Home რუბრიკები ეკონომიკა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება

358
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყა, რაზეც უკვე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6,1%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფირმები ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას ქმნიან, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ნაკლები მუშახელი სჭირდება, ანუ გამოდის, რომ უმუშევრობა იზრდება.

როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ საქართველოში 20,4%-მდე მოიმატა, ხოლო წლიურ ჭრილში _ 3,8 პროცენტული პუნქტით. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დიდია, სავარაუდოა, რომ უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია. უმუშევრობასთან ერთად მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ლარის სახით დაემატა. გასულ წელს ლარი დოლართან რეკორდულად გაუფასურდა.

2020 წლის მარტში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3,58 ლარს შეადგენდა. ასევე ისიც ფაქტია, რომ ლარი მიმდინარე წელსაც გაუფასურებულია და ერთი დოლარი დაახლოებით 3,29-დან 3,32 ლარის ფარგლებში ღირს. გაუფასურებული ლარი ქვეყანაში არსებული ფასების დონის ზრდაზე მოქმედებს. საქართველოში ძირითადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია. როცა ქვეყნის ძირითადი მოხმარების საქონელი იმპორტირებულია, ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება უცხოური ვალუტა, კონკრეტულად კი დოლარი, რათა ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტი. დოლარის შესაძენად კი გვჭირდება ლარი. ხოლო, როცა ლარი უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ დოლარი ძვირდება, რაც, ამასთანავე, ნიშნავს, რომ უცხოური პროდუქტი გვიძვირდება. ეს კი ფასების საერთო დონეზეც აისახება. 2021 წლის იანვარში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად ინფლაციის დაბალი დონისა, რეალურად მოსახლეობას ცხოვრება მაინც გაუძვირდა, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ფასები საკვებ პროდუქტებზე მაინც მნიშვნელოვნადაა მომატებული. მაგალითად, ამ წლის განმავლობაში 27,3%-ით გაძვირდა ზეთი, 10,4%-ით _ თევზეული, 9.1%-ით _ რძე, ყველი და კვერცხი, ხოლო პური და პურპროდუქტები _ 7,5%-ით. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყოველდღიურად არსებობისთვის გვჭირდება. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ინფლაცია 6,2% იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ საქონელზე ფასები ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არის მდგომარეობა, როცა მოსახლეობას შემოსავლები უმცირდება, ხოლო ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იზრდება. ეს კი კეთილდღეობის შემცირებას ნიშნავს. ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას ის სტატისტიკაც ასახავს, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს საქართველოში პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 958 317 პირი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, სამწუხაროდ, იმედის ნაპერწკალი მაინცდამაინც არც აქ იგრძნობა. თუ სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზებს დავეყრდნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა ისევ შემცირდება. მაგალითად, კვლევითი ინსტიტუტი “აისეტი” მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკის 3,5%-იან დაცემას ვარაუდობს. საქართველოს საბიუჯეტო ოფისი კი ელის, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4,6%-ით შემცირდება.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა ვერ აღდგება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება.

ნოდარ სირბილაძე

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here