Home რუბრიკები ეკონომიკა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით ფიფამ რეკორდული 6,1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით ფიფამ რეკორდული 6,1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

1803
ჯანი ინფანტინო

ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ფიფას მოგებამ 5,718 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლევანდელი ჩემპიონატის მაჩვენებელზე 6,7 პროცენტით ნაკლებია. ფიფას ფინანსური მოგება ყოველწლიურად იზრდება: 2008-2010 წლებში, მაგალითად, 4,189 მილიარდი დოლარი იყო, აქედან 3,6 მილიარდი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისგან დარჩა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით ფიფამ რეკორდული 6,1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ამასთან, ძირითადი ხარჯი 14 მილიარდი დოლარი ჩემპიონატის მასპინძელმა ქვეყანამ _ რუსეთმა გაიღო. მოგების ძირითადი ნაწილი (82 პროცენტი) ფიფას ფონდში თამაშების ტრანსლაციის უფლებების გაყიდვით ჩაერიცხება, ასევე, სპონსორებისა და პარტნიორებისთვის მარკეტინგული უფლებების მიყიდვით. დანარჩენ ფულს იღებს ლიცენზიების უფლებების (7 პროცენტი), ბილეთებისა დასტუმართმოყვარეობის პაკეტებისგაყიდვის საშუალებით _ მატჩებზე დასასწრები უძვირესი ბილეთების გასაღებით VSP და VVSP ლოჟებში (8 პროცენტი). დანარჩენი მოგების ოდენობა 3 პროცენტია.

ფიფა, როგორც ფინანსური ორგანიზაცია

ფეხბურთის მოყვარულმა ჩვენმა მკითხველებმა იციან, სად, როდის და რატომ დაარსდა ეს საერთაშორისო ფედერაცია. აქ მხოლოდ ამ ორგანიზაციის ფინანსურ მოღვაწეობაზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაგალითად, შეგახსენებთ, რომ ეს საფეხბურთო ასოციაცია ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული სტრუქტურაა მსოფლიოს სპორტულ სამყაროში. ამ ორგანიზაციის ყოველწლიური ბრუნვა მილიარდობით დოლარია, ხოლო ძირითადი ფუნქცია ფეხბურთში საერთაშორისო შეჯიბრებების მოწყობაა _ პლაჟის, ქალთა, ჭაბუკებისა და კიბერფეხბურთის ჩათვლით. ფიფა, საერთო ჯამში, 16 საერთაშორისო ტურნირს ატარებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მასშტაბურია მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა გუნდებს შორის. ეს უკანასკნელი ფიფას შემოსავლების ძირითადი გენერატორია.

უპოპულარესი სუვენირი - კოკოშნიკი
უპოპულარესი სუვენირი – კოკოშნიკი

The New York Times-ის მონაცემებით, რომლებიც ფიფას დოკუმენტებს ეყრდნობა, მიმდინარე ოთხწლიან საბიუჯეტო ციკლში ორგანიზაციამ 450 მილიონი დოლარით მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა დაგეგმილი. ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე მსხვილი კონტრაქტის გაფორმებით, რომლებსაც ახალ პატრონებთან ერთად ხელი მოაწერეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. დამატებით შემოსავალში ძირითადი შენატანი ჩინეთის კომპანიებმა გაიღეს. 2018 წელს ფიფას გლობალური პარტნიორი გახდა Wanda Group-ი, რომელიც დეველოპმენტსა და ლოგისტიკაზე სპეციალდება და რომელმაც ხელი მოაწერა კონტრაქტს 2030 წლამდე.

ფიფას სპონსორები “ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორის” სტატუსით ასევე გახდნენ შემდეგი კომპანიები: Hisense (ელექტრონიკის წარმოება), Mengni (რძის პროდუქტების წარმოება) და Vivo (სმარტფონების წარმოება).

მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს, სპონსორული კონტრაქტი ფიფასთან არც ერთ ახალ კომპანიას არ გაუფორმებია.

ბიუჯეტის სხვა მნიშვნელოვანი მუხლი, რომლითაც გაიზარდა ფიფას შემოსავალი განვლილ ოთხ წელიწადში, არის სალიცენზიო უფლებების გაყიდვა. აქედან მიღებული შემოსავალი წინა პერიოდთან შედარებით 50 მილიონი დოლარიდან 160 მილიონ დოლარამდე გაიზარდა EA SPORTSთან, პოპულარული კიბერსპორტული თამაშების შემქმნელთან, დადებული კონტრაქტის წყალობით. ამ კონტრაქტის ჩარჩოებში ეს კომპანია და ფიფა 2018 წლის აგვისტოში ჩაატარებენ მსოფლიოს გლობალურ ჩემპიონატს კიბერფეხბურთში.

რამდენს ხარჯავს ფიფა

ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლის ერთ მესამედს ფიფა, ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის ხარჯავს. 2018 წლის ჩემპიონატის ხარჯმა 1,948 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს _ 627 მილიონ დოლარს (32 პროცენტს) ფიფა გადაუხდის რუსეთს გაწეული ხარჯების ნაწილობრივ ასანაზღაურებლად.

გულშემატკივარი

გახარჯვის მეორე მსხვილი მუხლი _ 400 მილიონი დოლარი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საპრიზო თანხაა, რომელიც განაწილდება მათ მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით. მსოფლიოს ჩემპიონი ფიფასგან 38 მილიონს მიიღებს. რუსეთის ნაკრები, რომელმაც მეოთხედფინალამდე მიაღწია, 16 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება.

600 მილიონი დოლარი მოხმარდება დანარჩენი იმ 15 შეჯიბრის ორგანიზებას, რომელსაც ფიფა ოთხწლიან საბიუჯეტო ციკლის განმავლობაში გამართავს.

მნიშვნელოვან ხარჯებს გაიღებს ფიფა ინვესტიციების სახით განათლების პროგრამების განსახორციელებლად და მსოფლიოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ასევე, მიზნობრივი დახმარების სახით ფეხბურთის ეროვნული ფედერაციებისთვის, მსაჯებისა და მწვრთნელების სემინარების მოსაწყობად და ა.შ. 2015-2018 წლებში ფიფამ საერთო ჯამში 5,556 მილიარდი დოლარი დახარჯა, მოგებამ 544 მილიონი შეადგინა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში რეკორდულია.

რამდენი დახარჯა რუსეთმა 2018 წლის ჩემპიონატის მოსაწყობად

რუსეთის დანახარჯი ფიფას მიერ გაღებულ თანხას ბევრად აღემატება. რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იყო 679 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი. 850 მილიონი რუბლი დამატებით გამოიყო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ. ეს თანხა დასჭირდათ ბოლო მომენტში ფიფას დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ, ახალ სტადიონებზე VSP ლოჟების მოსაწყობად და სხვ.

ძირითადი ხარჯი _ 551,93 მილიონი რუბლი (81,4 პროცენტი) დაკავშირებული იყო სტადიონებისა და საწვრთნელი მინდვრების ასაშენებლად და მსოფლიო ჩემპიონატისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. 12 სტადიონიდან, რომლებზეც ჩემპიონატის შეხვედრები უნდა გამართულიყო, შვიდი აშენდა ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებით, ასევე _ 92 საწვრთნელი მინდორი. მათი აშენება და კეთილმოწყობა ბიუჯეტს 150 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

გულშემატკივარი

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროგრამით გათვალისწინებული იყო 352,5 მილიარდი რუბლი, რაც სრულად იქნა ათვისებული.

ხარჯის ნაწილი რეგიონებმა იკისრეს, უმთავრესად ეს შეეხო ფასადების, გზების, საფეხმავლო ზონების, საკანალიზაციო სისტემების შეკეთებას, ახალი ავტობუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენას და ა.შ. ყველაზე მასშტაბური პროგრამები შესრულდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

საერთო ჯამში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთს 884 მილიარდი რუბლი, ანუ 14,2 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ჩემპიონატები _ მხოლოდ ძლიერებისთვის

ფიფას საერთო პოლიტიკა მსოფლიო ჩემპიონატის გეოგრაფიის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც, ბუნებრივია ფინალურ სტადიაში მონაწილეთა რაოდენობას 48 გუნდამდე გაზრდის (ამჟამად 32-ია). ამ შემთხვევაში ტურნირის მოწყობას შეძლებს ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანა ან რამდენიმე ქვეყნის კოლაბორაცია, ისეთი, მაგალითად, როგორებიცაა აშშ, მექსიკა, კანადა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებად სწორედ ეს ქვეყნებია არჩეული.

მუნდიალის სიმბოლო „ზაბივაკა“
მუნდიალის სიმბოლო „ზაბივაკა“

ყატარის გარდა, რომელსაც განზრახული აქვს 200 მილიარდი დოლარის დახარჯვა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ჩემპიონატის მასპინძლობას მხოლოდ ჩინეთი თუ შეძლებს.

მომგებიანია კი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება?

პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე უაღრესად რთულია, რადგან გათვალისწინებული უნდა იქნას არა მხოლოდ დასახარჯი თანხა, არამედ არამატერიალური შემოსავალი, მათ შორის, იმიჯის დივიდენდები, მაგრამ მათი ზუსტი დაანგარიშება პრაქტიკულად შეუძლებელია. ძირითადი ბენეფიციარი იქნება ტურიზმის დარგი.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე სონინი მიიჩნევს, რომ მთავარი მოგება, რომელიც რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად მიიღო, არის ფეხბურთის მოყვარულთა ფართო აუდიტორიის ინტერესის გაღვივება ხანგრძლივ პერსპექტივაში: 10-15 მილიარდი დოლარი, რომელიც ჩემპიონატისთვის დაიხარჯა “მცირე სიდიდეა საერთოდ ეკონომიკისთვის, ფეხბურთის მოყვარულთა უზარმაზარი ჩართულობა კი ხარჯების არაპროპორციულია, გარკვეული აზრით, სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის აშენება-მოწყობაზე”, უფრო მნიშვნელოვანიც კი ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით.

ფეხბურთი წითელ მოედანზე
ფეხბურთი წითელ მოედანზე

მისი აზრით, ამ ჩემპიონატმა წარმოაჩინა სპორტული ღონისძიებების სტანდარტები და გვაჩვენა, რომ ყველაფრის ორგანიზება შეიძლება ისე, რომ ადამიანები მივიდნენ სტადიონებზე ფეხბურთის საყურებლად არა მხოლოდ მოსკოვსა და სანქტპეტერბურგში, არამედ სარანსკშიც, სარატოვშიც და სხვა ქალაქებში”.

ეს კი, თავის მხრივ, შემოსავალს ზრდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here