2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76,155 მლრდ ლარი შეადგინა, ქვეყნის ბიუჯეტზე  გაცილებით მეტი

    რამდენი ადამიანი უნდა მივიდეს სუიციდამდე და რამდენი უნდა დარჩეს უსახლკაროდ, სათამაშო სფეროში ქმედითი ნაბიჯები რომ გადაიდგას?

    მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აზარტული თამაშების წინააღმდეგ  შეზღუდვები და აკრძალვები დააწესა, პრობლემა ვერა და ვერ გვარდება. აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამები აკრძალულია, მაგრამ ინტერნეტსივრცეში  ყველაზე მეტი სწორედ ამ სფეროს რეკლამაა განთავსებული. ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახეები და სახელები, მსახიობები, შოუმენები აზარტულ თამაშებს რეკლამას უწევენ და  იქვე ამბობენ, მხოლოდ გასართობად ითამაშეთო.  არადა, თვითონ თამაშობენ და თითქოს ერთ საათში ათიათასობით ლარს იგებენ. ჰოდა, უყურებენ ამ ყველაფერს არასრულწლოვანები თუ სრულწლოვანები და ჰგონიათ, რომ მართლა ასეა –  მათი კერპები ( ეს ადამიანები ვიღაცებისთვის მისაბაძნი არიან) ტყუილს არ ეტყვიან და მარტივად გამდიდრდებიან…

    ოფიციალურად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული დაახლოებით 350 ათასი ადამიანია, რეალურად კი ეს რაოდენობა გაცილებით მეტია. მოდი, ციფრებს ჩავხედოთ: 2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76,155 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 63,994 მლრდ იყო, 2022 წელს – 52,647 მლრდ, 2021 წელს – 47,938 მლრდ, ხოლო 2020 წელს – 32,091 მლრდ.   ჩანს, რომ ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ ამ ბიზნესის კონტროლი, არამედ ამ სფეროს გადასახადებიც, მაგრამ  ბოლო ხუთ წელიწადში ბრუნვამ ორჯერ და მეტჯერ მოიმატა. ჯერ ის ვთქვათ, სად არის პრობლემა და მერე –  სად არის გამოსავალი.

    აზარტულ თამაშებზე რეგისტრაცია და თამაში ოფიციალურად  აკრძალული აქვთ  საჯარო მოხელეებსა და 25 წლამდე ადამიანებს. ამას გარდა, შემოსავლების სამსახური,  კონკრეტულ პირს   ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე  „აშავებს“ და მას თამაშის შესაძლებლობა აღარ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზეა და ახლავე აგიხსნით, რატომ.

    საქართველოში ოფიციალურად 4 მლნ-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს (გაბერილი რიცხვი გვგონია, მაგრამ იყოს 4 მლნ). მათგან არასრულწლოვანთა და პენსიონერთა რაოდენობა 2 მლნ-ს აჭარბებს, ამას დაუმატეთ საჯარო მოხელეები, შავ სიაში მყოფი ადამიანები და გამოდის, რომ გვრჩება მილიონი. ამ მილიონიდან ყველაზე ცუდ შემთხვევაში თამაშობს 700 ათასი ადამიანი და რა გამოდის –  წლიურად 76 მილიარდს ეს 700 ათასი ადამიანი აბრუნებს, ანუ თითოეული დაახლოებით 100 ათას ლარზე მეტს ხარჯავს? ეს, ხომ ხვდებით, რომ აბსურდია და გამორიცხულია. ძაღლის თავიც სწორედ აქ მარხია. როგორც არასრულწლოვანებს, ისე 25 წლამდე პირებსა და საჯარო მოხელეებს იოლად  შეუძლიათ დარეგისტრირება სხვისი პირადობის მოწმობით;  სთხოვენ მეგობარს, შენს გვერდზე მათამაშეო და ასე მიდის ვიღაცების ჯიბეში კოლოსალური თანხები, იმაზე მეტი,  ვიდრე საქართველოს ბიუჯეტია.  რა პარადოქსულიც  უნდა იყოს, ამ ბრუნვის წილი საქართველოს ეკონომიკაში… 32%-ია.  ეს ძალიან, ძალიან დიდი რიცხვია. იყო მოსაზრება, რომ საქართველოში აზარტული თამაშები სრულიად აეკრძალათ, მაგრამ გამოსავალი არც ეს არის, რადგან მოეწყობა იატაკქვეშა კაზინოები, დაიწყება „ხელზე გამაზვები“, რომლებიც კრიმინალურ შემთხვევებს გაზრდის. ვიღაც იტყვის, რომ სამართალდამცველები უფრო უნდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებითო, მაგრამ არც ეს გამოვა, რადგან შს სამინისტროს, უბრალოდ, რესურსი არ ეყოფა და ესეც არ იყოს… არაერთმა ადამიანმა, რომელიც ლუდომანიის წინააღმდეგ იბრძვის, სხვადასხვა გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, აკრძალვის შემთხვევაში, იატაკქვეშა კაზინოები წაგვლეკავს და აგერ, წყნეთში რამდენიმე ასეთი კაზინო უკვე მუშაობსო. ჩვენ რომ ვკითხულობთ და ჩვენ რომ ვეცნობით მსგავს განცხადებებს, როგორ დავიჯეროთ, ერთმა პოლიციელმა ან მისი ოჯახის წევრმა მაინც არ წაიკითხა, რომ თურმე წყნეთში იატაკქვეშა კაზინოები ფუნქციობს და რატომ არ დაინტერესდნენ? ის კაცი ამ ყველაფერს ინტერვიუში რომ ამბობს, იქნებ დაგეკითხათ, იქნებ კონკრეტული მისამართი ეთქვა…

    სამწუხაროდ, აზარტული თამაშების სრულად აკრძალვა სხვა პრობლემის წინაშეც დაგვაყენებს. ინტერნეტის ეპოქაში მარტივი იქნება უცხოურ საიტებზე რეგისტრაცია და ფული, რომელიც დღეს საქართველოში ტრიალებს, სხვაგან იტრიალებს. ამას გარდა, წვრილ-წვრილი სათამაშო სახლები დიდად არ აქცევენ ყურადღებას, მათი კლიენტი 25 წლის არის თუ 22 და 23-ის. ისინი სათამაშოდ უშვებენ ყველას, ვინც სრულწლოვანია. აი, დიდი სათამაშო სახლები არ რისკავენ, რეპუტაციას არ იფუჭებენ, მაგრამ კონტროლი ყველგან საჭიროა.

    და მაინც,  სად არის გამოსავალი? უპირველეს ყოვლისა, ყველა (დიდი თუ მცირე) სათამაშო სახლი, სულ  ცოტა, ნახევარი მილიონით უნდა დაჯარიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოდ 25 წლამდე პირს შეუშვებს. ერთი რომ დაჯარიმდება, მერე – მეორე და მესამე, დანარჩენები გაფრთხილდებიან. გამოსავალია ისიც, რომ თამაში პენსიონერებსაც უნდა აეკრძალოთ. ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩვენი პენსიონერები თამაშობდნენ. არა, მათი პირადობით სხვები არიან რეგისტრირებულები და ისინი თამაშობენ, ბებია-ბაბუები ვერ ეუბნებიან უარს შვილიშვილებს და სარეგისტრაციოდ აუცილებელ პროცედურას გადიან, პირადობის მოწმობით ხელში სურათსაც იღებენ და ა.შ.  აი, პენსიონერი კაზინოში რომ არის რეგისტრირებული და მთელი წლის პენსიას ერთ დღეში აგებს, ხომ უნდა მიხვდე, რომ მის უკან რეალურად სხვა დგას. 80 წლის ბებო პოკერის ტურნირზე რომ არ დაგიჯდება,   ხომ  უნდა მიხვდე, რომ მის უკან სხვა დგას?!  მაგრამ სახელმწიფო დუმს,  სათამაშო სახლებს კი არ აინტერესებთ, ბებო აგებს ფულს თუ შვილიშვილი.

    აუცილებლად უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტ სივრცეში და, რაც მთავარია, აიკრძალოს ე.წ. ცნობადი სახეების მიერ რეკლამის გაწევა და იმის მტკიცება თუ ჩვენება, როგორ იგებს, მაგალითად ნიკა ქავთარაძე, ვანიკო თარხნიშვილი თუ ილო ბეროშვილი ასი ათას ლარს და როგორი ბედნიერები არიან. უნდა აიკრძალოს იმის მტკიცება, რომ თურმე 5 ლარად ხელის მარტივი მოძრაობით შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო, მიიღო უფასო ბონუსი და იმ უფასო ბონუსით წამებში მოიგო რამდენიმე ათასი. აი, ეს ყველაფერი რომ აიკრძალება, კონტროლი რომ გამკაცრდება მერე იქნებ ცოტა მაინც  გვეშველოს, თორემ სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების მომატებას შედეგი არ მოაქვს, ისინი ფულს ისევ მოთამაშეებისგან იღებენ და თვითონ არაფერს ზარალობენ. ეს იცის ხელისუფლებამაც და ამ ბიზნესის მფლობელებმაც, მაგრამ არც ერთი მხარე არ ნერვიულობს და არ იმჩნევს, რომ ეს ყველაფერი რიგითი ადამიანების მხრებზე გადადის. ის, რომ სათამაშო ბიზნესი ასე პოპულარულია ჩვენში, სოციალური მდგომარეობის ბრალია. ვიღაცას (ვიღაცებს) სჯერა, რომ ხელის ერთი მოსმით მოაგვარებს ფინანსურ პრობლემას და ჯერ დანაზოგს აგებს, მერე ვალებს იღებს და… რამდენი ადამიანი უნდა მივიდეს სუიციდამდე და რამდენი უნდა დარჩეს უსახლკაროდ, სათამაშო  სფეროში  ქმედითი ნაბიჯები რომ გადაიდგას?   აზერბაიჯანმა 1995 წელს სრულიად აკრძალა აზარტული თამაშები, 30 წელი გავიდა და იქაურები სათამაშოდ აქ დადიან, მაგრამ დადიან ერთეულები, ძირითადი ნაწილი კი ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. ჰოდა…   30 წლის შემდეგ აზერბაიჯანში კაზინოების ქალაქის აშენებაზე დაფიქრდნენ, უზარმაზარ თანხებს შემოიტანსო; ისიც ითქვა, რომ ეს ე.წ. ქალაქი მხოლოდ უცხოელებზე იქნება გათვლილი და იქ თამაშის მსურველს ერთადერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს – არ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანის მოქალაქეობა. ასეთი რამის გაკეთება ჩვენთანაც არის შესაძლებელი და ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის ცენტრში წამოჭიმული კაზინოები ქალაქ გარეთ უნდა გაეტანათ და სპეციალური ადგილი გამოეყოთ? ასე კონტროლიც  მარტივი იქნებოდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა და ამ თემაზე არავინ საუბრობს.

    2025 წლის შედეგები გაისად გვეცოდინება და მოლოდინი ისეთია, რომ ორიოდე წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ცოტა არ იყოს, პარადოქსულია,  ქვეყნის ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესის ბრუნვას რომ ვერ ეწევა, ბიუჯეტი თითქოს ყოველწლიურად იზრდება, თითქოს მატება და წინსვლა გვაქვს, მაგრამ სათამაშო ბიზნესი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ და გზად ყველას და ყველაფერს თელავს, მათ შორის ადამიანების სიცოცხლესაც და ამისთვის პასუხს არავინ არავის სთხოვს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here