Home რუბრიკები პოლიტიკა ჯიმი ჯალიაშვილი: ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვა

ჯიმი ჯალიაშვილი: ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვა

755

26 მაისის მრავალათასიანი მიტინგით ოპოზიციამ მიმდინარე პროცესებით ისედაც თავზარდაცემულ ხელისუფლებას აღსასრულის მოახლოება კიდევ ერთხელ ამცნო. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც დროულად იგრძნო შექმნილი საფრთხე და მყისიერად გადამწყვეტ ზომებს მიმართა – ოპოზიციის გეგმა, პროცესებში პატრიარქი ჩართულიყო, ჩაიშალა, «სიურპრიზების» მოლოდინში მყოფმა საზოგადოებამ კი მორიგი იმედგაცრუება იწვნია… საერთოდ, 26 მაისის შემდეგ მოვლენები ერთობ უცნაურად წარიმართა – ოპოზიციური სპექტრის გარკვეულმა ნაწილმა 9 აპრილის გეგმა უარყო და უცებ ამ გეგმის შეცდომებზე ალაპარაკდა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლიდერები რიგ საკვანძო საკითხებზე ვერ თანხმდებიან, თუმცა თავად ლიდერები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ… …ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯიმი ჯალიაშვილს ესაუბრა. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების გადაყენების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
– ბატონო ჯიმი, 26 მაისის საპროტესტო მსვლელობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ოპოზიციის შეცდომად შეაფასა. ეს მოსაზრება ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმაც გაიზიარა; მაგალითად, გუბაზ სანიკიძემ. თქვენ როგორ აფასებთ დამოუკიდებლობის დღეს განვითარებულ მოვლენებს?

– ის შედეგი, რითაც 26 მაისის ხალხმრავალი დემონსტრაცია დამთავრდა, სავსებით ლოგიკურია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში… რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც უამრავი შეცდომა დაუშვა. მათ შორის, სტრატეგიულიც, მაგრამ საპროტესტო გამოსვლების უშედეგობას ამით ვერ ავხსნით. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა მყარად მოტივირებული ყოფილიყო… არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მომავალი ხელისუფლება ამგვარ მტკიცე პოზიციებს შეუქმნის ძალოვანებს…

დღეს ხელისუფლება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე საზოგადოება. ამას არა ერთი ფაქტი მოწმობს…

ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ეს შესაძლებლობა მას ჰქონდა აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ხელისუფლება, ფაქტობრივად, ნოკაუტში აღმოჩნდა… მაშინ საკმარისი იყო, ოპოზიციურ ძალებს თავისი ელექტორატის მობილიზება მოეხდინა და ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, თუნდაც იმის ნახევარი, რაც ახლაა გამოსული, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, წასულიყო…

– თუმცა მაშინ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლებასთან ყოველგვარი ოპონირება შეწყვიტა…

– შეცდომაც სწორედ ეს იყო – ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო მისცა და მანაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა… საერთოდ, ოპოზიციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ახლა ადეკვატურ შედეგს იმკის…

…სააკაშვილს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვს, შესაბამისად, მყარად უჭირავს თავისი პოზიციებიც. აგვისტოს ომის შემდეგ ლაპარაკი თუ იყო ვადამდელი არჩევნების მიღწევაზე ათიათასი კაცის ქუჩაში გამოყვანით, ახლა უკვე ნახევარი მილიონი დემონსტრანტის გამოსვლასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს; ვერც მოიტანს, იმიტომ, რომ დღეს უკვე ხელისუფლება საკმაოდ ძლიერია, ის ფლობს ყველანაირ რესურსს (გარდა საზოგადოების მხარდაჭერისა).

– რა გამოსავალი რჩება ოპოზიციას და საზოგადოებას? რა გზითა და მეთოდებით შეიძლება «ნაცმოძრაობის» ცხრაკლიტულების გაღება ან, თუნდაც, შელეწვა?

– ეს დამოკიდებულია ოპოზიციის და ხალხის გამძლეობაზე, ფინანსებზე, ადამიანურ რესურსებზე და ა.შ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია საპროტესტო მუხტის შენარჩუნება. ოპოზიცია ყველანაირად უნდა შეეცადოს პროცესების თანმიმდევრულად წარმართვას, თუმცა ამან ქვეყანა შეიძლება მწვავე ეკონომიკური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანოს. ეკონომიკური კრიზისი, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენი საზოგადოებისთვის?

პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამწვავებით შეიძლება, ისარგებლოს მესამე ძალამაც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ძნელი იქნება იმის დათმობა, რაც მათ უკვე მოიპოვეს, უწინარესად, ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში მოისპო რეკეტიორობა… არის ერთი ოფიციალური რეკეტიორი (ხელისუფლების სახით), რომელსაც არსებულმა ეკონომიკურმა კლანებმა ადვილად მოარგეს გასაღები…

რა იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და რა სისტემით დარეგულირდება ეკონომიკის თუ ბიზნესის სფერო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ყველაზე მთავარი საკითხია, თუმცა დღევანდელ ვითარებაში ამის წინასწარი განსაზღვრა ან რაიმე ვარაუდების გამოთქმა ნაადრევად მიმაჩნია…

როცა ოპოზიცია და საზოგადოება გადამწყვეტი ზომების მიღებაზე საუბრობს, ის აუცილებლად გულისხმობს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას, რაც თავისთავად მოწმობს, რომ ოპოზიცია სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას. დღეს ქართველი საზოგადოება სრულიად განიარაღებულია. ძალის გამოყენების რესურსებს მხოლოდ ხელისუფლება ფლობს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება კარგიც იყოს – ამით სამოქალაქო ომს მაინც ავიცილებთ თავიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, სახეზე გვაქვს სამწუხარო ფაქტი – ხელისუფლება ჯიუტობს და ხალხის ნებას არანაირ ანგარიშს არ უწევს… ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის დონე ჩვენს ქვეყანაში ნულის ტოლია.

რაც შეეხება გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან, ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს დიალოგი ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა იყოს კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე გათვლილი. თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯზე არ წავა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა განუდგება საერთო ოპოზიციურ სპექტრს…

– დიალოგის გზა ერთხელ უკვე სცადა ოპოზიციამ, მაგრამ სასიკეთო შედეგი ვერ მიიღო…

– ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ხელისუფლება არ იყო მზად ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. როცა ვამბობ, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, არ ვგულისხმობ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, უბრალოდ, ოპოზიციამ ეს გზაც უნდა მოსინჯოს, რათა ხალხი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხელ და სამუდამოდ დაარწმუნოს მის უშედეგობაში…

სააკაშვილი თავის გამოსვლებში ხშირად აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები დემოკრატიული განვითარების ნიშანია. რაც ყველაზე საყურადღებოა, დასავლეთელი პოლიტიკოსებიც ამას ადასტურებენ და მათი ყველა განცხადება დიალოგის აუცილებლობას ქადაგებს. ერთი სიტყვით, ხელისუფლება მიმდინარე პროცესებში გარკვეულ სარგებელს ნახულობს, მაგრამ, როცა ლაპარაკია დემოკრატიის ნიშნებზე, სააკაშვილსა და იმავე დასავლეთს ყურადღების მიღმა რჩებათ ერთი რამ – ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლებს ანგარიშს უწევენ, ხელისუფლება მაქსიმალურად ითვალისწინებს ხალხის მოთხოვნებს და, ასევე, მაქსიმალურად ცდილობს მათ დაკმაყოფილებას. ჩვენთან აბსოლუტურად პირიქით ხდება, ამიტომ მიმდინარე აქციები არა დემოკრატიის განვითარებაზე, არამედ დემოკრატიის არარსებობასა და ტოტალიტარულ რეჟიმზე მიანიშნებს… ასეთ პირობებში კი დიალოგით რამე კონკრეტული შედეგის მიღწევა, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, მით უმეტეს, არ არსებობს დიალოგის გამამაგრებელი ფაქტორი ძლიერი ოპოზიციონერი ლიდერის სახით…

დღეს არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ფაქტორს ვერ ქმნის და გასაგებია რატომაც – ბოლო წლების მანძილზე ზოგიერთმა ლიდერმა ბევრი შეცდომა დაუშვა და რეიტინგიც შესაბამისი აქვს. უწინარესად, ეს ეხება ნინო ბურჯანაძეს, რომელიც გვიან მიხვდა, რომ მისი ადგილი ხელისუფლებაში არ იყო. ის რომ გადამდგარიყო 2007 წლის 7 ნოემბრამდე, რა თქმა უნდა, გზა ხსნილი ჰქონდა პრეზიდენტობისკენ, მაგრამ ახლა…

დღეს ბურჯანაძე ერთი რიგითი პროტესტანტია. ის არ არის ლიდერი, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება…

– ოპოზიციურ ძალთა გარკვეული ნაწილი მიმდინარე პროცესებში რეგიონების აქტიური ჩართვის გარეშე რამე შედეგის მიღწევას შეუძლებლად მიიჩნევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური და ეფექტიანია ეს მიდგომა?

– თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანა საკმარისი არ არის და ას ორმოცდაათი ათასი რამეს შეცვლის, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. ვფიქრობ, ეს თავად ოპოზიციის ლიდერებსაც კარგად ესმით, მაგრამ საპროტესტო მუხტის განელება ძალიან მტკივნეული იქნება მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამიტომ ახალი ტექნოლოგიების თუ სტრატეგიული გეგმების შემუშავებით ოპოზიცია ცდილობს, შეინარჩუნოს მუხტი და დარაზმულობა როგორც საზოგადოებაში, ისე ოპოზიციურ სპექტრში…

– 26 მაისს მიმდინარე აქციების უშედეგობით იმედგაცრუებულმა დემონსტრანტებმა ოპოზიციის ლიდერების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს და მათი მხრიდან უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა, ოპოზიციამ გაითვალისწინოს მოთხოვნა?

– საზოგადოების საყვედური სავსებით სამართლიანია. ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან დღემდე უკვე მერამდენედ შექმნა იმის ილუზია, რომ პროცესები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა და ყველა შემთხვევაში საზოგადოებას იმედები გაუცრუვდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას უფრო მეტი დაფიქრება მართებს, მან უნდა გადახედოს თავის სტრატეგიას და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან შეიცვალოს სამოქმედო გეგმა, ან იგივე დატოვოს…

თუ ვერ ხერხდება პროცესების იმ გზით წარმართვა, რა მიმართულებითაც დღემდე ვითარდებოდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხი ნებისმიერ მოქმედებაზე წავა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ ხალხსა და ძალოვანებს შორის შეტაკება მოხდება, მაქსიმუმ, ერთ კვირაში ეს ხელისუფლების კრახით დამთავრდება…

 – როგორ ფიქრობთ, არსებობს ამის რეალური საფრთხე?

– რა თქმა უნდა, არსებობს. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ხალხთან ანგარიშსწორებები, მომიტინგეთა პერმანენტული დარბევა, თუნდაც, მცირე ინციდენტების სახით, ამას მოჰყვება საზოგადოების უკურეაქცია. ეს ინსტინქტურად და სტიქიურად ხდება ხოლმე…

ისტორიამ იცის მსგავსი ფაქტები, თუნდაც, საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციების მაგალითზე, სადაც თავიანთ ხალხთან ღია დაპირისპირებას იმპერატორები შეეწირნენ…

– თქვენ ამბობთ, რომ დემონსტრანტებზე ძალის გამოყენება ხელისუფლებისთვის კრახით დამთავრდება, თუმცა 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევას მსგავსი შედეგი არ მოჰყოლია…

– ეს იმიტომ, რომ მაშინ ოპოზიციამ ვერ შეძლო, პერმანენტული ხასიათი მიეცა საპროტესტო გამოსვლებისთვის. უფრო მეტიც, დარბევის მეორე თუ მესამე დღეს რიყეზე მისმა მართულმა მიტინგმა ყველაფერი ისე მიალაგა, როგორც ხელისუფლებას უნდოდა… ეს იყო ოპოზიციის უმთავრესი შეცდომა, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დღემდე ვერ აპატია ლიდერებს…

დღეს კი ოპოზიციის მთავარი შეცდომა ისაა, რომ მეორეხარისხოვან პრობლემებს სადიალოგო თემებად ხდის; ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები კი ყურადღების მიღმა რჩება… მხედველობაში მაქვს ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი, რაც, რატომღაც, უკანა პლანზე გადაწია ოპოზიციამ…

– პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ, ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას თუ…

– დღევანდელ სიტუაციაში ოპოზიცია თუ მოვა ხელისუფლების სათავეში, სააკაშვილი შეიძლება საბრალდებო სკამზე არ დაჯდეს, მაგრამ, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესები და უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, მას ეს არ ასცდება…

ხელისუფლებაში არიან ისეთი სუბიექტებიც, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და, ბუნებრივია, მათ არანაირი ამნისტია არ შეეხებათ, თუმცა,

როგორც კი იგრძნობენ, რომ პროცესები პიკს უახლოვდება, ისე გაქრებიან ქვეყნიდან, რომ ვერავინ ვერაფერს მოასწრებს… ამისთვის უკვე დიდი ხანია, მზად არიან…

 

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here