Home რუბრიკები ისტორია ფუძნარი და არხალი – თიანეთი

ფუძნარი და არხალი – თიანეთი

1844

ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე მეორე დღეა, რაც ბოდავის ხევშია დაბანაკებული და ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძრის დასავლეთ ფასადს უკირკიტებს. სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანებული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”.
მართალია, წარწერა სრულად ვერ იკითხება, მაგრამ აზრი მაინც გასაგებია. გასარკვევი რჩება ეკლესიის აღშენების (აღშენება ხშირად აღდგენა-რეკონსტრუქციასაც გულისხმობდა) თარიღი და ხათუნაყის სოციალური მდგომარეობა.

ტაძრის ხუროთმოძღვრული სტილიდან და წარწერის პალეგრაფიული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენს წინაშეა XIII საუკუნის ნაგებობა. რაც შეეხება ხათუნაყს, მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, იგი შიმონ (სიმონ) ცოველის მოხუცი ასულია. მაგრამ ასეთი განმარტება ბევრს ვერაფერს მატებს ხათუნაყს, რადგან საისტორიო წყაროებით არც ეს სიმონ ცოველია ცნობილი.

როგორც ჟურნალისტ-მაძიებელს მიჩნდება განსხვავებული მოსაზრება, რომელიც დიდ მკრეხელობად არ უნდა ჩამეთვალოს, ალბათ:

თუ დაქარაგმებულ “შნ”-ს გავხსნით არა როგორც “შიმონ-სიმონ”-ს, არამედ როგორც “შუშანა-სუსანა”-ს, წარწერის შესაბამისი მონაკვეთი ასე წაიკითხება: “დედამან დიდმან შუშანა-ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე”…

ასეთ შემთხვევაში ჩვენს თვალწინ ერთი ცნობილი ძველი ქრონიკა იშლება. ეს შუშანა-სუსანა ლაშა-გიორგის ხარჭად შერაცხული მეუღლე – დავით ულუს დედა სუსანა ხომ არაა? ამ მოსაზრებას ამაგრებს გამოთქმაც “დედმან დიდმან”, რომელიც არსად არცერთ ლაპიდარულ წარწერაში არ გვხვდება და არამც და არამც არ უნდა გავაიგივოთ არც დიდედასთან და არც ოდენ მონაზონ ქალთან. “დედამან დიდმან” ქალის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს – იგი არ არის დედოფალი, მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად საქართველოს მეფის ერთადერთი ძის, კანონიერი ტახტის მემკვიდრის მშობელი. თავისებურ ექსორიაში მან, შეიძლება, საეკლესიო ცხოვრება დაიწყო და ერთ დროს მშვენიერ ხათუნას წმიდა ნინოს დედის სახელი სუსანა (შუშანა) შეურჩიეს. სუსანას მამის სახელი “ცოველი”-ც რაღაცით გვაგონებს მის გვარს – მიწობლიძეს, რომელიც იოანე ბატონიშვილის “ისტორიამ” შემოგვინახა (ინფორმაციისთვის: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ხაშურის რაიონში დღემდეა შემორჩენილი ნასოფლარ “მიწობის” ეკლესიის ნაშთები).

მაშ ასე: ფუძნარის ტაძრის წინ ჩვენს წინაშე ცოცხლდება ლაშა-გიორგისა და სუსანას სიყვარულის სევდიანი ისტორია.

* * *

დღეს ჩვენამდე მოაღწია ლაშა-გიორგის ორნაირმა, ურთიერთსაწინააღმდეგო, ფსიქოპორტრეტმა.

ლაშასდროინდელი მემატიანე თამარის ძეს ნათელ ფერებში წარმოაჩენს, ჟამთააღმწერელი და ვახუშტი ბატონიშვილი კი – მეტად მუქ ტონებში. ეს უკანასკნელნი ლაშას თავაშვებულ ცხოვრებაში ამხელენ, თითქოს. ჩნდება ეჭვები, რომ ამგვარ პორტრეტს საფუძველი დაუდო მონოფიზიტი სომეხი მღვდლების, მეტადრე კი, ვართაპედის მიერ გავრცელებულმა ჭორებმა, მაგრამ ჩვენ მოგვეპოვება იოანე ბატონიშვილის დაწერილი საინტერესო “ისტორიაც”, რომელიც დღემდე მოუღწეველ სულ მცირე 7 ისტორიულ წყაროს ეფუძნება (აკად. კორნელი კეკელიძემ ამ თხზულების ანალიზს ცალკე თავი მიუძღვნა თავისი ნარკვევების კრებულში).

იოანე ბატონიშვილი არა თუ მხარს უჭერს ლაშა-გიორგის ისტორიკოსს, არამედ კიდევ უფრო დეტალურად წარმოაჩენს თამარის მემკვიდრის კეთილ, რომანტიკულ და ტრაგიკულ პიროვნებას.

იოანე ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ სომეხი სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია ლაშა-გიორგის მეფობის ხანაში ქართველ მართლმადიდებლებსა და სომეხ მონოფიზიტებს შორის გამართულ პაექრობაში სომხების დამარცხებამ.

იოანე ბატონიშვილი XIX საუკუნის ის ისტორიკოსი იყო, რომელიც წყაროების კრიტიკული განხილვითა და ახალი მასალების მოძიებითაა ცნობილი. იგი საკმაოდ დამაჯერებლად გვიამბობს, რომ ლაშა-გიორგის არავისთვის წაურთმევია ცოლი და არც ხარჭად ნდომებია იგი. ჭერემში გამართულ სახალხო ზეიმზე მას მოწონებია ახაშენში მცხოვრები, კლდეკარის ერისთავთა შორეული ჩამომავლობის, მაგრამ იმჟამად გაღატაკებული ოჯახის ქალიშვილი, უმშვენიერესი სუსანა მიწობლიძე, რომელიც, თურმე, ველისციხელ კაცს ნდომებია ცოლად (ძველმა მატიანეებმა, სავარაუდოდ, ქალის გვიანდელი სახელი სუსანა შემოგვინახა).

ლაშასა და სუსანას ჯვარი მეფის პირადმა მოძღვარმა – გიორგიმ დასწერა. ამ ქორწინებას კანონიერად აღიარებდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფვთიმე. სულ სხვა საქმეა, რომ სამეფო კარმა და, უწინარესად, ლაშას დამ – რუსუდანმა არ მიიღეს უბრალო ოჯახის ქალი დედოფლად და იგი ხარჭად შერაცხეს.

ლაშა-გიორგიმ სუსანა თბილისის სასახლეში ვერ მიიყვანა, გვირგვინი ვერ დაადგა და კახეთის ძველ ცენტრში – თიანეთის მხარეში დააბინავა.

სავარაუდოა, რომ სამეფო სახლისაგან იგნორირებულმა მიწობლიძეთა ქალმა, შვილის ჩამორთმევის შემდეგ, მიაშურა სწორედ ეკლესიას. მას უთუოდ ეცოდინებოდა ამ მხარეში წმიდა ნინოს სამოციქულო მოგზაურობა და ბოდავის ძველი ისტორია, რის გამოც ჯერ ქალიშვილობის სახელი უარყო და წმიდა ნინოს დედის სახელი – სუსანა (იგივე შუშანა) დაინათლა, ხოლო შემდეგ ვითარცა “დედამან დიდმან” ახალი ტაძრის მშენებლობა დააფინანსა. ასეთია ჩვენი გაბედული ვერსია.

მაგრამ თიანეთის რომელ დაბაში დააბინავა იგი ლაშა-გიორგიმ, სად იყო მისი მონაზვნური სასახლე-სენაკი?

ამ ადგილსამყოფელის ძიებამ თიანეთის სიღრმეში შეგვიყვანა, სადაც კახეთის ერთ-ერთი ცენტრი მდებარეობდა, ჟალეთის შემდეგ.

“ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამია, რომ გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის პირველმა მეფემ, კვირიკე დიდმა სამეფოს ცენტრი ივრის ხეობიდან ალაზნის ხეობაში გადაიტანა: “ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა”, მაგრამ ამავე დროს “ჰყო სასახლე თიანეთისა სახელოვანი ბოდოჯი”. ეს ბოდოჯი შემდგომში ბაგრატ IV-ს გადაუწვავს.

ნიკო ბერძენიშვილი 1935 წელს გამოთქვამდა ეჭვს, რომ ეს ბოდოჯი დაბა თიანეთთან ახლოს, სოფელ ბადაანთან მდებარე ცხრაკარას ნანგრევები შეიძლება ყოფილიყო. მაშინ, თურმე, ცხრაკარაზე თავისუფლად იკითხებოდა კარის ეკლესიის, სასახლის, კოშკების, გალავნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. დღეს ეს შეუძლებელია. იმ ხანებში სახელოვან მეცნიერს თურმე კიდევ ერთი ციხე-ქალაქის – არხალის ნახვაც სდომებია, მაგრამ მიაგნო თუ არა, ამის შესახებ ჩანაწერები აღარ არსებობს. ამიტომ, ცხრაკარას შემდეგ სწორედ არხალისაკენ გავემგზავრეთ, რომელიც ივრის აყოლებაზე, დაბა თიანეთიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 7 კილომეტრში, სოფელ დულუზაურებთან მდებარეობს. მაგრამ სანამ დულუზაურებთან მივიდოდით, მანამდე სოფელ გოჯიანებში შევჩერდით, რადგან აქ ერთი მეტად საინტერესო სამონასტრო კომპლექსი გვეგულებოდა. იგი “იხინჭის დედამარიამის” სახელწოდებით არის ცნობილი. ამ კომპლექსის ორი ნაგებობა – ღვთისმშობლის ეკლესია და კოშკი განვითარებული შუასაუკუნეებისაა, უფრო კონკრეტულად კი X საუკუნის ძეგლებს ჰგავს. მესამე ნაგებობა – სამრეკლო – გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით და აქა-იქ შირიმის კვადრებით, შემორჩენილია ფრესკებისა და წარწერების უმნიშვნელო ფრაგმენტები. როგორც ირკვევა, ძველი კოშკიც თავისებური სამლოცველო ან სულაც დაყუდებული ბერის საცხოვრისი იყო.

გოჯიანებიდან დულუზაურებამდე დაახლოებით 3 კილომეტრია და ორივე სოფელი ივრის მარცხენა სანაპიროზეა. სწორედ დულუზაურების თავზე, ტყით შემოსილ კლდეზეა აშენებული არხალის ციხე-დარბაზი. ვინ იცის, “სახელოვანი დარბაზი ბოდოჯისა” სწორედ ეს ციხე იყო და არა ცხრაკარა. მით უმეტეს, რომ სიტყვა “ბოდოჯი” კლდეს გულისხმობს. თიანეთში გადმოყვანილი სუსანა ლაშა-გიორგის, თითქოს, აქ უფრო უნდა დაესახლებინა. საქმე ისაა, რომ ცხრაკარასთან შედარ

ებით არხალი უფრო გამაგრებულ და მოფარებულ ალაგზეა. გარდა ამისა, ის ფშავისაკენ მიმავალ გზაზეა, ჩვენ კი ვიცით, რომ ლაშა-გიორგის თხოვნით, სუსანა ფშავში მიმოდიოდა ერთხანს აჯანყებული მოსახლეობის დასამშვიდებლად.

არხალის კომპლექსი ცხრაკარაზე უკეთ გამოიყურება. ამჟამად სანახევროდ დანგრეული გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია ელიფსის ფორმისაა. მის თავსა და ბოლოში კოშკებია ჩასმული. ცენტრში შემორჩენილია სასახლის ნაშთები, რომელიც ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. აქვეა სხვა ნანგრევებიც. ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ზედ კოშკთან, დგას დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები აქვს. კარიბჭეები ორივე მხრიდან თაღებით ყოფილა გახსნილი, მაგრამ შემდეგ ამოუშენებიათ. უფრო მეტიც – სამხრეთ კარიბჭიდან მთავარ დარბაზში შემავალი თაღიც ამოუქოლავთ და დამოუკიდებელ სამლოცველოდ უქცევიათ. ყურადღებას იქცევს ამ სამლოცველოს აფსიდის ფორმა. ის წრის მეოთხედია მხოლოდ. ეკლესია ნაგებია უხეშად გათლილი კლდის ქვისა და შირიმის კვადრების მონაცვლეობით. ამის მიუხედავად, ოსტატს, ასე თუ ისე, მაინც მოუხერხებია ქვათა წყობის პარალელების დაცვა.

ტაძარი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტითა და გეგმარებით განვითარებული შუასაუკუნეებისაა. ეს ძალიან დიდი ფეოდალის ან სულაც კახეთის მეფის ერთ-ერთი რეზიდენციის კარის ეკლესიაა.

როგორც ვიცით, XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III “დადგა თიანეს და იწყო შემუსვრად კახეთისა”, ხოლო 2 წლის შემდეგ “წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი” დავით ქორეპისკოპოსისაგან. შესაძლოა, მაშინ მიადგა პირველი ზიანი არხალს, მაგრამ მას რომ აუცილებლად აღადგენდა კახთა პირველი მეფე კვირიკე, ესეც უდავოა. კახეთ-ჰერეთის ამ დიდი სამეფოს გაუქმების შემდეგ რომელ ფეოდალს ეკუთვნოდა არხალის კომპლექსი, ძნელი დასადგენია, მაგრამ ლაშა-გიორგის რომ თავისუფლად შეეძლო თავისი ქვეშევრდომის მამულის გამოყენება სუსანას დასაბინავებლად, რეალობასთან ესეც არ მოდის წინააღმდეგობაში.

სუსანას ნაკვალევზე მოგზაურობას მომდევნო თავში განვაგრძობთ.

 

გელა ქოქიაშვილი

ავტორის ფოტოები

1 COMMENT

  1. რსებობს ლეგენდა, რომ ივრის მარჯვენა მხარეს არხლის მოპირდაპირედ მდებარე ვაკე მთის ტერიტორიაზე ჰყოლია შეფარებული სამეფო ოჯახის მიერ უარჰყფილი, თავისი გულისწორი ლაშას.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here