთ უბანში 42 წლის შემდეგ დაიგო ასფალტი. მერწმუნეთ, ხალხი ამ გზით უფრო აღფრთოვანდა, ვიდრე ევროპული გზით. თვალებს ჯერ კიდევ ვერ უჯერებენ… ხედავთ, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს, რომ ხელისუფალთ დითირამბები უმღერონ?!

2023 წელს ისრაელმა ომი დაიწყო… აჟიტირებული და ბრმა საზოგადოება მინდობილ არს სატელემარათონო სარბიელს და, პირში წყალჩაგუბებული, კმაყოფილებას ვერ მალავს. მთავარია, ჩვენთან ომი არ არის…

“პირნათელობით” გამორჩეულმა ხელისუფლებებმა შექმნეს “დატრენინგებული”, ანუ  გაწრთვნილი საზოგადოება. 30 წლის განმავლობაში (უკვე მეტი) წრთვნამ მათთვის სასურველი საზოგადოება ჩამოაყალიბა, მთავარი მიღწევა კი პოლარიზებაა და დაყოფა ქოცებად, ნაცებად და შუაგაკრეფილ-შეკრებილებად. ასევე მივიღეთ მომსახურე საზოგადოება.

ამ ფორმულით სახელმწიფოს მართვა საბოლოოდ დააკნინებს და დააბეჩავებს ერს.

კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების მიმართ საზოგადოება ინერტულია და მასობრივ მიგრაციას დასასრული არ უჩანს.

“სტატუსის” მიღების  შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა მართლმადიდებლობისადმი გამოცხადებული მსოფლიო მასშტაბის ომი. კიდევ უფრო მომძლავდა სოცქსელებში სხვადასხვა კონფესიის მიმდევართა სწავლებები, მათ შორის, თორას სწავლება.

ამ მხრივ პირველი დარტყმა განხორციელდა და ეს არის 25 დეკემბრისა და 7 იანვრის თემა. სამწუხაროა, რომ ამ დარტყმის ძალა იმაზე მეტად დამაზიანებელია, ვიდრე ავადსახსნებელი 2003-2012 წლები.

ადამიანი რეაგირებს და მყისიერად გადადის ქმედებაზე, როცა ფიზიკური ანგარიშსწორება თვალსაჩინოა, ხოლო იმას, რაც უხილავია და აზიანებს ადამიანს, ნაკლები ყურადღება ექცევა. ეს იწვევს ჯერ ერთი კაცის დეგრადაციას, შემდეგ _ ათასის და ბოლოს _ ერის.

უკრაინამ ამ მხრივ პირნათლად შეასრულა ვალდებულება და სტატუსის მიღების შემდეგ მასობრივად დაიწყო ეკლესია-მონასტრების რბევა. წელს პირველად იზეიმეს შობა 25 დეკემბერს. ჩვენთან ეს კაკალი უკვე დაგორავს…

ერთადერთი, სადაც მიღწევები გვაქვს, სპორტია და მივესალმები.

რაც შეეხება იმ სექტორს, რომელშიც გონება გვჭირდება, ფიასკოს განვიცდით.

მედეას სამშობლოში ჩვენი ჯანმრთელობა უცხოს მივანდეთ და ცელი გვიპყრია ხელთ.

მთავარი, ყველაზე მეტად რაც გვაზიანებს, მიწიერი სისუსტეა – შიში. შიშმა გვძლია, რომელსაც ხელეწიფება არა მხოლოდ ადამიანის, არამედ სახელმწიფოს ნგრევა-გაცამტვერებაც. ამ ყველაფერს იწვევს გზის დაკარგვა; გზის, რომელიც გულზე გადის ღმერთამდე!

გამოსავალი კი გზის აღდგენაა…  

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here