Home რუბრიკები საზოგადოება 15 წლისა, თვითონ ბავშვი, ბავშვს რომ აჩენს, შეზღუდულ შერაცხადობას უდგენენ კი არა,...

15 წლისა, თვითონ ბავშვი, ბავშვს რომ აჩენს, შეზღუდულ შერაცხადობას უდგენენ კი არა, ცოცხალი რომ არის, არ გიკვირთ?!

ადამიანის ტრაგედიაზე ფულის კეთება უზნეობაა

2798
15 წლისა, თვითონ ბავშვი, ბავშვს რომ აჩენს, შეზღუდულ შერაცხადობას უდგენენ კი არა, ცოცხალი რომ არის, არ გიკვირთ?!

ორიოდე წლის წინათ ზედიზედ რამდენიმე მკვლელობა მოხდა და დაღუპულები ქალები იყვნენ. აგორდა კამპანია და ძირითადი დევიზიარა ქალ კლაიყო. ვერ გეტყვით, რატომ ჩათვალეს ამ დევიზის ავტორებმა, რომარა კაც კლამხოლოდ მამაკაცებზე არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, სუსტმა სქესმა ქართველი მამაკაცების უმრავლესობა მოძალადეებად გამოიყვანა. სოციალურ ქსელში არაერთ გამონათქვამს წააწყდებოდით, რომელიც ქართველი კაცის დისკრიმინაციისკენ იყო მიმართული და არაერთი ქალი ამბობდა, რომ გოგოები ქართველ კაცებზე არ უნდა თხოვდებოდნენ, რადგან ჩვენბნელი გრუზინებივართ.

უწინარესად, იმას ვიტყვით, რომ ადამიანის მკვლელობა, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება, კაცი თუ ბავშვი, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ვიდრე დღეს ისჯება და გამართლება არ აქვს. მაგრამ ერთმა, ორმა და თუნდაც ათმა კაცმა ქალი რომ გაიმეტა სასიკვდილოდ და ამის გამო მთელი ერის მამაკაცები მოძალადეებად გამოაცხადო, დანაშაულია. დანაშაულია, რადგან ამ მამაკაცების უმრავლესობა ზუსტად ისევე გმობს დანაშაულს, როგორც ქალები და ერთ ქვაბში ყველას მოხარშვა უმართებულოა. ყოფილა შემთხვევა, როცა ქალს მოუკლავს კაცი და გინახავთ, კაცებს ასე ოპერატიულად, ასე ერთსულოვნად დაეწყოთ იმის მტკიცება, რომ ქართველი ქალები არაფრად ვარგა, რომ კაცებმა ცოლად ქართველები არ უნდა შეირთონ და ა.შ. არ მომხდარა ეს და იმიტომ, რომ ის მცირედი, რაც საპირისპირო სქესს სასიკვდილოდ იმეტებს, ქალებშიც არის და კაცებშიც.

ჩვენ მაინც გვგონია, რომ პრობლემის სათავე სხვაგანაა და არა კონკრეტულად აღებულ ერთ ან ორ დანაშაულში. 21-ე საუკუნეში ქალთა უფლებები არნახულად რომ გაიზარდა, ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ვიცოდით, რომ “ლეკვი ლომისა სწორია”, მაგრამ არის რაღაცები, რასაც დღემდე არ ვეთანხმებით და, რაც უნდა შეიცვალოს, ვერ დავეთანხმებით. ჩვენ არ ვეთანხმებით მოწოდებას, რომ თურმე აბორტი ქალის უფლებაა. აბორტის აკრძალვაც თუ მოხდება ოფიციალურ დონეზე, არ იქნება ცუდი, რადგან ესეც მკვლელობაა და არა უფლება. ქალებისთვის მკვლელობის უფლების დაკანონებას რომ ითხოვენ, ეგ არის გასაპროტესტებელი და, თუ ვინმე აპროტესტებს, ისიც ჩუმად, მორიდებით, რადგან ეშინია, სოციალურ ქსელში არ ჩაქოლონ და არ გადაუარონ.

არც ის მიგვაჩნია მართებულად, პარლამენტის წინ შეკრებილი დიაცები ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან: “ჩემი ფუჩუ ჩემია”. ჯერ ერთი, გქონდეთ, ვინ გართმევთ?! და მეორეც: კაცებმა რომ იმავეს ყვირილი დავიწყოთ (დაახლოებით), მოგეწონებათ? ლამაზი იქნება? ის თუ მოგეწონებათ, მოწოდებებით რომ გამოვიდეთ, სექსუალური განათლება ბავშვებს სკოლაშვე ასწავლეთ, ასწავლეთ, თავი როგორ დაიცვან და ნაადრევი ორსულობა როგორ აიცილონ თავიდანო? არადა, არასამთავრობოთა უმრავლესობა, რომლებიც სწორედ ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ამ მოწოდებით გამოდიან.

იმას ვამბობდით, რომ ორი წლის წინათ, ზედიზედ რამდენიმე მკვლელობის შემდეგ, არაერთი მოძრაობა დაარსდა და… გაქრა. გაქრა იმიტომ, რომ ამ მოძრაობებმა საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ დააინტერესეს, მსუყე გრანტები ვერ მიიღეს და მშიერ კუჭზე ყვირილი არავის მოუნდა. სამაგიეროდ, ახლა ატეხეს ისევ ხმაური: ცოცხლები ვართ, არსად არ წავსულვართო… და ეს ყველაფერი ორწლიანი დუმილის შემდეგ.

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გარდაბანში, სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მასწავლებლის _ ჰამიდ სადიხის განცხადება გახდა. ჰამიდმა სოციალურ ქსელში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ მას მშობლები მიუცვივდნენ და ბოდიში მოახდევინეს. ჰოდა, ატყდა ამბავი _ ეს კაცი მართალს ამბობდა და სახელმწიფო რატომ არ იცავსო?!

ბატონებო და ქალბატონებო, დაიოკეთ ვნებები და ერთ ძალიან საინტერესო პარალელს გავავლებთ. რამდენიმე თვის წინათ კასპში დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა. სასამართლომ ორიოდე კვირის წინათ დედას განაჩენი გამოუტანა.

ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ 6 წელი შეუფარდეს. ველოდი, რომ უფრო მეტი სიმკაცრით დაისჯებოდა. გასაგებია, რომ არასრულწლოვანია და შესაძლოა, ამის გამო არ შეუფარდეს უფრო მკაცრი სასჯელი, მაგრამ, მგონი, კანონში ისიც წერია, 3 წელს მიუღწეველ ბავშვს თავის დაცვა რომ არ შეუძლია და, როცა ასეთს კლავ, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯო. ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ თუნდაც ამ ფაქტის გამო ის მკაცრად დასჯილიყო. შვილს რომ კლავ და განზრახ მკვლელობა რომ არის, ამაზე, საერთოდ, არ მაქვს საუბარი”, _ განაცხადა სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ მსჯავრდადებულის ქმარმა, მოკლული ბავშვის მამამ _ მიშო დვალიშვილმა.

ქმარი ამბობს, გასაგებია, რომ ჩემი ყოფილი ცოლი არასრულწლოვანია და ამის გამო არ მისცეს დიდი სასჯელი, მაგრამო… როცა ბრალდებულმა 7 თვის ბავშვი გაგუდა, 16 წლის იყო. ე.ი., როცა გათხოვდა, საუკეთესო შემთხვევაში, 14 წლის გახლდათ, 9 თვე ორსულად იყო, მერე 7 თვის შვილი ჰყავდა, საერთო ჯამში, 16 თვეა გათხოვებიდან დანაშაულის ჩადენამდე. ეს კაცი კიდევ გამოდის და, არასრულწლოვანი რომ იყო, იმიტომ მისცეს ცოტა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბევრი ეკუთვნოდაო. სად არიან ის არასამთავრობოები, ჰამიდის დაბულინგებით რომ აღშფოთდნენ, კაცი არასრულწლოვანთა ქორწინებას სამართლიანად აპროტესტებსო?! ამ ბიჭს, ბატონ მიშოს, რატომ არავინ ეუბნება: 14 წლის ბავშვი ცოლად რომ მოიყვანე, ექიმს რატომ არ ეჩვენე, პედოფილიის მიმართ მიდრეკილება ხომ არ გაქვსო? და სასამართლო ექსპერტიზამ ბრალდებულ გოგოს შეზღუდული შერაცხადობა რომ დაუდგინა, რატომ გიკვირთ? 14 წლის ბავშვს სექსი რომ აქვს, 15 წლის ორსულად რომ არის და ბავშვს აჩენს (15 წლის გოგო აჩენს ბავშვს), შეზღუდულ შერაცხადობას რომ უდგენენ კი არა, ცოცხალი რომ არის, არ გიკვირთ? ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩვილის მკვლელს ვამართლებდე, მაგრამ მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე და სწორედ ამ მეორე მხარეზე მოგახსენებთ. არ იყო ამ შემთხვევაში (ნაადრევი ქორწინება კი არა) ეს პედოფილიის შემთხვევა? 14 წლის ბავშვთან სექსი რომ გაქვს, ნორმალური ხარ? მამას რატომ არ ამოწმებენ, ეგებ იმასაც აქვს შერაცხადობა შეზღუდული?

მთავარი პრობლემა ზედმეტი თავისუფლებაა. ჰო, ზედმეტი თავისუფლება, უფრო სწორად, თავისუფლების საბაბით მოზარდებისთვის ავისა და კარგის გარჩევის შესაძლებლობის და მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მოზარდთათვის ჭკუის დარიგების და საჭიროებისას მკაცრი მითითების მიცემის შესაძლებლობის წართმევა და მეტი არაფერი. ხმამაღლა რომ გაჰკივიან არასამთავრობოები ქალთა უფლებებზე, კი ბატონო, როცა საქმე შრომასა და ანაზღაურებაში თანასწორობას და კიდევ ბევრ რამეს ეხება, მაგრამ, როცა დაბეჯითებით ამტკიცებენ, მე სექსში თავისუფალი უნდა ვიყოო, მერე კიდევ ნაადრევ ქორწინებასა და აბორტებზე პირში წყალს იგუბებენ (თუ ქულების დაწერა არ სურთ), რეალურად პრობლემის მოგვარება კი არა, დასავლელი პარტნიორებისა და დონორებისთვის თავის მოწონება სურთ. არ შეიძლება, მოზარდები თავისუფალ სექსზე წავაქეზოთ, ეს ყველაფერი სკოლებში შევიტანოთ, აბორტები გავამართლოთ, აბორტის აცილების გზებზე ვესაუბროთ და არა იმაზე, რომ იქამდე არ უნდა მიიყვანონ საქმე.

მკვლელობები ყველა ქვეყანაში ხდება და ამ სტატისტიკით მოწინავე ნამდვილად არ ვართ, მაგრამ მოწინავეები ვართ იმ ისტერიკულ ფონში, რომელიც შემდეგ იქმნება. ისტერიკებში გადავდივართ იმის მაგივრად, რომ გავიაზროთ, ადამიანის ტრაგედიაზე ფულის კეთება უზნეობაა, რომ სათავეს უნდა მივაგნოთ, იმას, საიდანაც იწყება და მწიფდება ეს ყველაფერი. დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ამბავი მიწყნარდება მანამ, სანამ მორიგი დანაშაული მოხდება და, რომ მოხდება, ამის თქმა გადაჭრით შეიძლება.

ჰოდა, სანამ საზოგადოება არ გაიზრდება და არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ერთი, ორი ან ათი ქალისა თუ კაცის მკვლელობის შემდეგ მთელი საკაცეთი ან საქალეთი ჯვარზე არ გააკრას და გნიასი არ ატეხოს, რომ ქართველი კაცები არ ვარგა და ქალები მათზე არ უნდა გათხოვდნენ, არაფერი არ გვეშველება. კიდევ ვიმეორებთ: მკვლელობაზეც და არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირზეც კანონი უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ კანონი უნდა კრძალავდეს და სჯიდეს მათაც, ვინც არასრულწლოვნებს თავისუფალ სექსზე აქეზებს და იმას ასწავლის, როგორ დაიცვან თავი დაფეხმძიმებისგან. არასრულწლოვნებს ის უნდა ვასწავლოთ, რომ ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების დაწყება არათუ არ შეიძლება, არამედ დანაშაულიც კი არის და სრულწლოვნობისას, თავისუფალ ურთიერთობებზე კი არა, ოჯახზე იფიქრონ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს _ მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here