Home რუბრიკები ისტორია თემურ ქორიძე: ზვიადის არჩევანი

თემურ ქორიძე: ზვიადის არჩევანი

1474

მოგონებები მომავალზე: მოგონება პირველი

…ზვიადის მდივანი წინასწარ გავაფრთხილე – პრეზიდენტის უფროსი უნდა მოვიდეს-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ხუმრობად მიიღო. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი მოწიწებით კიბესთან შეეგება თავის მასწავლებელს, გამოუცდელი მდივანი მაშინვე მიხვდა, რომ მას და ზვიად გამსახურდიას სუბორდინაციის ცნება სხვადასხვაგვარად ესმოდათ…

«არ დაიღალეთ?» – ჰკითხა ერთმა ჟურნალისტმა ზვიად გამსახურდიას. კაცმა რომ თქვას, ეს შეკითხვა მისთვის მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო. 1989 წლის სექტემბერი იდგა. მღელვარებით აღსავსე ბობოქარ დღეებს დასასრული არ უჩანდა. წინ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები ელოდა.
«არა, არ დავღლილვარ, – მშვიდად პასუხობს მუდამ მოუსვენარი რესპონდენტი, – მე უთქმელობა და უმოქმედობა მღლის. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თითქმის პატიმრობაში გავატარე. იყო ნამდვილი პატიმრობა, შინაპატიმრობა, გადასახლება, ციხე… იყო პერიოდი, ლუკმაპური უჭირდა ჩემს ცოლ-შვილს, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემეძლო. მე ჩემი ცხოვრება თხუთმეტი წლისამ დავიწყე. აი, ამ სახლში მუდამ საქართველოზე იყო ლაპარაკი. იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები… გარეთ რომ ვერაფერს ამბობდნენ, აქ ბჭობდნენ, ჭირისუფლობდნენ, გულს იოხებდნენ… მე აქ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა აკადემია გავიარე და მისი ღალატი არასოდეს მიფიქრია… ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი. ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე» (გაზ. «ახალგაზრდა კომუნისტი», 8.09.1989 წ.).

ამ დროს ზვიად გამსახურდია უკვე ორმოცდაათი წლისაა, მდიდარი გამოცდილებით აღსავსე ჩამოყალიბებული პიროვნება და ინტელექტუალური აქტიურობის ზენიტში იმყოფება. ასე რომ, მას უკვე ბოლომდე გააზრებული აქვს თავისი არჩევანი, ცხოვრების მიზანი და ფილოსოფია. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს დაუოკებელი მეამბოხე ამჯერად მორჩილად იდგა ბედისწერის წინაშე, «სხვაგვარად არ შემეძლო», «სხვაგვარ ცხოვრებაზე არ მიფიქრიაო»…

დიახ, ზვიადმა თავადვე შემოხაზა საკუთარი ბედისწერის საზღვარი. თუ ვინმე პათეტიკურ ნათქვამად არ ჩამითვლის, ეს იყო ერისკაცის, მამულიშვილის, მარტვილის უძნელესი გზა, რომლის სიგრძე-სიგანე მუდამ მხოლოდ მის გათელვაში დაღვრილი ოფლითა და სისხლით იზომება.

* * *

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ თითქმის ერთხმად აირჩიეს. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოულოდნელად სადღაც გაუჩინარდა. როგორც იქნა, მივაგენი. პატარა ოთახში განმარტოებულიყო და გამალებით რაღაცას წერდა. გილოცავთ-მეთქი, – ვუთხარი და გადავეხვიე. თავი ასწია. მის თვალებში გაკვირვება და ერთგვარი წყენა გამოსჭვიოდა. – «რას მილოცავ, განა ჩვენ ამისთვის ვიბრძვით?» – ეს სიტყვები ისე გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ისღა დამრჩენოდა, მისთვის ბოდიში მომეხადა. მართლაც, რა მისალოცი იყო ახალი ტვირთის წამოკიდება, კვლავ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა და მორიგი განსაცდელის პირისპირ დადგომა?!

ტრადიციისამებრ, ბევრი, ალბათ, სიამოვნებით მიიღებდა ამგვარ მილოცვას და ხელისუფლების სათავეში მოსვლას დიდ გამარჯვებადაც მიიჩნევდა, მაგრამ ზვიად გამსახურდიასთვის ხელისუფლება მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება და ბერკეტი იყო სანუკვარი ოცნების ხორცშესასხმელად.

თავდაპირველად უარს ამბობდა, არ სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თქვენ შედით პარლამენტში, მე კი გარედან დაგიჭერთ მხარსო, – გვეუბნებოდა. იცოდა, როგორი სამიზნე ხდებოდა მოწინააღმდეგეთათვის. არადა, ისტორიული ჟამი მოახლოებული იყო. სამშობლო მისგან გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ითხოვდა და, ბოლოს და ბოლოს, მან ეს ნაბიჯიც გადადგა.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე მხარდაჭერის მოპოვებას არ ეშურებოდა. ხალხს უფრო დიდი, ჭეშმარიტად ისტორიული არჩევანისთვის რაზმავდა. 1990 წლის 26 მაისს განსაცვიფრებელი სიტყვა წარმოთქვა. ეს იყო ორატორული ხელოვნების ნამდვილი შედევრი, ნათელი და მკაფიო იდეალის გაბრწყინება, რომელმაც მაშინ ერთბაშად შეძრა და ფეხზე დააყენა მთელი საქართველო. «აი, მოდის ახალი არჩევანი. წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!»

არავითარი მოწოდება – მხარი დამიჭირეთო, არავითარი თხოვნა – ხმა მომეცით და მე გამომარჩიეთო… არა! ჭეშმარიტი გზა, ილიას გზა აირჩიეთო, მიმართავდა ქართველობას, უხსნიდა, მოძღვრავდა და შთააგონებდა მთელ საქართველოს. და საქართველომაც აირჩია! ზვიადი აირჩია, კაცი, ვინც ერს ამ ძნელ გზაზე უნდა გასძღოლოდა.

* * *

სესიის დაწყებამდე მის კაბინეტში შევდივარ. მაგიდაზე წიგნები გაუშლია. წერით ისეა გართული, მგონი, ვერც მამჩნევს. რა ვქნა, ისე ვარ დაკავებული, წლიური თემის ჩაბარება დამიგვიანდაო, – თავაუღებლად მეუბნება და სკამს მთავაზობს. მცირე ხნის შემდეგ «ვეფხისტყაოსნის» სახისმეტყველების» ბოლო თავზე იწყებს საუბარს. კვლავ უდროობას უჩივის, წუხს, აქაურობამ ყველაფერს მომწყვიტაო…

საქმე ის არის, რომ ზვიად გამსახურდია, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე დეპუტატი, პარლამენტში ლიტერატურის ინსტიტუტიდან შევედით. ნოემბერ-დეკემბერში კი იქ წლიური თემების კითხვა მიმდინარეობდა. «ვეფხისტყაოსნის» სახისმეტყველება» მისი ხუთწლიანი სამეცნიერო ნაშრომი იყო. გატაცებით მუშაობდა. ზერელე და ზედაპირული საქმიანობა არ შეეძლო. ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროსაც კი თავისი შთაგონების ამ მაცოცხლებელი წყაროსთვის ზურგი არ შეუქცევია.

ერთხელ აწ განსვენებული ალექსანდრე ბარამიძე, ჩვენი ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორი, მობრძანდა. ზვიადის მდივანი წინასწარ გავაფრთხილე – პრეზიდენტის უფროსი უნდა მოვიდეს-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ხუმრობად მიიღო. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი მოწიწებით კიბესთან შეეგება თავის მასწავლებელს, გამოუცდელი მდივანი მაშინვე მიხვდა, რომ მას და ზვიად გამსახურდიას სუბორდინაციის ცნება სხვადასხვაგვარად ესმოდათ.

* * *

თავის ერთ მშვენიერ ესეში ხაზგასმით შენიშნავდა: «ნურავის გაუკვირდება, რომ მე შელლიზე საუბარს მისი აღსასრულით ვიწყებ. პოეტის ცხოვრების ფინალი ხშირად დასაწყისია მისი შემოქმედების ჭეშმარიტი გაგებისა. ეს ფინალი მუდამ სიმბოლურია და ძირეულზე მიუთითებს». ასევე შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას აღსასრული, ცხოვრების ტრაგიკული ფინალი, მართლაც ზუსტი გასაღებია მისივე შემოქმედების გასაგებად.

მისი პოეტური ქმნილებები ღრმა ქრისტიანული სულისკვეთებით არის აღსავსე. შესაბამისად, ლირიკული პერსონაჟებიც გამოკვეთილი რელიგიური განწყობით გამოირჩევიან და გარდასულ დროთა არქაულ სურნელს აფრქვევენ.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დავით გურამიშვილის შემდეგ ქართული ლირიკის საგანძურში თითქმის არ მოიპოვება ქრისტიანულ-ბიბლიური თემატიკის ისეთი შთამბეჭდავი ვარიაციები, როგორიც ეს ზვიად გამსახურდიას ლექსებში გვხვდება.

აქ ლირიკული პერსონაჟი ახალ შინაგან სიცოცხლეს ანიჭებს ცალკეულ ბიბლიურ ეპიზოდებს და დამოუკიდებლად აგრძელებს თავის არსებობას. მაგალითად, ერთგან ავტორი გეთსემანიის ბაღში იესოს ლოცვის პოეტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და ლირიკული პერსონაჟის უჩვეულო ჩანაცვლებას ახერხებს. ამ მშვენიერი ლექსის სახელწოდებაა «მამა» და იგი ისეთი ღრმა შინაგანი სევდით არის აღსავსე, როგორსაც მოსალოდნელი განსაცდელის ხილვა აღძრავს ხოლმე ადამიანში:

«თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,

უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე.

მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუნველი,

უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი.

ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი,

შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი.

ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,

გვედრი, შემიწყალე, ძეო დავითისო!»

მკითხველისთვის ცხადია, თუ რომელ «სასუმელზეა» აქ საუბარი და რისი გამოძახილია ავტორის ვედრება. მაგრამ ჩვენს განცვიფრებას იწვევს ის წინასწარმეტყველური მინიშნება, რაც ლექსის ქვეტექსტშია დაფარული. გეთსემანიის ბაღში მამისკენ ხელაპყრობილი მლოცველის მსგავსად, ვერც ზვიად გამსახურდიამ აიცილა მწარე «სასუმელი» და ბოლომდე შესვა იგი.

მსგავს ალეგორიას ვხვდებით ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ მეტად ორიგინალური სტრუქტურის მქონე კიდევ ერთ ლექსში. შეიძლება ითქვას, რომ ავტორს აქ თავის თავზე, მთლიანად საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გადააქვს მკითხველის ყურადღება.

ზვიადს თავად უთქვამს ჩემთვის, – ტერენტი გრანელი მე თვითონ ვარო… ამ ლექსის ერთ ქვეთავს «ეპიტაფია» ეწოდება და იგი ღრმად ტრაგიკული ხილვებით არის აღსავსე. აი, ისიც:

«ვჭვრეტ საღამოს – ნიმბიანს, დანისლულს,

ო, რაგვარად ეუცხოვა ტანი სულს…

შენკენ მომაქანებს ფიქრის ჩქარი წვა მე

რარიგ მეუცხოვა საკუთარი გვამი…

ვდუმვარ და არა აქვს ძალა ჩემს სტრიქონებს:

ბინდიან ფიქრებში ქარი თუ მიგონებს…

რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,

ნექტარიც წავიღე და შხამიც იმდენი…

რარიგ ვეუცხოვე მიწის გაშლილ მკლავებს,

დასცქერის გოლგოთა გაძარცვულ საფლავებს…»

ეს არის სულისშემძვრელი ხილვა და ბედისწერის წინასწარი განჭვრეტა, სიკვდილის ცხადი და ხელშესახები შეგრძნება.

ზვიად გამსახურდიასთვის უცხო არ ყოფილა მსგავსი ხილვები და შეგრძნებები.

«ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ სვლა ჯერ კიდევ ადრე სიჭაბუკეში გადაექცა ვნებადო», – წერდა ერთი პოეტისადმი მიძღვნილ ნარკვევში.

აქაც თითქოს თავის ცხოვრებაზე და თავის შეუცვლელ ბედისწერაზე ლაპარაკობდა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here