Home რუბრიკები ისტორია იური ჟუკოვი: დროა, გადავარჩინოთ ჩვენი გამარჯვება

იური ჟუკოვი: დროა, გადავარჩინოთ ჩვენი გამარჯვება

1138

რატომ არის, რომ სიმართლე დიდ სამამულო ომზე ხშირად უსუსურია მის შესახებ გამოგონილი ათასგვარი სიცრუის წინაშე? რაც მეტი დრო გადის 1941-1945 წლების მოვლენების შემდეგ, მით მეტი მითი, სიცრუე ჩნდება მათ შესახებ. ცილისწამებამ უკვე ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად დაფიქრდა, თუ როგორ დაუპირისპირდეს ამ მოვლენას. ამით დაიწყო სწორედ «კომსომოლსკაია პრავდას» სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ბარანეცმა საუბარი გაზეთის სტუმართან.

სისხლის სამართლის კოდექსიდან – ცილისმწამებლებამდე
– ბატონო იური, ამას წინათ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა შოიგუმ დასვა საკითხი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმათ მიმართ, ვინც უარყოფს სსრ კავშირის გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. როგორ მიგაჩნიათ ეს თქვენ?

– დიდი ხანია, დადგა დრო, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამ პრობლემაში. ავადმყოფობა ძალიან შორს წავიდა.

– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

– რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შეგნებულად ამახინჯებენ ისტორიის ფაქტებს, უნდა დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით; თუ რისთვის – კარგად უნდა იყოს განსაზღვრული კანონში. რასაკვირველია, ეს უნდა გაკეთდეს ოფიციალურად, სასამართლოს მეშვეობით, წინასწარი სერიოზული ექსპერტიზით.

ვინ ოცნებობს რუსეთში ჰიტლერელთა ძეგლზე?

– ომის შესახებ სიცრუის უკან იდეური მოსაზრებებია თუ კიდევ სხვა მიზეზი?

– აი, მოსკოვის ყოფილი მერის გავრილ პოპოვის თითქმის ცინცხალი წიგნი «41-45 – ერთი ომია თუ სამი» («სტალინის სამი ომი» – ინტერნეტში). პოპოვი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სინამდვილეში იყო არა ერთი ომი, არამედ – სამი! ერთი – ჩვენ წავაგეთ, ის, რომელიც დასაწყისში იყო. აქაოდა, მზად არ ვიყავით, სტალინია დამნაშავეო; მეორე ომი – ეს სამამულოა, როდესაც მთელი ხალხი ფეხზე დადგა; დაბოლოს, მესამე ომი – ეს უკვე 44-45 წლებია. ავტორი მას «სოციალიზმის ექსპანსიას» უწოდებს. ესე იგი, გავრილ პოპოვის თქმით, გამოდის, რომ პოლონეთის, ბალკანეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლება ნაცისტური დამპყრობლებისაგან «სოციალიზმის ექსპანსიაა». მაშინ რატომ არა – კაპიტალიზმის ექსპანსია – მოკავშირეთა გადმოსხმა ნორმანდიაში? და როგორ დასკვნებს აკეთებს გავრილ პოპოვი? – ის გვთავაზობს რუსეთში სამხედროთა ძეგლების დადგმას.

– ვისი?

– ჩვენი ტყვეების, ჯარისკაცებისა და ოფიცრების, რომელთაგან ზოგიერთმა მამაცურად გადაიტანა საკონცენტრაციო ბანაკების ყველა საშინელება, ზოგი გერმანიის სამხედრო დანიშნულების ქარხნებში მუშაობდა, რათა გაეკეთებინა ზარბაზნები, ტანკები, თვითმფრინავები, «ფაუ»… შემდეგ – ჰოლოკოსტის ძეგლი. მაგრამ რა შუაშია აქ ჰოლოკოსტი? რა ურთიერთობა აქვს რუსეთს ჰოლოკოსტთან? შემდეგ – რეპრესირებული ხალხების ძეგლი. მაგრამ გავრილი არ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ყირიმელი თათრები დაეხმარნენ გერმანელებს სევასტოპოლის დაპყრობაში; შექმნეს პოლიციის დაცვის რაზმები, რომლებიც ებრძოდნენ პარტიზანებს. არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი კავკასიის ზოგიერთმა ხალხმა, არა მთლიანად, მაგრამ ნაწილობრივ, ჩაიცვა გერმანული ფორმა და იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.

– კიდევ ვის უკვდავყოფას გვთავაზობს პოპოვი?

– გვთავაზობს, ძეგლები დავუდგათ «გულაგის» პატიმრებს. გავრილს, ეტყობა, არ უნდა, იცოდეს, რომ «გულაგის» 90 პროცენტი იყვნენ ბანდიტები, მკვლელები, მოძალადეები, ხაზინის ქურდები, მძარცველები, მავნებლები. არადა, ჩვენმა ისტორიულმა მეცნიერებამ, კერძოდ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გალინა ივანოვას მონოგრაფიამ ხომ სერიოზულად დაადასტურა, რომ პროფესიონალურ სისხლის სამართლის დამნაშავეებს არ სურდათ მუშაობა. მაშინ ბანაკში მიდიოდნენ სასამართლოები, რომლებიც მათ ასამართლებდნენ და აპატიმრებდნენ 58-ე მუხლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრი მათგანი, ვისაც წარმოადგენდნენ სტალინის დიქტატურასთან მებრძოლებად, სინამდვილეში სისხლის სამართლის ყველაზე ჩვეულებრივი დამნაშავეები იყვნენ. ეს კიდევ არაფერია. პოპოვი დაუფიქრებლად გვთავაზობს, დავუდგათ ძეგლები გენერლებს ვლასოვსა და კრასნოვს. მოღალატეებს, რომლებიც ცდილობდნენ, ჩამოეყალიბებინათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, ისეთი უნიადაგო, უნიჭო, რომ გერმანელები მათ ფრონტზე არ უშვებდნენ. ისინი პოლიციურ ოპერაციებს ასრულებდნენ. აქ საჭიროა, გავიხსენოთ, რომ ლატვიელებმა, რომლებმაც ჩაიცვეს გერმანელთა ფორმები, გადაწვეს ხატინი. დიახ, საბჭოთა კავშირის დროს ამის შესახებ არც საუბრობდნენ, რომ არ გაეღვივებინათ ვნებათა ღელვანი.

მაგრამ დღეს ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ! როდესაც რიგის ქუჩებში მარშით დადიან იგივე ესესელები. უნდა შევახსენოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი. და კიდევ, პოპოვი გვთავაზობს, დავუდგათ ძეგლი… გერმანელ ჯარისკაცებს.

როგორია, ჰა? აი, თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ დგას თვალზე ცრემლმომდგარი პოპოვი ძეგლის გახსნის ცერემინიაზე და სამძიმარს უცხადებს გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს მოსკოვის თუ ლენინგრადის აღება…

ისტორიას ვსწავლობთ ჰიტლერელთა მემუარებით…

– როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? შეცდომაა? ფაქტებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება? «ახალი შეხედულება» ისტორიაზე? დივერსია?..

– ესაა პროამერიკული, ანტირუსული შეხედულების აშკარა გამოვლინება იმის შესახებ, რასაც ჩვენ სამართლიანად დიდ სამამულოს ვუწოდებთ. ზოგი ამას შეგნებლად აკეთებს, ზოგი – შეუგნებლად.

– ბევრი ჩივის რუსეთში ჰიტლერელი მებრძოლების მემუარების მოძალეობაზე და გამარჯვებულთა მოგონებების დეფიციტზე…

– ეს სამართლიანია. მიბრძანდით წიგნის ნებისმიერ დიდ მაღაზიაში. რა აწყვია იქ? გენერლების ფონ ბოკის, გუდერიანის, მანშტეინის მოგონებანი, რომლებიც ომს წარმოგვიჩენენ თავიანთი სამრეკლოდან. მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ იქ ვასილევსკის, ჟუკოვის, როკოსოვსკის, კონევის მოგონებებს! ჩვენი გამარჯვებული მარშლების არც ერთი წიგნი არაა! თითქოს ჩვენმა გამომცემლებმა ისინი დაივიწყეს.

მართლა გლობუსით ხელმძღვანელობდა სტალინი ფრონტებს?

– უკვე დიდი ხანია, ითვლება, რომ სტალინს მხედველობიდან გამორჩა ჰიტლერის თავდასხმა სსრ კავშირზე, შეცდა ვადებში…

– სტალინის არავითარი შეცდომა არ ყოფილა თავდასხმის ვადების განსაზღვრაში! საქმის არსი სხვაა: ჩვენი სამხედრო ეკონომიკა აგრესიის მოსაგერიებლად მზად იქნებოდა მხოლოდ 42 წლის ბოლოსათვის. გაიხსენეთ, რამდენი ტანკი «ტ-34» გამოვუშვით ომის დაწყების დროისათვის. სულ რაღაც ათეულები. ყველაფერი გათვლილი იყო წლინახევრით ადრე. რატომ? გერმანიის მრეწველობა, მიუხედავად გერმანიის განადგურებისა 1918 წელს, განაგრძობდა არსებობას, რჩებოდა ევროპაში ყველაზე ძლიერად. ჩვენ კი თითქმის არაფერი გაგვაჩნდა. ჩვენი მრეწველობის შექმნა დავიწყეთ მხოლოდ პირველ ხუთწლედში, 1929 წელს. აი, რა იყო ვითომდა მოუმზადებლობის არსი. ჩვენ ვემზადებოდით. მაგრამ 10 წლის განმავლობაში იმის გაკეთება, რაც გერმანიამ გააკეთა 100 წლის განმავლობაში, შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ომის დასაწყისისათვის გერმანელებს ჰქონდათ საბრძოლო გამოცდილების ორი წელიწადი (საფრანგეთში, ნორვეგიაში). ჩვენ კი მსგავსი გამოცდილება არ გვქონია. თანაც, ჩვენ წინააღმდეგ, გერმანიისა და მისი დივიზიების გარდა, იბრძოდნენ ფინელები, რუმინელები, უნგრელები, სლოვაკები, ხორვატები, იტალიელები, ესპანეთის ცისფერი დივიზია, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში ჩამოყალიბებული ლეგიონი. ჰიტლერის მოკავშირეები იყვნენ მოძმე სლავები – ბულგარელებიც კი. მართლაც, ჩვენ ვებრძოდით მთელ ევროპას. 1944 წლის ზაფხულამდე საბჭოთა კავშირმა მარტო გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე.

– ხშირად გაიგონებთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ სტალინი არმიას გლობუსით ხელმძღვანელობდა. რას იტყოდით?

– ესაა ხრუშჩოვის მიერ შეთხზული ზღაპარი. მას ეზიზღებოდა სტალინი. აიღეთ ყველა მემუარი, რომლებიც ჩვენი მხედართმთავრების მიერაა დაწერილი. არსად გლობუსი არაა. იყო ერთი რამ: ყველას ერთი აზრი ჰქონდა – საჭიროა დარტყმა ამა და ამ ადგილას. და სტალინი სთავაზობთ ჩვენს მარშლებს, განესაზღვრათ, როგორ, რა ძალებით, კონკრეტულად – სად. და აიძულებდა მათ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებულიყვნენ. ეს რა – გლობუსით ხელმძღვანელობაა?

დემოკრატია და ისტორიის სიმართლე

– ზოგიერთი ისტორიკოსი, მწერალი ამბობს, რომ ეს ტოტალიტარიზმის დროს იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია, დიდი სამამულო ომის ენციკლოპედია, რომლებიც დაამტკიცა სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა. მათი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი ახლა ვცხოვრობთ დემოკრატიის დროს, და ამიტომ ნებადართულია ომის «თავისუფალი» გაგება. იქნებ, ისინი სწორი არიან?

– მოდი, შევთანხმდეთ, რომ არის სხვადასხვა შეხედულება იმაზე, თუ რამდენია ორს რომ ორი მივუმატოთ. დაე, ერთმა ამტკიცოს, რომ არის 4, სხვებმა კი – 10. დაე, ამ «თავისუფალი გაგებით» აშენონ სახლები, ავტომობილები, თვითმფრინავები. ვნახოთ, რა გამოუვათ. ისტორიის სიმართლე კი, როგორც გამრავლების ტაბულა, ერთია ყველასათვის.

სად გაქრა კურსკის ვიქტორია?

– ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ცნობილი ისტორიკოსის სტატია იმის შესახებ, რომ ჩვენი გამარჯვება კურსკის ბრძოლაში მითი იყო… ჩვენ იქ გადავეყარეთ გერმანელების ტანკებს და მოვკურცხლეთ სხვადასხვა მიმართულებით…

– მეცოდება ის ხალხი, ვინც ასეთ ფსევდოსენსაციებს თხზავს. მაგრამ გეკითხებით, ვინ საით წავიდა კურსკის რკალიდან? ჩვენ წავედით აღმოსავლეთისაკენ თუ გერმანელები – დასავლეთისაკენ? გერმანელები წავიდნენ დასავლეთისაკენ! ვინაიდან ომი წააგეს. ეს უდავოა!

ისტორია ქამელეონი როდია

– თუ, დავუშვათ, ისტორიკოსები ვერ გამონახავენ საერთო ენას, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე? ვინ ეტყვის მათ სიმართლეს?

– ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ისტორიის ერთიანი სახელმწიფო სახელმძღვანელო. გაიაროს მან წამყვანი მეცნიერების ხელში. გამოქვეყნდეს მათი აზრი, რომ ყველამ იცოდეს, რას ფიქრობენ ისინი ტექსტზე. და როცა ყველაფერი შეთანხმდება, უნდა გამოვუშვათ სტანდარტული სახელმძღვანელო. არ უნდა იყოს ხუთი, ათი სახელმძღვანელო, რის გამოც მოსწავლეები და სტუდენტები ჭკუიდან გადადიან. ამ ცოტა ხნის წინათ ერთ ღონისძიებაზე გამოვედი, რომელსაც განათლების მინისტრი ფურსენკო ესწრებოდა. მე მას პირში ვუთხარი, რომ იგი ყველას ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ სახელმძღვანელოები მოწმდება ისტორიის ინსტიტუტებში. მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოს ტექსტი არ წაუკითხავთ და არც მოუწონებიათ. სხვათა შორის, როდესაც ამერიკაში ვიყავი, გადავხედე ამერიკის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს. ერთია, სტანდარტული! იქ არაა სამი, ოცი, როგორც ჩვენთან, – მხოლოდ ერთი!

და ეს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მიესალმებიან განსხვავებულ აზრებს.

ცრუ სენსაცია

– დიდი ხმაური გამოიწვია ამას წინათ ტელევიზიით ნაჩვენებმა ფილმმა რჟევის ბრძოლაზე. დავა დღემდე გრძელდება…

– როცა ამ ფილმს ვუყურებდი, ძალიან აღვშფოთდი. აი, მიწყვია საბჭოთა პერიოდის ენციკლოპედიები. სამხედრო-ისტორიული, ისტორიული. ისინი გამოდიოდა 60-70-იან წლებში. ყოველ ენციკლოპედიაში არის სტატია რჟევის ოპერაციების შესახებ. თანაც, – სამივეზე. იქ ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი: ფილმში არაფერი აღმოუჩენიათ, ჩვენთვის უცნობი ბრძოლა არ ყოფილა… ვითომ საბჭოთა ხელისუფლების დროს ამ ბრძოლაზე არ ლაპარაკობდნენ, მას გვერდს უვლიდნენ. ეს სიცრუეა! წიგნები რჟევის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს იყო. და მთავარი, რაც ფილმს არ უთქვამს, – ესაა ხალხი, რომელიც იბრძოდა რჟევში, თავისკენ იზიდავდა ვერმახტის ჯარებს, არ აძლევდა მათ სტალინგრადისაკენ გაჭრის საშუალებას. აი, რა იყო რჟევის დამსახურება. მაგრამ ამის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ! რატომ? მთავარია, აჩვენო, რომ უგუნურად აგზავნიდნენ ხალხს დასახოცად…

– კიდევ ერთი მეტად საჩოთირო სამხედრო-ისტორიული თემა – კატინის ტრაგედია. როდის დავამთავრებთ ამ ისტორიას?

– კატინის ისტორიას დავამთავრებთ, როდესაც პოლონელები პასუხს აგებენ ჩვენი იმ ტყვეების განადგურების გამო, რომლებიც აიყვანეს 20 წელს. დაახლოებით 10 ათასი კაცი იყო. არქივებში ვერც ერთი დოკუმენტი ვერ აღმოვაჩინე, სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული, რომ დახოცეს ან გაანადგურეს ეს პოლონელები. და პოლონელთა არც ერთ დამცველს კატინის საქმეში არ შეუძლია წარმოადგინოს ასეთი დოკუმენტი.

– რაიმე გონივრულ გამოსავალს თუ ხედავთ კატინის ჩიხიდან?

– მხოლოდ ერთს: პოლონელებმაც და ჩვენც უნდა შევწყვიტოთ ამ თემით სპეკულირება. გავხსნათ 1920 წლის დოკუმენტები – პოლონურიც და ჩვენიც. და ორივე მხარის ისტორიკოსებმა ერთობლივად და მშვიდად გაარკვიონ ვითარება. მერე კი გამოიტანონ დასკვნები. ვინაიდან, რაც მეტია სპეკულაცია, მით ნაკლებია სიმართლე.

პირადი საქმე

იური ჟუკოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიბადა 1938 წელს პოდმოსკოვიეს კრასნოგორსკში. განათლება მიიღო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტში. მუშაობდა სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო «ნოვოსტში», სსრ კავშირის ისტორიის ინსტიტუტში. არის მრავალი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი ქვეყნის ისტორიის შესახებ, მის პოლიტიკოსებსა და მხედართმთავრებზე. ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი მუშაკი, 2009 წლის 28 აპრილს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიულ მემკვიდრეობასთან» მოსკოვში გამართული «მრგვალი მაგიდის» მონაწილე.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here